USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
Tbilisi
«Страна» (უკრაინა): „ომი მაინც გაგრძელდება“: ზელენსკის მინიშნება პუტინს“
Date:  395

----------------------------------

უკრაინას რომ დააძალონ და ხელი მოაწერინონ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ტერიტორიების დაკარგვით, კიევი შურისძიებას შეეცდება, - ნათქვამია უკრაინული გამოცემის „სტრანას“ (Страна) მიერ გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიაში სათაურით „ომი მაინც გაგრძელდება“: ზელენსკის მინიშნება პუტინს“. კიევის რეჟიმის რეალურ სტრატეგიას ომის გაგრძელება წარმოადგენს - ამიტომაც ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს შეუსრულებელ პირობას უყენებს - ნატოში მიღებას. გამოდის, რომ თუ გარანტიისათვის უკრაინას ალიანსში არ მიიღებენ (და ეს მართლაც ასე იქნება - არ მიიღებენ), მაშინ ზელენსკი ომის რეალურად შეწყვეტაზე არ დათანხმდება, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

 ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუმ, რომელიც მას ამერიკელმა ბლოგერმა და „პოდკასტერმა“ ლექს ფრიდმანმა ორი დღის წინ ჩამოართვა, რუსეთში ფართო გამოხმაურება ჰპოვა. მოსკოვში აღნიშნავენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ლაპარაკის დროს ხშირად იგინებოდა და უცენზურო სიტყვებს ხმარობდა, უპატიბცემლობას გამოხატავდა რუსი ხალხისა და მისი პრეზიდენტის მიმართ. ამ ყველაფერმა ძალზე ნეგატიური რეაქცია გამოიწვია როგორც  პროსამთავრობო მასმედიაში, სოცქსელებში და სამხედრო „ტელეგრამ-არხებზე“, არამედ იმ წრეებშიც, რომლებიც პროსამთავრობოს ვერ ვუწოდებთ... და ეს საკმაოდ მნიშვნელოვან და საჩვენებელ მომენტს წარმოადგენს.

რუსეთში არსებობს სხვადასხვა თვალსაზრისები იმაზე, თუ როგორ უნდა დასრულდეს ომი უკრაინასთან.

არსებობს „მშვიდობის პარტია“ (პირობითად), რომელიც თვლის, რომ აუცილებელია რაც შეიძლება მალე დასრულდეს საომარი მოქმედებები ფრონტის ხაზის მიხედვით. არსებობს აგრეთვე „ომის პარტიაც“, რომელიც ვარაუდობს, რომ ბრძოლის გაგრძელება აუცილებელია მინიმუმ იმ ამოცანის შესასრულებლად, რომელიც ვლადიმერ პუტინმა 2024 წლის ივნისში გააჟღერა და უფრო მეტადაც - თვით კიევის ხელისუფლების შეცვლამდე და უკრაინის სახელმწიფოს „გადატვირთვამდე“, მასზე ფაქტიურად რუსეთის კონტროლის დამყარებით.

რუსეთში „ომის პარტიის“ მთავარი არგუმენტი დაახლოებით ასეთია: თუ ახლა  საომარ მოქმედებებს უბრალოდ შევაჩერებთ, უკრაინა საფრთხის მუდმივ წყაროდ გადაიქცევა. უკრაინელები დაიწყებენ შურისძიებას ომის გამო, მოისურვებენ რევანშის აღებას და ტერიტორიების დაბრუნებას. დღევანდელი უკრაინა ათობით მილიონი ადამიანია, რომლებსაც რუსეთი სძულთ. უკრაინა გადაიქცევა დიდ „ღაზას სექტორად“, ან ისეთ „ჩეჩნეთად“, როგორი ჩეჩნეთიც 1996-99 წლებში იყო, საიდანაც უკრაინელი „ჰამასელები“ და „ბასაევები“ თავდასხმა-თარეშებს მოაწყობენ რუსულ კურსკზე და ბელგოროდზე, დაგეგმავენ და განახორციელებენ ტერაქტებს...  ასეთი სიტუაციით ისარგებლებენ რუსეთის მტრები და ქვეყანას პრობლემებს შეუქმნიან.  და თუ ნატოსთან, ვთქვათ, ომი დაიწყება, უკრაინა ყველაზე სახიფათო ფორპოსტი იქნება რუსეთის ცენტრალური რეგიონებისადმი შეტევისათვის. ამიტომაც აუცილებელია ბრძოლის გაგრძელება მანამ, სანამ კიევში ისეთი ხელისუფლება არ ჩამოყალიბდება, რომელიც რუსეთის მიმართ ლოიალური იქნება და რომლიდანაც მოსკოვს საფრთხე არ დაემუქრება. ეს ეგზისტენციალური და საბედისწერო ბრძოლაა, რომელშიც რუსეთმა აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუნდაც ომმა ადამიანების დიდი მსხვერპლი და დიდი ეკონომიკური ხარჯები მოითხოვოს და თუ საჭირო იქნება, ბირთვული იარაღიც უნდა იქნას გამოყენებული.

„ომის პარტიის“ პოზიციის მიმართ, „მშვიდობის პარტიას“ თავისი კონტრარგუმენტები აქვს: უკრაინამ მიმდინარე ომში უკვე დიდი სამხედრო დანაკარგები განიცადა, იძულებული გახდა დაეტოვებინა ტერიტორიები, ქვეყნიდან მრავალი მილიონი ადამიანი გავიდა ლტოლვილებისა და მიგრანტების სახით, ეკონომიკა კი თითქმის 50-60%-ით დანგრეულია. საომარი მოქმედებების დასრულების შემთხვევაში უკრაინა ყველაზე ნაკლებად იქნება დაინტერესებული იმისათვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციები დაიწყოს და ხელახალი თავდასხმა გამოიწვიოს. ორი ქვეყნის პოტენციალს ერთმანეთის მიმართ შეუწონელია და ყოველი ახალი კონფლიქტი უკრაინას უფრო მეტ ზიანს მიაყენებს, ვიდრე რუსეთს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინა მუდმივად მტრულად იქნება რუსეთის მიმართ განწყობილი და ჰიბრიდული ომის მდგომარეობაში იქნება, რომელი ქვეყანა და რომელი ბიზნესმენი ჩადებს თავის ინვესტიციებს უკრაინის ეკონომიკაში? საეჭვოა, რომ ასეთი უცხოელი კომპანია გამოჩნდეს. დიდი ალბათობით, უკრაინას ევროკავშირშიც არ მიიღებენ, ანუ კიევისათვის არსებობს დიდი რისკი, რომ ქვეყანა მუდმივ „ნაცრისფერ ზონად“ გადაიქცევა, საიდანაც გაგრძელდება მოსახლეობის გაქცევა და ფინანსების გადინება.

ამიტომაც ომის დასრულების შემდეგ უკრაინა პირველი თვითონ გამოავლენს დაინტერესებას იმაში, რომ საომარი მოქმედებები აღარ განახლდეს, რომ ქვეყანამ მშვიდად და წყნარად იცხოვროს, მოიშუშოს ომით მიყენებული ჭრილობები, ეკონომიკა აღადგინოს და ევროკავშირის წევრი გახდეს.

რაც შეეხება ნატოსა და რუსეთის შეტაკების შესაძლებლობას, დასავლეთმა მთელი ომის განმავლობაში არაერთხელ მოახდინა იმის დემონსტრაცია, რომ არ სურს პირდაპირი შეჯახება რუსეთთან, რომელსაც ბირთვული ომის გამოწვევა შეუძლია. ანუ, სანამ რუსეთს ბირთვული არსენალი აქვს, ნატოსთან ომის ალბათობა, ალიანსის ინიციატივით, ნულის ტოლია. გასათვალისწინებელია აგრეთვე ერთი გარემოებაც: რუსეთისათვის ზალიან რთული იქნება არამარტო უკრაინის დამატებითი ტერიტორიის გაკონტროლება, არამედ იმის გაკონტროლებაც, რაც უკვე დაკავებული აქვს - ოთხი ოლქის ტერიტორია. შესაბამისად, უმჯობესი იქნება მოსკოვმა დიპლომატიით მიაღწიოს სასურველ შედეგს, ვიდრე სამხედრო ძალით.

გასაგებია „მშვიდობის პარტიის“ მშვიდობიანი მიზან-მეთოდები, მაგრამ შეხედეთ რას ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი ინტერვიუში მკაფიოდ - კიევს რომ დააძალონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელმოწერა, უკრაინელები მაინც შურს იძიებენ და რუსეთს არ მოასვენებენო - ამაზე რას იტყვიან „მშვიდობის მსურველები“? აი, როგორ აცხადებს პრეზიდენტი: „ვთქვათ, დაგვაძალეს და იძულებულები გავხდით ცეცხლი შევწყვიტოთ. ამასთან, რუსეთში არავინ არ ისჯება, არცერთი ხელმძღვანელი ომის გამო, არცერთი მკვლელი, არავინ ციხეში არ მიდის. დასავლეთი კი ამასობაში ანტირუსულ სანქციებს აუქმებს. ახლა წარმოიდგინეთ უკრაინელი, რომელმაც ომში ოჯახი და შვილები დაკარგა. იგი ხედავს, რომ სამართლიანობა მიღწეული არ არის. განა იგი ვერ იპოვის იმის შესაძლებლობას, რომ რუსეთში წავიდეს და ვიღაც მოკლას? ასეთები უკრაინაში ათასობითაა“.

ასე რომ, ამ შემთხვევაში საკითხი ისე არ დგას, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი რუსებისა და ვლადიმერ პუტინის მიმართ უბრალოდ უპატივცემლობას ამჟღავნებს, აქ საქმე გვაქვს მოუგვარებელ პრობლემასთან - მუდმივ მტრობასთან რუსეთის მიმართ, თუნდაც ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში აღარ იყოს.

თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკი შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს „პოულობს“ - რუსეთზე რომ შური არ იძიოს, უკრაინა ნატოს წევრი უნდა გახდესო: „ნატო შეაჩერებს არა მარტო რუსეთს, არამედ უკრაინასაც“, - ამტკიცებს პრეზიდენტი.

თავის დროზე მსგავსი თვალსაზრისი გამოხატა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმაც და ამაში არის გარკვეული ლოგიკა... თუმცა მსგავსი აზრი სრულიად მიუღებელია ვლადიმერ პუტინისათვის ცეცხლის შეწყვეტის პირობად.. ამასთან, ამჟამინდელ სამხედრო და გეოპოლიტიკურ სიტუაციაში გაუგებარია, თუ ვინ გამოჩნდება ისეთი პიროვნება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს აზრს შეაცვლევინებს - განა ვლადიმერ პუტინი უკრაინის ნატოში მიღებას დათანხმდება? უფრო მეტიც, დასავლეთის ქვეყნებში და თვით დონალდ ტრამპის გუნდშიც ბევრი წინააღმდეგია იმისა, რომ უკრაინა ალიანსის წევრად იქნას მიღებული.

ანუ ფაქტიურად ვოლოდიმირ ზელენსკი ასეთ პირობას (პრეტენზიას) აყენებს: თუ ცეცხლის შეწყვეტა უკრაინის ნატოში მიღების გარეშე მოხდება (არადა, მიღება მართლაც არარეალურია), მაშინ უკრაინის კონფლიქტი რუსეთთან სხვა ფორმით გაგრძელდება.

რა თქმა უნდა შეიძლება ზუსტად ასე არ მოხდეს - ჩვენ უკვე ზემოთ ავღნიშნეთ, რომ მუდმივი ჰიბრიდული ომი არც უკრაინის ინტერესებში არ არის, თუ მას ნატოს გარანტიები არ ექნება, მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა ის, რაც თქვა... და ეს ძლიერი კოზირია რუსული „ომის პარტიისათვის“ - უკრაინელმა ლიდერმა ფაქტიურად დაადასტურა „ომის პარტიის“ არგუმენტები., თუ რატომ უნდა გაგრძელდეს ომი.

მოკლედ, ყველაფერი იმას მოწმობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ცეცხლის შეწყვეტა არ სურს. ჩვენ ადრეც ვწერდით, რომ უკრაინის ხელისუფლების რეალური სტრატეგია უახლოესი მომავლისათვის ომის გაგრძელებას ითვალისწინებს და, შესაბამისად, კიევი დაინტერესებულია, რომ ცეცხლი არ შეწყდეს. ამიტომ იგი აყენებს მიუღწეველ პირობებს - „ნატოში მიგვიღეთ“, „1991 წლის საზღვრები უნდა აღდგეს“ და ა.შ. ამ სტრატეგიის ჩარჩოებში კიევის პირველი ამოცანაა დაარწმუნოს დონალდ ტრამპი იმაში, რომ მან უკრაინაზე ზეწოლა არ უნდა მოახდინოს და რომ მან უკრაინის სახელით ვლადიმერ პუტინს არანაირი კომპრომისი არ უნდა შესთავაზოს. მეორე ამოცანა - თუ დონალდ ტრამპი მაინც შესთავაზებს რაიმე სახის კომპრომისულ წინადადებას მოსკოვს ცეცხლის შეწყვეტის მიზნით, უკრაინამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დესტაბილიზება მოახდინოს და კრემლმა თეთრი სახლის წინადადება არ მიიღოს. აი, სწორედ ამ ორ ამოცანის შესრულებას მიეძღვნა და ემსახურება ვოლოდიმირ ზელენსკის სამსაათიანი ინტერვიუ ამერიკელ ბლოგერ ლექს ფრიდმანთან.

წყარო: https://strana.news/ukr/news/477938-shcho-zelenskij-khotiv-skazati-putinu-u-svojemu-intervju-fridmanu.html

analytics
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way