USD 2.7484
EUR 2.8998
RUB 2.7361
თბილისი
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
თარიღი:  597
2023 წლის 20-21 მაისის შეჯამება უკრაინაში:
- ბახმუტის დიდი ნაწილი რუსებმა დაიკავეს. უკრაინელების განცხადებით მათ ხელში ამ დრომდე რჩება ქალაქის უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის რამდენიმე ქუჩა (ქალაქის შესასვლელ-გასასვლელი, ივანივსკესაკენ). ბახმუტის მიმართულებაზე რუსული არმია, "ვაგნერი", სპეციალური სამხედრო ძალები, გრუ-ს სპეცრაზმი და ათასობით მობილიზებული მოქმედებდა. ამ ფონზე ბახმუტის მიმართულებამ თავისი მოვალეობა სრულად შეასრულა და დიდწილად გამოფიტა "ვაგნერიც", მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა გრუ-ს სპეცრაზმს, ურთიერთშუღლში გადაიყვანა არმია და დაქირავებულები და პრაქტიკულად თავის თავზე მიიღო რუსული ათთვიანი შეტევაც.
მეორეს მხრივ, პრიგოჟინმა საკუთარი თავი და "ვაგნერი" წარმოაჩინა, როგორც ბრძოლისუნარიანი სამხედრო ძალა და ცდილობს ისე წარმოჩინდეს, როგორ რუსულ არმიაზე უკეთ მოქმედი დაჯგუფება. მაგრამ ამ ყველაფრის გარდა, ბახმუტის დიდწილად აღება მისი მხრიდან ერთგვარი იმუნიტეტის მოპოვების მცდელობაცაა, რათა საკუთარი თავი და "ვაგნერი" გადაარჩინოს და თუკი მას მართლაც აქვს იმის სურვილი რომ გავიდეს ქალაქიდან ამის უფლებაც მიიღოს მოსკოვიდან. მეტიც, არის შესაძლებლობა რომ თუკი "ვაგნერს" მართლაც მიეცა ქალაქიდან გასვლის უფლება პრიგოჟინის ნაწილებმა თავი სუდანის სამოქალაქო ომში ამოყონ. თუმცა პრიგოჟინს რუსეთის გენერალურ შტაბში უფრო სურს ადგილის მოძიება.
ბახმუტის უკიდურეს დასავლეთ ნაწილსა და ქალაქის დასავლეთ შესასვლელებთან ბრძოლა გაგრძელდება თუ უკრაინელები მის ევაკუაციას მოახდენენ არაა ცნობილი.
საინტერესოა, დღეს პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ბახმუტისათვის ბრძოლაში რუსებმა 100 ათასი ადამიანი დაკარგესო (აქ მარტო მოკლული არ იგულისხმება, არამედ დაჭრილიც, ტყვეც, დეზერტირიც). ეს ციფრი წარმოუდგენელი არ არის თუკი გავითვალისწინებთ, რომ დასავლური შეფასებებით ორი კვირის წინ, მხოლოდ დაღუპულების სახით რუსებს 20 ათასი ჰყავდათ, სოლედარში კი 7-10 ათასი.
უკრაინელთა დანაკარგებზე ცნობები არ არის, თუმცა ვარაუდობენ, რომ საერთო მსხვერპლი უკრაინელთა მხრიდან (ანუ დაღუპულები და დაჭრილები კომბინირებულად) 15-20 ათასია. ბახმუტის მიმართულებით საბრძოლო მოქმედებები აგვისტოს პირველი კვირიდან დღემდე მიმდინარეობს.
ამასთან, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ის მითი ჩვეულებრივი პროპაგანდაა თითქოს ბახმუტის მიმართულებაზე მხოლოდ "ვაგნერი" იბრძოდა. ამ მითს ორი მიზანი აქვს - შექმნან "ვაგნერისაგან" ერთადერთი ბრძოლისუნარიანი ძალის სიმბოლო და მეორეს მხრივ უკრაინელები წამოაჩინონ სუსტები, რომლებიც თითქოს კერძო დაქირავებულებმა და პატიმრებმა დაამარცხეს. "ვაგნერის" გარდა ამ მიმართულებით იყო წარმოდგენილი მე-4, 72-ე, 57-ე და მე-200 რუსული ბრიგადები (დაახლოებით 25-30 ათასი სამხედრო), 137-ე და 9-ე ცალკეული რუსული საარმიო პოლკი (დაახლოებით 7 ათასი სამხედრო), "გრუ"-ს სპეციალური დანაყოფი (ციფრი უცნობია), რუსული მობილიზებული ნაწილები (დაახლოებით, 20 ათასი სამხედრო), ლუგანსკელი სეპარატისტების 5000 სამხედროსაგან შემდგარი ბრიგადა და სხვა კერძო დაქირავებულები (დაახლოებით 3000 სამხედრო).
- ბევრად უკეთესი სიტუაციაა ბახმუტის ირგვლივ. ქალაქის სამხრეთით უკრაინული სამხედრო იერიში გრძელდება. უკრაინელები რუსულ პოზიციებს ინტენსიურად უტევენ კლიშჩიივკას მიმართულებით. ბოლო ორ დღეში 1.5 კილომეტრით წაიწიეს წინ. ოპერაციაში წამყვან როლს "აზოვის" ბრიგადა ასრულებს (პოლკი აღარაა, გაიზარდა მისი ზომა). ასეთივე კარგი სიტუაციაა ხრომოვესთან, ქალაქი ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთთ, სადაც უკრაინელთა მიერ რამდენიმე დღის წინ გათავისუფლებული პოზიციები კვლავ მათ ხელშია.
- ბოლო ორი დღეა ძალიან ინტენსიურად იბომბება რუსული პოზიციები უკრაინული ფრთოსანი რაკეტებითა და უკრაინული დრონებით:
1. დაიბომბა ზაპორიჟიას ოლქის საპორტო ქალაქი ბერდიანსკი. სავარაუდოდ, გამოყენებული იქნა ბრიტანული Storm Shadow. აფეთქებულია ყაზარმა და სამეთაურო შტაბი;
2. დაიბომბა დონეცკის ოლქი - ქალაქი დონეცკი და იენაკიიევე. სამიზნეები იარაღის საწყობები და სამხედრო შტაბი იყო. დიდი იარაღის საწყობი აფეთქებულ იქნა მოსპინოშიც.
3. დაიბომბა ზაპორიჟიას ოლქის ფრონტისპირა ორი ოკუპირებული ტერიტორიის - პოლოჰისა და ტოკმაკის - სამხედრო სამიზნეები.
- საარტილერიო იერიშები მიმდინარეობს რუსეთში, ბელგოროდის ოლქის ქალაქი შებეკინოს სიახლოვეს, სადაც რუსული თავდაცვის პოზიციებია მოწყობილი. დრონებით დაიბომბა უშუალოდ ქალაქი ბელგოროდის სამხედრო სამიზნეებიც ისევე, როგორც ვორონეჟი.
- უკრაინელებმა რუსული პოზიციების მაღალინტენსიური დამუშავება დაიწყეს ხერსონის ოლქში, მდინარე დნიპროს აღმოსავლეთ სანაპიროზე. დღევანდელი საარტილერიო იერიშით რუსული საცეცხლე პოზიციები იქნა განადგურებული.
- რუსები ცდილობენ ოკუპირებულ ზაპორიჟიასა და ხერსონის ოლქების ნაწილში პასპორტიზაცია დაიწყონ. მათი გათვლა მარტივია - რუსული პასპორტის აღების შემდეგ მათი გაწვევა დაიწყება, ხოლო ვინც არ აიღებს რუსულ პასპორტს როგორც პრო-უკრაინელი საკუთარი საცხოვრებლის ან დატოვება მოუწევს ან დააკავებენ.
ზოგადი შეფასება:
ბახმუტმა თავისი როლი შეასრულა და დაახლოებით ისე, როგორც თავის დროზე მარიუპოლმა გააკეთა ეს - რუსული შემტევი ნაწილები ქალაქში და მის ირგვლივ იმაზე მეტ ხანს დააკავა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ახლა უკრაინული კონტრშეტევისათვის პოლიტიკური, სამხედრო და ფსიქოლოგიური მზაობა არსებობს.
პ.ს. "დროებაში" ამ თემაზე საინტერესო სიუჟეტი გაკეთდა. ერთ-ერთი რესპონდენტი მეც გახლავართ და ბმულის სახით კომენტარებში დავურთავ.
 
 
ანალიტიკა
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.