USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Тбилиси
"BBC news" : „ლეოპარდები“, „აბრამსები“ და „ჩელენჯერები“: იმ ტანკების პლუსები და მინუსები, რომლებსაც უკრაინა მიიღებს“
дата:  667

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სი“-ს (BBC news) ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ვრცელი სტატია სათაურით „ლეოპარდები“, „აბრამსები“ და „ჩელენჯერები“: იმ ტანკების პლუსები და მინუსები, რომლებსაც უკრაინა მიიღებს“.

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

უკრაინისათვის დასავლური წარმოების საბრძოლო ტანკების მიწოდება ბოლო დრომდე ინტრიგად რჩებოდა, მაგრამ 25 იანვარს, როგორც გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცისა და აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებიდან ჩანს, მძიმე ჯავშნიანი სამხედრო ტექნიკის უკრაინისათვის გადაცემის საკითხი საბოლოოდ პოზიტიურად გადაწყდა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, ზუსტად რამდენ ტანკს მიიღებს უკრაინა საერთო რაოდენობით, თუმცა სხვადასხვა წყაროების მიერ გავრცელებული ცნობების საფუძველზე შეიძლება გამოითვალოს, რომ პირველ ეტაპზე ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან უკრაინის არმიას გადაეცემა ამერიკული, გერმანული და ბრიტანული წარმოების 100-მდე ტანკი - „აბრამსები“, ლეოპარდები“ და „ჩელენჯერები“.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა იმ ტექნიკის სია, რომელიც კიევს გაეგზავნება 400 მილიონი დოლარის ფარგლებში. ამ თანხით უკრაინის შეიარაღებული ზალებისათვის შესყიდული იქნება 31 ტანკი „აბრამსი“ 120 მილიმეტრიანი ჭურვებით, 8 ტაქტიკური ჯავშანტრანსპორტიორი დაზიანებული ტექნიკის ევაკუაციისათვის, სხვადასხვა საავტომობილო და დამხმარე ტექნიკა. გათვალისწინებულია ტანკების ტექნიკური მომსახურება (რემონტი).

რასაკვირველია, ტანკების გადაცემა „ელვისებურად“ არ მოხდება, ამისათვის გარკვეული დროა აუცილებელი. აშშ-ის დახმარების პაკეტში შედის აგრეთვე უკრაინელი ტანკისტების მომზადებაც, რათა მათ შეძლონ რთული თანამედროვე მძიმე საბრძოლო ტექნიკის სწორი და ეფექტური მართვა.

აშშ-ში ხაზს უსვამენ, რომ ტანკები გამოყენებული არ იქნება რუსეთზე თავდასხმისათვის, მაგრამ უკრაინის არმიას შესაძლებლობა ექნება გადაცემული ტანკები თავისი ტერიტორიის ოკუპანტებისაგან გასათავისუფლებლად გამოიყენოს. როგორც ცნობილია, ამას წინათ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ მას რუსეთზე გამარჯვებისათვის ჭირდება 300-მდე დასავლური ტანკი.

დასავლური ტანკების მინუსები და პლუსები

ტანკების ერთმანეთთან შედარება ტაქტიკურ-ტექნიკური მაჩვენებლების საფუძველზე საკმაოდ რთულია. ჯერ ერთი, რომ თანამედროვე ტანკებს იშვიათად უწევთ პირისპირ, საბრძოლო დუელებში მონაწილეობა, ისინი უფრო ხშირად გამოყენებულია შეტევის დროს - თავდაცვითი გამაგრებული ზღუდეების დასანგრევად, შედარებით სუსტი ჯავშანტექნიკის, სამხედრო ავტომობილების და ცოცხალი ძალის გასანადგურებლად. მეორე - თანამედროვე ტანკი, მართვის თვალსაზრისით, ძალიან რთულ საბრძოლო მანქანას წარმოადგენს. ამიტომ წარმატებები და წარუმატებლობები ძალიან ხშირად დამოკიდებულია მისი პოტენციალის სრულ და სწორ გამოყენებაზე. თუმცა, რასაკვირველია, დასავლურ ტანკებს აქვთ თავიანთი დადებითი და უარყოფით მხარეები - ასე ვთქვათ, ღირსებები და ნაკლოვანებები, რომლებიც საკმაოდ კარგად არის ცნობილი.

ექსპერტები ერთხმად მიუთითებენ, რომ დასავლური ტანკების საერთო მინუსია მათი წონა. მაგალითად, ამერიკული „აბრამსის“ ბოლო ვერსიის - Abrams M1A1-ის საბრძოლო მასა 66 ტონაზე მეტია. იმდენივეს იწონის თანამედროვე გერმანული „ლეოპარდი“ - Leopard 2A7. ბრიტანული „ჩელენჯერის“ წონა კი ორივეს აჭარბებს და 75 ტონას წარმოადგენს.

ყველა ჩამოთვლილი ტანკი, შედარებით „ახალგაზრდა“ „ჩელენჯერის“ ჩათვლით, თავიანთი ევოლუციის პროცესში „გასუქდნენ“: ტანკების განვითარება მიმდინარეობს ტანკსაწინააღმდეგო იარაღის განვითარების კვალდაკვალ და გასაგებია, რომ მეტი ყურადღება ექცევა საბრძოლო მანქანების დაცვის - ჯავშანის გაძლიერებას. რა თქმა უნდა, ტანკზე და ტანკში დამატებითი მოწყობილობების დამონტაჟება ასევე ზრდის საბრძოლო მასას.

შედარებისათვის : რუსული ტანკის Т-80У-ის საბრძოლო მასა 46 ტონაა, ხოლო Т-72Б3-სა და Т-90-ის - 46,5 ტონა.

წონაზე იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია და მას შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს ლოჯისტიკაზე: წონა გათვალისწინებული უნდა იყოს ტანკის ხიდებზე გავლისას, მისი შორ მანძილზე გადატანის დროს (რაც უფრო მძიმე წონისაა ტანკი, მას მით უფრო მძლავრი ავტოსაწევარი და სარკინიგზო პლატფორმა ჭირდება).

საერთოდ კი, როგორც ჯავშანტექნიკის უკრაინელი ექსპერტი ანდრეი ტარასენკო ამბობს, ტანკისათვის უფრო მნიშვნელოვანია არა იმდენად წონა, რამდენადაც გრუნტზე გავლისას ტანკის სიმძიმით წარმოქმნილი კუთრი წნევა. მისი განმარტებით, დასავლური ტანკების გადაადგილების თვალსაზრისით, პრობლემები არ უნდა იყოს: „კი, მათი წონა უფრო მეტია, ვიდრე რუსული ტანკებისა, მაგრამ დასავლურებს აქვთ შვიდსაგორავიანი („შვიდბორბლიანი“) მუხლუხები („ჩელენჯერის“ გამოკლებით), რაც გრუნტზე გავლისას კუთრი წნევის თანაბრად განაწილებას ახდენს. შესაბამისად, ნიადაგის ყოველ კვადრატულ სანტიმეტრზე წნევა თითქმის ისეთივეა, როგორიც  ექვსსაგორავიანი მუხლუხების მქონე საბჭოთა მოდელის რუსულ ტანკებს აქვთ“.

დასავლური ტანკების მეორე მინუსი - აუცილებელია ეკიპაჟების სპეციალური მომზადება. თანამედროვე ტანკები საკმაოდ რთულია მართვაში, ისინი აღჭურვილნი არიან ციფრული სისტემებით, რომელთა მეშვეობით ხდება ცეცხლის წარმართვა, დაკვირვება და კავშირის უზრუნველყოფა. ამ დროს ტანკის ეკიპაჟის ყოველი წევრი იდეალურად უნდა ფლობდეს ტექნიკას, მისი მოქმედება ავტომატიზმამდე უნდა იქნეს დაყვანილი - ბრძოლის დროს ხომ გადაწყვეტილება სწრაფად, წამის რაღაც ნაწილში უნდა მიიღო.

ტანკების ეკიპაჟები სპეციალურ პოლიგონებზე მზადება, სადაც ისინი ვარჯიშობენ როგორც ტრენაჟერებზე, ასევე რეალურ ტექნიკაზე. ამიტომ გამოცდილ უკრაინელ ტანკისტსაც კი გარკვეული დრო დაჭირდება გადამზადებისათვის.

და ბოლოს, დასავლურ ტანკებს მომარაგების ორგანიზება დაჭირდებათ: უკრაინა სამ სხვადასხვა სახეობის ტანკს მიიღებს და, შესაბამისად, თითოეულ სახეობას თავისი სათადარიგო ნაწილები და სახარჯო მასალები დაჭირდება: იმ დროს, როცა „ლეოპარდები“ და „აბრამსები“ ერთნაირი ტიპის ჭურვებს იყენებენ (მათი ქვემეხი გლუვლულიანია), „ჩელენჯერს“ ლულა კუთხვილი სახისა აქვს და ამიტომ ის სხვა ტიპის ჭურვებს ითხოვს.

გარდა ამისა, „აბრამსების“ გამოყენების შემთხვევაში კიდევ ერთი გარემოება უნდა იქნას გათვალისწინებული - ამერიკული ტანკი დიდი რაოდენობის საწვავს ხარჯავს, რადგან მას დიზელის კი არა, გაზტურბინული ძრავა აქვს. „აბრამსების“ მიერ საწვავის დიდი რაოდენობით „ჭამა“ კომპენსირდება იმით, რომ მისი ძრავა „იტანს“ როგორც რეაქტიული თვითმფრინავების საწვავს, ასევე დიზელს და ბენზინსაც, მაგრამ მათი ხარჯი მეტი იქნება.

ტრადიციულად ითვლება, რომ საბჭოური მოდელის ტანკებს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაკლოვანება გააჩნიათ - ჭურვების განლაგება ტანკში (საბრძოლო ნაკვეთურის  ქვედა ნაწილში), რაც ჯავშნიანი მანქანის გამძლეობას („სიცოცხლისუნარიანობას“) აქვეითებს - მოწინააღმდეგის მიერ გასროლილი ჭურვის მოხვედრისას ტანკში არსებული საკუთარი ჭურვები დეტონაციით შეიძლება აფეთქდეს.

დასავლური ტანკების სამი სახეობიდან, რომლებიც უკრაინას უნდა გადაეცეს, ზემოთ ნახსენები ნაკლოვანება მხოლოდ ამერიკულ „აბრამსს“ არ აქვს, მისი ჭურვები განლაგებულია ტანკის კოშკურის მიღმა, სპეციალურ ნიშაში. თუ ჭურვი მოხვდება და აფეთქდება, აფეთქების დროს გამოყოფილი ენერგია ზემოთ მიდის. შეიძლება იტქვას, რომ მრავალფენიანი ჯავშნით და სხვადასხვა კომპოზიტური მასალებით აწყობილი „აბრამსი“ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ტანკად ითვლება.

„აბრამსის“ ბრიტანულ და გერმანულ კოლეგებსაც მრავალფენიანი ჯავშანი აქვთ, მაგრამ, ექსპერტების აზრით, „ლეოპარდები“ და „ჩელნეჯწერები“ შედარებით ნაკლებად არიან დაცულნი. მათი ჭურვები, რუსული ტანკების მსგავსად, საბრძოლო ნაკვეთურშია დაწყობილი და ტანკის ეკიპაჟს მეტი საფრთხე ემუქრება.

ზემოთ „აბრამსის“ ნაკლოვანება - გაზტურბინული ძრავის „ჭამის გაუმაძღარი მადა“ ვახსენეთ, მაგრამ ხშირ სემთხვევაში ეს ნაკლოვანება მისი ღირსებაც არის. ასეთი ძრავა საშუალებას იძლევა, რომ ტანკი ადგილიდან სწრაფად დაიძრას, ასევე სწრაფად „აკრიფოს“ სიჩქარე და თქვენ წარმოაიდგინეთ, ასეთი მონსტრი საათში გზატკეცილზე 60 კილომეტრით გადაადგილდეს, უგზოობის პირობებში კი - 40 კილომეტრით. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ რუსული  ტანკის Т-80У-ის სიჩქარე, რომელსაც იგივე გაზტურბინული ძრავა აქვს, უფრო მეტია - საათში 70 კილომეტრი გზატკეცილზე, უგზოობის დროს კი 60 კილომეტრი.

გერმანული „ლეოპარდიც“ სწრაფად „გარბის“ - საატში 70 და 60 კილომეტრის სიჩქარით - მისი დიზელის ძრავა გაზტურბინულზე ნაკლებად არ მუშაობს. სხვათა შორის, ექსპერტების შეფასებით, გერმანულ ტანკს ერთი არცთუ უმნიშვნელო პლუსი აქვს - უკანდახევის (უკუსვლის) დროს დროს სიჩქარე საკმაოდ მაღალი აქვს. ეს მნიშვნელოვან პარამეტრს წარმოადგენს, რადგან ტანკს მანევრირების დროს ზოგჯერ უკუსვლაც უხდება და ეს რაც უფრო სწრაფი იქნება, მით უფრო უკეთესია.

ბრიტანული „ჩელენჯერი“ ნელი ტანკია, გზატკეცილზე საათში მხოლოდ 56 კილომეტრით სვლა შეუძლია, უგზოობის პირობებში - 40-ით, თუმცა ამ მხრივ არ ჩამოუვარდება რუსულ Т-72 და Т-90-ებს, რომლებსაც იგივე სიჩქარე აქვთ. ხშირად აკრიტიკებენ „ჩელენჯერის“ კუთხვილი ლულის მქონე ქვემეხს, რომელიც გლუვლულიანთან შედარებით თითქოსდა მოძველებულია. მართალია, გლუვი ლულა საშუალებას იძლევა ჭურვი უდიდესი სისწრაფით იქნას გასროლილი და მტრის ტანკის სქელი ჯავშანი გახვრიტოს, მაგრამ კუთხვილი ლულით გასროლილი ჭურვი მიზანს უფრო ზუსტად ხვდება. გარდაამისა, „ჩელენჯერებს“ ქვემეხის ლულის დახრა უფრო დაბალი აქვთ და ეს მათ საშუალებას აძლევს ეფექტურად გამოიყენოს ლანდშაფტი და ბორცვებს შორის „ჩაიმალოს“.

უნივერსალური იარაღი

ტანკი თანამედროვე სახმელეთო ბრძოლის ძირითად ტექნიკას წარმოადგენს. ტანკს ფართო ამოცანების შესრულება შეუძლია, ის არის ისეთი უნივერსალური იარაღი, რომლის შეცვლა არაფრით არ შეიძლება. ამიტომაც სურთ ვალერი ზალუჟნისა და უკრაინის ლიდერებს  ტანკების მიღება.

მაგრამ, როგორც უკვე ითქვა, მხოლოდ ტექნიკა „არას იზამს“, თუ მას გაწრთვნილი და მომზადებული ეკიპაჟი არ ეყოლება, რომელიც ასევე კარგად იქნება შეთავსებული ქვეითთა ქვედანაყოფებთან, სადაზვერვო და საინჟინრო ნაწილებთან. ტანკების ეკიპაჟები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ მტკიცე კავშირით ერთმანეთთან.

და ბოლოს, ისიც უნდა ითქვას, რომ თავისთავად ტანკი, თუნდაც ყველაზე ეფექტური, არ ითვლება „ვერცხლის ტყვიად“ ომში - ის მხოლოდ ინსტრუმენტია, რომლის მართვას უნდა ფლობდე.

წყარო: https://www.bbc.com/russian/features-64407586

მოამზადა სიმონ კალაძე

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати