AgriTouch საერთაშორისო აგროსასურსათო კომპანიასთან SanLucar პარტნიორობით, დასავლეთ საქართველოში 180 ჰა-ის მოცვის პლანტაციების გაშენებას გეგმავს. მასშტაბურ პროექტზე, რომელიც საქართველოში SEKOYA-ს პრემიუმ პლატფორმის ფარგლებში ხორციელდება, BM.GE-სთან AgriTouch Group-ის პროექტის ხელმძღვანელმა ეკატერინე ვეფხვაძემ ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტში 30-ჰექტარიან მოცვის ბაღი გაშენდება და პროექტის საწყისი ფაზა თითქმის დასრულებულია, ხოლო საბოლოოდ პლანტაციის ფართობი 100 ჰექტარამდე გაიზრდება. ამასთან, პროექტის ფარგლებში, მოცვის პლანტაციების დამატებით 80 ჰა-ზე გაშენება დასავლეთ საქართველოში სხვა ლოკაციაზეც იგეგმება, თუმცა სად ჯერჯერობით არ კონკრეტდება.
ეკატერინე ვეფხვაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში წარმოებული პრემიუმ ხარისხის ლურჯი მოცვი საერთაშორისო ბაზარზე SanLucar-ის ბრენდის ქვეშ გაიყიდება.
"პროექტი საწყის ეტაპზე 30 ჰა-ს მოიცავს, საიდანაც მინიმუმ 500 ტონა მოცვის მოსავალი უნდა მივიღოთ. ხოლო საბოლოოდ, რამდენიმე წელიწადში, პლანტაციის ფართობი 100 ჰა-მდე გაიზრდება. აქ მოყვანილი მოცვი კი ხილის სახით საერთაშორისო ბაზარზე გაიყიდება. სრულად ჩვენი ინვესტიციით ვახორციელებთ ამ პროექტს, რომელიც რამდენიმე მილიონ ლარს მოიცავს", - თქვა მან.
Sekoya Club დახურული B2B პლატფორმაა, რომელიც მსოფლიოს 12 წამყვან მწარმოებელსა და რიტეილ კომპანიას აერთიანებს და ახალი პრემიუმ ჯიშების გაშენებისა და რეალიზაციის უფლებას მხოლოდ წევრებს ანიჭებს.
"მხოლოდ ამ 12 წევრს შეუძლია ახალი ჯიშების კულტივაცია და რეალიზაცია. ამ წევრებიდან ერთ-ერთი არის "სანლუკარი", რომელსაც სათავო ოფისი ვალენსიაში აქვს. კომპანია ოპერირებს ევროპაში, ლათინურ ამერიკაში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში და წარმოადგენს პრემიუმ სეგმენტის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მოთამაშეს გლობალურ ბაზარზე. ეს არის მსხვილი რიტეილ კომპანია, რომელიც საკუთარი ბრენდის ქვეშ ყიდის ხილსა და ბოსტნეულს“, - აცხადებს ვეფხვაძე.
რაც შეეხება თანამშრომლობის პირობებს, მისი თქმით, ხელშეკრულება 25+ წლიანია და ბაღის სიცოცხლისუნარიანობის პერიოდს მოიცავს.
ვეფხვაძის ინფორმაციით, პროდუქტი ბაზარზე ნედლი სახით გავა, ხოლო ფასი საერთაშორისო ბაზრის კონიუნქტურის მიხედვით განისაზღვრება. პროექტის ფარგლებში სეზონურად მინიმუმ 350-400 ადამიანი დასაქმდება, არასეზონურად კი დაახლოებით 50. აგრონომიულ მხარდაჭერას ესპანელი სპეციალისტები უზრუნველყოფენ.
წყარო:https://bm.ge/
ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე კვირები გვაშორებს და არა თვეები, - ამის შესახებ ისრაელში ვიზიტით მყოფმა ამერიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა განაცხადა.
„ახლა ორი ხაზი არსებობს. ერთი დიპლომატიური ხაზია, რომელიც ამ რეჟიმის დიპლომატიური გზის დასრულებას გულისხმობს, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს. მეორე ხაზი სამხედრო ვარიანტია“, - განაცხადა ლინდსი გრემმა.
მისი თქმით, ირანის რეჟიმი 1979 წლის შემდეგ ყველაზე სუსტ მდგომარეობაშია.
„რეჟიმის ცვლილების რისკი რეალურად არსებობს. ვფიქრობ, ირანელ ხალხს პოტენციალი აქვს იმისა, რომ აშშ-ის, ისრაელისა და რეგიონის დიდებული მოკავშირე გახდეს“, - განაცხადა მან.