USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
„კავკასუს ონლაინის“ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, რეგიონში გეოპოლიტიკური უპირატესობის მოპოვების ერთ-ერთი იარაღია
дата:  2574

სულ ცოტა ხნის წინ, მწვავე დაპირისპირების მიუხედავად, პარლამენტმა რეკორდულად სწრაფად დაამტკიცა "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები. ამიერიდან კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას შეუძლია სატელეკომუნიკაციო სფეროში მოქმედ ყველა ავტორიზებულ და ლიცენზიის მფლობელ პირს სპეციალური მმართველი დაუნიშნოს. მაგალითად, თუ კომპანია აქციების, წილების ან საოპერაციო აქტივების შეძენის შესახებ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს დაარღვევს, კომუნიკაციების კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელსაც ექნება უფლება დანიშნოს ან გაათავისუფლოს კომპანიის დირექტორი ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრები; სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით სადავო გახადოს სპეციალური მმართველის დანიშვნამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომპანიის ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მათი ბათილობა, თუ ამ ქმედებით ან გარიგებით ზიანი ადგება სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს; შეუძლია შეუჩეროს ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა. ცვლილებების თანახმად, სპეციალური მმართველი ანგარიშვალდებულია მხოლოდ კომისიის წინაშე.

მარეგულირებელი კომისია აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანია დაიცვას ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურა, შესაბამისად, როცა ლაპარაკია სატელეკომუნიკაციო კომპანიებზე, იქნება ეს მობილური ოპერატორი თუ ინტერნეტპროვაიდერი, ნებისმიერის საქმიანობა შესაძლოა ჩაითვალოს კრიტიკულად მნიშვნელოვან საქმიანობად და ეს გახდეს სპეციალური მმართველის დანიშვნის მიზეზი.

ამ სკანდალურ კანონპროექტს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე წინ უძღოდა ხმაურიანი ამბავი, რომელიც ეხება "კავკასუს ონლაინის" ერთ-ერთი მფლობელის მიერ წილის 49%-ის გაყიდვას. მარეგულირებელმა არაერთხელ მოსთხოვა კომპანიას წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება, დააჯარიმა კიდეც, თუმცა არაფერი შეცვლილა.

მინი დოსიე: კავკასუს ონლაინი 2006 წელს  წამყვანი საკომუნიკაციო კომპანიების: „კავკასუს ნეთვორქი" (დაარსდა 1998 წელს, ქვეყნის ერთ-ერთი პირველი ინტერნეტ პროვაიდერი), „ჯორჯია ონლაინი“, „სანეტი“ და „ტელენეტის“ გაერთიანებით შეიქმნა. 

2008 წლიდან კავკასუს ონლაინი არის  Tyco Electronics-ის მიერ აშენებული 1,200 კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ერთპიროვნული მესაკუთრე, რომლის საშუალებითაც ევროპიდან სამხრეთ კავკასიისა და კასპიის ზღვის რეგიონში ინტერნეტის ტრანზიტული მიწოდება ხორციელდება.  შავი ზღვის ფსკერზე განთავსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით ევროპიდან აზიისკენ მაღალი ხარისხის ინტერნეტის პირდაპირი მიწოდება გახდა შესაძლებელი.

კავკასუს ონლაინმა მნიშვნელოვანი როლი დაიმკვიდრა საერთაშორისო საბითუმო სეგმენტის მიმართულებით 2010 წელს „საქართველოს რკინიგზის ტელეკომ"-ის შეძენამ კომპანიას საშუალება მისცა შესულიყო მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონში: საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, ასევე ირანსა და ერაყში.

კავკასუს ონლაინი „საქართველოს რკინიგზის ტელეკომის“ (GRT) 100%-იანი წილის მფლობელია, რაც კავკასუს ონლაინის GRT-ის ინფრასტრუქტურაზე  სრულ ხელმისაწვდომობას განაპირობებს, რომელიც 600 კმ-იანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელისგან და ობიექტებთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალისგან, ასევე დამოუკიდებელი 600 კმ-იანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურისგან შედგება. ორივე მაგისტრალი აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში პარტნიორ ქსელებს უკავშირდება ისევე, როგორც ფოთი (საქართველო) - ვარნას (ბულგარეთი) წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს.  შესაბამისად, კავკასუს ონლაინი არის მფლობელი სრულად რეზერვირებული სახმელეთო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურისა საქართველოს მასშტაშტაბით

თავის დროზე "კავკასუსმა" გაყიდა საცალო ქსელი, მაგრამ მის მფლობელობაშია მეტად მნიშვნელოვანი საბითუმო ინტერნეტის ინფრასტრუქტურა შავი ზღვის ფსკერზე. ეს კომპანია არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში ინტერნეტის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მომწოდებელია. თავისი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით ფრანკფურტისა და სოფიის ინტერნეტის მონაცემების გაცვლის ცენტრებთან უშუალო კავშირით "კავკასუს ონლაინი" უზრუნველყოფს საქართველოში მოხმარებული ინტერნეტის 2/3-ს. ამავე კაბელით მარაგდება სომხეთისა და აზერბაიჯანის საცალო ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი. არსებული მონაცემებით, კომპანია ოფშორში რეგისტრირებულ ორ კომპანიას ეკუთვნის. წილები ერთ-ერთი ამ კომპანიის ბენეფიციარმა გაასხვისა. ჩვენი ინფორმაციით, ეს არის ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას 49%-იანი წილი, რომელიც აზერბაიჯანულმა კომპანია "ნექსოლმა" 61 მილიონად იყიდა. მარეგულირებელი "კავკასუსისგან" წილების გასხვისების შესახებ ინფორმაციას ითხოვდა, შემდეგ კი კომპანია სამჯერ დააჯარიმეს საერთო ჯამში 270 ათასი ლარით და წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებაც მოსთხოვეს. დადგა საკითხი კომპანიისთვის ავტორიზაციის შეჩერების შესახებაც. "კავკასუსში" აცხადებენ, რომ კომპანიამ ჯარიმები გადაიხადა და მარეგულირებელს მეწილეების შესახებ ინფორმაციაც მიაწოდა, თუმცა კომისია წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას კვლავ ითხოვს. საქმე სტოკჰოლმის სასამართლომდე მივიდა და მხოლოდ ახლა ვიგებთ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის განცხადებებით, რომ ამ გარიგების შესახებ თურმე ინფორმირებული ყოფილა როგორც ყოფილი პრემიერი ბახტაძე, ისე კომისიის თავმჯდომარე და უკვირს, ახლა რატომ შეიცვალა კომისიის პოზიცია.

სხვათა შორის, ამ გარიგების შესახებ ხელისუფლებასთან კულუარული მოლაპარაკება ბევრ შეკითხვას აჩენს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე, რომელზეც მეთიუ ბრაიზა ლაპარაკობს. ვგულისხმობ ციფრული ჰაბის პროექტს - ლაპარაკია ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების ქსელის შექმნაზე, რომელიც ფრანკფურტიდან შანხაიმდე იქნება გადაჭიმული და "კავკასუს ონლაინის" 1200-კილომეტრიანი კაბელი ამ პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი არ არის მხოლოდ ინტერნეტის წყარო, არამედ პოლიტიკური დატვირთვის მქონე ობიექტია, როგორც ინფორმაციის მაგისტრალური გამტარი. მისით დაინტერესებას რუსეთი კომპანია "ვიმპელკომის" სახით წლების წინ გამოხატავდა. ასევე კაბელის გარშემო განვითარებულ პროცესებს ყურადღებით აკვირდება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ.

ფაქტია, პოლიტიკურად დაინტერესებული მხარის ხელში ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი კაბელი შესაძლოა საინფორმაციო ნაკადების გაკონტროლების მძლავრი მექანიზმი გახდეს. ამიტომაც ადვილი მისახვედრია, ვინ არის შეშფოთებული იმით, რომ სტრატეგიული კაბელის გარკვეული წილი იმ აზერბაიჯანული კომპანიის ხელში აღმოჩნდა, რომელიც ალიევების ოჯახთან ასოცირდება. სომხეთში ინტერნეტმიწოდების დიდი წილი ხომ ამ კაბელით ხორციელდება. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, ამ საკითხში დიდი გეოპოლიტიკური ინტერესები შეეჯახა ერთმანეთს და კანონში შესული ერთი ცვლილება ამ ამბავთან შედარებით რა მოსატანია.

„კავკასუს ონლაინის” ახალი აქციონერი, ასევე ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო ჰოლდონგის მფლობელია, ეს არის „ნექსოლ ჰოლდინგი”. რომელიც მოიცავს სხვადასხვა ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებს. ახლახანს დასრულდა ერთ-ერთი მსხვილი გარიგება უკრაინაში, ამ ჰოლდინგის მიერ მოხდა შესყიდვა უმსხვილესი უკრაინული მობილური ოპერატორის „ვოდაფონ უკრაინა”, რომლის გარიგების ღირებულებამ თითქმის ერთ მილიარდ დოლარს მიაღწია. Neqsol Holding-ი აზერბაიჯანული ენერგო და სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგია. მის შემადგენლობაში შედის ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი მობილური ოპერატორის – BakCell-ის აქტივების 100%-იანი წილი. კომპანიას აზერბაიჯანში 3 მილიონზე მეტი აბონენტი ჰყავს. ბევრად დიდია Neqsol Holding-ის კიდევ ერთი სატელეკომუნიკაციო აქტივის მოცულობა, რომელიც უკრაინაში მდებარეობს. საუბარია Vodafone Ukraine-ზე, რომელსაც 20 მილიონი აბონენტი ჰყავს.

რაც შეეხება აზარბაიჯანული მხარის გეგმას,  რომელიც განაპირებობდა „კავკასუს ონლაინის” წილის შესყიდვის ინტერესს, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს პროექტი თავისი მნიშვნელობით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ტოლფასია, რომელიც ითვალისწინებს, პირდაპირ ევროპიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით, „კავკასუს ონლაინის” ინფრასტრუქტურის გამოყენებით, აზერბაიჯანის, კასპიის ზღვის და ყაზახეთის გავლით, ჩინეთში ინტერნეტის რეალიზაციას, ეს კი აზარბაიჯანის სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესებს შეესაბამება.

იმ ფაქტს, რომ  „კავკასუს ონლაინის“ აქციების კონტროლი აზარბაიჯანის მხარის ინტერესს წარმოადგენს, არც  “ნექსოლ ჰოლდინგი” მალავს, მათი განცხადებით აზერბაიჯანულ კომპანიას, რომელიც საერთაშრისო ბაზარზე ოპერირებს საქართველოში საკმაოდ დიდი გეგმები აქვს და ეს ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელებას უკავშირდება.

200-მილიონიანი პროექტი, რომლის ნაწილიც არის საქართველო, გულისხმობს ევროპიდან საქართველოს გავლით ისტორიული აბრეშუმის გზის პროექტის აღდგენას, ოღონდ ციფრული მიმართულებით. ნექსოლ ჰოლდინგში ამბობენ, რომ აღნიშული პროექტის საქმის კურსში იყო საქართველოს წინა პრემიერმინისტრი და ინფორმაცია წესით ახალ ხელისუფლებასაც უნდა ჰქონდეს.

ასე, რომ ერთი შეხედვით საკითხი, რომელიც მხოლოდ საქართველოს შიდა ბიზნესს სექტორს ეხება, გეოპოლიტიკურ ხასიათს იძენს და აშკარაა, რომ „კავკასუს ონლაინის“  აქციების ყიდვა-გაყიდვა არ არის მხოლოდ ბიზნესს ოპერაცია, ეს რეგიონში გეოპოლიტიკური უპირატესობის მოპოვების და საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების შელახვის მცდელობადაც შეგვიძლია განვიხილოთ.

 

 

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати