USD 2.7203
EUR 3.2029
RUB 3.4550
Tbilisi
კორონავირუსი და „მისტიკური“ (კავასაკის) სინდრომი ბავშვებში
Date:  1960

ბოლო პერიოდში კავასაკის დაავადებას ხშირად ახსენებენ, როგორც ბავშვთა ასაკში კორონავირუსული ინფექციის საშიშ გართულებას. რეალურად, შემთხვევების რაოდენობამ პანდემიის ეპოქაში მოიმატა, თუმცა თავისთავად ეს დაავადება ახალი არ არის.

კავასაკის სინდრომზე ბოლო ხანებში საზოგადოებაში ვრცელდება ინფორმაცია, როგორც კორონავირუსთან ასოცირებულ რაღაც მისტიურ გართულებაზე და ის შიშს და პანიკას იწვევს მშობლებში.

„რა არის კავასაკის სინდრომი“?

„კავასაკის სინდრომი ცხელებით მიმდინარე მწვავე დაავადებაა, რომელიც აზიანებს სისხლძარღვებს, განსაკუთრებით – მცირე და საშუალო ზომის არტერიებს. დაავადება პირველად არცთუ დიდი ხნის წინ, 1967 წელს, აღწერა იაპონიის წითელი ჯვრის კლინიკის ექიმმა ტომიაკუ კავასაკიმ. მან განიხილა დაავადების 50 შემთხვევა ბავშვებში, რომლებსაც ერთნაირი სიმპტომები აღენიშნებოდათ: გახანგრძლივებული ცხელება, გამონაყარი, წითელი თვალები (მშრალი კონიუნქტივიტი), კისრის ლიმფური კვანძების გადიდება და ტკივილი, ტუჩებისა და პირის ღრუს ლორწოვანას დაზიანება, ხელისგულებისა და ფეხისგულების ერითემა (სიწითლე) და შეშუპება.

თავდაპირველად დაავადება კეთილსაიმედოდ მიიჩნეოდა, რადგან ბავშვები მკურნალობის გარეშე ჯანმრთელდებოდნენ, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ საქმე არც ისე მარტივადაა: გარდაიცვალა დაავადებულთა 2%, რომელთა შორის უმეტესობა ორ წლამდე ასაკის ბავშვი იყო. ყველაზე უცნაური კი ის ფაქტი აღმოჩნდა, რომ ბავშვები იღუპებოდნენ ისეთ პერიოდში, როცა დაავადების ყველა ნიშანი ქრებოდა, როცა იგი თითქოს საბოლოოდ დაამარცხეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ სიკვდილიანობის მიზეზი გულის კორონარული (გვირგვინოვანი) არტერიების დაზიანება და მიოკარდიუმის ინფარქტი იყო.“ – (წყარო: https://www.aversi.ge/ )

 „კავასაკის სინდრომი არის მწვავე, ცხელებით მიმდინარე დაავადება, რომელიც ყველაზე ხშირად 5 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება. ახასიათებს ასევე ლიმფური კვანძების გადიდება, „ჟოლოსებრი“ ენა, გამონაყარი და ა.შ. დაავადების დროს ხდება სისხლძარღვების და გულის დაზიანება. უმეტეს შემთხვევაში განკურნებით მთავრდება, თუმცა შეიძლება მძიმე გართულებებიც ახლდეს თან.

ეს არის გულის შეძენილი დაავადების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი ბავშვებში, განვითარებად ქვეყნებში. გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ხშირად ინფექციურ დაავადებებთან არის ასოცირებული. ამიტომ, როდესაც რომელიმე ინფექციური დაავადების მაღალი გავრცელებაა, შეიძლება დაფიქსირდეს კავასაკის დაავადების შემთხვევების მატება, მათ შორის ამჟამად, კორონავირუსის პანდემიის დროს“, - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.

მსოფლიო და კავასაკის სინდრომი

ტაივანში 2014 წელს ჩატარებული კველევით, რომელმაც შეაჯამა კავასაკის დაავადების მქონე 226 ბავშვის ცხვირ-ხახის ნაცხის PCR შედეგები, გამოვლინდა, რომ 27%-ში იყო რინოვირუსი, 16%-ში ენტეროვირუსი, 16.8%-ში ადენოვირუსი და 7.1%-ში კორონავირუსი და რა თქმა უნდა, არ იგულისხმება ახალი კორონავირუსი. კავასაკის დაავადების შემთხვევები აღწერილი იყო ბავშვებში H1N1 პანდემიის დროსაც“.

 ცნობები იმის შესახებ, რომ COVID19-ით ინფიცირებული ბავშვების მცირე ნაწილს, იშვიათი, „მისტიკური სინდრომი“ გამოუვლინდათ, უცხოურ მედიაში ჯერ კიდევ აპრილის შუა რიცხვებში გამოჩნდა.

„მისტიკური სინდრომის“ შესახებ უკვე აპრილში იტყობინებოდნენ იტალია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი. მოგვიანებით, საფრანგეთი, გერმანია, აშშ.

15 მაისის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსისა და ამ კლინიკური ნიშნების თანხვედრის 100-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. ამ სიმპტომებით, გასულ კვირაში გარდაიცვალა 14 წლის ბიჭიც.

როგორც ლონდონის ბავშვთა ჰოსპიტალი იტყობინება, მოზარდთა უმეტესობას არ აქვს კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომი, სუნთქვის უკმარისობა, თუმცა, რამდენიმე მათგანი ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე გადაიყვანეს იმის გამო, რომ გულის ფუნქციონირება გაეუმჯობესებინათ.

თებერვალ-აპრილში, იტალიაში, კერძოდ კი ბერგამოში, „კავასაკის“ მსგავსი სიმპტომებით 10 ბავშვს უმკურნალეს. სტატია ამის შესახებ სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“ იტალიელმა ექიმებმა 13 მაისს გამოაქვეყნეს. მათი ცნობით, მოზარდთა ასაკი 5-7 წელი იყო. 10 მოზარდიდან რვას, მკურნალობის მომენტში COVID-19 დაუდასტურდა. მათ ნაწილს კი სისხლში ანტისხეულები აღმოაჩნდა, ანუ ვირუსი უკვე გადატანილი ჰქონდათ.

5 წლამდე ასაკის სამი ბავშვის გარდაცვალების შესახებ იტყობინება აშშ. ბავშვები კორონავირუსთან ერთად ამ ე.წ. მისტიკური სიმპტომებით იყვნენ ავად. 12 მაისის მონაცემებით, ნიუ-იორკში ჯამში 80-მდე მსგავსი შემთხვევა აღირიცხა. შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები იკვლევენ  COVID-19-ით დაავადებული 73 ბავშვის მდგომარეობას, რომლებსაც ასევე აქვთ  ამ სინდრომის მსგავსი სიმპტომები. კუომოს თქმით, სინდრომის სიმპტომებს შორისაა  სისხლძარღვების ანთება, რასაც  გულის პრობლემების გამოწვევაც შეუძლია.

ნიუ-ორკის გუბერნატორის ენდრიუ კუომოს განცხადებით ბავშვებს, ვის მდგომარეობასაც ექიმები იკვლევენ, COVID-19 ან მის წინააღმდეგ გამომუშავებული ანტისხეულები უფიქსირდებათ,  „მაგრამ ჰოსპიტალურ სისტემაში შემოსვლისას მათ ეს სიმპტომები არ ჰქონდათ“.

კუომოს ცნობით, „სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე კვირის განმავლობაში ხდებოდა და დიაგნოზისას COVID-19-თან კავშირი არ დგინდებოდა“.

ამასთან ერთად, კუომოს ცნობით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტს სთხოვა, სინდრომის გამოვლენა-მკურნალობის ინსტრუქცია შეედგინა.

Reuters-ის ცნობით, სინდრომის სიმპტომები ემთხვევა ტოქსიკური შოკის და კავასაკის დაავადების სიმპტომებს — ტემპერატურას, გამონაყარს, გლანდების გადიდებასა და რთულ შემთხვევებში, გულის არტერიების ანთებას. გამოცემის ინფორმაციით, მეცნიერები ჯერჯერობით ცდილობენ დაადგინონ, არის თუ არა სინდრომი კავშირში ახალ კორონავირუსთან, რადგანაც ყველა ბავშვს, ვისაც სინდრომი დაუდგინდა, ვირუსზე პოზიტიური ტესტი არ ჰქონია.

მაისის დასაწყისში, გერმანიაში, ორ მოზარდს იშვიათი ანთებითი სინდრომი გამოუვლინდა. დრეზდენის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორმა ბერნერმა გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ეს სინდრომი ახალი ტიპის კორონავირუსს უკავშირდებოდეს. პაციენტებს სისხლძარღვების ანთება, გამონაყარი და მაღალი სიცხე ჰქონდათ.

ერთადერთი ნიშანი, რაც თებერვალ-მაისში დაფიქსირებულ შემთხვევებს „კავასაკის სინდრომისგან“ განასხვავებს, არის ის, რომ თუკი „კავასაკის სინდრომით“ ძირითადად 0-5 წლის ბავშვები ავადდებიან, კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების ასაკი, რომლებსაც „მისტიკური“ სინდრომიც გამოუვლინდათ, უფრო მაღალია - 15 წლამდე.

ენდრიუ კუომო ნიუ-ორკის გუბერნატორი

საქართველო და კავასაკის სინდრომი 

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა საკმაოდ დიდია და 9%-ს აღწევს, „კავაზაკის სინდრომის“ მსგავსი სიმპტომები მათ შორის არ გამოვლენილა.

არის თუ არა ახალი კორონავირუსი ბავშვებში „კავასაკის სინდრომის“ მაპროვოცირებელი ფაქტორი? ამ კითხვაზე დადასტურებული პასუხის გაცემა ჯერჯერობით შეუძლებელია. არ არის ასევე დადგენილი, ის კლინიკური ნიშნები, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების ნაწილში ვლინდება, არის თუ არა ნამდვილად „კავასაკის სინდრომი“.

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ნაადრევად მიაჩნია მაკა იოსელიანს, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ მოზრდილთა და ბავშვთა რევმატოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელსა და „კავასაკის სინდრომის“ ექსპერტს. სწორედ ამ ცენტრში იყრის თავს ინფორმაცია საქართველოში „კავასაკის სინდრომით“ დაავადებული ბავშვების შესახებ:

„ეს არის ახალი ვირუსი. არ არის ბოლომდე შესწავლილი. ჩვენ უნდა დაველოდოთ არა ცალკეულ სტატიებსა და გამოკვლევებს, არამედ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ყველა ქვეყანამ უნდა გამოაქვეყნოს თავისი მონაცემები, რომელთა შესწავლის საფუძველზეც მედიცინას ექნება საშუალება, თქვას, თუ რასთან გვაქვს საქმე - ეს არის კორონავირუსის ფონზე განვითარებული სინდრომი თუ ეს არის უბრალოდ თანხვედრა ამ ორი დაავადების? ჯერჯერობით ამაზე ლაპარაკი ძალიან რთულია. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე, საკითხს გონივრულად უნდა მივუდგეთ, რათა მოსახლეობაში არ გამოვიწვიოთ ზედმეტი პანიკა. თუმცა ის, რომ ჩვენი უცხოელი კოლეგები ამ შემთხვევებს აღწერენ და სტატიები ქვეყნდება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დიახ, ეს ინფორმაცია ექიმებმა უნდა გამოაქვეყნონ, თუმცა, შემდეგ აუცილებლად უნდა მოხდეს ამ მონაცემების შეკრება და ანალიზი“.

მაკა იოსელიანის თქმით, „კავასაკის სინდრომის“ პირველი შემთხვევა საქართველოში 2007 წელსაა აღწერილი:

„ჩვენმა ცენტრმა რამდენიმე წლის წინ დაიწყო ინფორმაციის ძიება საქართველოში „კავასაკის სინდრომის“ პირველი შემთხვევის დაფიქსირების შესახებ. ჩვენ მხოლოდ 2007 წლის მონაცემს მივაკვლიეთ. ეს იყო „კავასაკის სინდრომის“ დაგვიანებული შემთხვევა, სადაც უკვე განვითარებული იყო ანევრიზმა და ინფარქტი. თუმცა, ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში „კავასაკის სინდრომი“ მანამდე არ დაფიქსირებულა“.

ამ სინდრომით საქართველოში ყოველწლიურად, 10-დან 20-მდე ბავშვი ავადდება. მაკა იოსელიანი არ გამორიცხავს, რომ დაავადებულთა რაოდენობა, შესაძლოა, მეტიც იყოს, რადგან „კავასაკის სინდრომში“ ხშირია თვითგანკურნების შემთხვევებიც. გასულ წელს, „ნიუ ჰოსპიტალსის“ მოზრდილთა და ბავშვთა რევმატოლოგიურ ცენტრში, ამ სინდრომით 10 ბავშვი მკურნალობდა:

„კავასაკს“ ახასიათებს თვითგანკურნებაც. მაგალითად, რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა, პირში გამონაყარი, ერითემა. ეს სიმპტომები რამდენიმე დღეში შესაძლოა ისე ალაგდეს, რომ გართულებები არ გამოიწვიოს. გართულებების შემთხვევაში კი ზიანდება საშუალო კალიბრის სისხლძარღვები, ანუ კორონარული სისხლძარღვები, ჩნდება ანევრიზმები, შესაძლოა განვითარდეს ინფარქტი. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ საქართველოში არის უფრო მეტი „კავასაკი“, ვიდრე ამის აღწერა ხდება. საბედნიეროდ, ქვეყანაში არსებობს არაერთი სამედიცინო დაწესებულება, სადაც დროულად ხდება სინდრომის გამოვლენა. როდესაც დიაგნოზი დასმულია ავადობის 10 დღემდე და მკურნალობა სწორედ ამ პერიოდშია დაწყებული, კორონარული სისხლძარღვების დაზიანების ალბათობა მცირდება, ხოლო, თუკი სისხლძარღვების დაზიანება დაწყებულია, ის უკან იხევს. 10 დღის შემდეგ, ანუ, დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში, სამწუხაროდ, შესაძლოა დადგეს ლეტალური გამოსავალი. ეს საკმაოდ იშვიათია, მაგრამ მაინც“.

 „კავასაკის სინდრომი“ არ არის გადამდები დაავადება. გამოკვლევების თანახმადვე, ამ სინდრომით, უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, რომელიც ასევე იაპონიაშია აღწერილი, ადამიანი მხოლოდ ერთხელ ავადდება.

 რაც შეეხება მკურნალობის მეთოდებს, „კავასაკის სინდრომის“ სამკურნალოდ გამოიყენება იმუნოგლობულინი, მაღალი დოზით ასპირინი და, ახალი რეკომენდაციების თანახმად, მას ემატება სტეროიდული თერაპია.

მაკა იოსელიანის თქმით, დღესდღეობით, საქართველოში „კავასაკის სინდრომის“ დადასტურებული დიაგნოზით, არცერთი პაციენტი არ მკურნალობს. მისივე თქმით, 2020 წელს დაფიქსირებული შემთხვევები, არ აღემატება გასული წლის ამ დროისათვის დადასტურებულ მონაცემებს:

„მინდა დარწმუნებით გითხრათ, რომ თუკი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს გამოუვლინდებოდა „კავასაკის სინდრომის“ კლინიკური ნიშნები, ეს შემთხვევა, ჩვენთან, როგორც „კავასაკის სინდრომის“ ექსპერტებთან, აუცილებლად იქნებოდა განხილული. დღევანდელი მდგომარეობით, ამგვარი კლინიკური ნიშნებით, საქართველოში არცერთი კოვიდპაციენტი არ მკურნალობს“.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური ხელმძღვანელი, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ საქართელოში ბავშვებში ჯერ არ დაფიქსირებულა Covid-19-თან კავშირში კავასაკის სინდრომის მსგავსი სიმპტომების გამოვლენა, თუმცა მედპერსონალსა და საზოგადოებას ყურადღება მაინც მართებს.

 „კავასაკის სინდრომზე მეც დამისვამს დაიგნოზი. მოგეხსენებათ, ეს სისხლძარღვოვანი დაზიანება ძირითადად სხვადასხვა ინფექციითაა გამოწვეული და მათ შორის კორონამაც შეიძლება ეს გამოიწვიოს. ალბათ უპრიანია, რომ კლინიცისტებმა და პედიატრებმა გასცენ პასუხი, რადგან ეს უფრო გვხვდება ბავშვთა ასაკში. ეს შედარებით იშვიათი გართულება და სინდრომია და არა მგონია, რომ ჩვენს პედიატრებს შეეშალოთ, თუ ამ ტიპის ავადმყოფი იქნება. არსებობს ამ დაავადების მართვის პროტოკოლი. მივმართავ ჩვენს პედიატრებს, რომ მეტი ისაუბრონ კავასაკის სინდრომთან დაკავშირებით, რომლის კავშირი კორონავირუსის ინფექციასთან, ამის დიდი მტკიცებულებები ჯერჯერობით არ არსებობს. თუმცა, ალბათობა არის, რადგან კორონაც ვირუსული დაავადებაა და მასაც შეიძლება ჰქონდეს კავასაკის სინდრომის გართულება ან მისი მსგავსი კლინიკური გამოხატულება“, –  დაავადებათა კონტროლის ცენტის ხელმძღვანელი ამირან  გამყრელიძე.

 

analytics
«The Guardian»: „ პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“

„სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოს უაღრესად ჭირდება ბრძენი უხუცესები, პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ ვან რეიბრუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფილოსოფიაში ნიდერლანდებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოდით ერთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობას შევეცადოთ: ვისაუბროთ ასაკზე ისე, რომ ეიჯიზმში - ასაკობრივ დისკრიმინაციაში - არ გადავვარდეთ.

არასოდეს არ მომხდარა ისეთი პრეცედენტი პლანეტის თანამედროვე ისტორიაში, როგორიც დღეს არის: მსოფლიოში მშვიდობის ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულები არიან. ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს 72 წელი შეუსრულდათ, ნარენდრა მოდი - 74 წლისაა, ბენიამინ ნეთანიაჰუ - 75-ის, დონალდ ტრამპი - 79-ის, ალი ჰამენეი - 86-ის.

რასაკვირველია, მედიცინის განვითარების წყალობით, ადამიანები სულ უფრო მეტ ხანს ცოხლობენ და შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ამის მიუხედავად, დრეს ცვენ მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური ლიდერების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც ასაკის კვალობაზე სულ უფრო ამკაცრებენ საკუთარ ხელისუფლებას, ხშირად თავიანთი ახალგაზრდა კოლეგების ხარჯზე.

გასულ კვირაში ჰააგაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ალიანსის ლიდერები, ემანუელ მაკრონის და მეტე ფრედერიქსონის (ორივე 47-47 წლისაა), ჯორჯა მელონის (48 წლის), პედრო სანჩესის (53 წლის) ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების საშუალო ასაკი 60 წელს შეადგენს: გერმანიის კანცლერი 69-ისაა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი - 71 წლის.

ყველა დაეთანხმა სამხედრო ასიგნებათა 5%-იან ზრდას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრო თვითნებურად არის დადგენილი - მისი განხილვა სერიოზული დებატებით არ მომხდარა არც ნატოში და არც წევრი ქვეყნების შიგნით. ამ დროს უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური რეალობას კი არ მიექცა ყურადღება, არამედ ჭირვეული ამერიკელი პატრიარქის პატივისცემას და მის აკვიატებულ მოთხოვნას. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, რომელიც მხოლოდ 58 წლისაა, ისე შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწიწებაში, რომ დონალდს „მამიკოთი“ (Daddy) მიმართა. ეს დიპლომატია არ არის. ეს მორჩილებაა.

თაობათა კონფლიქტი სხვა არენებზეც ხდება: უკრაინის 47 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდება მასზე ბევრად უფროსი ასაკის კოლეგას - რუსეთის 72 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე ასაკის მქონე სი ძინპინი მტრული თვალით უყურებს ტაივანის  პრეზიდენტს, რომელიც კომუნისტ ბელადზე 7 წლით უმცროსია. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წლოვანება საუკუნის სამ მეოთხედს შეადგენს, აუღელვებლად უყურებს ღაზას სექტორის განადგურებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18-20 წელია. ირანში 86 წლის ლიდერი მართავს ქვეყნის 80-მილიონიან მოსახლეობას, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელია. კამერუნელი 92 წლის პრეზიდენტი პოლ ბია 1982 წლიდან იმყოფება იმ ქვეყნის სათავეში, რომლის მცხოვრებლების საშუალო ასაკს 18 წელი შეადგენს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელს.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ გერონტოკრატიული შეთქმულების წინაშე. ჯერ-ჯერობით არც მოხუცი მოქმედი ლიდერების კლუბი არ არსებობს, რომლებიც მსოფლიოს ბატონობას სიცოცხლის ბოლომდე ესწრაფვიან... მაგრამ არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, რომ  მშვიდობა ინგრევა სწორედ იმ ადამიანების მიერ, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდომი არქიტექტურით განისაზღვრა. ალი ჰამენეი 6 წლისა იყო, როცა ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი იაპონიამ ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერეს.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა, როცა გაერომ თავისი პირველი გენერალური ასამბლეის სხდომა ჩაატარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ  დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წელს, როცა ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა და ქვეყნის კონსტიტუცია მიიღეს. ვლადიმერ პუტინი ქვეყანას 1952 წლის ოქტომბერში მოევლინა, იოსებ სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამხანაგი სი ძინპინი - 1953 წლის ივნისში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანი გაჩნდა 1954 წელს, თურქეთის ნატოში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ყველა ჩამოთვლილი პირები ომისშემდგომი ეპოქის ბავშვები არიან და ახლა, როცა თავიანთი სიცოცხლის მიჯნას უახლოვდებიან, ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან იმ მსოფლიოს დასანგრევად, რომლებშიც თვითონ დაიბადნენ. ასთი მოქმედება შურისძიებას ჰგავს.

დიახ, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თეორიულად გარკვეულ წესებს ემყარებოდა, პრაქტიკაში ყოველთვის არეულ-დარეული იყო, ვიდრე ეს ქაღალდზე ჩანდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც იდეალი არსებობდა, რომლის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობდა. არსებობდა საერთო მორალური პრინციპები - დიახ, მყიფე, მაგრამ გულწრფელი, რომელიც იმ რწმენას ემყარებოდა, რომლის მიხედვით, კაცობრიობას აღარ უნდა გაემეორებინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხეცობები და რომ უმჯობესია უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდეს. დღეს ეს რწმენები აორთქლდა, გაქრა და უმეტესად იმ ადამიანთა გონებასა და სულში, რომლებისთვისაც ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და რომელებიც სიკეთის რწმენას ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდნენ.

დღეს უპრეცედენტო მომენტია. წინა მსოფლიო მართლწესრიგის არქიტექტორები - ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი და მაო ძედუნი სულ რაღაც 30-40 წლისანი იყვნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ახალმა თაობამ ახალი მსოფლიო ააშენა, მაგრამ წინა მართლწესრიგის შედეგებს შეეჯახნენ. დრეს ახალი მსოფლიოც ინგრევა იმ ძველი თაობის ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ იცოცხლებენ იმ დრომდე, რათა დაინახონ, როგორი ნანგრევები დარჩება მათი მოქმედებით.

ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა იმის იმედი, რომ თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუგრძელდა, თავიანთი სიკვდილის შემდეგ სიკეთის, პტივისცემის და გლობალური პოზიტიური ხელმძღვანელობის მემკვიდრეობას დატოვებდა. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე უარესი რეპრესიების, ძალადობის, გენოციდების, ეკოციდების და საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად ულმობელი 70-80 წლის მოხუცები სჩადიან და რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იმით არიან დაინტერესებული, რომ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს.

როცა ნელსონ მანდელამ 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „უხუცესები“, რომელიც ყოფილ მსოფლიო ლიდერებს აერთიანებდა. ისინი მუშაობდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. დღეს, მოქმედებენ რა კონსენსუსის ტრადიციებით და წინა თაობების პოლიტიკოსთა საუკეთესო გამოცდილებით, „უხუცესების“ წევრები ითვლებიან იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებს კაცობრიობას მოუტანონ მეტი სინათლე, გამოხატონ თანაზიარობა, იმოქმედონ სინდისით და არა მარტო გავლენითა და ძალით.

პრობლემა მოხუცებულობაში არ არის. პრობლემა იმაშია, თუ როგორი მიზნის მიღწევა სურთ მისი სარგებლობით და რას აძლევენ უპირატესობას. მსოფლიოს არ სურს ისეთი ახალი მოხუცი ძალოვანი პირები, რომლებსაც მმართველის საჭისა და ტახტის დატოვება არ სურთ. მსოფლიოსათვის უკეტესია ის მოხუცი ლიდერები, ის უხუცესები, რომლებიც მზად არიან კომპრომისებისათვის და ადამიანთა ენერგიის სასიკეთოდ წარმართვისათვის. ისინი, ვინც მემკვიდრეობაზე ფიქრობენ არა როგორც პირად დიდებაზე, არამედ როგორც მშვიდობაზე, რომელსაც ისინი თავიათი სიცოცხლის შემდეგ დატოვებენ. ჩვენს დროში გვჭირდება არა ბატონობა, არამედ სიბრძნის გამოვლენა. და ეს, საბოლოო ჯამში, არის ის, რაც მმართველს ლიდერისაგან განასხვავებს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way