USD 2.6935
EUR 2.9925
RUB 2.9961
თბილისი
სოლომონ მეფის "ფიცის კაცები" - ლორთქიფანიძეები, იოსელიანები, ყიფიანები, იაშვილები, უგრეხელიძეები
თარიღი:  189

ფიცის კაცები იყვნენ იმერეთის მეფის პირადი გვარდიელები. ამ გვარდიის შექმნა მიეწერება იმერეთის მეფეს სოლომონ I-ს, რომელმაც სწორედ ფიცის კაცთა წყაალობით დაიბრუნა ტახტი და გაიმყარა პოზიციები იმერეთის სამეფოში.

სოლომონმა ტახტზე ასვლისთანავე 1752 წლის დასაწყისში აკრძალა ტყვეთა სყიდვა იმერეთის სამეფოს ტერიტორიაზე, თუმცა ეს აკრძალვა იურიდიულად ასევე ვრცელდებოდა მთელს მაშინდელ დასავლეთ საქართველოზეც, რომელიც დე იურედ იმერეთს ბაგრატიონთა სახლის მფლობელობაში იყო.

 ტყვეთა სყიდვა ოტომანთა გაბატონებისთანავე მძიმე ტვირთად დააწვა დასავლეთ საქართველოს დემოგრაფიას. წელიწადში დახლოებით თორმეტი ათასამდე (მონაცემი ემყარება არქანჯელო ლამბერტის ჩანაწერს, თუმცა გაზვიადებულ ციფრად მიიჩნევა) ბავშვი გაყავდათ თურქ მონათვაჭრებს სტამბოლისა და იზმირის ბაზრებზე, რამაც დემოგრაფიულ კატასტროფამდე მიიყვანა რეგიონის უმეტესი ნაწილი. თავდაპირველად ამ ქმედებას ადგილობრივი მოსახლეობა აჯანყებებით პასუხობდა, თუმცა მალე ბევრი ადგილობრივი ოჯახი, აზნაური, მთავარი და სასულიერო პირებიც კი ამ მეტად სარფიანი საქმიანობით შოულობდა ფულს და თვითონვე სთავაზობდნენ თურქ მონათვაჭრებს საკუთარი გლეხობიდან თუ საყმო მამულიბიდან მიტაცებულ ბავშვებს. თვით იმერეთს მეფეების ნაწილიც კი ჩაერთო ამ საქმიანობაში, თუმცა ყველაზე რთული ვითარება სამეგრელოში იყო შექმნილი.

ამ აკრძალვის გამოცემისთანავე, ჯერ კიდევ ჭაბუკი სოლომონის წინააღმდეგ მაშინვე ამხედრდნენ კათოლიკოს პატრიარქი ბესარიონი, ბიძები მამუკა და გიორგი ბაგრატიონები, პაპა ლევან აბაშიძე და დედა თამარ აბაშიძე. მეამბოხეთა მომხრე სამხედრო რაზმები თავს დაესხნენ იმ ხანად ვარციხეში მყოფ მეფის გარნიზონს. მათთან ერთად იმყოფებოდა მეფეც და სოლომონი ტახტიდან ჩამოაგდეს. ამ მოვლენის შემდეგ სოლომონი ერთგულ მხლებლებთან ერთად გაიქცა ახალციხეში და ფაშას შემწეობა სთხოვა.

 ფაშასაგან მიღებული ფინანსური რესურსებით სოლომონმა ერთგული აზნაურებისაგან და გლეხებისაგან ჩამოაყალიბა პირადი გვარდია „ფიცის კაცები“.

 1754 წელის 15 მაისის სოფელ ლეკერწაში სოლომონმა მოიხმო საიდუმლოდ შემოკრებილი ერთგული აზნაურები და გლეხები, რომელთაც დადეს ფიცი მეფისა და სამშობლოს წინაშე უანგარო მსახურებისთვის. თავიდან ფიცის კაცების რაოდენობა განისაზღვრებოდა 1000 მეომრით.

ფიცის კაცების უცვლელი სარდალი ბერი ლორთქიფანიძე იყო, სოლომონ პირველის უახლოესი თანამებრძოლი. 

 ასეთნაირად დაიწყო იმერეთში ე.წ. ფიცის კაცთა მოძრაობა. ლორთქიფანიძეები, მესხები, ავალიანები, იოსელიანები, ღოღობერიძეები, ყიფიანები, ქორქაშვილები, იაშვილები, უგრეხელიძეები, გრიგალაშვილები, ჭაბუკიანები და სხვები ერთმანეს ფიცით შეეკრნენ და სოლომონ პირველის დროშის ქვეშ გაერთიანდნენ, რათა მეფეს თურქები გაეძევებინა, ადამიანებით სამარცხვინო ვაჭრობა მოესპო და ქვეყნის ასაღორძინებელი რეფორმები გაეტარებინა.

ყოველი წლის 15 მაისს ფიცის კაცები სათანადო საზეიმო მსვლელობით წმინდა მუხების ქვეშ იკრიბებოდნენ და მეფისა და ქვეყნის ერთგულებაზე საზეიმო ფიცს დებდნენ, ბოლოს რიტუალურ სუფრას შლიდნენ, ღვინის მადლით და მგზნებარე სადღეგრძელოებით ფიცს ერთხელ კიდევ განამტკიცებდნენ. ნიშანდობლივია, რომ 15 მაისს მეფისა და სამშობლოსათვის თავის განწირვის მიზნით ფიცის დასადებად ყველა წოდების ჭაბუკები მოდიოდნენ, ვისაც კი 15 წელი შეუსრულდებოდა, უფროსებს კი წინა წლებში ჰქონდათ მიღებული ფიცი, მაგრამ შთამაგონებელ სიტყვებს და ლოცვას მაინც იმეორებდნენ. ფიცის კაცთა თითოეული სახლი მეფის ციხე-სიმაგრე იყო, თან ტაძრის სათნოებით და მრავალძალიანობით შემოსილი. ვინც იქ თავს შეაფარებდა, მეფისაგან უსათუოდ სამართალს მიიღებდა. ყოველ ფიცის კაცს მეფე უსმენდა და ენდობოდა. ფიცის კაცთა ლაშქრის სარდლობის პატივი ლორთქიფანიძეებს ჰქონდათ მინიჭებული. პირველი დაძახებისთანავე ფიცის კაცები საომრად გამოდიოდნენ; თავად-აზნაურთაგან – ქუდზე კაცი, გლეხებისაგან – კომლზე კაცი, რათა გუთნისდედანი და მევენახენი ნაკლებად დაზარალებულიყვნენ...

რაც უფრო შეძლებულნი იყვნენ ფიცის კაცები, მით უფრო უკეთ იყვნენ შეჭურვილნი. მუზარად-ჩაჩქან-ჯაჭვის პერანგში ჩამსხდარნი დარახტულ-თოროსან მერნებს მოაგელვებდნენ. თითოეულ გვარს თავისი ბავრაყ-ბაირაღი და დროშა მოჰქონდა, ბუკ-ნაღარას არისხებდნენ და ომახიანი მხედრული სიმღერები ზეცას წვდებოდა. ფიცის კაცები ფიცხელ ომში სასწაულებს ახდენდნენ.

მეფეს განუყრელად ახლდნენ და მისი საიმედო მცველნი, ერთგული გვარდიელები, ნამდვილი რაინდები იყვნენ. ერის მოღალატეებს, გამყიდველებს, რენეგატებს რისხვად ევლინებოდნენ. კაიყმათა ეს მოდგმა ყოველთვის იქ იმყოფებოდა, სადაც მეფეს, მრავალტანჯულ მამულს სჭირდებოდა. ,,უშიშარნი ვითარცა უხორცონი'', თავგანწირულნი, სამშობლოს გადარჩენისათვის სიცოცხლეს არ ზოგავდნენ... ათასმა ფიცის კაცმა სოლომონ მეფეს სული მოათქმევინა და, მისი სასიქადულო წინაპრის დავით აღმაშენებლის მსგავსად, დიდ-დიდი საქვეყნო საქმეების გაკეთების შესაძლებლობა მისცა.

ერი დემორალიზებული და დაბეჩავებული იყო. საერთაშორისო ვითარება – ურთულესი. სოდომი და განუკითხაობა მძვინვარებდა. ოსმალეთმა სამხრეთ საქართველო გადაყლაპა და ჯერი იმერეთზე მიდგა. თურქები სისასტიკესა  და ვერაგობაში ყველა დამპყრობელს აჭარბებდნენ. დასაბამიდანვე მკვიდრი, მიწათმოქმედი ქართველების წინააღმდეგ მათ შეიმუშავეს საშინელი კანონი, რომლის ძალითაც მიწა-მამულის ფლობის უფლება მხოლოდ მართლმორწმუნე მაჰმადიანს – სუნიტს ჰქონდა. ვინც არ გამაჰმადიანდებოდა, ის ადგილ-მამულს, საცხოვრისს კარგავდა.

ბევრი ქართველი აიყარა და შიდა საქართველოს შეაფარა თავი, ვინც ეს ვერ შეძლო, ადგილზე დარჩა და გამაჰმადიანდა. ნიჭიერმა და ომებში გაწაფულმა ქართველობამ ხონთქრის კარზე ადვილად გაიკაფა გზა და მათგან ფანატიკოსნი დედა-საქართველოს დაუძინებელ მტრად მოევლინენ.

სამშობლოზე დამოკლეს მახვილივით იყო დაკიდებული ახალციხის საფაშო, სადაც გამაჰმადიანებული ქართველი ფაშა იჯდა და საქართველოს დასაღუპად ოსმალეთის მხარდაჭერით მოქმედებდა. შავი ზღვის მხრიდან ლაზეთი, აჭარა, აფხაზეთი თურქეთს ჰქონდა მითვისებული. ცეცხლით და მახვილით სდევნიდნენ იქ ქრისტიანობას, ესე იგი ქართველობას. მარტოოდენ იმერეთის სამეფო იყო ოაზისად დარჩენილი, იქაც აღზევებული თავადები გამეფებას ლამობდნენ, არც მეფეს ზოგავდნენ და არც ერთმანეთს. ჭაბუკმა მეფემ ყველაფერი იღონა თანამოძმეთა გადასარჩენად. მისი ერთადერთი საყრდენი ფიცის კაცები და მეფე ერეკლე იყვნენ, მეფე ერეკლე, ისიც ლეკთა ურდოებს და ირან-ოსმალეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეჭიდებული.

 1757 წელს ხონთქარმა სოლომონის სამაგალითოდ დასჯა გადაწყვიტა. დიდი ჯარი გამოგზავნა, თან იმერეთის ირგვლივ შემოჯარულ საფაშოებს უბრძანა თავ-თავიანთი ლაშქრით გამოსულიყვნენ სოლომონის წინააღმდეგ. მოღალატე ლევან აბაშიძე მტერს ახალციხეში შეეგება და წამოუძღვა. მეფემ მტერი ხრესილის ველზე (ტყიბულთან) შეიტყუა და გაანადგურა. გამცემი ლევან აბაშიძე დაიღუპა, ხოლო როსტომ რაჭის ერისთავმა გაქცევით უშველა თავს. მამაცობაში ფიცისკაცებს აფხაზები არ ჩამორჩნენ.

ხრესილის ომი საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა. 1759 წელს სოლომონმა ეროვნული თვითშემეცნების ამაღლებისა და განმტკიცების მიზნით სასულიერო-საერო კრება მოიწვია, ყველა ჯანსაღად მოაზროვნე და სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ქართველი შეკრიბა, ტყვეთა სყიდვა აკრძალა, ერთმანეთს გადაკიდებული მთავრები შეარიგა, მოსახლეობას გადასახადების შემსუბუქებით შვება მიანიჭა, სულიერება აღადგინა და დაკარგული იმედი ააღორძინა, საქართველო გადარჩა. და ეს ყველაფერი სოლომონმა ფიცისკაცების თანადგომით შეძლო. 

 ფიცის კაცებმა მონაწილეობა მიიღეს იმერეთის სამეფოს თითქმი ყველა გარდამტეხ მოვლენაში 1754-1810 წლებში და ბოლომდე ემსახურებოდნენ სამეფოს ინტერესებს 1810 წლამდე.

უცნობი ნაცნობი
რუსთავიდან ლოს-ანჯელესისკენ ლონდონის გავლით - ქართველი ქორეოგრაფის ჰოლივუდური ისტორია

მოცეკვავე და ქორეოგრაფი ლაშა მძინარაშვილი 2022 წელს "ტაურუსის" მფლობელი გახდა. საბრძოლო სცენა, რომელმაც მას კასკადიორთა მსოფლიო აკადემიის უმაღლესი ჯილდო მოუტანა, ლაშამ რეჟისორ მეთიუ ვონის ფილმ “The King’s Man-ისთვის” დადგა.

თავად ლაშას ამბავიც ფილმის სიუჟეტს ჰგავს:

– დამიკავშირდა რეჟისორი დავით ხუბუა, რომელთანაც თორმეტი წლის წინ ერთ საინტერესო პროექტზე ვმუშაობდი კასკადიორად და მითხრა, რომ ჰოლივუდში საბრძოლო სცენებისთვის ხალხური ცეკვების მცოდნე მსახიობებს ეძებდნენ. კარგად მახსოვს შენი მუშაობის სტილი და თუ შენც მოისურვებ, კასტინგზე წარგადგენო.

ისეთი ადამიანი ვარ, ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ვჩერდები, ახალ-ახალ გამოწვევებს ვეძებ. ამ კონკურსშიც გამოწვევა დავინახე და, რა თქმა უნდა, ჩავერთე. მონაწილეები თხუთმეტი ქვეყნიდან იყვნენ ჩამოსული. ლონდონში გამოსაცდელი ვადით, ერთი კვირით მიმიწვიეს და საბოლოოდ ოთხი თვით დამტოვეს. ცნობილ მსახიობს ჯეკი ჩანს ჰყავს რამდენიმე ჯგუფი, რომლებშიც საუკეთესო მებრძოლები და კასკადიორები არიან თავმოყრილი. ეს ჯგუფები თანამშრომლობენ კინოსტუდიებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მსახიობებს შესაბამისი სცენების მომზადებაში ეხმარებიან. მე მოვხვდი ჯგუფში, რომელსაც ბრედ ალენი ხელმძღვანელობდა და პროფესიონალთა ამ გუნდთან მუშაობა კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის.

საბრძოლო სცენისთვის ლაშა მძინარაშვილმა ქართული ცეკვებიდან აღებული ილეთები გამოიყენა. ფილმის პროდიუსერმა სწორედ ამ ორიგინალურ სანახაობაზე შეაჩერა არჩევანი.

– ასეთ წარმატებაზე არც მიოცნებია. "ტაურუსზე" წარდგენა ჩემთვის უკვე წარმოუდგენლად დიდი გამარჯვება იყო. დაუჯერებელი მეჩვენებოდა, რომ მივიღებდი ჯილდოს, რომლის მფლობელებიც არიან არნოლდ შვარცენეგერი, სილვესტერ სტალონე, ჰარისონ ფორდი, კიანუ რივზი...

“ტაურუსი” 2001 წლიდან გაიცემა. დაჯილდოების ყოველწლიურ ცერემონიას ამერიკული კინოს მექა – ლოს-ანჯელესი მასპინძლობს.

ყველა კასკადიორისთვის საოცნებო ფრთოსანი ხარი ლაშას 2022 წლის 17 სექტემბერს “პარამაუნტ ფიქჩერსის” დარბაზში გადაეცა. როგორც თავად ამბობს, ემოციებისგან რამდენიმე დღე აკანკალებდა.

ქართული ცეკვა

ჰოლივუდში ხელჩართული ბრძოლის სცენები უმეტესად აზიური საბრძოლო ხელოვნების ელემენტებზეა დაფუძნებული. პოპულარულია ასევე ორთაბრძოლის ბრაზილიური სისტემა – კაპუეირა. ქართული ხალხური ცეკვის ილეთებით გამდიდრებული საბრძოლო სცენა, რომელიც, ამასთანავე, მწვანე ეკრანის, თოკებისა და ციფრული ეფექტების გარეშე გადაიღეს, ჰოლივუდისთვის აღმოჩენად იქცა. ფილმში მონაწილე მსახიობებს მეთიუ გუდს, რის ივანსს და რეიფ ფაინსს არაერთ ინტერვიუში აღუნიშნავთ, რომ ქართული ფოლკლორის ელემენტებმა ბრძოლის სცენებს ცეცხლი შემატა.

– მსოფლიო კინოში ქართული ცეკვის ელემენტები პირველად გამოჩნდა და ვამაყობ, რომ ამაში მეც შევიტანე წვლილი, – ამბობს ლაშა, – “სუხიშვილების", "ერისიონის", "რუსთავის" დამსახურებით ქართულ ცეკვას მთელ მსოფლიოში იცნობენ, თუმცა კინოს გაცილებით ფართო აუდიტორია ჰყავს და ქართული ქორეოგრაფიის ფარული რესურსის წარმოჩენის შესაძლებლობაც მეტია.

წელს კი ლაშა მძინარაშვილი თვითონვეა "ტაურუსის" ჟიურის წევრი. დაჯილდოება 11 მაისს გაიმართება:

– ამ პოზიციიდან მეტი შესაძლებლობა მაქვს, ჩემს თანამემამულეებს რეკომენდაცია გავუწიო. მჯერა, რომ არც ისე შორს არის დრო, როდესაც ქართველი კასკადიორები მსოფლიო კინოინდუსტრიაში დამსახურებულ ადგილს დავიკავებთ.

ჰოლივუდამდე

ლონდონში ვარჯიშის დროს მაგიდა გადაუყირავდა და ხერხემალი დაიზიანა. მთავარი სცენები ტკივილგამაყუჩებლების ზემოქმედების ქვეშ გადაიღო. ნებაზე მიშვებულმა ტრავმამ სრული პარალიზების საშიშროება წარმოშვა. ოპერაცია გარდაუვალი გახდა. კისრის მალებში ხელოვნური დისკები ჩაუსვეს. ურთულესი პერიოდი გამოიარა, მაგრამ ყველაფერი გააკეთა სცენაზე დასაბრუნებლად.

როგორც თავად ამბობს, სიზმარშიც კი ცეკვავს. ისეთ გარემოში გავიზარდე, ცეკვის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელიც იყოო, აღიარებს. მამა სიმღერისა და ცეკვის ნაციონალურ ანსამბლის, ახლანდელი "ერისიონის" წევრი გახლდათ. მათ ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ მოცეკვავეები, მომღერლები, მსახიობები. თავად ექვსი წლისამ ნუგზარ ჯიქურის ქორეოგრაფიულ ანსამბლ "თერგში" აიდგა ფეხი. არის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრი ქორეოგრაფიის მიმართულებით და აქვს "სუხიშვილებში" ცეკვის ხუთწლიანი გამოცდილება. ამჟამად ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის – “რუსთავის” წევრია და თავისივე დაარსებულ მოზარდთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ "შუშპარს" ხელმძღვანელობს:

–  საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ ექსპერიმენტულმა სიახლეებმა ქართული ქორეოგრაფია ფოლკლორის რელსებიდან გადაიყვანა, მე კი ვფიქრობ, რომ რაც არ ვითარდება, კვდება. შესაძლოა, შეცდომებიც დაუშვა, მაგრამ დრო ყველაფერს საცერში გაატარებს და ის, რაც დარჩება, იქნება მარგალიტი.

ქართული ცეკვა ტექნიკურადაც დაიხვეწა და განვითარდა. ადრე თუ მოცეკვავე ორ ბრუნს ასრულებდა, ახლა ერთ ჯერზე ოთხი-ხუთი ბრუნის შესრულებაც შეუძლია. ტრადიციებს არავინ გვართმევს, მაგრამ ყველა სფერო თანამედროვეობას უნდა ესადაგებოდეს.

ოჯახი

მეუღლე, გვანცა, თეატრალურ უნივერსიტეტში გაიცნო. "სუხიშვილებში" ერთად ცეკვავდნენ. "შუშპარსაც" ერთად ხელმძღვანელობენ.

– სტუდენტობიდან დღემდე ბევრი სირთულე გადავლახეთ. შეიძლება ითქვას, რომ ერთად გავიზარდეთ. ახლა უკვე სამ შვილს ვზრდით. უფროსი გოგონები ცეკვავენ. ნაბოლარა ბიჭუნა ჯერ მხოლოდ ერთი წლისაა. მშობლები ბავშვების აღზრდაში გვეხმარებიან, ხელს გვიწყობენ, რომ პროფესიული განვითარებისთვის პირობები გვქონდეს. ოჯახის მხარდაჭერა რომ არა, ამის ნახევარსაც ვერ მივაღწევდი.

არ გვჭირდება ერთმანეთისთვის იმის ახსნა, რა შრომის, რა ძალისხმევის ფასად მოდის წარმატება. არ არის იოლი თვეების განმავლობაში ოჯახისგან შორს ყოფნა, მაგრამ  რაღაც კომპრომისები გარდაუვალია.

მიუხედავად ტრავმისა, წუთითაც არ ისვენებს. პანტომიმის თეატრის მსახიობებს ავარჯიშებს, თანამშრომლობს კასკადიორთა ასოციაციასთან და ვიდეორგოლებსა და ფილმებში ექსტრემალურ ილეთებს ასრულებს. თებერვალში კი ტოკიოში იყო მიწვეული, სადაც სუმოს ქართველი ფალავნის, ტოჩინოშინის, კარიერის დასრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე საკონცერტო პროგრამით წარდგა.

თამარ ციბალაშვილი

ჟურნალი "ავერსი"

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.