USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
«Коммерсантъ» (რუსეთი): „ღვინოები აქ მშვიდია“: საქართველომ „შეუმჩნევლად“ დაიკავა პირველი ადგილი რუსეთის ღვინით უზრუნველყოფაში“
дата:  429

რუსული გაზეთის „კომერსანტის“ (Коммерсантъ) 20 ივნისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით  „ღვინოები აქ მშვიდია“: საქართველომ „შეუმჩნევლად“ დაიკავა პირველი ადგილი რუსეთის ღვინით უზრუნველყოფაში“ (ავტორი - ანატოლი კოსტირევი).

„ქართული ღვინოები რუსეთის ბაზარზე პოზიციებს იმტკიცებენ: მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში 63%-ით გაიზარდა, ანუ 15,5 მილიონ ლიტრამდე, რის შედეგადაც საქართველომ იტალია უკან ჩამოიტოვა და პირველი ადგილი დაიკავა „მშვიდი ღვინოების“ (ისეთების, რომლებიც ნახშირორჟანგ გაზს არ შეიცავენ, ანუ ცქრიალა ღვინოებს არ მიეკუთვნებიან) რუსეთის ბაზარზე გატანაში. ამ ფაქტმა შეიძლება ადგილობრივი მეღვინეების ბიზნესი გაართულოს“, - წერს „კომერსანტი“.

როგორც ღვინით მოვაჭრე რუსული კომპანიის Fort-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე ლიპილინი ამბობს, საქართველოდან ღვინის იმპორტის ზრდა 2022 წელს დაიწყო, დასავლური სანქციების ფონზე. არსებობს ამის რამდენიმე მიზეზი:  ქართული ღვინის იმპორტის დროს პრობლემა არ არსებობს არც ლოჯისტიკისა და არც გადახდის თვალსაზრისით. ქართულ ღვინოების ფასი დაბალია და მისი ვოლატილობა (ცვლილება) ნაკლებად ხდება... გარდა ამისა, მასზე არ მოქმედებს იმპორტის ბაჟი.  „როსკაჩესტვოს“ მიერ გამოშვებული „რუსეთის ღვინის გიდის“ მიხედვით, ქართული „მშვიდი ღვინოების“ იმპორტი რუსეთში ყოველწლიურად 20%-ით მატულობს.

ამასთან, რუსი მეღვინეები თვლიან, რომ უცხოური ღვინის მოძალება რუსულ ბაზარზე ხელს უშლის და პრობლემებს უქმნის ადგილობრივი ღვინის მწარმოებლებს. რაც შეეხება უშუალოდ ქართულ ღვინოს, ის რუსულ ბაზარზე შედის ა) როგორც უშუალოდ საქართველოში ბოთლებში ჩამოსხმული და ბ) როგორც ნედლეული, რომელიც ბოთლებში უკვე რუსეთში ისხმება. არის შემთხვევები, რომ ევროპული ღვინო რუსეთში საქართველოს ტერიტორიის გავლით შედის (ქართულ ბოთლებში ჩამოსხმული სახით).

საინტერესოა, რომ მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში ღვინის წარმოება 2022 წელს 210 მილიონ ლიტრს შეადგენდა და ყოველწლიურად 2%-ით მატულობს. ამასთან, „როსკაჩესტვოში“ აღნიშნავენ, რომ წითელი ღვინოებისათვის საქართველოში სანედლეულო ბაზა უკვე არსაკმარისია და არის ეჭვი, რომ ის მოლდოვადან შეაქვთ. ამის თაობაზე „კომერსანტმა“ კითხვა გაუგზავნა საქარტველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოს, მაგრამ პასუხი ჯერ-ჯერობით არ ჩანს.

მოკლედ, რუსი ექსპერტების პროგნოზით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ რუსულ ბაზარზე ღვინოების გატანით პირველი ადგილი მიმდინარე წლის ბოლომდე შეინარჩუნოს, [თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ტენდენცია 2024 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდეს].

წყარო: https://www.kommersant.ru/doc/6054649

 

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати