USD 2.7073
EUR 3.1342
RUB 3.3534
Тбилиси
გელა კეტაშვილი: ოლიმპიური ოქროს მედალი რომელიც აფხაზეთის ომისთვის ჩავაბარე ფონდს და სარფის საბაჟოდან გაჰქონდათ, 22 წლის შემდეგ დამიბრუნდა
дата:  2651

გელა კეტაშვილი ერთადერთი ფეხბურთელია ყველა თაობის ცნობილ ქართველ ფეხბურთელთა შორის, ვინც  ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი  მოიპოვა.  თავად ამას, პირველ რიგში  იღბლის წყალობას უმადლის და ამბობს, რომ უამრავმა დიდმა  ფეხბურთელმა დაასრულა კარიერა ისე, რომ ამ საპატიო ტუტულის მოპოვება ვერ შეძლო. ოლიმპიური ოქროს მედლის მიღმა იყო გელა კეტაშვილის წარმატებული საფეხბურთო კარიერა, რომელიც „ნორჩ დინამოელში“ დაიწყო და თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულ გუნდამდე მივიდა, თუმცა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების  და სხვა გარემოებების გამო,  დიდი ფეხბურთი მისთვის ძალიან ადრე - 24 წლის ასაკში დასრულდა, რასაც მრავალი ათეული წლის გასვლის შემდეგაც,  გელა კეტაშვილი სინანულით და გულისტიკივილით იხსენებს.

- 35 წელია ატარებთ ერთადერთი ქართველი ფეხბურთელის სტატუსს, რომელიც ფეხბურთში ოლიმპიური ოქროს მედალის მფლობელია.   როგორ იხსენებთ დღეს იმ თამაშს და განცდას, რაც გქონდათ გამარჯვების  შემდეგ?

- ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი  სამხრეთ კორეაში სეულში,1988 წელს. იმის მიუხედავად, რომ ამდენი წელი გავიდა მახსოვს ის უდიდესი სიხარული, რაც განვიცადე მსაჯის  საფინალო სასტვენის შემდეგ,  თუმცა ეს იყო სევდანარევი სიხარული -  გული დამწყდა იმის გამო, რომ იმ ნაკრებში ერთადერთი ქართველი  ვიყავი და ეს დიდი წარმატება  სხვა  ბიჭებმა ვერ გაიზიარეს. არ მინდოდა მარტო ყოფნა, მაგრამ რას ვიზავდი?! ჩვენ გვყავდა ოლიმპიური თამაშების  პრიზიორები 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადიდან.  მაშინ საბჭოთა კავშირის  პირველ ნაკრებში  თამაშობდნენ რეზო  ჩელებაძე, საშა ჩივაძე და თენგიზ სულაქველიძე, მათ მესამე ადგილი აიღეს. ისე გამოვიდა, რომ ფეხბურთში ოლიმპიური ჩემპიონი მხოლოდ მე ვარ. გუნდში  გვყავდა ქართველი ექიმი  ზურაბ ორჯონიკიძე. მოედანზე შემოვარდა ზურა, ჩამეხუტა და მითხრა: ორი ქართველი ვართ გუნდში და ჩვენ უნდა ვიზეიმოთ ყველას მაგივრადო.    

scale_1200

ტრადიციულად, საბჭოთა კავშირის ნაკრებში ყოველთვის თამაშობდნენ ხოლმე ქართველი ფეხბურთელები, მაგრამ ისე მოხდა, რომ იმ ნაკრებში, რომელიც ანატოლი ბიშოვეცმა წაიყვანა სეულში ქართველი მხოლოდ მე ვიყავი. ანატოლი ბოლოს გამომიტყდა, ისე გენდობოდი, ვიცოდი, რომ ვრისკავდი შენი ტრავმის გამო, მაგრამ სხვა არჩევანზე არ მიფიქრიაო.   

ჩემი ოლიმპიადაზე გამარჯვება ღმერთის ნება იყო. სეულში კოჭმოტეხილი წავედი, თბილისში „შახტიორთან“ თამაშის დროს მომტეხეს ერთხელ უკვე მოტეხილი კოჭი. თვენახევარი იყო დარჩენილი ოლიმპიადამდე. თბილისიდან ფეხმოტეხილი გადამაფრინეს მოსკოვის საავადმყოფოში,  სადაც  დაგვხვდა   ძალიან ცნობილი ექიმი მირონოვი.  გასინჯვის შემდეგ მან ჩვენი გუნდის  ექიმს ზურაბ ორჯონიკიძეს უთხრა:   ორი ვარიანტი არსებობს, სასწრაფო ოპერაცია, რაც გელას  ოლიმპიადაში მონაწილეობას გამორიცხავს   და მეორე  ვარიანტია, ახლავე დავიწყებ ნემსების გაკეთებას, თუმცა ამ შემთხვევაში ფეხზე გავლის ალბათობა  70 - 30 ზე იქნებაო.  არც მიფიქრია,  მაშინვე  დავთანხმდი, რომ ნემსი გაეკეთებინა. დაიწყო მკურნალობის  ინტენსიური კურსი. მოსკოვიდან  იაპონიაში, სადაც  18 დღე აკლიმატიზაცია უნდა გაგვევლო წამიყვანეს „კასტილებით“, რომელიც  იქ იაპონიაში  დავტოვე (იცინის) 

ოლიმპიადაში მონაწილეობა და მით უმეტეს გამარჯვება  სხვა განცდაა და ყველა სპორტმენისთვის განსაკუთრებულია, ალბათ, ოლიმპიადის ტრადიციების,  ისტორიის  გამო. მასშტაბით, ემოციებით ვერც ერთი დიდი ტურნირი ვერ შეედრება.  არ არსებობს ექს ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონისგან განსხვავებით, ექს პრეზიდენტი არსებობს და ექს ოლიმპიური ჩემპიონი არა (იცინის) ერთხელ  სლავა მეტრეველმა მითხრა, ხომ  დიდი ფეხბურთი ვითამაშე, მაგრამ ოლიმპიური ჩემპიონის  ტიტული მაინც სხვა არისო.  ქართველ ფეხბურთელებს გამორჩეული  მიდგომა გვქონდა თამაშის მიმართ, მოედანზე ბოლომდე თავდადება, ჟინი, ალბათ, ამიტომაც იყო, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრებში ბევრ ქართველ ფეხბურთელს იწვევდნენ.  ოლიმპიურ ნაკრებშიც ყოველთვის ბევრი ქართველი ვიყავით.  მახსოვს როდესაც თბილისში დავბრუნდით აეროპორტში ზღვა ხალხი დაგვხვდა.  16 ქართველი ვიყავით საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ გუნდში, 12 მედალი ჩამოვიტანეთ,  აქედან  5 ოქრო - მე, ნინო სალუქვაძემ, დათო გობეჯიშვილმა, ცხონებულმა ვლადიმერ აფციაურმა და ლადო გოგოლაძემ. 

ოლიმპიადის ნახევარფინალი და  ფინალი ძირითადი დრო, თავისი დამატებითი ტაიმებით  ხუთმა ფეხბურთელმა ვითამაშეთ შეუცვლელად. ნახევარფინალში იტალიას შევხვდით, იმ დღეს 23 სექტემბერს  შემისრულდა 23 წელი. მოედანზე გამოაცხადეს, საბჭოთა კავშირის 2 ნომერი იუბილარიაო. ტაში დამიკრა მთელმა მოედანმა.  ჩემი ტრავმის გამო ტკივილები მქონდა, მაგრამ ვითმენდი.   ფინალში მოვუგეთ ბრაზილიას.  ბიშოვეცის დავალება იყო, მე პერსონალურად „დამეჭირა“ რომარიო,  ის უდიდესი ფეხბურთელი, საუკეთესო ფორვარდი  იყო.   სტანდარტულ მდგომარეობებზე მე გადავდიოდი და ტანმაღალ კარიკასს „ვიყვანდი“, რადგან თავით სხვებთან შედარებით კარგად ვთამაშობდი, მაღლა ვხტებოდი.  პირველ ტაიმში  რომარიომ  გოლი  იმ დროს  გაგვიტანა, როდესაც  მე არ ვიყავი მის გვერდით.  ბიშოვეცს მსოფლიო პრესაში ჰქონდა გაცხადებული, რომარიოს პერსონალურად კეტაშვილი ეთამაშებაო. პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელში მაისური გავიძრე და ბიშოვეცს ვუთხარი, ან გამომცვალე, ან ბოლომდე მათამაშე, აქეთ -იქით ნუ მარბენინებ, რიმარიოს გოლი ჩემი მინუსი გამოდის -მეთქი. დამეთანხმა და მეორე ტაიმი და დამატებითი დრო მთლიანად ავიყვანე რიმარიო, რომელმაც მეტი გოლის გატანა ვეღარ შეძლო.   

 - ეს თქვენი სპორტული კარიერის გამორჩეული მატჩია, თუ იყო  თამაშები, რომელიც მეტად გახსოვთ?

-  ეს გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი, თუმცა იყო თამაშები, რომელიც არასდროს დამვიწყებია. მაგალითად,  მახსოვს თბილისის  „დინამოს“ თამაში სოფიის „ლოკომოტივთან“ 1987 წელს უეფას თასზე. ლავიწის  მოტეხილობის გამო   მარჯვენა მხარე თაბაშირში მქონდა.   თამაშამდე სამი დღით  ადრე შემოვიგლიჯე თაბაშირი და შევვარდი  გერმან ზონინთან,  გუნდში  უნდა დამაყენო -მეთქი.  გადაირია, ამ ტრავმით როგორ უნდა ითამაშოო, არ დავანებე თავი და უძლებული გახდა  დავეყენებინე,   26 -  ე  წამზე პენალტი დავდე,  3-0 ანგარიშით მოვიგეთ ის თამაში. შემდეგი თამაში გვქონდა ბრემენის „ვერდერთან“, რომელიც ფრედ დავასრულეთ.   თამაშამდე 15 წუთით ადრე, როდესაც მოედანზე გამოვედით მოთელვაზე, გულშემატკივრებმა ისეთი ოვაციები გამოხატეს  გერმანელები, რომელთაც არ უკვირდათ ქომაგობა, დაიბნენ, გაოცდნენ, რა ხდება აქ სად მოვხვდითო - ამბობდნენ. თამაშის შემდეგ  მთელი სტადიონი ჩამოვიდა გასახდელთან მადლიერების ნიშნად.  ეს ემოცია გამახსენდა ცოტა ხნის წინ ჩვენი ფეხბურთელების ევროპის ჩემპიონატზე თამაშისას,  როდესაც ქართველმა გულშემატკივრმა საოცარი  ქომაგობა აჩვენა.    

ყველა ფეხბურთელს აქვს კარიერაში წარუმატებელი თამაშები, რაც ისევე  ახსოვს, როგორც გამარჯვებები.  არ მავიწყდება   1990 წლის თამაში ფოთის „კოლხეთთან“. ეს იყო პირველი ეროვნული ჩემპიონატი, გახსნა, მაშინ თბილისის „იბერიაში“ ვთამაშობდი,  ბურთი მომეჭრა და ჩემს კარში შევაგდე. კიდევ ერთი თამაში მახსოვს, დნეპროპეტროვსკში, „დნეპრს“ ვხვდებოდით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე. კოკისპირული წვიმა იყო. ანგარიში 0-0. ერთი მარჯვენა ნახევარმცევლი ჰყავდათ, ფიზიკურად ძალიან ძლიერი. ჩემზე ორჯერ დიდი იყო. ჩამოწოდებული ბურთი  მე უნდა მიმეღო და მასთან თამაშში, ბურთი კარისკენ გამეშვა. ოთარ გაბელიამ კუთხურზე გადააგდო, დაცემის მერე წამოდგა და, მაგათ თავი დაანებეთ, კეტაშვილი აიყვანეთ, ეგ ურტყამს ჩვენს კარშიო, გასძახა  ბიჭებს (იცინის)  

ketashvili

  - როგორ დაუკავშირეთ ცხოვრება ფეხბურთს?

- როგორც ყველამ - ყველაფერი უბანში თამაშით დაიწყო. ნახალოვკაში დავიბადე, მაგრამ თემქაზე ვცხოვრობდით. ძალიან მიყვარდა ფეხბურთი. მამაჩემს ტვინი გავუბურღე, გინდა თუ არა ფეხბურთზე მიმიყვანე მეთქი. როგორც კი გამოცხადდა კონკურსი მამამ მიმიყვანა „ნორჩ დინამოელში“, სადაც გავიზარდე როგორც ფეხბურთელი. ჩემი პირველი მწვრთნელი იყო უბრწყინვალესი პიროვნება სერგო აპრესიანი. ნათელში იყოს მისი სული. მეცხრეკლასელი ვიყავი, როდესაც ქუთაისში ვიყავით ჩასულები  „სიჭაბუკის თასზე“, მაშინ 35 ე სკოლის საფეხბურთო კლუბ „სიხარულში“ ვთამაშობდი. ჩვენს თამაშს დაესწრო მაშინდელი „ტორპედოს“ ხელმძღვანელი მურად წივწივაძე. ძალიან მოვეწონე და დამტოვა ქუთაისში, საშუალო სკოლა საღორიაში დავამთავრე, ბაზასთან ახლოს. ორი წელი ვითამაშე ქუთაისის „ტორპედოში“, 1983 წლის ბოლოს გადმომიყვანეს  თბილისის „დინამოში.“  საბედნიეროდ მომიწია თამაში იმ თაობის თითქმის ყველა კარგ ფეხბურთელთან, გარდა დავით  ყიფიანის, რომელიც „დინამოს“ მთავარ მწვრთნელად დანიშნეს და ცხონებული ვიტალი დარასელიასი, რომელიც ახალი გარდაცვლილი იყო,  თუმცა მასთან ახლო ურთიერობა მქონდა იმ პერიოდიდან, როდესაც ქუთაისის „ტორპედოში“ ვთამაშობდი. თბილისის „დინამოში“ გადმოსვლის დროს გუნდში იყვნენ ოთარ გაბელია, საშა  ჩივაძე, ვოვა გუცაევი, თენგიზ სულაქველიძე, ზაურ სვანაძე,  ნოდარ ხიზანიშვილი, რამაზ შენგელია, რომელიც  ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო. მსგავსი ფეხბურთელი იმ პერიოდში საბჭოთა კავშირის ნაკრებს არ ჰყოლია. იმ დროს „დინამოში“ უკვე დაწყებული იყო თაობათა ცვლა, რაც არ მიდიოდა მარტივად, თუმცა თბილისის „დინამოს“ მაინც  შენარჩუნებული ჰქონდა ძველი დიდება. ასაკოვანი ფეხბურთელები უფრო გამოცდილების  ხარჯზე თამაშობდნენ, მათ დავემატეთ ახალგაზრდები: მე, გია გურული, გია ჯიშკარიანი, ცხონებული  მალხაზ არზიანი. ახალ თაობაშიც კარგი ბიჭები გვყავდა. ძალიან მიხარია, რომ  ჩვენმა ნაკრებმა, როგორც იქნა, დიდი პაუზის შემდეგ გაიმეორა ქართული ფეხბურთის დიდი წარმატება, რაც გვქონდა 1981 წლის 13 მაისს და ახლა ასეთი კარგი თამაში აჩვენა უდიდეს ევროპულ ტურნირეზე.  

 - როგორც პროფესიონალი, როგორ აფასებთ ჩვენი გუნდის წარმატებას ევროპის ჩემპიონატზე?  

- ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლის და ჩვენი გუნდის თამაშის შემდეგ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ  ფეხბურთში დიდი წინსვლაა და ღირსეულად გრძელდება  ჩვენი ფეხბურთის დიდი ტრადიცია. ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ფეხბურთის ფედერაციას,  განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მისი აღმატებულება  ქართველი გულშემატკივრი,  რომელიც დაუბრუნდა მოედანს  და რა თქმა უნდა მთავარი - ჩვენი  ბიჭების მონდომება და თავდადება.  საოცარი ბიჭები გვყავს, უკვე ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები არიან  კვარაცხელია  და  მამარდაშვილი, რომლებსაც ძალიან დიდი მომავალი აქვთ. სხვა  ბიჭებიც ძალიან კარგები არიან, შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობენ  ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ჭაკვეტაძე, გიორგი მიქაუტაძე,  დარწმუნებული ვარ, მათ ბევრი წარმატება ელით სპორტულ კარიერაში.

 - როგორ გადაიტანეთ პერიოდი, როდესაც თავი დაანებეთ ფეხბურთს?   როგორ გააგრძელეთ ცხოვრება ფეხბურთის გარეშე?

- სიტყვებით რთულია იმის გადმოცემა, რაც მე გადავიტანე,  როდესაც  ფეხბურთს თავი დავანებე.  ეს იყო ჩემი პირადი ტრაგედია.  მე ძალიან შემიშალა ხელი პოლიტიკურმა  სიტუაციამ, დაემთხვა  90 -იანი წლები,  რომელიც ძალიან რთული  იყო  მთელი ქვეყნისთვის,  ყველა სფეროსთვის, მათ შორის ფეხბურთისთვის.  მქონდა შემოთავაზეზები,  მეთამაშა ევროპულ გრანდებში,   მაგრამ ის მოლაპარაკებები  სხვადასხვა მიზეზების გამო  ჩაიშალა. ჩავიქნიე ხელი, 1991  წელს, ძალიან ადრე ასაკში, 24  წლის ბიჭი  წამოვედი თბილისის „დინამოდან“ და გადავედი ლანჩხუთის „გურიაში“. მერე ცოტა ხანი ვიყავი ისრაელში, სადაც, თამაშის დროს შტანგას დავეჯახე და მძიმე ტრავმა მივიღე. დავბრუნდი საქართველოში, ცოტა ხანს თავდაცვის სამინისტროს გუნდში „თეთრ არწივში“ ვითამაშეთ მე და გრიგოლ ცაავამ, მერე მოვყევი ავტოკატასტროფაში და სამუდამოდ დავემშვიდობე ფეხბურთს. ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. მთელი ჩემი ცხოვრება მომყვება  დარდი, რომ დიდი ფეხბურთი 24 წლის ასაკში დავამთავრე, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ასეთი დიდი ტიტულის მქონე ფეხბურთელმა. ამაში არ დამყვა იღბალი, ცუდ დროს მომიწია ფეხბურთის თამაში. ქვეყანაში ყველაფერი იცვლებოდა.  ოლიმპიადა რომ დამთავრდა, ვალერი ლობანოვსკიმ  გადამიყვანა საბჭოთა კავშირის პირველ ნაკრებში, სადაც 9 თამაში მოვასწარი. ძირითად შემადგენლობაში ვემზადებოდი მსოფლიო ჩემპიონატისთვის.  ლობანოვსკი მეუბნებოდა, გადმოდი 6 თვე  კიევის „დინამოში“,  მსოფლიო ჩემპიონატზე ძირითად შემადგებლობაში დაგაყენებ  და იტალიიდან აღარც წამოგიყვან უკან, იქიდანვე გაგიშვებ რომელიმე დიდ ევროპულ  გუნდშიო. 1990 წელი იყო და აქ  დამბლოკეს.  თუ  კეტაშვილი კიევში წავა, ერის მოღალატედ გამოვაცხადებთო -თქვეს. მაგ პერიოდში ერთდროულად გარდამეცვალა მამა და პაპა, ერთ დღეს დავკრძალე ორივე. ისეთი რაღაცეები შემომითვალეს,  ვერ დავტოვებდი აქაურობას, მათ საფლავებს. ასე დავრჩი აქ და დავამთავრე ოცნება დიდ ფეხბურთზე.

 - როგორც ვიცი, სწორედ იმ პერიოდში დაიკარგა თქვენი ოლიმპიური მედალი, რა ვითარებაში მოხდა ეს ისტორია?  

- ოლიმპიური მედალი მე თვითონ მივიტანე და ჩავაბარე  ხელისუფლების ფონდს, სადაც გროვდებოდა შემოწირულობები აფხაზეთის ომისთვის.  ქვეყანაში გაჭირვება იყო და გამოგადგებათ მეთქი - ვუთხარი. წლები იყო გასული და ჩემი მედალი სარფის საბაჟოზე ჩემმა მეგობარმა ვახტანგ  ქორიძემ აღმოაჩინა, რომელიც ცვლის უფროსი იყო. ვიღაც ქალს გაჰქონდა საზღვარზე. ვახომ იცნო მედალი, ეს კეტაშვილის მედალიაო და ჩამოართვეს იმ ქალს, რომელიც ისე გაიპარა იქიდან,  ვერავინ გაიგო საიდან მოხვდა მასთან ჩემი მედალი.  22 წლის შემდეგ  2013 წელს დამიბრუნდა მედალი, რომელიც მუზეუმში, სადღაც სარდაფში იყო შენახული, დიდი ხანი ვეძებდით და ძლივს მივაგენით.  

- რა დაგიტოვათ ფეხბურთმა, ის რასაც ამდენი წლების შემდეგაც ვერ შეელიეთ?

- ეს პირველ რიგში იყო ხალხის სიყვარული, რასაც დღემდე ვგრძნობ ყველა ფეხის ნაბიჯზე. მადლობელი ვარ ამ  სიყვარულისთვის, რაც შეუფასებელია ფეხბურთელისთვის. აქამდე  მენატრება მოედანი, თამაში. მე გულით, სულით დავრჩი მინდორზე.  ეს  საოცარი განცდაა.  დღემდე, როდესაც თამაშს ვუყურებ, გონებით ვთამაშობ ყველა თამაშს. მე არ გავაგრძელე სამწვრთნელო კარიერა, მწვრთნელის  შრომა ყველაზე დაუფასებელია. რაც არ უნდა ტიტულოვანი მწვრთნელი იყო, ერთ თამაშს წააგებს შენი გუნდი და  ხალხი აუცილებლად გაგინებს.  საყვარელ ფეხბურთელს შეცდომას პატიობენ,  მწვრთნელს - არა. ბედნიერი ვარ, რომ შეცდომების მიუხედავად, ისე დავამთავრე საფეხბურთო კარიერა, ჩემი მისამართით გინება რა გამიგია. მინდა, ასე შეუგინებელი დავრჩე  ქართველი გულშემატკივრისთვის სიცოცხლის ბოლომდე.

მე მქონდა გამორჩეული უნარი - „წამეკითხა“ თამაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა  ფეხბურთელისთვის, მით უმეტეს მცველისთვის,   რაც ბევრს არ  გამოსდიოდა. მე მაგალითად, მქონდა წინასწარი შეგრძნებები, ვიცოდი, სად მოვიდოდა ბურთი, შემეძლო სვლების გათვლა,  აქვე გეტყვით, რომ ბოლომდე ვდებდი თავს მოედანზე.  მე არ მივეკუთვნებოდი იმ ფეხბურთელთა  კატეგორიას, ვინც მინდორზე თავს არიდებდა ორთაბრძოლას და შეჯახებებს, პირიქით,  მე ბოლომდე დაუნდობლად მივდიოდი და ხშირ შემთხვევებში ვისჯებოდი კიდეც.  ჩემი წარმატება იდგა  ჩემს  შრომისმოყვარეობაზე,  ასევე   სისწრაფეზე, ინტუიციაზე,  მაგრამ გადამწყვეტი მაინც იყო  ღმერთის მადლი.  თუ ღმერთმა არ დაგაბეტყა ნიჭი, შესაძლებლობა, ძნელია. ფეხბურთელის ცხოვრებაში ღმერთის ხელი  მაინც უპირველესია. მე ეს იღბალი მერგო, იმის მიუხედავად, რომ ადრე დავამთავრე თამაში, თუმცა  დღეს ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემს გზას ფეხბურთში აგრძელებს ჩემი შვილიშვილი ლევან კეტაშვილი.  ის სულაქველიძის აკადემიაში თამაშობს,  მოედანზე 2 ნომრით გამოდის.  ჩემთვის ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, ლევანი ითამაშებს დიდ ფეხბურთს იმაზე დიდხანს და იმაზე წარმატებით, რაც მე არ გამომივიდა  რთულ 90 -იან წლებში.   თამუნა ნიჟარაძე

Gela-Ketashvili-01-880x440  

Тбилиси
კახა კალაძის განცხადებები 19 ნოემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრების ბოლო წარუმატებელი მატჩები ყველასთვის გულდასაწყვეტია, მაგრამ მთავარი სწორი ანალიზის გაკეთებაა.

„ფეხბურთი არის სპორტი, რომელიც ყველაზე მეტად უყვართ ჩვენს ქვეყანაში. ზოგადად, მსოფლიოში სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა. რაც შეეხება საქართველოს ერივნულ ნაკრებს, ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს ჩვენს ბიჭებს. ეს ის თაობაა, რომელმაც ფეხბურთის სიყვარული განსხვავებულ ნიშნულზე აიყვანა. გვქონდა კარგი თამაშები, ისტორიაში პირველად მოვხვდით ევროპის ჩემპიონატზე. მარცხი ყოველთვის დასანანია. ფეხბურთში, როგორც იტყვიან მოგება და წაგება ძმები არიან. წინასწარ რთულია ისაუბრო იმაზე, რომ ყველა თამაშს მოიგებ. ხდება წარუმატებლობაც.

მინდა, ჩვენს ბიჭებს მივმართო, გული არ გაიტეხოთ. მთავარია, სწორი ანალიზი გაკეთდეს, რა იყო მიზეზი ამ წარუმატებლობისა. შეუძლებელია, ყოველთვის კარგად ითამაშო. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს გიჭერთ, გვერდში გიდგავართ მაშინაც კი, როცა წარუმატებლობაა. რას ვიზამთ, სპორტია. ყველას გვაქვს სურვილი, რომ ნაკრებმა ყოველთვის მოიგოს, მაგრამ ასეც ხდება. გული არ გაიტეხოთ, თავი მაღლა ავწიოთ და გავაკეთოთ ანალიზი, რატომ იყო ჩვენი თამაშები წარუმატებელი და შემართებით მოვემზადოთ შემდეგი ციკლისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ფეხბურთელების მიზანმიმართული შეურაცხყოფა მიმდინარეობს, თუმცა მიუხედავად ამისა, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები მათ გულშემატკივრობას არ შეწყვეტენ.

„ვხედავთ მიზანმიმართულ კამპანიებს ფეხბურთელების, სპორტსმენების მიმართ. ეს დამოკიდებულება ყველა სფეროშია, ხდება ადამიანების შეურაცხყოფა. ვინც ჯანსაღად აზროვნებს და უყვარს ჩვენი ქვეყანა, ყველა თქვენს გვერდითაა. მახსოვს წარუმატებელი პერიოდი, როცა ვერ ვიგებდით თამაშებს და გულშემატკივრების უმრავლესობა, მიუხედავად ნიჰილიზმისა, თქვენს გვერდით იყო, არასდროს მიუტოვებიხართ. ასე იქნება მომავალშიც - სახელმწიფოც და გულშემატკივარიც გვერდით დაგიდგებით, რომ იყოთ წარმატებულები, რადგან თქვენი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზეც გაამახვილა ყურადღება. აღინიშნა, რომ 2026 წლიდან ზოგიერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ჯარიმების ოდენობა გაიზრდება.

მისივე თქმით, ის ჯარიმები, რომლებიც ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებას, მის არასათანადო წესით ტრანსპორტირებას, ბეტონმზიდი მანქანიდან ბეტონის დაღვრას, ასევე, მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის არასწორად განთავსებასა და რეალიზაციას ეხება, დაახლოებით, 5-ჯერ გაიზრდება.

„აღნიშნულ საკითხებზე განსაზღვრული ჯარიმები უკვე მრავალი წელია არსებობს, თუმცა ჯარიმის ეს ოდენობები ვეღარ უზრუნველყოფს პრევენციულ ხასიათს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მოგვემზადებინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ჯარიმები, რომელიც დღეს შეადგენს 500-დან 6 000 ლარამდე, სხვადასხვა დარღვევისთვის გაიზრდება 2 500-დან 30 000 ლარამდე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ სამართალდარღვევებზე ჯარიმების დაკისრება რამდენჯერმე გადავადდა, რათა ამ ბიზნესით დაინტერესებული სუბიექტები სათანადოდ მომზადებულიყვნენ.

„აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებს უნდა მოემზადებინათ სარეალიზაციო ადგილები დადგენილი წესის შესაბამისად. მიმდინარე წლის დასაწყისიდან თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას მათთან ჰქონდა კომუნიკაცია და დეტალურად გავაცანით თუ სად, როგორ და რა პირობებში აქვთ უფლება ამ მასალების განთავსების და შემდეგ რეალიზაციის. მიმდინარე წლის დასაწყისში, კვლავ დავაანონსეთ, რომ ეს წელი იქნებოდა ბოლო საშეღავათო პერიოდი და 2026 წლის 1-ელი იანვრიდან, უკვე დავიწყებდით კონტროლს და არასათანადო წესით რეალიზაციის შემთხვევებს უკვე დავაჯარიმებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, იცვლება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ პირი ადმინისტრაციული საჩივარს არ ჩაიბარებს, აღნიშნული გადაწყვეტილება გამოქვეყნდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და 30-ე დღეს ეს გადაწყვეტილება ჩაითვლება ჩაბარებულად.

თბილისის მერის განმარტებით, ძალიან ბევრია ისეთი შემთხვევა, როცა ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების ჩაბარება საჩივრის ავტორის მიერ არ ხდება.

„მიუხედავად იმისა, თუ რამდენით გაიზრდება ჯარიმები სხვადასხვა სამართალდარღვევაზე, მექანიზმს ბოლომდე ვერ ექნება პრევენციული ხასიათი, თუ პროცესი ბოლომდე არ მივიდა. ჩვენი შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი ჯარიმას რომ გამოწერს და ჩასაბარებლად მიდის, კონკრეტული ობიექტის მეპატრონე არ იბარებს ხოლმე. ეს ყველაფერი, ცხადია, კეთდება მიზანმიმართულად, რადგან თუ ამ გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს პირი, ვერ მოხდება ამ ჯარიმების აღსრულება. შესაბამისად, შეიძლება წლები ისე გავიდეს, რომ პირმა საერთოდ არ ჩაიბაროს ეს გადაწყვეტილება და არც ამ ჯარიმის გადახდა მოუწიოს.

აქედან გამომდინარე, შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, თუ პირი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს დადგენილი წესით, აღნიშნული გადაწყვეტილება გამოქვეყნდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და მისი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ეს გადაწყვეტილება ჩაითვლება ჩაბარებულად. ამის შემდეგ, მუნიციპალიტეტს უკვე შეეძლება, რომ გადაწყვეტილება აღსრულოს, თუ, რა თქმა უნდა, პირი ამის შემდეგ სასამართლოს არ მიმართავს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კიდევ ერთი ცვლილების მიხედვით, ის პირები, რომლებმაც 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე განახორციელეს ტაქსით მომსახურება უნებართვოდ ან სანებართვო პირობების დარღვევით, დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან.

„ტაქსების რეფორმა რამდენიმე ეტაპად განვახორციელეთ: შემოღებულ იქნა მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა; დადგინდა A კატეგორიის ტაქსის ფერის სტანდარტი; აიკრძალა მარჯვენასაჭიანი ავტომობილით მგზავრთა გადაყვანა; დაინერგა მობილური აპლიკაციები ტაქსით მომსახურების პროცესის გამარტივების მიზნით; აუცილებელი გახდა ტაქსის მანათობლის გამოყენება და ა.შ. ბოლოს განხორციელებული ცვლილებებით შეწყდა ნებართვის გაცემაც და ძალაში დარჩა მხოლოდ უკვე აღებული ნებართვები. აღნიშნული გადაწყვეტილებით, პრაქტიკულად უდიდესი ეკონომიკური აქტივი გაუჩნდა თითოეული ნებართვის მფლობელ პირს და მას ეს აქტივი უკვე თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია, განკარგოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, ცვლილებების სრულყოფილად დანერგვა და მათ შორის ტაქსის მძღოლების ადაპტირება რეგულაციებთან გარკვეულ დროს და ენერგიას მოითხოვდა.

„მთელი ამ პროცესის განმავლობაში, რა თქმა უნდა, აქტიური და უშუალო კომუნიკაციები მიმდინარეობდა ამ სფეროთი დაინტერესებულ თითოეულ პირთან. ხდებოდა მათთან შეხვედრები, მოსაზრებების გაცვლა და შეიძლება ითქვას, რომ პროცესი მხარეთა მაქსიმალური ჩართულობით მიმდინარეობდა. ამ პროცესებში იყო შემთხვევები, როცა მგზავრთა ტაქსით გადაყვანა ხორციელდებოდა ნებართვის გარეშე ან სანებართვო პირობების დარღვევით. ამიტომ, მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მანვე მოსახლეობას განუმარტა, რომ 2025 წლის 1-ელი ნოემბრის შემდეგ ჩადენილ სამართალდარღვევებზე უკვე განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები მთელი სიმკაცრით.

„მივმართავ მოსახლეობას, რომ გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული საკითხები. იმედი მაქვს, რომ ყველა ვიმოქმედებთ კანონით დადგენილი წესების ფარგლებში. ამ საკანონმდებლო ცვლილებებს მივაწოდებთ პარლამენტს. აქვე მინდა, ვთხოვო პარლამენტის წარმომადგენლებს, რომ მხარი დაგვიჭირონ ამ საკანონმდებლო ინიციატივებში, რადგან აღნიშნული საკითხები პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია დედაქალაქისთვის. ასევე, მიგვაჩნია, რომ ცვლილებებს, სამართალდარღვევების შემცირების კუთხით, ქმედითი პრევენციული ხასიათიც ექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისის მერია დეველოპერებს ახალ სერვისს შესთავაზებს. კერძოდ, მშენებელს/დეველოპერს მიეცემა შესაძლებლობა, მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში მიმართოს თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას და სამშენებლო ობიექტის სანებართვო პირობებთან შესაბამისობა შეამოწმოს.

თბილისის მერის განმარტებით, ეს არის სამშენებლო სექტორისთვის შეთავაზებული დამატებითი სერვისი, რომელიც მშენებლობის პროცესს ყველა ეტაპზე სანებართვო პირობების თანახმად წარმართავს.

„იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ჩვენთვის სამშენებლო მიმართულება - სწორი სანებართვო პროცესი და მშენებლობების დარღვევის გარეშე წარმოება. ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მშენებლობას ძალიან დიდი პროცენტული მაჩვენებელი უკავია. ამიტომ, ჩვენი მხრიდან აღნიშნული სფერო ყოველთვის მხარდაჭერილია, თუმცა მთავარია, პროცესი მიმდინარეობდეს სწორად, დარღვევების გარეშე. ჩვენ არავის ვუშლით ხელს, განახორციელოს აღმშენებლობა და განვითარება, მაგრამ ეს არ და ვერ მოხდება მწვანე, რეკრეაციული სივრცეების ან სპორტული მოედნების ხარჯზე. იცით, როგორ დავუპირისპირდით იმ მავნე პრაქტიკას, რომელიც წლების განმავლობაში ნორმად იყო მიღებული და არცერთი სამშენებლო ნებართვა არ გაცემულა რეკრეაციული არეალების ხარჯზე. პირიქით, ხელს ვუწყობთ ასეთი სივრცეების ქალაქისთვის დაბრუნებას. პარალელურად, ხელს ვუწყობთ აღნიშნული სექტორის განვითარებასაც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, შემოღებულია ბევრი რეგულაცია, რომლითაც დედაქალაქის მთავრობამ თავისი დამოკიდებულება გაამკაცრა და რის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა აღნიშნულ სფეროში არსებულ გამოწვევებზე პასუხის გაცემა.

„ჩვენს მიერ განხორციელებული ამ ცვლილებებით, უკვე მაქსიმალურად ვახდენთ სამშენებლო დარღვევების პრევენციას. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ თავად მშენებლები, დეველოპერებიც უკვე დაინტერესებულები არიან, რომ სამშენებლო პროცესი წარმართონ დარღვევების გარეშე. გვინდა, ამ მიმართულებით დამატებითი სერვისი შევთავაზოთ სამშენებლო სექტორს. კერძოდ, თუ მშენებელს/დეველოპერს აქვს ეჭვი, რომ თუნდაც მცირედი დარღვევა აქვს მშენებლობაზე, მათ მიეცემათ შესაძლებლობა, მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში მიმართონ მუნიციპალურ ინსპექციას და მოითხოვონ სამშენებლო ობიექტის შემოწმება, რამდენად სწორად მიმდინარეობს მშენებლობის პროცესი და ხომ არ არის ის სანებართვო პირობებთან შეუსაბამო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ ბევრი დეველოპერი ისარგებლებს ახალი სერვისით.

„აღნიშნული სერვისის მიღება დაინტერესებულ პირებს ნებისმიერ დროს შეეძლებათ, რისთვისაც მათ შენობა-ნაგებობის კლასის მიხედვით მოუწვეთ შესაბამისი ოდენობის მოსაკრებლის გადახდა, რომელიც იქნება არაუმეტეს 40 000 ლარისა. დარწმუნებული ვარ, ბევრი ისარგებლებს ამ სერვისით, რაც ხელს შეუწყობს, პირველ რიგში, თავად მშენებლობას, რათა პროცესი იყოს წარმართული სანებართვო პირობების შესაბამისად და თუ სადმე, რომელიმე ეტაპზე ფიქსირდება დარღვევა, მისი გამოსწორება და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა მოხდება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

более
голосование
Кстати