რა თვისებები აერთიანებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თავისი კვალი დატოვეს ისტორიაში. როგორ ახერხებდნენ ისინი წინააღმდეგობების გადალახვას, ხშირად არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღებას და დინების საწინააღმდეგოდ ცურვას. ხასიათის რომელი შტრიხები ეხმარება ადამიანს გამორჩეულ ლიდერად ჩამოყალიბდეს და უკეთესობისკენ შეცვალოს ის გარემო, რომელშიც ცხოვრობს და მოღვაწეობს..გთავაზობთ 10 რჩევას საყოველთაოდ აღიარებული ლიდერებისგან.
1. მტკიცე წინააღმდეგობა – აბრაამ ლინკოლნი
“ყოველთვის იცოდე, რომ წარმატების მიღწევის გზაზე შენი გადაწყვეტილებებია მთავარი და არა სხვების“
აბრაამ ლინკონი ამერიკის შეერთებული შტატების მე-16 და ყველაზე მნიშვნელოვანი პრეზიდენტია. სწორედ მისი ძალისხმევით შეძლო ქვეყანამ ცივ ომში თავის გადარჩენა და მისი პროგრესულობის წყალობით დასრულდა მონათმფლობელობა. ლინკოლნის მოღვაწეობა კარგი მაგალითია იმისა, რომ ლიდერი, მაშინაც კი, როდესაც არავის სჯერა მისი იდეების მართებულობის, ჯიუტად დარჩეს საკუთარ აზრზე და განაგრძოს სწორი საქმის კეთება.
2. უსაზღვრო სიმამაცე – სანდრა დეი ო კონორი
“იმისთვის, რომ ლიდერები ყოველთვის პატივსაცემი და კულტივირებული ადამიანები იყვნენ, აუცილებელია ლიდერად დადგომის შესაძლებლობა ყველა რასის, ეთნიკური წარმომავლობისა და სარწმუნოების ადამიანს მივცეთ.“
1981 წელს სანდრა დეი ო კონორი ამერიკის მთავარი სასამართლოს პირველი ქალი მოსამართლე გახდა. თავისი მოღვაწეობის 24 წლის მანძილზე ო’კონორმა არაერთი უმნიშვნელოვანესი და საკამათო გადაწყვეტილება მიიღო. აბორტის, არჩევნების, სექსუალური შევიწროების, სიკვდილით დასჯის საკითხებთან დაკავშირებით. ამ დროის მანძილზე მას არასდროს მიუღია კონფორმისტული და მიკერძოებული გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხშირად არაპოპულისტური და არაპოპულარული იყო. ამ ქალს არასდროს ეშინოდა სიმართლის თქმის, სიმართლის მხარის დგომის და სიმართლის გატანის.
3. მსხვერპლის გაღება – ნელსონ მანდელა
“მე მივხვდი, რომ სიმამაცე შიშის არქონა კი არა, შიშზე გამარჯვებაა. მამაცი კაცი არის არა ის, ვისაც არაფრის ეშინია, არამედ ის, ვინც საკუთარ შიშს გადალახავს“
ნელსონ მანდელას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანურ ლიდერსა და უბრალოდ ადამიანს, სჯეროდა, რომ პატიება შურისიებაზე უფრო მნიშვნელოვანი და სიკეთის მომტანია. მანდელა იყო სამხრეთ აფრიკის პირველი პრეზიდენტი, რომელიც დემოკრატიული გზით აირჩიეს. იგი დაუღალავად იბრძოდა რასობრივი თანასწორობისთვის, რის გამოც საბოჟატში დაადანაშაულეს და ციხეში სრული 30 წელი გაატარა. თუმცა მას ეს არასდროს უნანია და თვლიდა, რომ ნამდვილმა ლიდერმა მიზნების მისაღწევად პირადი კომფორტი და თავისუფლებაც კი უნდა დათმოს.
4. ინოვაციურობა და კრეატიულობა – ელეონორ რუზველტი
“მომავალი ეკუთვის მათ, ვისაც საკუთარი ოცნებების ჭეშმარიტების სჯერა.”
ამერიკის 32-ე პრეზიდენტის - ფრანკლინ რუზველტის მეუღლემ ელეონორ რუზველტმა პირველი ლედის როლს სრულიად ახალი მნიშვნელობა შესძინა. იგი მონაწილეობდა რადიო დისკუსიებში, კონფერენციებში, იყო თავგამოდებული უფლებადამცველი და უდიდესი პასუხისმგბლობით ეკიდებოდა სოციალურ საკითხებს. მას შემდეგაც კი, რაც ფრანკლინ რუზველტი გარდაიცვალა, ელეანორი დაუღალავად აგრძელებდა შრომას იმისთვის, რისიც სჯეროდა. უდიდესი წვლილი მიუძღვის Unicef-ის ჩამოყალიბებაში. შთამაგონებელია მთელი მისი მოღვაწეობა, როგორც დასტური იმისა, რომ ოცნებებისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ოცნებები ადამიანებს კეთილდღეობას მოუტანს.
5. ურყევი გადაწყვეტილება – როზა პარკსი
“როგორც კი თქვენ თქვენი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნდებით, შიში უკვალოდ გაქრება. „
ალბათ, ყველას გვსმენია ისტორია შავკანიან ქალზე, რომელმაც ავტობუსში თეთრი რასის ადამიანს ადგილი არ დაუთმო. მაშინ ეს წარმოუდგენელი იყო, შავკანიანი უპირობოდ დაბალ საფეხურზე მდგომი არსება იყო და არ შეეძლო თავი თეთრზე მაღლა დაეყენებინა. ქალაქ მონტგომერის ერთი პატარა ავტობუსიდან დაწყებული ერთი პატარა ტალღა უზარმაზარ ზვირთად იქცა და შავკანიანთა უფლებების ბრძოლის მოძრაობად ჩამოყალიბდა. უსამართლო კანონის წინააღმდეგ შეუდრეკლად წასვლა და წნეხის მიუხედავად უკან არ დახევა ნამდვილად ის თვისებაა, რომელიც ყოველთვის იქნება მაგალითი არაერთი თაობისთვის.
6. საჭირო კავშირები – ოპრა უინფრი
“შემოიკრიბეთ გარშემო ადამიანები, რომლებიც სიმაღლეებისკენ წაგიძღვებიან.”
ჯერ კიდევ იმ დროს, როცა სატელევიზიო გასართობ ინდუსტრიაში ქალების ადგილი საერთოდ არ იყო, ოპრა უინფრიმ საკუთარი იმპერია შექმნა. იგი ცნობილია ოპრა უინფრის შოუს წყალობით, რომელსაც არაერთი ჯილდო აქვს მიღებული და და მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ შოუდაა დასახელებული. თავისი წარმატების საიდუმლოდ ოპრა საჭირო ხალხთან კავშირებს მიაწერს. მხოლოდ ის განვითარებს, გაძლიერებს და წარმატების სურვილს გიღვივებს, ვინც თავადაც იგივე იდეალებით ცხოვრობს და იგივე მიზნებისკენ მიილტვის.
7. კომფორტის ზონიდან გასვლა – ჯოფრი კანადა
“ყველა ეძებს ადგილს, სადაც მისი მოღვაწეობა კომფორტული იქნება და ყველას უნდა მიიღოს ჯილდო იმისთვის, რასაც კომფორტის ზონაში აკეთებს. ეს კი ასე მარტივი არაა“
განათლების სისტემის აქტივისტი ჯოფრი კანადა მთელი 25 წლის მანძილზე იყო ერთგული იმ იდეისა, რომ კომფორტული ყოველთვის კარგი არ არის. მან მთლიანად ამოატრიალა სწავლების მეთოდიკა და შექმნა ახალი სისტემა. მის ახალ სისტემაში განსხვავებით ძველისგან ადგილი იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის. მან ყველას მისცა სწავლოს შანსი და ამით დაამტკიცა, რომ მთავარია მოვიქცეთ სწორად, და არა ისე, როგორც უფრო გვაწყობს.
8. პასუხისმგებლობის გადანაწილება – ბონო
“თუ კი გაქვს საშუალება ვინმეს ხმა მიაწვდინო და მათი დახმარება სასიკეთოდ გამოიყენო, იყვირე ხმამაღლა“
გარდა იმისა რომ ცნობილი ჯგუფის U2-ს სოლისტი გახლდათ, ბონო მთელი თავისი ცხოვრების მანილზე ცდილობდა ებრძოლა კაცობრიობის მთავარი მტრების - სიღარიბისა და სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ. მან შეძლო და არაერთი მსოფლიო ლიდერი დაარწმუნა, რომ ღარიბი ქვეყნებისთვის დაფინანსება გაეზარდათ და საქველმოქმედო ფონდებში დიდი თანხები გადაერიცხათ. მისი მოღვაწეობა არაჩვეულებრივი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება გამოიყენო პლატფორმა და აუდიტორია სწორად და დიდი მიზნებისთვის. გასცდე პროფესიულ ჭრილს და ამით არაერთი სიცოცხლე იხსნა.
9. გაეცი მეტი, მიიღე ნაკლები – ანჯელინა ჯოლი
“შეიძლება ვინმეს სულელიც მოეჩვენოთ, მერე რა! არასდროს შეგაშინოთ სხვისმა აზრმა თქვენს შესახებ“
ცნობილი მსახიობი ანჯელინა ჯოლი დღესდღეობით ქველმოქმედი და არაერთი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციის აქტიური წევრია. მოვლილი აქვს 50-მდე ქვეყანა მშვიდობის მისიით, მათ შორის: ერაყი, სირია, პაკისტანი. მიუხედავად იმისა, რომ მის ამ ნაბიჯებს ხშირად ანგარებას და ამ გზით თავის გამოჩენის შესაძლებლობად მიიჩნევდნენ, ჯოლისთვის ხელი არ შეუშლია საქმიანობა გაეგრძელებინა და ინფლუენსერობა იმ მიზნებისთვის გამოეყენებინა, რასაც თუნდაც 1 ბავშვის სიღარიბისგან გადარჩენა შეელო. თავად 3 აყვანილი შვილის დედაა და დღესაც ცხოვრების მთავარ მიზნად იმ ადამიანებისთვის ბრძოლა მიაჩნია, რომლებთაც ეს თავად არ ძალუძთ.
10. საკუთარი თავის რწმენა – ჯეფ ბეზოსი
“კომპანია მხოლოდ ოქროსავით ბრწყინვისკენ არ უნდა მიისწრაფვოდეს, ოქრო ხშირად შავდება“
ჯეფ ბეზოსმა, ამაზონის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯერ კიდევ 20 წლის წინ გადაწყვიტა ინტერნეტ ვაჭრობის წამოწყება და უზარმაზარი პლატფორმის შექმნა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ეს იდეა უბრალოდ სასაცილოც კი იყო. მან უბრალოდ პროდუქტი კი არ შესთავაზა ადამიანებს, არამედ მათი ქცევის მოდელის ცვლილება დაისახა მიზნად, რადგან თავად სჯეროდა, რომ ეს მარტივი, კომფორტული და უფრო იაფი იქნებოდა. მისი გეგმები მომავლის ცვლილებაზე კი არაა დამოკიდებული, არამედ თავისი გეგმებით თავად ცვლის მომავალს.
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.