USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
Tbilisi
«Arabnews» (საუდის არაბეთი): „ნიშნავს თუ არა ღაზაში მიმდინარე ომი იმას, რომ ამერიკამ უკრაინა მიატოვა?“
Date:  334

 „ამერიკას არ შეუძლია უკრაინას უსასრულოდ დაეხმაროს, - ნათქვამია საუდის არაბეთის ინგლისურენოვან გაზეთ „ერებნიუს“-ში (Arabnews) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ნიშნავს თუ არა ღაზაში მიმდინარე ომი იმას, რომ ამერიკამ უკრაინა მიატოვა?“ (ავტორი - დანია ჰატიბი), - „და თუ ეს ნამდვილად ასე მოხდება, განსაკუთრებით ისრაელ-„ჰამასის“ ომის ფონზე, გარდაუვლად იბადება კითხვა: რამდენ ხანს გაუძლებს კიევი მოსკოვთან კონფრონტაციას?

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„რაც შეეხება უკრაინის დაფინანსებას, ჩვენ ვერ შევძლებთ კიევისადმი დახმარების უსასრულოდ გაგრძელებას“, - განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ. მისმა ნათქვამმა შოკში ჩამაგდო: რა მოუვიდა, სად გაქრა ამერიკული დაპირება - „იმდენი, რამდენიც საჭირო იქნება“?

ძალიან კარგად მახსოვს იანვრის პრეს-ბრიფინგი, რომლის დროსაც ჯონ კირბის ჰკითხეს, როგორ და რით იქნება გამოხატული კიევის გამარჯვება და რამდენი ხნის განმავლობაში დაუჭერს მხარს ამერიკა უკრაინას. ჯონ კირბიმ იმ დროს ასეთი პასუხი გასცა: „როგორი იქნება გამარჯვება, ამას პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვითონ განსაზღვრავს. ჩვენ მას ამ საკითხში ვერაფერს ვუკარნახებთ. რაც შეეხება დახმარებას, განზრახული გვაქვს კიევს მხარი დავუჭიროთ იმდენად, რამდენადაც საჭირო იქნება“.

იმ დროს, როცა ამერიკის ადმინისტრაცია „შატდაუნის“ ბიუჯეტით მუშაობს, კონგრესის ზოგიერთი [დემოკრატი] წევრი ცდილობდა უკრაინისადმი დახმარების ახალი პაკეტის გატანას (24 მილიარდი დოლარის ოდენობით). ჯონ კირბი იძულებული გახდა გამოსულიყო და ეთქვა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა კიევისადმი უსასრულო არ არის. მან მიანიშნა, რომ ვაშინგტონს არ შეუძლია ერთდროულად დაეხმაროს უკრაინასაც და ისრაელსაც.

გასულ კვირას თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ უკრაინას 200 მილიონი დოლარით დაეხმარება. ეს თანხა, რა თქმა უნდა, მიზერული რაოდენობისაა იმ 24 მილიარდთან შედარებით, რომელსაც დემოკრატები ითხოვდნენ და რომელსაც ტრამპისტი რესპუბლიკელები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ. მაგრამ რადგანაც უკრაინის გამარჯვება დასავლეთის დახმარების გარეშე წარმოუდგენელია, ეს გარემოება გვაიძულებს დავსვათ კითხვები: უკრაინის საქმე უკვე წასულია? რუსეთი იმარჯვებს?

ჩვენ ვერ გავაკეთებთ იმის პროგნოზს, თუ რა მოხდება ხვალ თუ ზეგ, მაგრამ ერთი რამის თქმა ზუსტად შეგვიძლია: ღაზას სექტორში მიმდინარე ომმა უკრაინის მდგომარეობაზე პირდაპირი გავლენა მოახდინა. ვაშინგტონის მხრიდან კიევის მიმართ ინტერესის შემცირება (ან უფრო უარესი - ინტერესის დაკარგვა) - ეს არის ის, რაზედაც ჯერ კიდევ შარშან, 2022 წლის თებერვლის ბოლოს, კონფლიქტის დაწყებისას გვაფრთხილებდა პოლიტოლოგი ჯონ მირშაიმერი, რისთვისაც ბევრი მას ვლადიმერ პუტინის მომხრეს და რუსეთის პროპაგანდის ისნტრუმენტს უწოდებდა. არადა, ეს ადამიანი რეალისტია და გონივრულ პროგნოზებს აკეთებს. მისი დასკვნები ეფუძნებოდა ძალიან მარტივ ვარაუდებს - გამბედაობის ასიმეტრიას.  უკრაინის პოტენციური წევრობა ნატოში უშუალოდ ეხება რუსეთის უსაფრთხოებას, ამერიკისათვის კი კიევის ალიანსში გაწევრიანება შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანია - აი, სწორედ ამიტომ ვხდებით მოწმეები აშშ-ის ინტერესის უეცარი დაკარგვისა უკრაინის მიმართ, ღაზას მოვლენების დაწყების შემდეგ. გამოდის, რომ არ გაუმართლა ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც აშშ-ის მუდმივ მხარდაჭერას იმედოვნებდა.

ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი ომი ყველასათვის დამანგრეველი იქნება. მსოფლიო „ლოდინისა და დაკვირვების“ რეჟიმში იმყოფება. ჩაებმება თუ არა ლიბანში დისლოცირებული „ჰეზბოლა“ისრაელის წინააღმდეგ ომში, „ჰამასის“ სასარგებლოდ? თუ ისრაელი „ჰამასის“ დამარცხებას ვერ შეძლებს, რას იზამს ირანი? ეს სავარაუდო სცენარები შეიძლება რეალური გახდეს, ამერიკა კი მათ განხორციელებას წინ უნდა აღუდგეს. სწორედ ამიტომ უკრაინის საკითხი უკანა პლანზე გადადის.

რამდენად შეუძლია უკრაინას რუსეთთან ომის გაგრძელება? როგორც ვოლოდომირ ზელენსკიმ გასულ თვეში აშშ-ის კონგრესის სენატის უმრავლესობის (დემოკრატების) ლიდერთან ჩაკ შუმერთან საუბარში აღიარა, „თუ ჩვენ დახმარების გარეშე დავრჩებით, ომს წავაგებთ“. ვაშინგტონი, დიდი ალბათობით, ასეთი სიტუაციისათვის მზად არის. მაგრამ რა გამოდის? ამერიკა თავიდანვე ისე ჩაერია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში, თითქოსდა ეს აშშ-ის ომი იყო, ახლა კი უკან იხევს, დისტანცირებას იწყებს და აცხადებს - მხარდაჭერის უსასრულო გაგრძელება შეუძლებელიაო.

ისრაელ-„ჰამასის“ ომის დაწყება ღაზას სექტორში ვლადიმერ პუტინის გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს რამდენიმე დონეზე: პირველი - ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გამწვავების გამო დასავლეთის ყურადღება უკრაინიდან ისრაელზე და პალესტინაზე გადააქვს; მეორე - მტკიცდება რუსეთის იმიჯი ახლოაღმოსავლურ დიპლომატიაში და საერთოდ, არაბულ სამყაროში; მესამე - ვლადიმერ პუტინი ერთადერთი მსოფლიო ლიდერია, რომელმაც თავიდანვე პირდაპირ დაასახელა ისრაელსა და პალესტინის  კონფლიქტის მიზეზი. მისი მოქმედება პოზიტიურად შეაფასა არაბულ სახელმწიფოთა ლიგამ, რომლის წარმომადგენელმა ჯამალ რუშდიმ აღნიშნა:  „რუსეთმა რაციონალური და აწონილ-დაწონილი პოზიცია დაიკავა მიმდინარე სიტუაციაში, სხვა წამყვანი სახელმწიფოებისგან განსხვავებითო“.

რა თქმა უნდა, კრემლის ასეთი პოზიცია, როგორც ზემოთ ვახსენე, არაბულ სამყაროში ვლადიმერ პუტინის ავტორიტეტს და რეპუტაციას ზრდის და ხელს უწყობს მის სავარაუდო შუამავლობას ისრაელსა და პალესტინელებს შორის.

ყველა აცნობიერებს, რომ ამერიკელებმა ვერ შეძლეს ორივე მხარესათვის მისაღები გარიგების პირობების შემუშავება. დიდ ბრიტანეთში პალესტინის მისიის წარმომადგენელმა სწორედ ეს დაადასტურა, როცა თქვა - „ვაშინგტონმა ვერ მოახერხა არაბებსა და ებრაელებს შორის მიმდინარე კონფლიქტის დარეგულირება და ამიტომ მომრიგებლის როლი სხვა მოთამაშეებმა უნდა შეასრულონო“. ერთ-ერთ სავარაუდო და პოტენციურ შუამავლად ჩინეთიც დასახელდა. ეს მხოლოდ ერთს მოწმობს: პალესტინელებმა ამერიკისადმი ნდობა დაკარგეს.

თუ აშშ უკრაინას მიატოვებს, ასეთ შემთხვევაში ვაშინგტონი საკუთარ თავს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს არასანდო პარტნიორად. თუ უკრაინა რუსეთთან ომს წააგებს (და კიევი, როგორც ჩანს, დამარცხდება, თუ ამერიკის დახმარება შეწყდება), ვაშინგტონს ახალი მეგობრების პოვნა გაუჭირდება. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ აშშ-ის ძველმა ახლოაღმოსავლელმა მეგობრებმა ვაშინგტონის მიმართ უფრო ტრანზაქციური პოზიცია (იგულისხმება არჩევანი „მათრახსა და თაფლაკვერს“ შორის) დაიკავეს. ისეთი პირი უჩანს, რომ ეს ტენდენცია, ალბათ, გაძლიერდება. ამერიკას კეთილმოსურნეების და სტრატეგიული მოკავშირეების დეფიციტი გაუჩნდება. ყოველი ქვეყანა შეეცდება კავშირები ჰქონდეს არა მარტო აშშ-სთან, არამედ [სათადარიგოდ] კიდევ რომელიმე ქვეყანასთან, მაგალითად, რუსეთთან, ირანთან ან თუნდაც ჩინეთთან.

ვნახოთ, თუ როგორ გაუმკლვდება ვოლოდიმრ ზელენსკი ამ დარტყმას. შეეცდება თუ არა იგი რაიმეს გადარჩენას? გააცნობიერებს თუ არა კიევი იმას, რომ  ბრძოლის ველზე იმაზე უფრო მეტს დაკარგავს, რისი მიღებაც მოსკოვთან მოლაპარაკების დროს შეუძლია? ძნელია რაიმეს თქმა, თუმცა ერთი აშკარაა: უკრაინის სავარაუდო პრეცედენტის გათვალისწინებით, ამერიკის მეგობრები და პარტნიორები „ძია სემის“ მიმართ უფრო სკეპტიკურად განეწყობიან.

წყარო: https://www.arabnews.com/node/2391806

 

tbilisi
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა. პროექტზე ადგილობრივმა გამგეობამ მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად იმუშავა.
რეაბილიტირებული ქუჩა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
„გლდანის რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. სანდრო ახმეტელის ქუჩაზე, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო. პირველ რიგში, განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ამორტიზებული იყო და სერიოზულ პრობლემას უქმნიდა ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს. მოეწყო სადრენაჟე სისტემა, სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა წყლის, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები. ყველაფერი, რაც კი აუცილებელი იყო, გამოცვლილია. გარდა ამისა, ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშა კაბელარხებში განთავსდა. პარალელურად, მიმდინარეობს სამი სკვერის სარეაბილიტიაციო სამუშაოები. აქაც ყველაფერი სრულად მოწესრიგდება. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვალა სანიაღვრე ქსელი და 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. გზის საფარის მოწესრიგებამდე, ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა, შესაბამისმა კომპანიებმა კი არსებული ქსელები რეაბილიტაციის შემდეგ, მიწისქვეშა კაბელარხებში განათავსეს.
გარდა ამისა, ახმეტელის ქუჩაზე შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მოაწყო გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები. განთავსდა 30 ერთეული დიდი ზომის ნაგავშემკრები კონტეინერი.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ გზის სავალი ნაწილიდან გამოყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი, დაიხაზა საგზაო მონიშვნები და ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდა შუქნიშნები და მოეწყო საპარკინგე ადგილები. მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.
ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს. კერძოდ, გზის მიმდებარედ არსებულ თარგებში, რომელთა საერთო ფართობი 3 700 კვადრატული მეტრია, მოეწყო სარწყავი სისტემები, შეტანილია ნოყიერი მიწის ნაზავი და მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეების დარგვა. ამ ეტაპზე, დარგულია 419 ძირი მწვანე ნერგი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დაიგება ბალახის საფარი.
პარალელურად, ხორციელდება გზის მიმდებარედ არსებული სამი სკვერის რეაბილიტაცია. ჯამში, 5 404 კვადრატულ მეტრ ფართობზე უკვე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულებამ 5 327 846 ლარი შეადგინა.
დედაქალაქის მერთან ერთად სანდრო ახმეტელის ქუჩაზე გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსები და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way