USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
«Политика» (სერბეთი): „უკრაინული ტრაგიკომედია: რეიგანი ეიზენჰაუერის წინააღმდეგ“
дата:  436

სერბეთის პოპულარულ გაზეთ „პოლიტიკაში“ (Политика) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინული ტრაგიკომედია: რეიგანი ეიზენჰაუერის წინააღმდეგ“ (ავტორი - ოზრენ მილანოვიჩი), რომელშიც განხილულია ერთი მხრივ, უკრაინის ხელისუფლებაში მიმდინარე შიდაპოლიტიკური დაპირისპირებები და მეორე მხრივ, თუ რა გავლენას მოახდენს საშინაო-პოლიტიკური კონფლიქტი ქვეყნის პერსპექტივაზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:

პოლიტიკურმა სტრატეგებმა უკვე შეუქმნეს იმიჯი ვოლოდიმირ ზელენსკის და იგი უკრაინელ რონალდ რეიგანად გამოაცხადეს (საშუალო დონის მსახიობად, მაგრამ ბრწყინვალე პრეზიდენტად), ახლა კი გენერალ ვალერი ზალუჟნის რიგიც დადგა, რომელსაც სულ უფრო ხშირად უწოდებენ უკრაინელ დუაიტ ეიზენჰაუერს. გენერალი მასმედიის ყურადღების ცენტრში რჩება, მისი გუნდი კი ცდილობს, რომ ეს ინტერესი არ ჩაქრეს - უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს ვალერი ზალუჟნის მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ცნობილ ამერიკელ მხედართმთავარს დუაიტ ეიზენჰაუერს  ამსგავსებენ, რომელმაც 1953 წელს, თეთრ სახლში ჰარი ტრუმენი შეცვალა და აშშ-ის პრეზიდენტი გახდა. დღეს უმთავრესი კითხვა ასეთია: რატომ არ აცხადებს ვალერი ზალუჟნი ამჟამად თავის პოლიტიკურ ამბიციებს და პერსპექტივებს?

ახლახან, გარკვეული პაუზის შემდეგ, ვალერი ზალუჟნი მასმედიის სივრცეში და სოციალურ ქსელებში ისევ გამოჩნდა - 29 დეკემბრიდან „ტელეგრამ“-არხზე, რომელიც მის სახელს ატარებს, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის მიერ რუსული რაკეტების მოგერიების შესახებ ინფორმაციების გამოქვეყნება დაიწყო.

სკანდალები გარემოცვაში

რადგან საჰაერო დარტყმების მოგერიების შესახებ ინფორმაციებს, როგორც წესი, უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალები აქვეყნებენ - მათი წარმომადგენლის იური იგნატის სახელით, ამიტომ ვალერი ზალუჟნის გააქტიურება შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

2023 წლის დასასრული უმაღლესი მთავარსარდლის ირგვლივ სკანდალებით აღინიშნა: ჯერ იყო და მის კაბინეტში მოსასმენი მოწყობილობა იპოვეს, შემდეგ კი მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია ვალერი ზალუჟნის ახალ კონსულტანტზე ტატიანა ეფრემოვაზე, რომელიც ადრე თითქოსდა საბავშვო ანიმატორად მუშაობდა და მოდელის კარიერას იკეთებდა, ანუ სამხედრო საქმესთან არანაირი კავშირი და გამოცდილება არ ჰქონდა. მომდევნო სკანდალი დაიწყო ალა მატრინიუკთან დაკავშირებით, რომელიც ვალერი ზალუჟნის შტატგარეშე კონსულტანტად დაინიშნა: მან ერთ-ერთ ტელეგადაცემაში განაცხადა, რომ „ადრე თუ გვიან, ყველა მოვკვდებით, ამიტომ მშვიდად უნდა შევხედოთ უკრაინელი მამაკაცების ფრონტზე მობილიზაციის საკითხსო“. ვალერი ზალუჟნის პირადად მოუწია სკანდალის ჩაქრობა: მან განაცხადა, რომ შტატგარეშე თანაშემწეები უფლებამოსილები არ არიან საჯაროდ კომენტარი გაუკეთონ რომელიმე საკითხს მთავარსარდლის სახელით და ყველა, ვინც რაიმეს იტყვის, ეს მხოლოდ მისივე პირადი აზრი იქნება.

ღია წყაროებიდან ცნობილია, რომ უკრაინის არმიის მთავარსარდალს ვალერი ზალუჟნის ორი მოადგილე ჰყავს - გენერალ-პოლკოვნიკები ევგენი მოისიუკი და ნიკოლაი ბალანი. განწესის მიხედვით, არსებობდა აგრეთვე მრჩეველთა შტაბი, რომლის ფუნქციებს მთავარსარდლისათვის და მისი მოადგილეებისათვის კონსულტაციების გაწევას და მეთოდოლოგიურ ხელშეწყობას წარმოადგენდა ცალკეულ საკითხებში, თუმცა 28 დეკემბრიდან [ოფიციალურად] მათი რაოდენობა შემცირებულია.

ამბიციები და ომი

ვალერი ზალუჟნი ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, მაგრამ მის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ბრიტანულ ჟურნალში „ეკონომისტში“ მისი ინტერვიუ გამოქვეყნდა და რომელშიც გენერალმა აღიარა - ფრონტზე მძიმე მდგომარეობაა და უკრაინის არმია ბევრი პრობლემის წინაშე დგასო. პუბლიკაციის შემდეგპოლიტიკურმა მიმომხილველებმა და ექსპერტებმა საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვალერი ზალუჟნის შორის გაჩენილ დაპირისპირებაზე დაიწყეს. ამასთან, გენერლის რეიტინგმა და პოპულარობამ წარმოუდგენელ დონეს მიაღწია და პრეზიდენტისათვის ერთგვარ კონკურენტად იქცა.

კიდევ ერთი მომენტი: მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ დეპუტატმა მარიანა ბეზუგლაიამ გენერლის კრიტიკა დაიწყო - თითქოსდა სპეციალურად, „ზემოდან მითითებით“. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვერ შეძლო ან არ მოისურვა ამ მითქმა-მოთქმის და მოარული ხმების გაფანტვა. 2023 წლის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე პრეზიდენტმა იხუმრა, რომ ვალერი ზალუჟნისა და დეპუტატ მარიან ბეზუგლაიას, უბრალოდ, „ლაიქები“ ძალიან უყვართო.

თვითონ ვალერი ზალუჟნის დეპუტატის კრიტიკის გამო სიტყვა არ დაუძრავს და მობილიზაციის შესახებ გამართული ბრიფინგის დროს ამ თემაზე დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისაგან თავი შეიკავა. არადა, გენერალს ერთი სიტყვის თქმით შეეძლო შეთქმულების თეორიის უარყოფა, მაგრამ თავისი უთქმელობით ეჭვები უფრო გააძლიერა.

ვალერი ზალუჟნის პოპულარობა უდავოა, ამას ადასტურებს არამარტო უკრაინაში ჩატარებული ელექტორალურ-სოციოლოგიური გამოკითხვები, არამედ დასავლური მასმედიის პუბლიკაციებიც. ანუ თუ საერთაშორისო პრეცედენტებს მოვძებნით, უკრაინის არმიის მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის ირგვლივ შექმნილი დრევანდელი სიტუაცია ძალიან ჰგავს აშშ-ის არმიის მთავარსარდალ დუაიტ ეიზენჰაუერის ირგვლივ 1950-იანი წლების დასაწყისში შექმნილ მდგომარეობას.  

ვინ სვამს და ვინ იხდის

უკრაინელი ექსპერტის სერგეი გაიდაის აზრით, კონსულტანტებთან დაკავშირებულმა სკანდალმა აჩვენა, რომ მასმედიასთან და საზოგადოებასთან ნორმალური მუშაობა არ წარმოებს - გაუგებარია თუ ვის, სად, როდის და რის თქმა შეუძლია. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ საზოგადოებასთან კავშირებში ლოგიკურად არც ხელისუფლება არ მოქმედებს და არც უკრაინის სამხედრო სარდლობა. „მაგალითად, ავიღოთ მობილიზაციის საკითხი: თავდაპირველად ამაზე ლაპარაკი პრეზიდენტის უფლებამოსილებაში შედიოდა, შემდეგ გადაეცა თავდაცვის მინისტრს უმეროვს, მან კი ბრიფინგი ვალერი ზალუჟნის ჩაატარებინა, რის შემდეგაც ყველაფერი ბურუსმა მოიცვა“, - ამბობს სერგეი გაიდაი.

როგორც პოლიტოლოგი ოლეგ პასტერნაკი აღნიშნავს, ამჟამად პრეზიდენტის ოფისსა და სამხედრო სარდლობას შორის ერთგვარი შეჯიბრი მიმდინარეობს, თუ ვინ გამოაქვეყნებს პირველი კარგ და დადებით ამბებს. ამას წინათ 230 სამხედრო ტყვის გაცვლაზე ინდორმაცია პირადად პრეზიდენტის მიერ იქნა გაჟღერებული და არა ანდრეი ერმაკისაგან, როგორც ადრე იყო და არც კირილ ბუდანოვისაგან, თუმცა ესპროცესი მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან იყო კოორდინირებული. ეს ადასტურებს კონკურენციას: როგორც ტრადიციულად არის ცნობილი, ის ადამიანი, რომელიც კარგ ამბებს ლაპარაკობს, ავტომატურად იგულისხმება პოზიტიურ პიროვნებად და სწორედ ის სარგებლობს საზოგადოებრივი აზრის სიკეთით.

ოლეგ პასტერნაკი ვარაუდობს, რომ ვალერი ზალუჟნის უკვე ჰყავს თავისი პიარ-გუნდი, ამიტომ ახლო მომავალში მოსალოდნელია ახალი განცხადებები მობილიზაციისა და რესურსებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლებიც აუცილებელია ომის გასაგრძელებლად. შეიძლება აგრეთვე იმის ვარაუდიც, რომ სხვადასხვა პარტიები, რომლებიც მობილიზაციის საკითხით არიან „შეიარაღებულნი“, შეეცდებიან ვალერი ზალუჟნის ჩათრევას პოლიტიკურ თამაშებში, მისი იმიჯის გამოყენების მიზნით.

წყარო: https://www.politika.rs/scc/clanak/593601

 

 

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати