USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
Тбилиси
«Arabnews» (საუდის არაბეთი): „ნიშნავს თუ არა ღაზაში მიმდინარე ომი იმას, რომ ამერიკამ უკრაინა მიატოვა?“
дата:  332

 „ამერიკას არ შეუძლია უკრაინას უსასრულოდ დაეხმაროს, - ნათქვამია საუდის არაბეთის ინგლისურენოვან გაზეთ „ერებნიუს“-ში (Arabnews) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ნიშნავს თუ არა ღაზაში მიმდინარე ომი იმას, რომ ამერიკამ უკრაინა მიატოვა?“ (ავტორი - დანია ჰატიბი), - „და თუ ეს ნამდვილად ასე მოხდება, განსაკუთრებით ისრაელ-„ჰამასის“ ომის ფონზე, გარდაუვლად იბადება კითხვა: რამდენ ხანს გაუძლებს კიევი მოსკოვთან კონფრონტაციას?

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„რაც შეეხება უკრაინის დაფინანსებას, ჩვენ ვერ შევძლებთ კიევისადმი დახმარების უსასრულოდ გაგრძელებას“, - განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ. მისმა ნათქვამმა შოკში ჩამაგდო: რა მოუვიდა, სად გაქრა ამერიკული დაპირება - „იმდენი, რამდენიც საჭირო იქნება“?

ძალიან კარგად მახსოვს იანვრის პრეს-ბრიფინგი, რომლის დროსაც ჯონ კირბის ჰკითხეს, როგორ და რით იქნება გამოხატული კიევის გამარჯვება და რამდენი ხნის განმავლობაში დაუჭერს მხარს ამერიკა უკრაინას. ჯონ კირბიმ იმ დროს ასეთი პასუხი გასცა: „როგორი იქნება გამარჯვება, ამას პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვითონ განსაზღვრავს. ჩვენ მას ამ საკითხში ვერაფერს ვუკარნახებთ. რაც შეეხება დახმარებას, განზრახული გვაქვს კიევს მხარი დავუჭიროთ იმდენად, რამდენადაც საჭირო იქნება“.

იმ დროს, როცა ამერიკის ადმინისტრაცია „შატდაუნის“ ბიუჯეტით მუშაობს, კონგრესის ზოგიერთი [დემოკრატი] წევრი ცდილობდა უკრაინისადმი დახმარების ახალი პაკეტის გატანას (24 მილიარდი დოლარის ოდენობით). ჯონ კირბი იძულებული გახდა გამოსულიყო და ეთქვა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა კიევისადმი უსასრულო არ არის. მან მიანიშნა, რომ ვაშინგტონს არ შეუძლია ერთდროულად დაეხმაროს უკრაინასაც და ისრაელსაც.

გასულ კვირას თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ უკრაინას 200 მილიონი დოლარით დაეხმარება. ეს თანხა, რა თქმა უნდა, მიზერული რაოდენობისაა იმ 24 მილიარდთან შედარებით, რომელსაც დემოკრატები ითხოვდნენ და რომელსაც ტრამპისტი რესპუბლიკელები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ. მაგრამ რადგანაც უკრაინის გამარჯვება დასავლეთის დახმარების გარეშე წარმოუდგენელია, ეს გარემოება გვაიძულებს დავსვათ კითხვები: უკრაინის საქმე უკვე წასულია? რუსეთი იმარჯვებს?

ჩვენ ვერ გავაკეთებთ იმის პროგნოზს, თუ რა მოხდება ხვალ თუ ზეგ, მაგრამ ერთი რამის თქმა ზუსტად შეგვიძლია: ღაზას სექტორში მიმდინარე ომმა უკრაინის მდგომარეობაზე პირდაპირი გავლენა მოახდინა. ვაშინგტონის მხრიდან კიევის მიმართ ინტერესის შემცირება (ან უფრო უარესი - ინტერესის დაკარგვა) - ეს არის ის, რაზედაც ჯერ კიდევ შარშან, 2022 წლის თებერვლის ბოლოს, კონფლიქტის დაწყებისას გვაფრთხილებდა პოლიტოლოგი ჯონ მირშაიმერი, რისთვისაც ბევრი მას ვლადიმერ პუტინის მომხრეს და რუსეთის პროპაგანდის ისნტრუმენტს უწოდებდა. არადა, ეს ადამიანი რეალისტია და გონივრულ პროგნოზებს აკეთებს. მისი დასკვნები ეფუძნებოდა ძალიან მარტივ ვარაუდებს - გამბედაობის ასიმეტრიას.  უკრაინის პოტენციური წევრობა ნატოში უშუალოდ ეხება რუსეთის უსაფრთხოებას, ამერიკისათვის კი კიევის ალიანსში გაწევრიანება შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანია - აი, სწორედ ამიტომ ვხდებით მოწმეები აშშ-ის ინტერესის უეცარი დაკარგვისა უკრაინის მიმართ, ღაზას მოვლენების დაწყების შემდეგ. გამოდის, რომ არ გაუმართლა ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც აშშ-ის მუდმივ მხარდაჭერას იმედოვნებდა.

ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი ომი ყველასათვის დამანგრეველი იქნება. მსოფლიო „ლოდინისა და დაკვირვების“ რეჟიმში იმყოფება. ჩაებმება თუ არა ლიბანში დისლოცირებული „ჰეზბოლა“ისრაელის წინააღმდეგ ომში, „ჰამასის“ სასარგებლოდ? თუ ისრაელი „ჰამასის“ დამარცხებას ვერ შეძლებს, რას იზამს ირანი? ეს სავარაუდო სცენარები შეიძლება რეალური გახდეს, ამერიკა კი მათ განხორციელებას წინ უნდა აღუდგეს. სწორედ ამიტომ უკრაინის საკითხი უკანა პლანზე გადადის.

რამდენად შეუძლია უკრაინას რუსეთთან ომის გაგრძელება? როგორც ვოლოდომირ ზელენსკიმ გასულ თვეში აშშ-ის კონგრესის სენატის უმრავლესობის (დემოკრატების) ლიდერთან ჩაკ შუმერთან საუბარში აღიარა, „თუ ჩვენ დახმარების გარეშე დავრჩებით, ომს წავაგებთ“. ვაშინგტონი, დიდი ალბათობით, ასეთი სიტუაციისათვის მზად არის. მაგრამ რა გამოდის? ამერიკა თავიდანვე ისე ჩაერია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში, თითქოსდა ეს აშშ-ის ომი იყო, ახლა კი უკან იხევს, დისტანცირებას იწყებს და აცხადებს - მხარდაჭერის უსასრულო გაგრძელება შეუძლებელიაო.

ისრაელ-„ჰამასის“ ომის დაწყება ღაზას სექტორში ვლადიმერ პუტინის გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს რამდენიმე დონეზე: პირველი - ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გამწვავების გამო დასავლეთის ყურადღება უკრაინიდან ისრაელზე და პალესტინაზე გადააქვს; მეორე - მტკიცდება რუსეთის იმიჯი ახლოაღმოსავლურ დიპლომატიაში და საერთოდ, არაბულ სამყაროში; მესამე - ვლადიმერ პუტინი ერთადერთი მსოფლიო ლიდერია, რომელმაც თავიდანვე პირდაპირ დაასახელა ისრაელსა და პალესტინის  კონფლიქტის მიზეზი. მისი მოქმედება პოზიტიურად შეაფასა არაბულ სახელმწიფოთა ლიგამ, რომლის წარმომადგენელმა ჯამალ რუშდიმ აღნიშნა:  „რუსეთმა რაციონალური და აწონილ-დაწონილი პოზიცია დაიკავა მიმდინარე სიტუაციაში, სხვა წამყვანი სახელმწიფოებისგან განსხვავებითო“.

რა თქმა უნდა, კრემლის ასეთი პოზიცია, როგორც ზემოთ ვახსენე, არაბულ სამყაროში ვლადიმერ პუტინის ავტორიტეტს და რეპუტაციას ზრდის და ხელს უწყობს მის სავარაუდო შუამავლობას ისრაელსა და პალესტინელებს შორის.

ყველა აცნობიერებს, რომ ამერიკელებმა ვერ შეძლეს ორივე მხარესათვის მისაღები გარიგების პირობების შემუშავება. დიდ ბრიტანეთში პალესტინის მისიის წარმომადგენელმა სწორედ ეს დაადასტურა, როცა თქვა - „ვაშინგტონმა ვერ მოახერხა არაბებსა და ებრაელებს შორის მიმდინარე კონფლიქტის დარეგულირება და ამიტომ მომრიგებლის როლი სხვა მოთამაშეებმა უნდა შეასრულონო“. ერთ-ერთ სავარაუდო და პოტენციურ შუამავლად ჩინეთიც დასახელდა. ეს მხოლოდ ერთს მოწმობს: პალესტინელებმა ამერიკისადმი ნდობა დაკარგეს.

თუ აშშ უკრაინას მიატოვებს, ასეთ შემთხვევაში ვაშინგტონი საკუთარ თავს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს არასანდო პარტნიორად. თუ უკრაინა რუსეთთან ომს წააგებს (და კიევი, როგორც ჩანს, დამარცხდება, თუ ამერიკის დახმარება შეწყდება), ვაშინგტონს ახალი მეგობრების პოვნა გაუჭირდება. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ აშშ-ის ძველმა ახლოაღმოსავლელმა მეგობრებმა ვაშინგტონის მიმართ უფრო ტრანზაქციური პოზიცია (იგულისხმება არჩევანი „მათრახსა და თაფლაკვერს“ შორის) დაიკავეს. ისეთი პირი უჩანს, რომ ეს ტენდენცია, ალბათ, გაძლიერდება. ამერიკას კეთილმოსურნეების და სტრატეგიული მოკავშირეების დეფიციტი გაუჩნდება. ყოველი ქვეყანა შეეცდება კავშირები ჰქონდეს არა მარტო აშშ-სთან, არამედ [სათადარიგოდ] კიდევ რომელიმე ქვეყანასთან, მაგალითად, რუსეთთან, ირანთან ან თუნდაც ჩინეთთან.

ვნახოთ, თუ როგორ გაუმკლვდება ვოლოდიმრ ზელენსკი ამ დარტყმას. შეეცდება თუ არა იგი რაიმეს გადარჩენას? გააცნობიერებს თუ არა კიევი იმას, რომ  ბრძოლის ველზე იმაზე უფრო მეტს დაკარგავს, რისი მიღებაც მოსკოვთან მოლაპარაკების დროს შეუძლია? ძნელია რაიმეს თქმა, თუმცა ერთი აშკარაა: უკრაინის სავარაუდო პრეცედენტის გათვალისწინებით, ამერიკის მეგობრები და პარტნიორები „ძია სემის“ მიმართ უფრო სკეპტიკურად განეწყობიან.

წყარო: https://www.arabnews.com/node/2391806

 

Тбилиси
დედაქალაქში MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსების მორიგი ნაკადის პრეზენტაცია გაიმართა
18-მეტრიანი ავტობუსების მორიგი ნაკადი 27 სექტემბრიდან სხვადასხვა მარშრუტზე ეტაპობრივად გადანაწილდება
დედაქალაქში MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსების მორიგი ნაკადის პრეზენტაცია გაიმართა.
ახალი ავტობუსები საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ხელმძღვანელ გიორგი შარკოვთან და თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროს ნინო ბაგაშვილთან ერთად წარუდგინა.
როგორც მერმა აღნიშნა, 18-მეტრიანი ავტობუსების მორიგი ნაკადი 27 სექტემბრიდან სხვადასხვა მარშრუტზე ეტაპობრივად გადანაწილდება.
„დღეს ძალიან სასიამოვნო დღეა ჩვენი ქალაქისთვის, რადგან ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იდგმება. 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, რომელიც გასულ წელს შევისყიდეთ, უკვე თბილისშია და მზადაა, დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახუროს. ძალიან მიხარია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მოვახერხეთ, სრულად ჩაგვენაცვლებინა ავტოპარკი ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით. 27 სექტემბრიდან ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები დაიწყებს ხაზებზე გასვლას და მოემსახურება ჩვენს თანაქალაქელებს, გამოთავისუფლებული 10-მეტრიანი და 12-მეტრიანი ავტობუსები კი სხვადასხვა ხაზზე გადანაწილდება.
ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, რათა თითოეულ უბანს, რაიონს ჰქონდეს შესაძლებლობა, ისარგებლოს თანამედროვბე ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით. ეს პროცესი ამით არ მთავრდება - ქალაქი ვითარდება, წინ მიდის, იზრდება, ახალი პროექტები ხორციელდება. შესაბამისად, ყოველთვის საჭიროა, ჩვენც თანხვედრაში ვიყოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით. დღესდღეობით ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საცობებია, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება კომფორტული გავხადოთ. სწორედ ამიტომ, შესაბამისი კვლევების შედეგების გათვალისწინებით, სადაც შესაძლებელია, ყველგან ვაწყობთ საავტობუსო ზოლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
MAN-ის მარკის 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და „თეგეტა ჰოლდინგს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა.
კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე.
ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით. ავტობუსებში მოქმედებს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას, ასევე WIFI მოწყობილობას. ავტობუსები დაბალიატაკიანია და აქვს ოთხი ასასვლელი კარი.
ამ ეტაპისთვის, 76 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი გადანაწილებულია რამდენიმე მარშრუტზე, ხოლო დარჩენილი რაოდენობა ეტაპობრივად ჩაანაცვლებს სხვადასხვა ტევადობის ავტობუსებს. პროექტის ჯამური ღირებულება 111.1 მლნ ევროს შეადგენს.
კახა კალაძესთან ერთად ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურებისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати