USD 2.7356
EUR 3.2376
RUB 3.2938
Tbilisi
«КоммерсантЪ» (რუსეთი): „დუმილი ვერცხლია, სიტყვა კი - ოქრო“. რუსეთისა და თურქეთის ლიდერები, როგორც იქნა, ერთმანეთს დაელაპარაკნენ“
Date:  380

რუსული ფედერალური გაზეთის „კომერსანტის“ (КоммерсантЪ) სამი აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დუმილი ვერცხლია, სიტყვა კი - ოქრო“ // რუსეთისა და თურქეთის ლიდერები, როგორც იქნა, ერთმანეთს დაელაპარაკნენ“ (ავტორი - მარიან ბელენკაია).

„რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ ერდოღანმა ოთხშაბათს ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრნენ. ბოლო დროს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ანკარამ უკრაინული „აზოვის“ მებრძოლები, კრემლის დაუკითხავად, შინაპატიმრობიდან გაათავისუფლა, ხოლო მოსკოვი, ანკარის საწყენად, „მარცვლეულის გარიგებიდან“ გავიდა, ორი ლიდერი იმის დროს „ვერ პოულობდა“, რომ ერთმანეთთან ესაუბრათ. ასეთმა სიტუაციამ უამრავი ჭორი გააჩინა და დაიწყო მითქმა-მოთქმა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ბზარი გაჩნდა, თუმცა ორივე მხარე აცხადებს, რომ ყველაფერი წესრიგშია და პრობლემები არ არის“, - ნათქვამია სტატიაში.

ავტორი აღნიშნავს, რომ სატელეფონო საუბრის შედეგად გაირკვა, რომ ვლადიმერ პუტინი აგვისტოს მეორე ნახევარში თურქეთს ვიზიტით ეწვევა. ამით ბოლო მოეღო ეჭვებს - ესტუმრება თუ არა რუსეთის პრეზიდენტი თურქეთს (მაგალითად, ამას წინათ ამერიკეულმა გაზეთმა „უოლ სთრით ჯორნელმა“ დაწერა, რომ ვლადიმერ პუტინი ისეთი ნაწყენია, რომ თავისი თურქი კოლეგის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, ყურმილს არ იღებსო“).

სტატიაში ხაზგასმულია, რომ რიგი მოვლენებისადმი სხვადასხვარი პოზიციების მიუხედავად, მოსკოვი და ანკარა კვლავ პარტნიორებად რჩებიან.

და მაინც, თურქეთისათვის რუსეთის გასვლა შავი ზღვის „მარცვლეულის გარიგებიდან“ არასასიამოვნო იყო. ანკარა ამ პროექტს თურქული დიპლომატიის მიღწევად („იმედის ხიდად“) თვლის და ვლადიმერ პუტინის დემარში რეჯეფ ერდოღანის რეპუტაციისათვის ერთგვარ დარტყმას წარმოადგენს. მით უმეტეს, რომ რუსეთმა სატელეფონო საუბრის წინ მასირებულად დაბომბა უკრაინის ნავსადგური იზმაილი (ოდესის შემდეგ), სადაც მწყობრიდან გამოიყვანა მარცვლეულის შესანახი ელევატორები (40 ათასი ტონით), ანუ, ფაქტიურად, უკრაინა ამ ეტაპზე ზღვით ექსპორტს ვეღარ განახორციელებს.

მართალია, მხარეებს პრეტენზიები დაუგროვდათ, მაგრამ ანკარაში ხაზს უსვამენ, რომ პრეზიდენტებს შორის ურთიერთობა ძველებურად „გამჭვირვალე და პოზიტიურია“. თურქი ლიდერისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთი მას მოსკოვთან ურთიერთობაში მთავარ შუამავლად თვლიდეს. გარდა ამისა, თურქეთისთვის მომგებიანია რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა - ვაჭრობა, ტურიზმი და ა.შ. გარდა ამისა, მოსკოვმა ანკარას მიწოდებული ბუნებრივი გაზის ვალის გადახდა გადაუვადა (20 მილიარდი დოლარი), რაც ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთისათვის ეკონომიკური კრიზისის პირობებში.

რა თქმა უნდა, ანკარას არასდროს არ უფიქრია მხოლოდ მოსკოვის მხარეს დადგომა დასავლეთთან და უკრაინასთან კონფლიქტის დროს. მით უმეტეს, რომ ბოლო ხანებში თურქეთისათვის, ვილნიუსის სამიტზე რეჯეფ ერდოღანის მიერ გაჟღერებული პრეტენზიების მიუხედავად ბრიუსელთან და ვაშინგტონთან ურთიერთობის გაუმჯობესების პერსპექტივა გამოიკვეთა. ბუნებრივია, რუსეთში ეს ყველაფერი კარგად იციან.

მეორე მხრივ, მოსკოვისთვისაც წამგებიანია ანკარასთან ურთიერთობის გაფუჭება. დღეს საკითხი ასე დგას - მოხდა თუ არა ერთმანეთისაგან დაშორება თუ დამოკიდებულება იგივე რჩება, როგორიც ადრე იყო. თუმცა ამას მხოლოდ ორი პრეზიდენტის შეხვედრის დროს გავიგებთ - მიესალმებიან თუ არა ისინი ერთმანეთს ძველებური მიმართვით - „ძვირფასო მეგობარო“.

წყარო: https://www.kommersant.ru/doc/6137517

 

 

tbilisi
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა. პროექტზე ადგილობრივმა გამგეობამ მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად იმუშავა.
რეაბილიტირებული ქუჩა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
„გლდანის რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. სანდრო ახმეტელის ქუჩაზე, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო. პირველ რიგში, განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ამორტიზებული იყო და სერიოზულ პრობლემას უქმნიდა ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს. მოეწყო სადრენაჟე სისტემა, სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა წყლის, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები. ყველაფერი, რაც კი აუცილებელი იყო, გამოცვლილია. გარდა ამისა, ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშა კაბელარხებში განთავსდა. პარალელურად, მიმდინარეობს სამი სკვერის სარეაბილიტიაციო სამუშაოები. აქაც ყველაფერი სრულად მოწესრიგდება. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვალა სანიაღვრე ქსელი და 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. გზის საფარის მოწესრიგებამდე, ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა, შესაბამისმა კომპანიებმა კი არსებული ქსელები რეაბილიტაციის შემდეგ, მიწისქვეშა კაბელარხებში განათავსეს.
გარდა ამისა, ახმეტელის ქუჩაზე შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მოაწყო გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები. განთავსდა 30 ერთეული დიდი ზომის ნაგავშემკრები კონტეინერი.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ გზის სავალი ნაწილიდან გამოყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი, დაიხაზა საგზაო მონიშვნები და ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდა შუქნიშნები და მოეწყო საპარკინგე ადგილები. მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.
ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს. კერძოდ, გზის მიმდებარედ არსებულ თარგებში, რომელთა საერთო ფართობი 3 700 კვადრატული მეტრია, მოეწყო სარწყავი სისტემები, შეტანილია ნოყიერი მიწის ნაზავი და მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეების დარგვა. ამ ეტაპზე, დარგულია 419 ძირი მწვანე ნერგი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დაიგება ბალახის საფარი.
პარალელურად, ხორციელდება გზის მიმდებარედ არსებული სამი სკვერის რეაბილიტაცია. ჯამში, 5 404 კვადრატულ მეტრ ფართობზე უკვე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულებამ 5 327 846 ლარი შეადგინა.
დედაქალაქის მერთან ერთად სანდრო ახმეტელის ქუჩაზე გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსები და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way