USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Тбилиси
«BBC russian» (დიდი ბრიტანეთი): „იქნება ძალიან მძიმე ბრძოლები“: რას ამბობენ უკრაინის არმიის კონტრშეტევის შესახებ“
дата:  480

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსული სამსახური (BBC russian) აქვეყნებს სტატიას სათაურით „იქნება ძალიან მძიმე ბრძოლები“: რას ამბობენ უკრაინის არმიის კონტრშეტევის შესახებ“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინის არმიის კონტრშეტევა გრძელდება და როგორც კიევი იტყობინება, 14-15 ივნისის ბრძოლების შედეგად, ცენტრალურ ფრონტზე (იგულისხმება ზაპოროჟიედან ბერდიანსკის ნავსადგურის მიმართულებით, ყირიმ-დონბასის სახმელეთო დერეფნის გადაჭრის მიზნით) წინ კიდევ ერთი კილომეტრით წაიწიეს (ანუ ოკუპაციისაგან უკვე 103 კვადრატული კილომეტრის ფართობის მქონე ტერიტორია გაათავისუფლეს), თუმცა როგორც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღიარებს, უკრაინის არმიის შეტევა რუსეთის ჯარების სერიოზულ წინააღმდეგობას აწყდება.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ოფისის ზოგიერთი თანამშრომელი, მაგალითად, მიხეილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ კონტრშეტევა ჯერ არ დაწყებულა, ეს ბრძოლები მხოლოდ ძალების მოთელვა/ტესტირებას წარმოადგენს, მოწინააღმდეგის სუსტი წერტილების გამოვლენის მიზნით, სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები, დიდი ხნის დაპირებისა და მოლოდინის შემდეგ, იძულებულნი გახდნენ აქტიური საომარი მოქმედებები დაეწყოთ.

უცხოელი სამხედრო დამკვირვებლები აღნიშნავენ, უკრაინის არმიას სრულფასოვანი კონტრშეტევისათვის ბევრი რამ აკლია, უპირველესად კი შეიარაღება - ავიაცია, შორსმსროლელი ქვემეხები, ტანკები და ა.შ. რადგანაც უკვე თითქმის დახარჯული რეზერვების შევსება დასავლეთიდან ოპერატიულად და სწრაფად ვერ ხდება, უკრაინელებს უწევთ რუსების თავდაცვის ხაზების ნელი „ღრღნა“. ეს პროცესი შეიძლება თვეები გაგრძელდეს.

აშშ-ის ყველაზე მაღალი სამხედრო თანამდებობის მქონე გენერალმა, არმიის შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ კომენტარი გაუკეთა უკრაინის არმიის კონტრშეტევის მიმდინარეობას. მისი თქმით, უკრაინელები ნელ-ნელა წარმატებას აღწევენ, მაგრამ შეტევის ფასი, სავარაუდოდ, ძალიან მაღალი იქნება - ბრძოლები ძალიან მძიმე, დანაკარგები კი დიდი. „ჩვენ ძალიან მძიმე და სისხლისმღვრელი, დაუნდობელი ბრძოლების მოწმენი ვხდებით... მიზნის მიღწევას დრო დაჭირდება, ბრძოლაში ბევრი დაიღუპება“, - განაცხადა მარკ მილიმ. გენერლის შეფასებით, უკრაინის არმია ოფიცრების კარგი მომზადებით გამოირჩევა, ჯარისკაცებს მაღალი მოლარული სულისკვეთება აქვთ, რასაც ვერ ვიტყვით რუსეთის არმიის პირად შემადგენლობაზე: „რუსი მეთაურები ერთმანეთთან შეუთანხმებლად მოქმედებენ, რუსი ჯარისკაცების საბრძოლო სული დაქვეითებულია და ისინი „ყრუ თავდაცვაში“ არიან. ბევრ მათგანს არცკი ესმის, თუ რატომ აღმოჩნდნენ ისინი ასეთ სიტუაციაში“, - ამბობს ამერიკელი გენერალი რუსული არმიის შესახებ.

14 ივნიის გავლენიანი ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის - გაერთიანებული თავდაცვითი კვლევების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) ექსპერტმა ჯეკ უოტლინგმა გამოაქვეყნა ანალიტიკური სტატია სათაურით - „უკრაინის არმიის კონტრშეტევა დაიწყო - აჩვენებენ თუ არა ლეოპარდები თავიანთ ძალას?“, რომელშიც მან მიმდინარე საომარი მოქმედებები შეაფასა და შეეცადა კონტრშეტევის განვითარების პროგნოზის გაკეთებას.

როგორც ანალიტიკოსი თვლის, უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურეებმა თითქმის ათდღიანი ბრძოლების შედეგად შეძლეს რუსეთის არმიის თავდაპირველი ხაზის გარღვევა ფრონტის ფართო უბანზე, მაგრამ მთავარი გამაგრებული ხაზიდან ჯერ კიდევ შორს არიან. „კიევს ჯერ არ აქვს გამოყენებული თავისი ძალების ძირითადი ნაწილი. მისი მოწინავე ქვედანაყოფები ცდილობენ, რომ გარღვევისათვის პირობები შექმნან. მიუხედავად იმისა, რომ რუსების თავდაცვის პირველი ხაზი, მთავარისგან განსხვავებით, ძირითადად ხელით გათხრილ სანგრებს და ბლინდაჟებს წარმოადგენს, დანაღმული ველებით, უკრაინელ ჯარისკაცებს მაინც მძიმე ბრძოლები მოუწიათ. მეორე ანუ მთავარი გამაგრებული ხაზი პირველისაგან 15-20 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და შედგება სამხედრო ხელოვნებით აგებული ტრანშეებისგან, ბეტონის საცეცხლე წერტილებისგან, ტანკსაწინააღმდეგო ბარიერებისა და კავშირგაბმულობის თანამედროვე საშუალებებისაგან, მათი გადალახვა ძალიან რთული იქნება. მეორე ხაზს მესამე მოჰყვება, შემდეგ კი რიგი სარეზერვო პოზიციებია მოწყობილი“, - განმარტავს ექსპერტი.

ჯეკ უოტლინგი წინასწარმეტყველებს, რომ რაც უფრო ღრმად შეაღწევენ უკრაინელები რუსების პოზიციებში, მათთვის ბრძოლები კიდევ უფრო მძიმე იქნება. რუსების არტილერია, უკრაინულისაგან განსხვავებით, ბევრად უფრო ეფექტურად მუშაობს, რუს არტილერისტებს ჭურვების დიდი მარაგი აქვთ. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ რუსებმა ტერიტორია თითქმის ყველგან დანაღმეს. ასევე ყურადსაღებია რუსული ავიაციის მოქმედების გააქტიურებაც.

ჯეკ უოტლინგის აზრით, ამჟამად უკრაინის არმია სამი მთავარი მიზნის მიღწევას ცდილობს:

პირველი - უკრაინული ქვედანაყოფები ეწევიან ინტენსიურ ბრძოლას რუსეთის არმიის პირველი თავდაცვითი ხაზის სამეთაურო და ლოჯისტიკური ცენტრების, საარტილერიო დანადგარების გასანადგურებლად (იგივეს აკეთებენ რუსებიც);

მეორე - უკრაინელები ცდილობენ, რომ რუსები იძულებული გახადონ რეზერვებით ისარგებლონ, ანუ მესამე თავდაცვითი ხაზის ძალები ფრონტის სხვა უბნებზე გადაისროლონ. შესაბამისად, უკრაინელები იოლად მიხვდებიან, თუ სად გაჩნდა სუსტი წერტილები და სანამ „ცარიელ ადგილებს“ რეზერვი შეავსებს, მანამ კიევი ოპერატიულად იმოქმედებს.

მესამე - უკრაინის არმია წინასწარგანზრახულად უტევს მთელ ფრონტზე, რომ რაც შეიძლება მეტად მოიცვას პირველი თავდაცვითი ხაზის ზონა. ამით ის რუსეთის არმიის სარდლობაში გაურკვევლობას ქმნის - მათ არ ეცოდინებათ, თუ რომელი მიმართულებით მზადდება მთავარი დარტყმა. გარდა ამისა, ფართო ფრონტით შეტევა ხელს უშლის რუსული არმიის კონცენტრაციას და ზღუდავს მის შესაძლებლობას ეშელონირებული თავდაცვის შექმნაში.

როგორც ჯეკ უოტლინგი აღნიშნავს, რაღაც მომენტში კიევმა უნდა მიიღოს გადადწყვეტილება მთავარი დარტყმის განხორციელების შესახებ. სწორედ ამ დროს დადგება ოპერაციის გადამწყვეტი ფაზა. „კონტრშეტევით თავდაცვის ხაზები უნდა გაირღვეს, წინააღმდეგ სემთხვევაში მას კრახი ელოდება. ამიტომ კიევმა მთელი ძალისხმევა უნდა უნდა მოახმაროს იმას, რომ გარღვევის ალბათობა მაღალი იყოს“, - წერს ექსპერტი.

იმ შემთხვევაში, თუ გარღვევა მოხდება, მთავარი საკითხი ხდება ის, თუ რა რეზერვებით ისარგებლებს უკრაინა თავისი წარმატების სრულყოფილად გამოყენებისათვის. ამ დროს მოქმედების სისწრაფეს დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ რუსები დაასწრებენ და რეზერვების გადასროლას სწრაფად მოახერხებენ, უკრაინის არმიისათვის ეს წამგებიანი იქნება.

ექსპერტი წინასწარმეტყველებს, რომ უკრაინის დასავლელი მოკავშირეებისათვის ეს ზაფხული ძალიან რთული იქნება: დანაკარგები გაიზრდება, მიღწევებებს კი დრო ჭირდება. მაგრამ თუ დასავლეთი ინტენსიურად გააგრძელებს უკრაინელი სამხედროების გაწრთვნა-მომზადებას და იარაღით მომარაგებას, მაშინ წარმატებისთვის მეტი საფუძველი იქმნება.

„რამდენი ტერიტორიაც არ უნდა გათავისუფლდეს კონტრშეტევის დროს, კრიტიკულად მაინც მნიშვნელოვანია კიევმა კრემლს აჩვენოს, რომ რუსეთის დამარცხება გარდაუვალია, თუნდაც მას რამდენიმე ეტაპი დაჭირდეს“, - ასკვნის ექსპერტი.

წყარო: https://www.bbc.com/russian/news-65922746

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати