USD 2.7500
EUR 3.1614
RUB 3.3805
თბილისი
ვასილ ჭიჭიაშვილი- მაკედონიაში მცხოვრები, ბალეტის ქართველი მოცეკვავე
თარიღი:  976

მაკედონიას პირველად 2001 წელს ვეწვიე. მოწვეული ვიყავი სპექტაკლზე ,,პორგი და ბესი” (ჯორჯ გერშვინი). იმ პერიოდში თურქეთის ქ.მერსინის ოპერისა და ბალეტის თეატრში ვმოღვაწეობდი, როგორც წამყვანი სოლისტი, მაგრამ ევროპაში მინდოდა გადასვლა. მაკედონიაში ყოფნისას შემოთავაზება მივიღე თანამშრომლობაზე ბალეტის ხელმძღვანელობისგან და, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. 2002 წლიდან აქ სამუშაოდ გადმოვედი, სადაც დღემდე ვმოღვაწეობ.

ხელოვნებაში ჩემი მოხვედრა დედაჩემის დიდმა სურვილმა განაპირობა, თუმცა მისი მიზანი არ იყო, რომ კლასიკური ცეკვის მიმართულებით წავსულიყავი. მე წარმოშობით ახმეტიდან ვარ( ამიტომ ჩემი სცენური ფსევდონიმია “ახმეტელი”) , სადაც ქორეოგრაფიულ სასწავლებელს ჰქონდა ინტერნატი სხვა ქალაქებიდან მიღებული მოსწავლეებისთვის, რამაც განაპირობა, რომ ჩემმა ოჯახმა არჩევანი თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელზე გააკეთა. შემდეგ უკვე გაირკვა, რომ ქართული ცეკვების გარდა, ასევე შეისწავლებოდა კლასიკური ცეკვაც. ასე მოვხვდი ამ სფეროში .
პროფესიონალური კარიერა სასწავლებლის დამთავრებისთანავე, 1992 წელს დავიწყე. 90-ანი წლები მძიმე იყო, არა მხოლოდ ჩვენი სფეროსთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. უშუქობასა და ცივ დარბაზებში გვიწევდა მუშაობა. მიუხედავად ამისა, ვცდილობდი არ გავჩერებულიყავი, რადგან ჩვენს პროფესიაში გაჩერება დაუშვებელია. პირობების მიუხედავად, ვემზადებოდი და ვთამაშობდი სპექტაკლებში და ვასრულებდი ახალ პარტიებს. იმ დროს რეპერტუარის მხრივაც შეზღუდულები ვიყავით, რადგან ძალიან ბევრმა სოლისტმა თუ დასის წევრმა დატოვა საქართველო გასაგები მიზეზების გამო. განსაკუთრებული მადლიერებით მინდა გავიხსენო ჩვენი მაშინდელი პედაგოგ-რეპეტიტორები, საქართველოს დამსახურებული არტისტები ლილიანა მითაიშვილი, ირინა ჯანდიერი, ვერა წიგნაძე, ბექარ მონავარდესაშვილი, ზურაბ კიკალეიშვილი, გურამ კუკულაძე და რეზო მაღალაშვილი, რომლებიც ჩვენთან ერთად მუშაობდნენ იმ მძიმე პერიოდში. 1992-1997 წლებში საქართველოში შევასრულე როგორც სოლო, ასევე წამყვანი პარტიები ( ბაზილი სპექტაკლიდან “დონ კიხოტი”, სოლორი სპექტაკლიდან “ბაიადერა”, ალბერი სპექტაკლიდან “ჟიზელი”, ზიგფრიდი სპექტაკლიდან “გედების ტბა”, ჯეიმსი სპექტაკლიდან “სილფიდა”, ასევე ვმონაწილეობდი ვ.ჭაბუკიანის “გორდაში” და გიორგი ალექსიძეს სპექტაკლებში). იმ დროს მხოლოდ ეს სპექტაკლები შეადგენდნენ დასის რეპერტუარს. 1997 წ. მეც მომიწია საქართველოს დატოვება და გადასვლა თურქეთის უცნობ ქალაქ მერსინში, სადაც 4 სეზონი ვიმუშავე ნუგზარ მაღალაშვილის ხელმძღვანელობით. ჩემს რეპერტუარს შეემატა სპექტაკლები ,,კორსარი”, ,,რომეო და ჯულიეტა”, ,,პორგი და ბესი” და ,,1001 ღამე”. 2007-2012 წლებში ცოტა ხნით ისევ მაკედონიიდან დავუბრუნდი თბილისის სცენას. ამ წლებში პარტნიორობას ვუწევდი დასის ხელმძღვანელს და მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავს ნინო ანანიაშვილს. ამ პერიოდში ჩემი რეპერტუარი გაიზარდა ცნობილი ქორეოგრაფების სპექტაკლებით: მოცარტიანა ( ბალანჩინი), ჩაკონა( ბალანჩინი), სერენადა (ბალანჩინი) , სიმფონიური ვესტერნი ( ბალანჩინი), ბუგაკუ ( ბალანჩინი), ჩაიკოვსკი პა დე დე ( ბალანჩინი), ,,მაკნატუნა”, ,,მძინარე მზეთუნახავი”, ,,ამაო სიფრთხილე,” ფოკინის ,,შეჰერეზადა,”. ფრედერიკ ეშტონის ,,მარგარიტა და არმანი, ” ,,ტაისი პა დე დე, ” ,,გაზაფხულის ხმები”, ირჟი კილიანის ,,stepping stone”, იური პოსოხოვის ,,საგალობელი”.
ჩვენი სფერო არის ახალგაზრდების. ამჟამად აქტიური მოცეკვავე აღარ ვარ, რეპეტიტორად ვმუშაობ, ვარ მაკედონიის ოპერისა და ბალეტის დასში. ჩვენი პროფესია ძალიან ხანმოკლეა, წარმატების მისაღწევად ცოტა დროა. თუმცა, ახალი თაობა ბევრად იღბლიანია. ინტერნეტის ეპოქაში ვცხოვრობთ და ახლა ბევრად მარტივია კომუნიკაცია, ინფორმაციის გაცვლა, რითაც ახალგაზრდები ძალიან კარგად სარგებლობენ და წარმატების მეტი შანსიც აქვთ.
რაც შეეხება კლასიკურ ცეკვას და მის განვითარებას, ვფიქრობ, საკმაოდ ქაოტურად ვითარდება. ადრე არ იყო ამდენი შემსრულებელი და ქორეოგრაფი. იყო დიდი შერჩევითობა! მონაცემების გარეშე ვერ ხვდებოდნენ, ან თუ ხვდებოდნენ, ვერ ამთავრებდნენ ბოლომდე. ახლა ბევრი ბარიერი თუ კრიტერიუმი მოხსნილია ან დაწეული( ტრადიციების მქონე ქვეყნების გარდა). აქედან გამომდინარე, შემსრულებელიც და ქორეოგრაფიც ჭარბობს. თითქმის ყველა ქვეყანასა თუ ქალაქში, სადაც კლასიკური ცეკვა არსებობს, ხელოვნების ინსტიტუტს ( აკადემიას) ხსნიან. უმრავლესობა საბალეტო სკოლის დასრულებისთანავე, სცენური პრაქტიკის გარეშე ქორეოგრაფიის ფაკულტეტს ამთავრებენ და ქორეოგრაფებად იწოდებიან. ცეკვა, და ზოგადად ხელოვნება, პირველ რიგში არის ესთეთიკა. აქედან გამომდინარე, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ფიზიკურ გარეგნობას, გამოხატულებას და შემდეგ უკვე ტექნიკას. ჩემთვის კარგი მოცეკვავე არის ყველა ამ თვისებების შერწყმა! დღევანდელი თაობა ვითარდება ტექნიკურად ძალიან კარგად, რისი თქმაც არ შემიძლია ზემოთ ჩამოთვლილ სხვა თვისებებზე. სამწუხაროდ, დღეს მოთხოვნაც ასეთია, ტექნიკაზე კეთდება ძირითადი აქცენტი. მაგალითისთვის მოვიყვან დიდ თეატრს. იქაც კი არ არიან ამ თეატრის და მასშტაბის შესაბამისი წამყვანი შემსრულებლები. ჩემი აზრით, დიდი თეატრის მასშტაბის ვარსკვლავები იყვნენ ნინო ანანიაშვილი და ირეკ მუხამედოვი. ცოტა მოგვიანებით გამოჩნდა სვეტლანა ზახაროვა…ჩემი კუმირები კი—ვახტანგ ჭაბუკიანი, მიხეილ ლავროვსკი, მიხეილ ბარიშნიკოვი და ალექსანდრე გოდუნოვი არიან. სწორედ მათი ვიდეო ფირების ყურება მაძლევდა დიდ მოტივაციას, რასაც დამწყებ და უკვე შემდგარ მოცეკვავეებსაც ვურჩევდი.
ამ პროფესიას ბევრი შრომა და გამართლება სჭირდება, რომ მოხვდე საჭირო დროს და სწორ ადგილას.

ბლოგი
ვინ გახდება ახალი პაპი?
რომის პაპი არამხოლოდ რელიგიური, არამედ პოლიტიკური ინსტიტუციაცაა. მას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საერთაშორისო ურთიერთობებზე, მით უფრო რომ დიპლომატიურ მისიებში, ტრადიციულად, რომის ნუნციუსი - ელჩი - სხვა დიპლომატების კოლეგიაში მოწინავე პოზიციაზე დგას და დეკანის პატივსაცემ პოზიციას იკავებს ხოლმე. პაპის პოლიტიკურ პოზიციას მთელს ქრისტიანულ სამყაროზე აქვს გავლენა, შესაბამისად, თუ ვინ იქნება რომის შემდეგი ეპისკოპოსი (პაპობის კიდევ ერთი დასახელება) ძალიან მნიშვნელოვანია.
პაპის არჩევა კარდინალთა კოლეგიის მიერ ხდება, რომელსაც კონკლავი ეწოდება. ის პაპის გარდაცვალებიდან მე-15 დღიდან მე-20 დღემდე შეიძლება შეიკრიბოს, თუმცა თუკი კარდინალები უფრო მალე ჩავლენ რომში მისი დაწყება ადრეც დაშვებულია.
მხოლოდ იმ კარდინალებს აქვთ ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება, ვინც ასაკით 80 წლის ქვემოთაა. ახლა 135 კარდინალი იღებს კონკლავში მონაწილეობას. 90 ხმა ანუ ორი მესამედია საჭირო იმისათვის, რომ კარდინალი პაპად იქნას არჩეული. აღსანიშნავია ისიც, რომ 135-დან 108 კარდინალი პაპი ფრანცისკეს მიერაა დანიშნული, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მისი პოზიციის გამზიარებელია, შესაბამისად პროგრესულ-ლიბერალური ფრთის გამარჯვების შანსი მაღალია.
მაგრამ ერთი ფრთის სრული გამარჯვება მეორე ფრთაზე ვატიკანის შიგნით შესაძლოა დაპირისპირების საგანი გახდეს. სწორედ ამიტომ ზომიერი და შემრიგებელი კანდიდატის გამარჯვებაც არაა გამორიცხული, მით უფრო რომ წინასწარ თავის კანდიდატურას არავინ ასე არ ასახელებს და ადგილზე ხმის პირველი მიცემისას ბევრი რამ ხელახლა ლაგდება.
ვინაა თითოეული ფრთის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი?
1. კონსერვატიული ფრთის ყველაზე სასურველი კანდიდატი აფრიკიდანაა. იგი გვინეელი კარდინალი რობერტ სარაა. იგი ფრანგულენოვანი, მკაცრად კონსერვატიული ფიგურაა და რადიკალური ისლამისა და გენდერული იდეოლოგიისაგან გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრობს. მას დიდი ხანია კონსერვატორი პოლიტიკური ფიგურები თუ კომენტატორები უჭერენ მხარს (არ აქვს მნიშვნელობა კათოლიკეები არიან თუ არა ისინი).
2. ლიბერალური ფრთის ყველაზე პოპულარული კანდიდატი ლუი ანტონიო ტაგალეა ფილიპინებიდან. მას აზიელ ფრანცისკესაც უწოდებენ ზედმეტსახელად, თუმცა ის კიდევ უფრო ლიბერალია ვიდრე ფრანცისკე იყო. იგი ეკლესიის შიგნით რეფორმების გატარებასა და მკაცრი დოქტრინების ლიბერალიზაციას ემხრობა.
3. ზომიერი ლიბერალების ყველაზე პოპულარული კანდიდატი ვატიკანის მოწინავე დიპლომატი და პაპი ფრანცისკეს სახელმწიფო მდივანი პიეტრო პაროლინია, რომელიც უკრაინაშიც არაერთხელ იმყოფებოდა და ღიად მოუწოდებს მსოფლიოს აქტიური ჩართულობისაკენ. ამ ეტაპზე მას პაპობის ყველაზე რეალისტურ კანდიდატად განიხილავენ.
4. ზომიერი კონსერვატორების სასურველი კანდიდატები ბევრია, მაგრამ მოწინავედ მაინც პიტერ ერდო - უნგრელი კარდინალი - სახელდება. მას ევროპაში ძალიან კარგად იცნობენ და მაღალი ქარიზმითაც ხასიათდება.
ცხადია ესენი მხოლოდ მოწინავე შანსის მქონე კარდინალები არიან, მაგრამ რეალურად რა მოხდება ეს მხოლოდ ადგილზე გადაწყდება კენჭისყრისას. არიან სხვა პოტენციური კანდიდატებიც, რომელთა გამარჯვების შანსი არსებობს და რაიმეს წინასწარ თქმა შეუძლებელია. მათ შორისაა იერუსალიმის ლათინი პატრიარქი პიერბატისტა პიცაბალა, რომელიც შეიძლება ყველასათვის მისაღებ კანდიდატად ქცეულიყო, მაგრამ მისი ახალგაზრდობიდან გამომდინარე - 60 წლისაა და ხანგრძლივი პაპობის შანსი მაღალია - შეიძლება მას დიდი მხარდაჭერა არ ჰქონდეს. თუმცა წინასწარ რაიმეს თქმა შეუძლებელია და სრულიად დასაშვებია მივიღოთ შედარებით უცნობი ან ნაკლები შანსის მქონე პაპად არჩეული კარდინალი - ისტორიულად ასეთი შემთხვევები არაერთი ყოფილა.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.