რთული სიტუაციაა ჩვენს სამეზობლოში. აზერბაიჯანმა სომხეთს თავისი დე-იურედ კუთვნილი სამი ანკლავის დაცლა მოსთხოვა. ეს ანკლავები 1992 წლიდან სომხეთის მიერ კონტროლდება. საუბარია ბარხუდარლისა და ასკიპარას ანკლავებზე, რომლებიც საქართველოს საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს და კარკის ანკლავზე, რომელიც აზერბაიჯანის ნახიჩევანის პროვინციის სიახლოვესაა. თავის მხრივ, აზერბაიჯანს უკავია არწვაშენის სომხური ანკლავი, რომელიც 1992 წლის აგვისტოში დაიკავა აზერბაიჯანულმა არმიამ. არწვაშენის სიახლოვეს, სომხურ-აზერბაიჯანულ სასაზღვრო სივრცეში მაშინ მცირე მასშტაბის საბრძოლო მოქმედებებიც კი მიმდინარეობდა.
განსაკუთრებით პრობლემური სწორედ აზერბაიჯანის მოთხოვნილი ბარხუდარლისა და ასკიპარას ანკლავებია, რადგან გაურკვეველია როგორ უნდა მოხდეს მათთან დაკავშირება აზერბაიჯანის მხრიდან, მით უფრო რომ აზერბაიჯანსა და ანკლავებს შორის ერთ-ერთი სომხური შიდა მნიშვნელობის გზა გადის, რომელიც თბილისი-ერევნის სხვა მაგისტრალურ გზას უერთდება.
სიტუაცია რთულია ჯერმუკის სომხეთ-აზერბაიჯანის მონაკვეთზეც, სადაც სომხური საკურორტო ქალაქი ჯერმუკის თავზე არსებული სიმაღლეები აზერბაიჯანის სამხედრო ძალებს აქვთ დაკავებული. სომხური მხარე აზერბაიჯანულ ოკუპაციაზე მიუთითებს, ხოლო აზერბაიჯანი ამბობს, რომ ისინი დაუდგენელი საზღვრების პირობებში თავიანთ რუკებს მიუყვებიან და სანამ სამშვიდობო შეთანხმება არ დაიწყება და საზღვრები არ დადგინდება, მანამდე ისინი გააგრძელებენ ამ სიმაღლეებზე ყოფნას. ამ მონაკვეთზე შეტაკებები 2022 წლიდან რამდენჯერმე მოხდა.
დაბოლოს, ჯერ კიდევ გაურკვეველია თუ ზუსტად რა პირობებს ითხოვს აზერბაიჯანი სომხეთის სიუნიქის პროვინციასთან მიმართებით, რომელიც ისტორიული ზანგეზურის ნაწილია. ყველაზე რადიკალური ვერსიით ბაქო მის მიერ კონტროლირებადი გზის შექმნას და ნახიჩევანთან და შემდგომ თურქეთთან დაკავშირებას ცდილობს. ეს ამოცანა სომხეთის ტერიტორიის დაკავების გარეშე მხოლოდ მიწისქვეშა ან ბურჯებიანი გზის გაკეთებით შეიძლება მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ აზერბაიჯანმა ირანის გავლით ნახიჩევანზე ახალი გზის მშენებლობა დააანონსა, მაინც, ამ ბოლო კვირებში სიტუაცია კვლავ დაიძაბა ამ მიმართულებითაც. სომხეთში ფიქრობენ, რომ აზერბაიჯანს სიუნიქის პროვინციის ნაწილის ოკუპაცია უნდა.
ახლა სომხეთში საგარეო პოლიტიკური ძვრები მიმდინარეობს. ერევანი შორდება მოსკოვის ზეგავლენას და გარკვეულწილად პრო-დასავლური პოლიტიკის გატარებას იწყებს. თუმცა სომხეთში სიტუაცია რთულია სხვა მხრივაც - პრო-რუსულ ძალებს არ სურთ ფაშინიანის ხელისუფლებაში დარჩენა. ყარაბაღის სომხური მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს რუსეთისადმი პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონდა, რაც ფაშინიანისათვის გარკვეული პრობლემაა. ახლა მათი უმრავლესობა სომხეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს. ფაშინიანი აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების დადებას ცდილობს, მაგრამ ქვეყნის შიგნით ამ საკითხზე კონსენსუსი არ არსებობს. თავის მხრივ აზერბაიჯანი დასავლეთთანაც აგრძელებს ურთიერთობას და რუსეთთანაც და ქვეყნის შიგნითაც სიტუაცია სტაბილურია, რის გამოც სომხეთზე ზეწოლას თავისუფლად აგრძელებს.
სიტუაცია ჯერ ფეთქებადი არ არის და კრიზისი მოლაპარაკებებით თავისუფლად შეიძლება მოგვარდეს, მაგრამ რეგიონში სიტუაცია იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, მით უფრო რომ რუსეთის ფაქტორი თითქმის სრულად მეორე პლანზეა გადაწეული.
თავის მხრივ, დასავლეთის მხრიდან ყარაბაღთან მიმართებით ვერანაირი ხელშესახები ღონისძიება ვერ იქნა გატარებული, რადგან ყარაბაღი და მის ირგვლივ არსებული ტერიტორიები აზერბაიჯანის სამართლებრივი საკუთრება იყო. გარდა ამისა, წლების განმავლობაში სომხეთში ღიად პრო-რუსული კურსი არსებობდა და რუსული არმიაც იყო წარმოდგენილი. ყველა წარსული მოლაპარაკება კი მაშინ ჩავარდა. ახლანდელი კრიზისები განსხვავებულია. ასე რომ ვნახოთ როგორი იქნება დინამიკა ამ ორ ქვეყანას შორის.
საქართველოსათვის რეგიონში მშვიდობა, კარგი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, რუსეთის ინტერესების უკუგდება და ურთიერთპატივისცემა გვაწყობს.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე