USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
თორნიკე შარაშენიძე - ეს გამარჯვება გახდება დიდი შემობრუნების დასაწყისი. ჩვენ არავის არ უნდა ვუყუროთ ქვემოდან ზემოთ, მით უმეტეს ფეხბურთში
Date:  592

26 მარტი ქართული ფეხბურთის ისტორიაში განსაკუთრებულ დღედ დარჩება. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გამარჯვებებს მონატრებულ ქვეყანას მოუტანა წარმატება, რომელიც ფეხბურთის საზღვრებს გაცდა და ეროვნულ ზეიმად იქცა.  

დიდი საფეხბურთო ზეიმის და ისტორიული გამარჯვების შეფასების შესახებ, რომელმაც მთელი საქართველო ფეხბურთის და გამარჯვების ქომაგად აქცია, ვესაუბრებით საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტ თორნიკე შარაშენიძეს  

- თორნიკე, როგორია თქვენი შთაბეჭდილებები 26 მარტის საფეხბურთო მატჩზე, რას იტყვით ამ გამარჯვების ისტორიულ მნიშვნელობაზე?

- ამას ველოდებოდით 30 წელი. ჩვენი პირველი შესარჩევი ციკლი იყო 1994 წელს, საიდანაც  ვერ გავედით, იმის გამო, რომ  საკმაოდ ძლიერ  ჯგუფში მოვხვდით. ჩვენს ჯგუფში იყო გერმანია და ასევე ბულგარეთი, რომელიც მაშინ  ძლიერი გუნდი იყო. როგორ მივაღწიეთ ახლა  ამ შედეგს?! ორი მნიშვნელოვანი ფაქტორია - ამ წლებში გუნდმა დააგროვა გამოცდილება. რამდენიმე წელია გუნდი ძირითადად თამაშობს ამ შემადგენლობით  სანიოლის ხელში, რომელიც ჩემი აზრით, კარგი მწვრთნელია. გუნდი შეიკრა გუნდად, დაგროვილი გამოცდილებით. ყველა ფეხბურთელი გრძნობდა, რომ ეს იყო ისტორიული შანსი, რომლის ხელიდან გაშვება აღარ შეიძლებოდა, მით უმეტეს, რომ ჩვენ უკვე გვქონდა  ხელიდან გაშვებული ერთი შანსი მაკედონიასთან, რომელთან  წაგებამაც  ჩვენს გუნდს მისცა ამგვარ მატჩებში თამაშის  სერიოზული გამოცდილება, ამიტომაც იყვნენ, რომ მოედანზე არ გამოსულან შიშით, როგორც იყვნენ შეშინებულები მაკედონიასთან თამაშის დროს. გუნდი მოედანზე გავიდა შემართული, პირველი წუთებიდან გამოჩნდა რომ გუნდი თავს დადებდა 100 % ით, მართლაც თავიდან ბოლომდე დადო თავი. არც ის დავივიწყოთ, რომ უეფამ შემოიტანა სიახლეები, გაიზარდა ჩემპიონტზე მონაწილე გუნდების რიცხვი და ცხადია, ამანაც გვიშველა.

- როგორც ჩანს, იმ დღეს ფეხბურთის ღმერთიც ჩვენსკენ იყო.

- ბევრ რამეში გაგვიმართლა. 90 იანი წლებიდან მოყოლებული იმდენი უბედურება დატრიალდა ჩვენ თავს, მათ შორის ფეხბურთის თავს, ხანდახან ჩვენც ხომ უნდა გაგვიმართლოს (იცინის) თავზე ნაცარს ნუ წავიყრით, საქართველოს ნაკრები იმსახურებდა გასვლას ევროპის ჩემპიონატზე მაინც, იმედია, მერე მსოფლიო ჩემპიონატზეც მოხვდებით.

 - საბერძნეთის გუნდიდან გამომდინარე, თამაშამდე არსებობდა გარკვეული სკეპტიციზმი. როგორ ფიქრობთ რა აღმოჩნდა ამ გამარჯვებაში  გადამწყვეტი?

- საბერძნეთი დარწმუნებული იყო საკუთარ უპირატესობაში, ზემოდან გვიყურებდნენ და მგონია, რომ ესეც იყო მათი პრობლემა. როგორც წესი, ეს  ყოველთვის ცუდად მთავრდება ხოლმე. მთლიანობაში საბერძნეთი უფრო ძლიერი და დაბალანსებული გუნდია, ყველა რგოლში ჰყავთ   ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს ევროპის რომელიღაც ლიგაში. ჩვენ გუნდში გვყავს სულ ორი მსოფლიო კლასის ვარსკვლავი - კვარაცხელია და მამარდაშვილი, სამი საშუალო კლასის მოთამაშე: ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე, ზივზივაძე, იმედია,ისინიც მოუმატებენ თამაშის დონეს,  დანარჩენები  უნდა ვაღიაროთ, რომ თამაშობენ შედარებით დაბალ დონეზე. თუმცა აქ უნდა გავითვალისწინოთ რომ, ისინიც ვინც შეიძლება  დაბალ დონეზე თამაშობენ, მაინც ევროპულ გუნდებში თამაშობენ და იქაური მენტალიტეტი, იქაური სკოლა და რეჟიმი, ეს ყველაფერი დაეტყო ჩვენს ნაკრებს. ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს თუნდაც ესპანეთის ან ავსტრიის მეორე ლიგაში, რომელიც საკმაოდ სუსტია, მაგრამ მაინც ევროპული სკოლაა მენტალიტეტით, ეს არ არის ქართული ან რუსული ლიგა, რომელიც შედარებით მაღალი დონისაა, ვიდრე - ქართული, მაგრამ არის ჩაწყობილი თამაშები, შედარებით ნაკლები დისციპლინა, რითიც ძალიან ჩამორჩება ევროპულ ლიგებს. ჩვენ ერთი პრობლემა გვაქვს, ჩვენი ფეხბურთელების მონაწილეობა ევროპულ კლუბებში, როგორც არაევროკავშირის ქვეყნის ფეხბურთელების, კვოტებით არის შეზღუდული, ქართველს უწევს კონკურენცია აფრიკის, სამხრეთ ამერიკის, აზიის ქვეყნების ფეხბურთელებთან. როდესაც საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ეს შეზღუდვები მოგვეხსნება და ჩვენი ფეხბურთელები უფრო მარტივად მოხვდებიან ევროპულ კლუბებში.

საქართველოს ნაკრები ევროპული მენტალიტეტის გუნდია. საკმაოდ დისციპლინებული, ბრძოლისუნარიანი. ჩვენ გვახსოვს, რამდენიმე წლის წინ, გუნდი იწყებდა თამაშს კარგად, მაგრამ  შესვენებამდე მაინც უშვებდა გოლს, ეს ხდებოდა ძალიან ხშირად. გუნდი  ვერ ინარჩუნებდა კონცენტრაციას ტაიმის ბოლომდე, რაც ნიშანია იმის, რომ გუნდს აკლდა დისციპლინა და ევროპული მენტალიტეტი. ბოლო პერიოდში ეს ასე აღარაა, გუნდი რამდენ ხანს ინარჩუნებს კონცენტრაციას, ერთ-ერთი მაჩვენებელია გუნდის სიმწიფის და  დისციპლინის, რაც სანიოლის დამსახურებაც არის. მე არასდროს ვყოფილვარ სანიოლის კრიტიკოსების რიგში, პირიქით, არც მესმოდა რას ერჩოდნენ ამ ადამიანს. პირდაპირ  ვთქვათ, რომ ასეთი საშუალო დონის გუნდით ამ კაცმა ბევრს მიაღწია, მოიგო ბევრი თამაში, გუნდს შეუქმნა გამარჯვებულის მენტალიტეტი, რასაც ბევრი კვარას ფაქტორს აბრალებს, მაგრამ მგონია, რომ გადამწყვეტი მაინც მწვრთნელის ფაქტორია და არა ლიდერის. მწვრთნელის დამსახურებაა, რომ გუნდმა დაიწყო მოგებები, რაც ადრე ძალიან უჭირდა. სანიოლმა ამას მიაღწია ამ გუნდით, რომელსაც გამოუჩნდა ორი ლიდერი, კვარაცხელია და მამარდაშვილი.  

რა იყო განსხვავებული ამ თამაშში ისეთი, რაც აქამდე არ ყოფილა?

- ალბათ ის, რომ მართლაც  ყველამ თავი მოიკლა და არავის დაუზოგავს არაფერი. ასე თუ ვაჯობებდით საბერძნეთს, რომელიც მთლიანობაში ჩვენზე ძლიერი და დაბალანსებული  გუნდია. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს გუნდს გადალახული აქვს ჩავარდნის პერიოდი, რაც დაიწყო 2000 იანი წლებიდან, რაც განაპირობა იმან რომ  გუნდში აშკარად დამკვიდრდა წაგებულის მენტალიტეტი და იყო უიმედობა. ვაღიაროთ, რომ ფეხბურთის მიმართ ინტერესიც დაიკარგა.ამ წარმატებამ უნდა გააჩინოს ინტერესი ფეხბურთის მიმართ, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. უფრო მეტი ახალგაზრდა მოინდომებს, რომ დაემსგავსოს მაგალითად კვარაცხელიას, რომელსაც აქვს შანსი გახდეს ძალიან მაგარი ფეხბურთელი, შეიძლება ოქროს თასიც მოიგოს. უცხოური კლუბებიც მეტ ინტერესს გამოიჩენენ ქართველი ფეხბურთელების მიმართ. ჩვენც გვყავს გუნდში ფეხბურთელები, რომლებიც არიან წარმატების კარგი მაგალითები, საზონოვი და აზაროვი, რომლებიც საკმაოდ კარგად თამაშობენ, მაგრამ ჯერჯერობით აკლიათ პრაქტიკა. სანიოლმა ისინი არ დააყენა ძირითად შემადგენლობაში, სწორედ ნაკლები პრაქტიკის გამო, მაგრამ ნელ-ნელა წამოვა ეს თაობა, 4-5 წელიწადში გუნდი დაბალანსდება, ყველა რგოლში გვეყოლება მაღალი კლასის მოთამაშეები. დღეს გუნდი დაუბალანსელებელია,წინა ხაზზში უფრო ძლიერია, ვიდრე - დაცვაში. დაუბალანსებელი გუნდი ასეთ თამაშებში საკმაოდ სუსტი და  სახიფათოა. 

- საოცარი იყო გულშემატკივრის ზეიმი გამარჯვების შემდეგ. როგორი იყო თქვენი პირადი ემოციები?  ეს გამარჯვება თითქოს გაცდა ფეხბურთის ჩარჩოებს, მოხდა ეროვნული ენერგიის გაღვიძება. 

-ყველა ქართველს ჰყავს საყვარელი გუნდი და მეც ბევრი მინერვიულია ჩემი გუნდის, ფრანგების გამო, მაგრამ სულ სხვაა როდესაც ნერვიულობ საკუთარ გუნდზე. ჩვენს ნაკრებს ხომ არასდროს ჰქონია გამოსვლა ასეთ დონეზე, მით უმეტეს, როდესაც პენალტებამდე მიდის საქმე, შესაბამისად, ასეთი ემოციები შემიძლია ვთქვა, რომ აქამდე  მქონია.

 ჩვენ რეალურად დავიწყებული გვქონდა, რა ძალა აქვს ფეხბურთს და როგორ შეუძლია მას ერის გაერთიანება. იმდენი ხანია, სერიოზული წარმატება არ გვქონია, ეს განცდა მიგვავიწყდა. 50 იანი წლებიდან მოყოლებული, როდესაც თბილისის „დინამო“ თამაშობდა საბჭოთა კავშირის პერიოდში,  „დინამოს“ თამაში იყო ქვეყნის მთავარი სიხარული. ჯერ ერთი იმიტომ, რომ სხვა გასართობი მაინცდამაინც არ არსებობდა, მეორეც, როდესაც „დინამო“ ეთამაშებოდა  კიევის „დინამოს,“ მოსკოვის „სპარტაკს“ ან ერევნის „არარატს“, შენ ამტკიცებდი შენს ქართველობას, ეს არ იყო  მხოლოდ ფეხბურთი, რომელსაც მარტო კაცები „ბალეშჩიკობდნენ“, ეს იყო ეროვნულობის განცდა. „დინამოს“ თამაშებზე სტადიონზე იყო კაციც და ქალიც,  რადგან იმ დროს ფეხბურთი იყო ეროვნულობის გამოვლენის ერთადერთი საშუალება, ამიტომაც ჰქონდა მას ხალხის გაერთიანების ძალა, რაც ჩვენ დავიწყებული გვქონდა. დღეს ეს ძალა გააღვიძა ყველაფერმა ერთად - როდესაც გადიხარ ევროპის ჩემპიონატზე და გაქვს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ამან ადამიანების ემოციებზეც ძალიან იმოქმედა.  

- ეს გამარჯვება შეიძლება აღმოჩნდეს კარგი მაგალითი სხვადასხვა სფეროებისთვის, ზოგადად ქვეყნისთვის?  

ამ გამარჯვებით ჩვენ უნდა მოგვეხსნას ღარიბი და დამარცხებული ქვეყნის კომპლექსი, აღარ უნდა იყოს ისეთი წარმოდგენა, რომ ჩვენ არაფერი  გვეშველება. 90 იანი წლებიდან მოყოლებული მთავარი შეკითხვა იყო, გვეშველება თუ არა რამე. იქნებ ამ გამარჯვებამ ეს შეკითხვა მოხსნას.  

ზოგიერთს არ მოწონს ემოციების მეტად გამოხატვა, თუმცა ეს ფეხბურთს  უხდება. პრინციპში, არც ისაა დიდი პრობლემა, როცა თამაშის დროს ლანძღავ მოწინააღმდეგე გუნდს, თუ მაგრად ითამაშებს შეიძლება ტაშიც კი დაუკრა.ემოციები და აგრესიაც კი სრულიად გასაგებია ფეხბურთში. ეს არის უნიკალური სპორტის სახეობა, ეს არის ყველაზე პოპულარული სპორტი და პლუს ამას, გუნდური თამაშია. 11 კაცი ბევრია, როცა 11 კაცი თამაშობს ერთად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა ინდივიდუალურ ოსტატობას, არამედ იმას, თუ მწვრთნელი როგორ შეათამაშებს გუნდს, როგორი ატმოსფეროა გუნდში, რამდენად არიან შეკრულები, მეგობრულები. ძალიან ბევრი მომენტია, რაც ახდენს გავლენას თამაშზე.

-ამ მხრივ ჩვენი გუნდი როგორ შთაბეჭდილებას ტოვებს? 

- მე მახსოვს 90 იანი წლების ნაკრები, სადაც იყო ერთმანეთის ათვალწუნება, კარგად მახსოვს ნაკრებში ორი-სამი ფრაქცია და „კუტოკი“, რაც არ იყო ლამაზი და  ასე თუ ისე შედეგებზეც აისახებოდა.ეს რომ აღარ არის გუნდში გამოჩნდა ძალიან ბევრ მაგალითზე. ყველაფერში ჩანს, როგორი დამოკიდებულება აქვთ ფეხბურთელებს ერთმანეთთან, როგორ აღნიშნეს გამარჯვება

-ამ დღეებში ძალიან ბევრმა აღნიშნა ჩვენი გუნდის მაღალი კლასი, თუნდაც მათ არ უპასუხიათ აგრესიით და უხეშობით საბერძნეთის გუნდისთვის, რომელიც ამით ნამდვილად იყო გამორჩეული.

- ჩვენი მხრიდან ნამდვილად იყო ჯენტლმენური თამაში, ჩვენები იბრძოდნენ, მაგრამ არ გადასულან სერიოზულ უხეშობაზე. აგრესიული თამაში  საბერძნეთის სტილია,ეს გუნდი ყოველთვის ასე თამაშობს. საბერძნეთი არასდროს ყოფილა ფეხბურთის ქვეყანა, მათ არასდროს ჰყოლიათ გამორჩეული ვარსკვლავები, ტექნიკური მოთამაშეები. 20 წლის წინ, როდესაც მათ მოიგეს ევროპის ჩემპიონატი, ამას მიაღწიეს „ჩაკეტილი“, აგრესიული თამაშით, რითიც მეტოქეს არ აძლევდნენ ტექნიკის გამოვლენის  საშუალებას. ცხადია, იმის შემდეგ სულ ცდილობენ ეს კოზირი გამოიყენენ, არ ათამაშონ მოწინააღმდეგე, მოახრჩონ ის. ქართულ ფეხბურთს ყოველთვის ახასიათებდა ტექნიკურობა, ჩვენ იმას კი არ ვცდილობთ, რომ სხვა არ ვათამაშოთ, ჩვენ ჩვენი უპირატესობის, ტექნიკურობის ხარჯზე ვთამაშობთ, იმის მიუხედავად, რომ  ეს ამ გუნდს უჭირს და გვაკლია ტექნიკური ფეხბურთელები. ჩვენი სტილი არ არის სხვისი მოხრჩობა, ჩვენი სტილია ჩვენ ვითამაშოთ და სხვასაც მივცეთ თამაშის შესაძლებლობა, ქართული ფეხბურთი სულ ასე იყო.

- ევროპის გზაზე დამდგარ ქვეყანას ჩვენი საფეხბურთო ნაკრების ეს გამარჯვება პოლიტიკური წონის მატებაში დაეხმარება?

- ეს მოგება ალბათ, უფრო მოგვიხსნის კომპლექსს, რომ  ჩვენ საცოდავი ქვეყანა ვართ, სად ჩვენ და სად დასავლეთი. პორტუგალიის გუნდს ალბათ ვერ მოვუგებთ, მაგრამ თუ ჩვენ მოვუგებთ ჩეხეთს, ან ვითამაშებთ ფრეს, ეს იქნებ განაცხადი, რომ რადგან არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ყველა გვჯობია. ჩვენ უნდა მოვიცილოთ განცდა, რომელიც გაგვიჩნდა იმის გამო, რომ 90 იანი წლებიდან ქვეყანა დიდხანს იყო გაჭირვებაში და უბედურებაში, ახლა ნელ-ნელა ვლაგდებით. ჩვენ არავის არ უნდა ვუყუროთ ქვემოდან ზემოთ, მით უმეტეს ფეხბურთში. სხვათაშორის პირველი ევროპის ჩემპიონები იყვნენ ქართველები, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია.

1961 წელს ევროპის პირველი ჩემპიონი გახდა საბჭოთა კავშირის გუნდი, რომელშიც სამი ქართველი თამაშობდა.მეტრეველი, მესხი და ჩოხელი. ფინალში ერთი გოლი გაიტანა მეტრეველმა და მეორე გოლი გავიდა მესხის პასით, ასე რომ ეს ფაქტი ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. 90 იანების დასაწყისში, გვყავდა უნიჭიერესი თაობა, არველაძეები, ცხადაძე, ქეცბაია, ქინქლაძე, ჯამარაული, ნემსაძე, შელია და ა.შ. ამ თაობის უმეტესობამ, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა ვერ გამოიყენა თავისი უზარმაზარი პოტენციალი და გაფლანგა, ზოგს იზოლაციამ შეუშალა ხელი, ზოგს საკუთარმა მეტალიტეტმა, რაც იყო ცუდი მაგალითი შემდეგი თაობის მოთამაშეებისთვის.მათ აუცრუვდათ გული, გაჩნდა განცდა, თუ ამათ ვერაფერს მიაღწიეს, ჩვენ რა გვინდა ფეხბურთში.ახლა შეიძლება  მთლიანად შემოტრიალდეს ვითარება. დამოკიდებულება, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა მოინდომეს და გავედით ევროპის ჩემპიონატზე მაშინ, როდესაც არ გვყავს ისეთი თაობა, როგორიც იყო 90 იან წლებში, ბევრს ნიშნავს. ჩემი აზრით, ახლა მოხდება  შემობრუნება, რაც აუცილებლად აისახება საფეხბურთო  წარმატებებზე მომავალში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გაწყდა კავშირი ფეხბურთის თაობებს შორის, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ ცოცხალია1981 წლის „დინამოს“ თაობა, საჭიროა ფეხბურთშიც  დაგროვდეს ინსტიტუციური მეხსიერება და გამოცდილება, რომელიც ძალიან დიდია ქართულ ფეხბურთში. როდესაც გროვდება ბევრი ცოდნა, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას, ეს აუცილებლად მიგვიყვანს კარგ შედეგთან. ამას ემატება ისიც, რომ გაიზარდა გულშემატკივარიც. 90 იან წლებში ფეხბურთელი გოლს რომ გაიტანდა, ტაშს უკრავდნენ და აღმერთებდნენ, მაგრამ ერთიც რომ აეცილებინა, აგინებდნენ.ამ მხრივ გულშემატკივარი შეცვლილი და გაზრდილია. მას უკეთ ესმის ფეხბურთი, უკეთ ესმის ფეხბურთელის, როგორც ადამიანის, პატიობს მას შეცდომებს და სისუსტეებს. ის დამოკიდებულება, რომ უცებ აღმერთებ და უცებ აგინებ, შეიცვალა, რაც ძალიან კარგია. გადის დრო და იმედია, ყველა ვიცვლებით უკეთესობისკენ.  

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way