USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
100%-იანი განკურნება — ახალმა თერაპიამ ონკოლოგიური პაციენტები სრულად გამოაჯანმრთელა
дата:  715

მეცნიერები გამოცემაში New England Journal of Medicine გამოქვეყნებულ ნაშრომში იტყობინებიან, რომ ახალი თერაპიის შედეგად, კვლევაში მონაწილე ონკოლოგიური პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა სრულად განიკურნა. სპეციალისტთა განცხადებით, ეს ისტორიაში პირველი მსგავსი პრეცედენტია.

ბოლო დროს, ინოვაციური მეთოდებით ადამიანებსა თუ ცხოველებში კიბოსთან ბრძოლაში მეცნიერებმა არაერთ წარმატებას მიაღწიეს, თუმცა, ეს დაავადება ინდივიდუალურია და ძნელია ისეთი საშუალების პოვნა, რომელიც ყველა პაციენტზე ერთნაირად იმოქმედებს. სწორედ ამიტომ, უკანასკნელი მიღწევა იმედისმომცემია, რადგან საუბარია ცდისპირთა სრულმასშტაბიან გამოჯანმრთელებაზე.

მათ ამისთვის მედიკამენტი, სახელად დოსტარლიმაბი გამოიყენეს, რომელიც მონოკლონური ანტისხეული გახლავთ. ის PD-1-ად წოდებულ ცილას უტევს, რომელიც, PD-L1-თან ერთად, სიმსივნის გარეთ იმუნური სისტემისგან დამცავ ერთგვარ ფარს ქმნის. მისი მეშვეობით სიმსივნე შეუფერხებლად იზრდება. უკეთ გასაგები რომ იყოს, PD-1-ს შეუძლია, T ლიმფოციტები "უდანაშაულო" უჯრედების განადგურებისგან შეაკავოს, მაგრამ სიმსივნე ამ ფუნქციას თავის სასიკეთოდ წარმართავს.

კვლევაში კოლორექტული (ნაწლავის) სიმსივნის მქონე 16 ადამიანი ჩაერთო, რომელმაც მკურნალობის 6-თვიანი კურსი გაიარა. მეცნიერთა მიერ ნაშრომის წერის დროს მათგან 12-ს კურსი უკვე დასრულებული ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ ამ პაციენტების ორგანიზმში სიმსივნური წანაზარდი გაქრა. მავნე უჯრედები არც თერაპიიდან 12 თვის შემდეგ დაფიქსირებულა. ამ პერიოდისთვის 16-ვე ცდისპირი ცოცხალი იყო.

უნდა ითქვას, რომ ზემოხსენებული მედიკამენტის მიღების შედეგად რაიმე სერიოზული უკუჩვენება არ გამოვლენილა, თუ არ ჩავთვლით დაღლილობასა და გამონაყარს. მართალია, ეს კვლევა მცირემასშტაბიანი იყო, მაგრამ მომავალში პრეპარატს უფრო მეტ ადამიანზე გამოცდიან. თითოეული დოზის ღირებულება დაახლოებით 11 000 აშშ დოლარია, ანუ ის საკმაოდ ძვირია, თუმცა სხვა არასასიამოვნო თერაპიების საჭიროებას გამორიცხავს.

წყარო:https://www.iflscience.com/

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати