USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Тбилиси
«BBC russian» (დიდი ბრიტანეთი): „დასავლეთი პუტინის შესახებ ჩემს გაფრთხილებებს იგნორირებდა“: მიხეილ სააკაშვილმა ლონდონის გაზეთ „თაიმსს“ წერილი გაუგზავნა“
дата:  

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსულენოვანი სამსახურის (BBC russian) ვებ-გვერდზე 18 ივლისს გამოქვეყნდა სტატია სათაურით „დასავლეთი პუტინის შესახებ ჩემს გაფრთხილებებს იგნორირებდა“: მიხეილ სააკაშვილმა ლონდონის გაზეთ „თაიმსს“ წერილი გაუგზავნა“. მასში განხილულია ბრიტანულ გაზეთ The Times-ში 17 ივლისს გამოქვეყნებული პუბლიკაცია, რომლის ავტორია ჟურნალისტი მარკ ბენეტი (სხვათა შორის, იგივე პუბლიკაცია გამოქვეყნდა ავსტრალიისა და რიგი სხვა ქვეყნების პრესაშიც).

გთავაზობთ BBC russian-ის მასალას:

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წამყვან ბრიტანულ გაზეთს „თაიმსს“ წერილი გაუგზავნა, რომელშიც განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა თითქმის ორი ათეული წლის წინ მკაფიოდ მიანიშნა უკრაინის დაპყრობის სურვილი.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ვლადიმერ პუტინის აგრესიულ ტერიტორიულ ამბიციებს დასავლეთი იგნორირებდა, თუმცა ამის თაობაზე არაერთხელ ისმოდა განცხადებები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მიერაც.

ტუსაღის წერილი „ვივამედიდან“

საქართველოს ექს-პრეზიდენტი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეს წარმოადგენს, თბილისის კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება, გასული წლის მაისიდან. იგი 2021 წლის ოქტომბერში დააკავეს, უკრაინიდან საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ.

მიხეილ სააკაშვილს ქართველი სამართალდამცველების მიერ რამდენიმე ბრალდება აქვს წაყენებული. ორი ბრალდების მიხედვით, მას საქართველოში დაბრუნებამდე დაუსწრებლად ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

თვითონ მიხეილ სააკაშვილი საკუთარ თავს „ვლადიმერ პუტინის პატიმარს“ უწოდებს და მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულად თვლის

„თაიმს“-ისადმი გაგზავნილ წერილში მიხეილ სააკაშვილი ჰყვება, რომ 2004 წელს, როცა იგი კრემლში ვლადიმერ პუტინს პირველად შეხვდა, რუსეთის პრეზიდენტი მასთან საუბარში მეზობელი ქვეყნების მიწების ხელში ჩაგდების გეგმებს არ მალავდა. „ყველაფერზე, რასაც იგი ახლა აკეთებს, მან ჯერ კიდევ ჩვენი პირველი შეხვედრის დროს მკაფიოდ მიმანიშნა“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

როგორც ჟურნალისტი მარკ ბენეტი აღნიშნავს, ექს-პრეზიდენტის მიერ „თაიმსისთვის“ დაწერილი წერილი საავადმყოფოდან საიდუმლოდ იქნა გამოტანილი.

შეხვედრა გერჰარდ შრედერთან

მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ვლადიმერ პუტინთან პირველი სეხვედრის შემდეგ იგი ბერლინშიც ჩავიდა, სადაც გერმანიის იმდროინდელ კანცლერს გერჰარდ შრედერს შეხვდა და თავისი შეშფოთება გაუზიარა. როგორც ცნობილია, იმ დროს შრედერს პუტინთან კარგი ურთიერთობები ჰქონდა (ახლაც ასეა). სწორედ მისი ხელშეწყობით დაიწყო  გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ დაპროექტება, ბალტიის ზღვის ფსკერზე ჩაიდებოდა რუსული გაზის გერმანიისათვის მისაწოდებლად.

2022 წლის მაისამდე გერჰარდ შრედერი რუსეთის სანავთობო კომპანიის „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს წევრი იყო, იგი შედიოდა კიდევ ერთი ენერგოგიგანტის - „გაზპრომის“ დამკვირვებელთა საბჭოშიც.

ექს-კანცლერმა რუსეთის არმიის შეჭრა უკრაინაში, მართალია, დაგმო, მაგრამ მოსკოვთან ახლო კავშირები არ გაუწყვეტია. „ამიტომაც არაფერი არაა გასაკვირი იმაში, რომ გერჰარდ შრედერმა ვლადიმერ პუტინთან დამასმინა“, - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

როცა 2008 წელს რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა, მიხეილ სააკაშვილი მუდამ ლაპარაკობდა რუსეთის აგრესიულობასა და იმ საფრთხეზე, რასაც პუტინის რუსეთი  წარმოადგენდა, მაგრამ მის განცხადებებს სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია“, - აღნიშნულია სტატიაში. „როცა დასავლეთს პუტინზე ვაფრთხილებდი, მე ყურადღებას არ მაქცევდნენ და გაუწონასწორებელ, გაბოროტებულ გიჟად მთვლიდნენ“, - წერს ყოფილი პრეზიდენტი.

როგორც „თაიმსის“ ჟურნალისტი მარკ ბენეტი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი ერთადერთი არ არის, ვინც დასავლეთს ბრალს სდებს იმაში, რომ საქართველოსთან ომის შემდეგ ევროპელმა და ამერიკელმა ლიდერებმა კრემლის ექსპანსიონისტური კურსი თითქოსდა ვერ შენიშნეს და ცდილობდნენ ძველი ურთიერთობა გაეგრძელებინათ ნავთობითა და გაზით მდიდარ რუსეთთან.

კიდევ რას წერს ექს-პრეზიდენტი?

გარდა ამისა, პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა „თაიმსისთვის“ გაგზავნილ წერილში საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების მცდელობაში დაადანაშაულა. ყოფილი პრეზიდენტის მტკიცებით, გავლენიან ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს, „ქართული ოცნების“ დამაარსებელს, რომელსაც საქართველოს მთავრობაზე დიდი გავლენა აქვს, „ვლადიმერ პუტინის ვალი მართებს“. თუმცა, ჟურნალისტი მარკ ბენეტი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი ამის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას არ ასახელებს.

„თაიმსის“ პუბლიკაციაში ასევე გადმოცემულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში შიმშილობდა და რომელიც აცხადებს, რომ იგი რუსეთის აგენტებმა მოწამლეს

მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ამბობს, რომ მისი შვილს სიარული უჭირს, ჭამის შემდეგ გულისრევა აქვს და გონებას ხშირად კარგავს. „ამჟამად მისი სიცოცხლე უკრაინის სიტუაციაზეა დამოკიდებული“, - ამბობს ექს-პრეზიდენტის დედა.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ამჟამად მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ 60 კილოგრამს იწონის, რაც ორჯერ ნაკლებია მის ნორმალურ წონაზე, სანამ დააკავებდნენ. „აშკარაა, რომ ჩემი საქმე უფრო მასშტაბური ჰიბრიდული ომის ნაწილია“, - აცხადებს „თაიმსისთვის“ გაგზავნილ წერილში ექს-პრეზიდენტი

წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/cz7j13dd2k9o

შენიშვნა: ახლახან აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა (იხ. https://imedinews.ge/ge/politika/299561/ashshis-iustitsiis-departamentis-vebgverdze-giuli-alasaniasa-da-mikheil-saakashvilis-mier-daqiravebuli-lobisturi-kompaniis-aqtivobebis-shesakheb-akhali-inpormatsia-gamoqveknda).

გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ცნობილი ხდება ის აქტივობები, რომელიც ლობისტურმა კომპანია „აკერმანმა“ განახორციელა, მათ შორისაა მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტატიების მომზადება. როგორც ჩანს, ზემოთაღნიშნული სტატიაც ამ აქტივობებს ასახავს.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати