USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
თბილისი
«BBC news» (დიდი ბრიტანეთი): „რას ნიშნავს ჩინეთის ძალზე მკვეთრი ანტიამერიკული და ძალზე თბილი პრორუსული გამოსვლა“
თარიღი:  382

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი სი ძინპინი და საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი სამშაბათს უკიდურესად მწვავე განცხადებებით გამოვიდნენ აშშ-ის მისამართით, რაც, ბევრი ექსპერტის აზრით, გადაჭარბებულად შეიძლება ჩაითვალოს იმ ფონზეც კი, როცა პეკინისა და ვაშინგტონის ურთთიერთდამოკიდებულება ისედაც დაძაბულია. თანაც საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ პირველად, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, ჩინეთმა რუსეთი ღიად აღიარა თავის მთავარ პარტნიორად“, - ნათქვამია ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურის (BBC news russian) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რას ნიშნავს ჩინეთის ძალზე მკვეთრი ანტიამერიკული და ძალზე თბილი პრორუსული გამოსვლა“.

ანალიტიკოსების აზრით, შესაძლოა ჩინეთის ამგვარი ნაბიჯი პეკინის განზრახვად უნდა ჩაითვალოს საერთაშორისო პოლიტიკაში, რომელსაც „ცისქვეშეთი“ უახლოეს მომავალში გაატარებს.

ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა, კომპარტიის ყრილობაზე გამოსვლისას სამშაბთს, ამერიკის შეერთებული შტატები ანტიჩინური კურსის გატარებაში დაადანაშაულა. მისი მოხსენება უამრავ მხილებას შეიცავდა და ბევრი დამკვირვებელის აღიარებით, უჩვეულოდ მკვეთრი და მწვავე იყო, ვიდრე დღემდე ყოფილა. „დასავლეთის ქვეყნები, აშშ-ის ხელმძღვანელობით, ჩვენს წინააღმდეგ ყოველმხრივ ზეწოლას ახორციელებენ, გარს გვერტყმიან და ალყაში გვაქცევენ“, - განახცადა სი ძინპინმა.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ჩინეთის ლიდერი, როგორც წესი, იშვიათად ასახელებს კონკრეტულად ამერიკის შეერთებულ შტატებს თავის გამოსვლებში და უფრო მეტად სარგებლობს ხოლმე ზოგადად დასავლეთისადმი მიმართვებით.

ყრილობის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე არანაკლებ მწვავედ გამოვიდა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განიც, რომელმაც ხატოვნად აღნიშნა: „თუ ამერიკა არ დაამუხრუჭებს და არასწორი გზით სიარულს გააგრძელებს, ვერაფერი ვერ დაიცავს ვაშინგტონის მატარებლის ლიანდაგებიდან გადავარდნას და აყირავებას. ასეთ სიტუაციაში კონფრონტაცია აუცილებლად მოხდება“, - ხაზი გაუსვა ჩინელმა მინისტრმა. კერძოდ, მას მხედველობაში ჰქონდა აშშ-ის მოქმედება ტაივანთან მიმართებით, რომელსაც ჩინეთი თავის ტერიტორიად თვლის.

როგორც ცნობილია, ვაშინგტონი ტაივანს სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას უწევს და მას გარანტირებულად პირდება, რომ თუ ჩინეთი კუნძულის სუვერენიტეტს დაარღვევს, პეკინი საკადრის პასუხს მიიღებს.

ჩინეთსა და ტაივანს შორის დაძაბულობა იმდენად დიდია, რომ ტაივანის პრეზიდენტმა ცაი ინვენმა აშშ-ის კონგრესის სპიკერს კევინ მაკარტს სთხოვა, რომ კუნძულზე დაგეგმილი ვიზიტი გააუქმოს: „თქვენ ნუ ჩამოხვალთ, მე თვითონ გეწვევით  ვაშინგტონში, შევხვდეთ და მოვილაპარაკოთ“.

ტაივანის ხელისუფლება შიშობს, რომ აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტმა შეიძლება ჩინეთის პროვოცირება გამოიწვიოს და პეკინს სამხედრო მოქმედებების დაწყებისაკენ უბიძგოს.

ამერიკის რეაქცია

ჩინეთის ლიდერების ხისტი გამონათქვამების საპასუხოდ ვაშინგტონი შეეცადა სიტუაცია ერთგვარად განეიტრალებინა. „ჩვენ ჩინეთთან მხოლოდ სტრატეგიული კონკურენცია გვაქვს. კონფლიქტს არ ვეძებთ და არ გვსურს“, - განუცხადა ჟურნალისტებს თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ. ტაივანის სტატუსის კომენტირებისას მან ხაზი გაუსვა, რომ ამერიკა პატივს სცემს ჩინეთის პოზიციას, მაგრამ სტატუს-ქვოს შეცვლა არ სურს.

ჯონ კირბიმ ტრადიციულად მოუწოდა ჩინეთს, რომ პეკინმა მოსკოვს უკრაინასთან ომში სამხედრო დახმარება არ გაუწიოს. როგორც ცნობილია, ამას წინათ აშშ-მა განაცხადა, რომ დაზვერვის მონაცემების თანახმად, ჩინეთს შეუძლია რუსეთს იარაღი და საბრძოლო მასალები მიაწოდოს.

სახიფათო დაძაბულობა

ჩინეთსა და ამერიკას შორის დაპირისპირების გამწვავებას მსოფლიოში შეშფოთებით უყურებენ. ტაივანის პრობლემა პეკინისა და ვაშინგტონის კონფრონტაციის ერთადერთი მიზეზი არ არის. მხარეები ერთმანეთთან შეურიგებლები არიან როგორც რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ დამოკიდებულებაში, ასევე კიბერუსაფრთხოებისა და ტექნოლოგიურ სფეროში დომინირების თვალსაზრისითაც.

ვაშინგტონი ჩინეთში თავისი ეროვნული უშიშროების საფრთხეს ხედავს და, აქედან გამომდინარე, ყველანაირად ცდილობს შეზღუდოს „ცისქვეშეთის“ გავლენა მსოფლიოში. ამერიკის მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებიდან აღსანიშნავია სანქციების დაწესება ჩინური ტექნოლოგიური კომპანიების მიმართ, ვაშინგტონი ასევე შეძლებისდაგვარად აკონტროლებს ჩინური პროდუქციის ექსპორტს სხვადასხვა  ქვეყნებში და ხელს უშლის პეკინის კავშირების გაფართოებას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან.

ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობის გამწვავების მორიგი რაუნდი უკავშირდებ აგრეთვე ამას წინათ მომხდარ ინციდენტს, როცა აშშ-ის ცაში გაურკვეველი წარმოშობის აეროსტატი (საჰაერო სფერო) გამოჩნდა. ვაშინგტონმა იმ დროს განაცხადა, რომ აეროსტატი ჩინური იყო, დაზვერვას აწარმოებდა და ამიტომ ის ჩამოაგდო. პეკინმა, თავის მხრივ, დაადასტურა, რომ აეროსტატი მართლაც მას ეკუთვნოდა, მეტეოროლოგიური მიზნით გაუსვა, მაგრამ კურსიდან გადაიხარა და შემთხვევით შევიდა აშშ-ის საჰაერო სივრცეში. ჩინეთის აზრით, არ ღირდა ამ უბრალო ფაქტზე ისეთი მკვეთრი და აგრესიული რეაგირება, როგორიც ამერიკამ გამოავლინა.

„ამ ინციდენტმა რაღაც ფუნდამენტური გამოავლინა - კონკრეტულად კი ის, რომ აშშ-ის ხედვა ჩინეთის მიმართ, ჩინეთის აღქმა მის ცნობიერებაში სერიოზულად არის დამახინჯებული. ვაშინგტონი პეკინს უყურებს როგორც მის მთავარ მეტოქეს დაგეოპოლიტიკურ მუქარას. ეს იმას შეიძლება შევადაროთ, როცა ადამიანი არასწორად იკრავს პირველ ღილს, დანარჩენებიც არასწორად იკვრება. ასეთი შეცდომების დაშვების შედეგად, აშშ-ის პოლიტიკა სრულიად ასცდა რაციონალურ და საღი კურსის ლიანდაგებს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ცინ განმა.

მნიშვნელოვანი სიგნალი მოსკოვისათვის

ცინ განი შეეხო აშშ-ჩინეთის მიდგომების განსხვავებას უკრაინის საკითხისადმი და ვაშინგტონი ორმაგი სტანდარტების პოლიტიკაში დაადანაშაულა.

„რატომ აკეთებთ ხმამაღალ განცხადებებს უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემის შესახებ იმ დროს, როცა პატივს არ სცემთ ჩინეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ტაივანთან დაკავშირებით? რატომ ითხოვთ ჩვენგან, რომ რუსეთს იარაღი არ მივცეთ, ხოლო თქვენ ამ დროს იარაღს აძლევთ ტაივანს?“, - იკითხა ცინ განმა.

თავის გამოსვლაში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაღალ დონეზე შეაფასა ჩინეთ-რუსეთის მჭიდრო პარტნიორობა და აღნიშნა, რომ ოს მეზობელ სახელმწიფოს შორის უკვე გაკვალულია ნდობის გზები და შექმნილია თანამშრომლობის მოდელი.

„როცა ჩინეთმა და რუსეთმა ერთმანეთს ხელი-ხელს ჩაჰკიდეს, ამით მრავალპოლარული დემოკრატიული მსოფლიოსაკენ მოძრაობა დაჩქარდა, ხოლო გლობალურმა სტრატეგიულმა ბალანსმა და სტაბილურობამ დაცვის გარანტია მიიღო“, - ხაზი გაუსვა ჩინეთის მთავარმა დიპლომატმა.

„რაც უფრო მეტი რყევა და ტურბულენტობაა მსოფლიოში, მით უფრო მეტად უნდა იყოს განმტკიცებული ჩინეთ-რუსეთის კავშირები“, - დაასკვნა ცინ განმა.

დასასრულს მინისტრმა გარკვეულწილად შეარბილა თავის ანტიამერიკული რიტორიკა და განაცხადა, რომ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს საერთო ინტერესებს და საერთო პასუხისმგებლობას.

ჩინეთის მიერ მოსკოვისადმი მეგობრობის ესოდენ ღიად გამოხატვა მნიშვნელოვანი სიგნალი შეიძლება გახდეს. კრემლი დიდი ხანია ელოდება ჩინეთის მხარდაჭერას იმ ომში, რომელიც ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ გააჩაღა. მოსკოვმა პეკინს სამხედრო დახმარების გაწევა სთხოვა, მაგრამ დღემდე ცისქვეშეთი მეზობლის თხოვნას უკიდურესად თავშეკავებულად ეკიდებოდა. [ახლა კი, არ არის გამორიცხული, პეკინმა ამ მხრივ აზრი შეიცვალოს].

წყარო: https://www.bbc.com/russian/news-64839058

 

ანალიტიკა
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.