„რატომ ვერ შეძლო რუსულმა დიპლომატიამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შეჩერება და რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობის „დანგრევის“ თავიდან აცილება? ამის ერთ-ერთ მიზეზს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედება წარმოადგენს. წლების განმავლობაში რუსი დიპლომატები ხელისუფლების სისტემაში ავტორიტეტს კარგავდნენ და ცდილობდნენ მხოლოდ კრემლისთვის ესიამოვნებინათ. საბოლოო ჯამში ისინი პროპაგანდისტებად და „რობოტებად“ გადაიქცნენ, რომლებსაც ვლადიმერ პუტინზე გავლენის მოხდენა აღარ შეეძლოთ. თავის მხრივ, პრეზიდენტიც თანდათან დარწმუნდა: უხეში ძალას და ულტიმატუმებს უფრო მეტი შედეგები მოაქვს, ვიდრე მოლაპარაკებებს და საპარლამენტო-დიპლომატიურ დისკუსიებს ცივილიზებულ ენაზე“, - ნათქვამია ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC russian) ავტორების მიერ მომზადებული ვრცელი გამოკვლევის შესავალში, სათაურით „ჩვენ რუსები ვართ და შეცდომის დაშვება არ შეგვიძლია“: როგორ დაკარგეს რუსმა დიპლომატებმა გავლენა ვლადიმერ პუტინზე და ომი ვერ შეაჩერეს“.
პუბლიკაციაში გადმოცემულია რუსული დიპლომატიური საქმიანობის ტრანსფორმაცია ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ევროპული და ამერიკული მიმართულებით. ამ მხრივ განხილულია ორი დიპლომატის - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი რიაბკოვისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის ურთიერთობის ასპექტები - თუ როგორ „გაცივდა“ მათ შორის ოდესღაც არსებული ისეთი დამოკიდებულება, როგორიც ჭეშმარიტ დიპლომატებს შეეფერება.
პუბლიკაციის ავტორები ესაუბრებიან ბორის ბონდარევს - ჟენევაში რუსეთის დიპმისიის ყოფილ მრჩეველს, რომელმაც რუსეთის ჯარის უკრაინაში შეჭრა და ომის დაწყება გააპროტესტა, შემდეგ კი თანამდებობიდან გადადგა.
„2005 წლიდან რუსული დიპლომატია სულ უფრო ხისტი ხდებოდა. სერგეი ლავროვის გამონათქვამებს თუ გავიხსენებთ, იგი კლასიკური დიპლომატიური მიდგომებით მაინცდამაინც არ გამოირჩეოდა. „ჩვენებს დასავლეთის ინტერესები სულ ერთ ადგილზე ეკიდათ. აბა რა, ჩვენ ხომ რუსები ვართ. რუსები კი სტრატეგიული თვალსაზრისით, არასოდეს არ სცდებიან“, - ასეთი იყო და არის დღევანდელი რუსი დიპლომატების ლოგიკა, - ამბობს ბორის ბონდარევი. „მე სერგეი რიაბკოვი ბოლო დრომდე ერთ-ერთ მოაზროვნე და გონიერ ადამიანად მიმაჩნდა, მაგრამ 2022 წლის თებერვლის შემდეგ ისიც შეიცვალა, - აღიარებს გადამდგარი დიპლომატი.
ბორის ბონდარევის თქმით, თავდაპირველად ვლადიმერ პუტინის დასავლური პოლიტიკა იმედის მომცემი იყო, რომ ურთიერთობა ნორმალურად გაგრზელდებოდა, მაგრამ მიუნჰენში, უსაფრთხოების საერთაშორისო კონფრენციაზე მისმა ულტიმატურმა გამოსვლამ დაადასტურა, რომ პრეზიდენტმა განწყობა შეიცვალა. მთავარი ყურადღება უკრაინის პერსპექტივაზე იქნა გადატანილი: „უკრაინა ნატოში? არავითარ შემთხვევაში.... ნატო 1997 წლის საზღვრებზე უნდა დაბრუნდეს. რუს დიპლომატებს თავში რუსული გლობუსი უდევთ, ისინი სხვების ინტერესებზე საერთოდ არ ფიქრობენ და მათ არ ითვალისწინებენ“, - ამბობს ბორის ბონდარევი.
საგარეო საქმეთა სამინისტრო - ნახევრად სამხედრო სტრუქტურა
„რუსეთი მზადაა ნატოსთან თანამშრომლობისათვის, თვით ალიანსის წევრობისთვისაც კი“, - რთულია იმის დაჯერება, რომ ეს სიტყვები ვლადიმერ პუტინმა 2000 წლის მარტში წარმოსთქვა, – „მე ვერ წარმომდგენია ჩემი ქვეყნის იზოლირება ევროპისაგან“, - დაამატა პრეზიდენტმა. ახლა სიტუაცია რადიკალურადაა შეცვლილი - ის, რასაც იგი 2000 წელს ვერ წარმოიდგენდა, დღეს უკვე რეალობა გახდა: რუსეთი ევროპისაგან იზოლირებულია - 2023 წლის ივლისისათვის ევროპიდან მოსკოვამდე არცერთი ავიარეისი აღარ არის, რუსი ჩინოვნიკების წინააღმდეგ სანქციებია გამოცხადებული, რუსეთი გარიცხულია ევროპის საბჭოდან, ხოლო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრებისათვის ორდერი გამოწერა.
„პრეზიდენტობის პირველი და მეორე ვადის განმავლობაში რუსმა დიპლომატებმა ბევრ წარმატებას მიაღწიეს“, - ამბობს ექსპერტი ალექსანდრე გაბუევი: „2003 წელს, საქართველოში მომხდარი რევოლუციის დროს, რუსეთის მონაწილეობით ხელისუფლების უსისხლო ტრანზიტი მოხდა. 2004 წელს მოგვარდა ტერიტორიული დავა ჩინეთთან და საზღვარი საბოლოოდ დადგინდა. ევროპელებთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობა ნორმალურად ვითარდებოდა“.
„თუმცა იმ წლებში უკვე შეიმჩნეოდა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ნახევრად სამხედრო ორგანიზაციას დაემსგავსა. დიპლომატების შემოქმედებითი აზროვნება აბსოლუტურ მინიმუმამდე შემცირდა. დიპლომატები ჯარისკაცებად გადაიქცნენ, საოქმო პროცედურების მძევლებად („ნაბიჯი გვერდზე - დახვრეტა“), - იხსენებს სამინისტრო ერთ-ერთი გადამდგარი ჩინოვნიკი.
2004 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ვლადიმერ პუტინს რეკომენდაცია მისცეს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრად სერგეი ლავროვი დაენიშნა. იმ დროს იგი საინტერესო პიროვნება იყო, მაგრამ ვლადიმერ პუტინთან ერთად მისი ტრანსფრომაციაც მოხდა. ეს გასაკვირი არ არის: არცერთ ქვეყანაში არ არის, რომ მინისტრის აზრი პრეზიდენტის აზრისაგან განსხვავდებოდეს, თუ მას თანამდებობის შენარჩუნება სურს. სერგეი ლავროვს მინისტრის პოსტი უკვე 20 წელია უკავია. „იგი ის კაცია, რომელიც დინებას მიჰყვება. ცნობილი „გადატვირთვის“ პერიოდი წარსულს ჩაბარდა. როგორც კი ქარის მიმართულება შეიცვალა, იმავ წუთს სეიცვალა სერგეი ლავროვის ქცევაც“, - ამბობს აშშ-ის ექს-პრეზიდენტის ბარაკ ობამას ყოფილი სპიჩრაიტერი ბენ როუდსი.
„თვალებში მიყურე, შე უმსგავსო!“, „სულ ერთ ადგილზე გვკიდია თქვენი დასავლური სანქციები!“, „ასე გადაეცი შენს დეგენერატ უფროსს!“, „დებილები ხართ!“, „ძალიან გინდათ რუსული „გრადის“ ძალა იწვნიოთ? ამასაც მიიღებთ!“, - ასეთი ციტატები სოციალური ქსელიდან კი არა, რუსი დიპლომატებისა და სამინისტრო ჩინოვნიკების ოფიციალურ ლექსიკიდან არის ამოღებული, როცა ისინი დასავლელ კოლეგებს ესაუბრებიან და ჟურნალისტების წინაშე უხდებათ გამოსვლა. მოსკოვის საგარეო პოლიტიკის ენა განსაკუთრებით სწრაფად შეიცვალა ვლადიმერ პუტინის კრემლში დაბრუნების შემდეგ, 2012 წლიდან, რაც დასავლეთთან ურთიერთობის კრახის სიმპტომებად იქცა.
რუსული დიპლომატიის ენა კიდევ უფრო ხისტი და სარკასტული გახდა სამინისტროში მარია ზახაროვას მოსვლის შემდეგ, რომელიც უწყების სპეცწარმომადგენლად დაინიშნა. მისი ბრიფინგები თეატრალურ სპექტაკლებს დაემსგავსა, თვითონ კი ერთ-ერთ ყველაზე ცნობად სახედ გადაიქცა. იგი ძალზე აქტიურია სოციალურ ქსელებში, ხშირად გამოდის ტელეშოუშებში, წერს ლექსებს და ხატავს დასავლელეი პოლიტიკოსების კარიკატურებს. მარია ზახაროვას ლაპარაკის ფრივოლური სტილი ხშირად იწვევს სკანდალებს. იგი ირონიულად ესაუბრება დსავლელ პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს, ხშირად დასცინის კიდეც. სხვათა შორის, მისი ქცევის სტილი სხვა რუსმა დიპლომატებმაც გადაიღეს“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
„შეუძლია თუ არა ამერიკას ომის დასრულება?“
სტატიის ავტორები ეხებიან რუსეთ-უკრაინის ომის დიპლომატიური გზებით შეწყვეტის ალბათობას.
„შეუძლია თუ არა ამერიკას ომის დასრულება? აი, ვთქვათ, ამერიკის პრეზიდენტმა თითები გაატკაცუნოს და დააყოლოს - „შეწყვიტეთ ომი!“. „ბიბისის“ ბევრი მოსაუბრე თვლის, რომ ამჟამად ეს ნაკლებსავარაუდოა. ოპტიმისტებიც კი აღიარებენ, რომ რუსეთს, უკრაინას და დასავლელ ქვეყნებს შორის არსებული წინააღმდეგობა ძალიან დიდია და ამიტომ ჯერ-ჯერობით არ არის შექმნილი ნიადაგი კულუარული შეხვედრებისთვისაც კი.
როგორც ცნობილია, დიპლომატების სამუშაო დროის 95%, მათი შეხვედრები კადრებს მიღმა მიმდინარეობს, არაოფიციალურად, „ყავის სმის დროს“. როგორც ბორის ბონდარევი ამბობს, მსგავსი საუბრები ომის დაწყების დროიდან სრულიად შეწყდა. პრობლემა შექმნა დიპლომატების ურთიერთგაძევებამაც: 2022 წლიდან რუსეთმა 337 დასავლელი დიპლომატი გააძევა, დასავლეთმა კი 600-ზე მეტი რუსი დიპლომატი.
„არადა, დიპლომატებს საუბარი აუცილებლად მოუწევთ“, - ამბობს ამერიკული „რენდ კორპორეიშენის“ ანალიტიკოსი სემუელ ჩარაპი. მისი განმარტებით, ამჟამად მოლაპარაკების ერთადერთი ალტერნატივაა „სრული გამარჯვება“, მაგრამ მისი მიღწევა არცერთ მხარეს არ შეუძლია - არც მოსკოვს და არც კიევს. და თუნდაც რომელიმე მხარემ წარმატებას მიაღწიოს, ომს ეს ცალმხრივად მაინც ვერ შეაჩერებს. აუცილებელია მოლაპარაკება“.
ვაშინგტონისათვის ომის გაგრძელება რუსეთ-ნატოს შეტაკების რისკს ზრდის, ანუ პოტენციურად - ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას. ამერიკისათვის მისაღებია საწყის ეტაპზე რაღაც პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა, მაგრამ ვინ მიიღებს მოლაპარაკებაში მონაწილეობას? ვლადიმერ პუტინი მსოფლიო არენაზე ისეთ ტოქსიკურ პიროვნებად იქცა, რომ საეჭვოა მასთან ვინმე დაჯდეს. თუმცა არც თვითონ არ ცდილობს ამის გაკეთებას. ანუ დღეს სამშვიდობო მოლაპარაკების შანსი ძალიან მცირეა.
მთლიანობაში ისე ჩანს, რომ რუსეთ-უკრაინის სამომავლო ბედი მხოლოდ ბრძოლის ველზე გადაწყდება - ორივეს აბსოლუტური გამარჯვების იმედი აქვს.
უკრაინის ხელისუფლება ხშირად აცხადებს, რომ რუსი დიპლომატები ულტიმატუმების ენით ლაპარაკობენ, ამიტომ კრემლთან საუბარი შეუძლებელია. თუმცა კიევს ავიწყდება, რომ მასაც თვითონ ასეთივე ულტიმატუმური ენა აქვს: ჯერ კიდევ შარშან შემდგომაზე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩატარებისა და მათი ფორმალური მიერთების შემდეგ, მოსკოვთან ყველნაირი მოლაპარაკება აკრძალა. მოგვიანებით მან რამდენჯერმა გაიმეორა, რომ „ვლადიმერ პუტინთან საუბარი საინტერესო არ არისო“, რაზედაც კრემლმა უპასუხა - „არ გინდათ მოლაპარაკება და ნუ გინდათ“, ომი გავაგრძელოთ“.
ომი და დიპლომატია
ვლადიმერ პუტინი თვლის, რომ ომის დროს ტრადიციული დიპლომატია ომის დროს უშედეგოა, ყველაფერს იარაღის ძალა წყვეტს. იგი უმეტესად ეყრდნობა სპეცსამსახურების მუშაკებს, სამხედროებს.
ბოლო თვეებში უკრაინის ომის პრობლემატიკაზე აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ულიამ ბერნსი და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი სერგეი ნარიშკინი ლაპარაკობენ და არა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. სხვათა შორის, ძალოვანები გარკვეულ წარმატებასაც აღწევენ, მაგალითად, ტყვეთა გაცვლის საკითხში.
მოკლედ, დღეს რუსული დიპლომატიური უწყება, შეიძლება ითქვას, თამაშგარე რჩება. საქმეს ვერ შველის აფრიკული და აზიური პოლიტიკის გააქტიურება, რადგან მთავარი საკითხები დასავლეთით არის მოსაგვარებელი.
„როცა პოლიტიკა არ მოგწონს, მაგრამ სამსახურს ვერ ტოვებ“
ალბათ, კითხვა დაიბადება: თუ ასე ცუდი მდგომარეობაა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, რატომ არ ტოვებენ სამსახურს რუსი დიპლომატები?
„ეს ყველა თანამშრომლის უბედურებაა“, - ამბობს ერთ-ერთი რუსი ექსპერტი, რომელიც ადრე კრემლში მუშაობდა. - როცა ერთ ადგილზე 15-20 წელი ზიხარ, ყველა სასიცოცხლო უნარ-ჩვევების ატროფირება ხდება. შენთვის უკვე სხვა ცხოვრება აღარ არსებობს. შენს თვალებში საშინელება ჩანს... მე ამას წინათ სერგეი ლავროვი ვნახე და გავესაუბრე. ძალიან დაღლილი კაცის შთაბეჭდილება დატოვა. ომი მისი სტიქია არ არის, მაგრამ ვერსად ვერ მიდის. იგი დიდი ხანია თანამდებობაზეა და მიეჩვია. პენსიაზეც ვერ გადის. ძალაუნებურად იცავს თავის სავარძელს“.
„ვფიქრობ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებში ძალიან ბევრი ჭკვიანი ადამიანები არიან, მაგრამ სამწუხაროდ, მათ გამბედაობა არ ჰყოფნით, რაღაც გააკეთონ. ისინი ძველი კადრები არიან, დიდი ხნის წინათ პუტინის მიერ დანიშნული აპარატის ტანამშრომლები“, - ამბობს ბენ როუდსი.
თვითონ ბორის ბონდარევიც აღიარებს „ბიბისისთან“ საუბარში, რომ ასეთი აშკარა დეგრადაციის პირობებშიც კი თვითონაც არ მიდიოდა დიპლომატიური სამსახურიდან.
„მე არ ვამბობ, რომ ძალიან პრინციპული ადამიანი ვარ. მე ვიცნობ თანამშრომლებს, რომლებიც სამინისტროდან, 2014 წელს, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ წავიდნენ, პროტესტის ნიშნად. მაგალითად, სერგეი ლავროვის თარჯიმანი. ომი რომ არ ყოფილიყო, მეც, ალბათ, ვიჯდებოდი ჩემს ადგილზე და მოვითმენდი. ჩემი თანამდებობა ცუდი ნამდვილად არ იყო: ზიხარ, მუშაობ, საღამოთი კი გამოდიხარ, ჟენევის ტბის სილამაზით ტკბები... ეს გარკვეულწილად რაღაც კომპენსაციას ნიშნავს. ბევრი დრესაც ასე თვლის“.
კითხვაზე, „რა იყო თქვენი მთავარი დიპლომატიური წარმატება“, ბორის ბონდარევი პასუხობს: „ის, რომ მე სამსახურიდან წამოვედი. ეს არის ჩემი ერთადერთი ადამიანური გადაწყვეტილება მთელი სიცოცხლის განმავლობაში“.
წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/cxrxlwr2q4ro