USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
NATO-ს გენმდივნის პოსტზე სტოლტენბერგი მარკ რიუტემ ოფიციალურად ჩაანაცვლა - ვინ არის "ტეფლონის მარკი"?
თარიღი:  846

NATO-ს გენერალური მდივნის პოსტზე იენს სტოლტენბერგი ნიდერლანდების ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მარკ რიუტემ ოფიციალურად დღეიდან ჩაანაცვლა.

ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობა რიუტეს ოფიციალურად გადააბარა და განაცხადა, რომ გაერთიანებას საიმედო ხელში ტოვებს.

რიუტე ნატოს გენერალური მდივნის პოსტს რუსეთ-უკრაინის ომის მე-1000 დღის მოახლოებასთან ერთად იკავებს - სამი ფაქტორიდან, რომელიც ნიდერლანდების ყოფილმა პრემიერმა მისი ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტად დაასახელა, უკრაინის ომში კიევისთვის დასავლელი პარტნიორების დახმარების შენარჩუნება პირველ ადგილზეა.

ახალი გენმდივანი ასევე აცხადებს, რომ ალიანსი ლიბანში მიმდინარე კონფლიქტურ სიტუაციასაც დააკვირდება.

რიუტემ ბრიუსელში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა რისკებს, რომლის წინაშეც ალიანსი, შესაძლოა, ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში აღმოჩნდეს, როგორც ეს მისი პრეზიდენტობის პირველი ვადისას მოხდა. რიუტემ NATO-ს შტაბ-ბინაში განაცხადა, რომ, არჩევნების შედეგების გამო არ ღელავს, რადგან ორივე კანდიდატს კარგად იცნობს და დონალდ ტრამპთან ამ დრომდეც უმუშავია.

"ტეფლონის მარკი" ნატოს რიგით მე-14 გენერალური მდივანია. მანამდე ამ პოსტს იენს სტოლტენბერგი 2014 წლიდან იკავებდა.

ვის არის მარკ რიუტე?

მარკ რიუტე 57 წლის ჰოლანდიელი პოლიტიკოსია, რომელიც ჰააგაში დაიბადა. 32 ქვეყნის წარმომადგენლის მიერ კონსენსუსის საფუძველზე არჩეული რიუტე ჰოლანდიის ისტორიაში პრემიერ-მინისტრის პოსტს ყველაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში იკავებდა, 2010 წლიდან, როცა პოსტზე დედოფალმა ბეატრიქმა დანიშნა.

რიუტე იყო სახალხო პარტიის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის (VVD) ლიდერი 2006 წლიდან 2023 წლამდე. პრემიერის პოსტზე დანიშვნიდან 2 წელში, 2012 წლის აპრილში საბიუჯეტო კრიზისის ფონზე რიუტემ და მისმა კაბინეტმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ საკუთარი პარტიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდგომ მიეცა საშუალება, დაბრუნებულიყო პრემიერ-მინისტრად და ეხელმძღვანელა კოალიციისთვის ლეიბორისტულ პარტიასთან ერთად. თუმცა, ეს არ ყოფილა ერთადერთი მნიშვნელოვანი კრიზისი. მის კაბინეტს სხვადასხვა ფორმაციის და კოალიციის პირობებში კიდევ რამდენჯერმე მოუწია გადადგომა, თუმცა რიუტემ ყველა ჯერზე მოახერხა კვლავ გაპრემიერება. 2017 წელს, რიუტე თანამდებობაზე პარლამენტში სამთავრობო კოალიციის შექმნის შესახებ 225-დღიანი მოლაპარაკებების შემდეგ დანიშნეს. კრიზისი შეიქმნა ასევე, 2021 წელს ბავშვთა ზრუნვის შეღავათების სკანდალი და 2022 წელს, მზარდი მიგრაციის საპასუხოდ არასაკმარისი ნაბიჯების გამო მოსახლეობის დიდი უკმაყოფილების პირობებში.

იმის გამო, რომ მან ყველა ჯერზე შეძლო, პოლიტიკური სკანდალებიდან გამოსულიყო რეპუტაციის დაუზიანებლად, რიუტე მოიხსენიება როგორც "ტეფლონის მარკი". მას საერთაშორისო მედია აღწერს, როგორც მოქნილს და პრაგმატულს, რომელსაც სურს, მოიცვას პოლიტიკური ფრაქციების ფართო სპექტრი საკითხების გადასაჭრელად.

რაც შეეხება მის ნაბიჯებს თავდაცვის მიმართულებით, პრემიერს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ 14-წლიანი პრემიერობის განმავლობაში ევროკავშირის სიდიდით მეხუთე ეკონომიკამ, თავდაცვის ხარჯების გაზრდა ნატოს მშპ-ის 2%-მდე ვერ შეძლო. (ნატოს ბოლო ანგარიშით, ნიდერლანდები ამ მიზანს წელს საბოლოოდ მიაღწევს). ასევე, კრიტიკის საფუძველი იყო აღმოსავლეთის ნატოს გაფართოების ნაკლები მხარდაჭერა.

ჰოლანდიურ-შვეიცარული განათლების მქონე რიუტე ნატოს ხელმძღვანელობას კრიტიკულ მომენტში დაიკავებს. მისი ახალი სამუშაო 2 ოქტომბერს დაიწყება, აშშ-ის არჩევნებამდე სულ რაღაც ერთი თვით ადრე, რომელიც განსაზღვრავს სამხედრო ალიანსის ბედს. ახალი გენმდივანი, რომელსაც "ტრამპის ექოსაც" უწოდებენ, დადებითად არის შეფასებული ბაიდენის მხრიდანაც "მე, მომწონს ეს ბიჭი" - თქვა მოქმედმა პრეზიდენტმა.

ახლა, პოლიტიკოსს, რომლის მეტსახელიც Teflon-ია [რაც უკრავი ზედაპირის მყარი მასალას აღნიშნავს] მოუწევს, ორი მთავარი და მძიმე მემკვიდრეობის, უკრაინის ომის და ჩინეთის მზარდი ამბიციების პრობლემის მოგვარება, თან რეპუტაციული ზიანის გარეშე.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის