საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2026 წლის იანვრის ბოლოსათვის 66.83 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 116.73 მილიონი ლარით, 0.17%-ით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.23%-ით ნაკლები).
საქართველოს ეროვნული ბანკის დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების მიხედვით, დეპოზიტების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 15.81% შეადგინა. იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 687.72 მილიონი ლარით გაიზარდა, ანუ 2.21%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.20%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 804.46 მილიონი ლარით, ანუ 2.24%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 2.35%-ით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2026 წლის იანვრის ბოლოსათვის 52.62% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.35 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.38 პროცენტული პუნქტით) გაიზარდა.
იანვარში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.19% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.07%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.38%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.04%, ხოლო ევროს წილმა 20.21% შეადგინა.
წყარო:https://bm.ge/
ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.
ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.
ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.
გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.