რუსული ჯარი უკრაინის აღმოსავლეთში, დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ პოკროვსკისკენ სვლას განაგრძობს, თუმცა ჯერ უცნობია აპირებს თუ არა ის მის აღებას. ინფორმაციას ამერიკული ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ISW ავრცელებს.
ინსტიტუტის ვარაუდით, შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლებისთვის დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქების საზღვრებთან მისვლა უფრო პრიორიტეტული იყო. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, სამხედროებს ტერიტორიების და არა კონკრეტული დასახლებული პუნქტების დაპყრობის ამოცანები დაუსახა.
„პუტინი სულ უფრო ხშირად რუსულ შეტევას კვადრატულ კილომეტრებში წარმოაჩენს, და არა კონკრეტული დაპყრობილი დასახლებული პუნქტებით, რასაც ის ადრე აკეთებდა. სავარაუდოდ, პუტინმა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობისთვის გასცა განკარგულება პოკროვსკის აღების გადადებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია დოკუმენტში.
როგორც ექსპერტები გეოლოკაციის მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რუსული ჯარი დონეცკის ოლქის საზღვრიდან 10 კილომეტრშია გაჩერებული „და პუტინი, შესაძლოა, ზეწოლას ახდენს რუსეთის სამხედრო სარდლობაზე, რათა ის საზღვარს სულ უფრო მიუახლოვდეს, ვიდრე პოკროვსკს ალყა შემოარტყას“, - წერია ანალიტიკურ სტატიაში.
სტატიის ავტორების მტკიცებით, დონეცკის ოლქის დარჩენილი ნაწილის აღება პუტინის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.