გელა კეტაშვილი ერთადერთი ფეხბურთელია ყველა თაობის ცნობილ ქართველ ფეხბურთელთა შორის, ვინც ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი მოიპოვა. თავად ამას, პირველ რიგში იღბლის წყალობას უმადლის და ამბობს, რომ უამრავმა დიდმა ფეხბურთელმა დაასრულა კარიერა ისე, რომ ამ საპატიო ტუტულის მოპოვება ვერ შეძლო. ოლიმპიური ოქროს მედლის მიღმა იყო გელა კეტაშვილის წარმატებული საფეხბურთო კარიერა, რომელიც „ნორჩ დინამოელში“ დაიწყო და თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულ გუნდამდე მივიდა, თუმცა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების და სხვა გარემოებების გამო, დიდი ფეხბურთი მისთვის ძალიან ადრე - 24 წლის ასაკში დასრულდა, რასაც მრავალი ათეული წლის გასვლის შემდეგაც, გელა კეტაშვილი სინანულით და გულისტიკივილით იხსენებს.
- 35 წელია ატარებთ ერთადერთი ქართველი ფეხბურთელის სტატუსს, რომელიც ფეხბურთში ოლიმპიური ოქროს მედალის მფლობელია. როგორ იხსენებთ დღეს იმ თამაშს და განცდას, რაც გქონდათ გამარჯვების შემდეგ?
- ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი სამხრეთ კორეაში სეულში,1988 წელს. იმის მიუხედავად, რომ ამდენი წელი გავიდა მახსოვს ის უდიდესი სიხარული, რაც განვიცადე მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ, თუმცა ეს იყო სევდანარევი სიხარული - გული დამწყდა იმის გამო, რომ იმ ნაკრებში ერთადერთი ქართველი ვიყავი და ეს დიდი წარმატება სხვა ბიჭებმა ვერ გაიზიარეს. არ მინდოდა მარტო ყოფნა, მაგრამ რას ვიზავდი?! ჩვენ გვყავდა ოლიმპიური თამაშების პრიზიორები 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადიდან. მაშინ საბჭოთა კავშირის პირველ ნაკრებში თამაშობდნენ რეზო ჩელებაძე, საშა ჩივაძე და თენგიზ სულაქველიძე, მათ მესამე ადგილი აიღეს. ისე გამოვიდა, რომ ფეხბურთში ოლიმპიური ჩემპიონი მხოლოდ მე ვარ. გუნდში გვყავდა ქართველი ექიმი ზურაბ ორჯონიკიძე. მოედანზე შემოვარდა ზურა, ჩამეხუტა და მითხრა: ორი ქართველი ვართ გუნდში და ჩვენ უნდა ვიზეიმოთ ყველას მაგივრადო.
ტრადიციულად, საბჭოთა კავშირის ნაკრებში ყოველთვის თამაშობდნენ ხოლმე ქართველი ფეხბურთელები, მაგრამ ისე მოხდა, რომ იმ ნაკრებში, რომელიც ანატოლი ბიშოვეცმა წაიყვანა სეულში ქართველი მხოლოდ მე ვიყავი. ანატოლი ბოლოს გამომიტყდა, ისე გენდობოდი, ვიცოდი, რომ ვრისკავდი შენი ტრავმის გამო, მაგრამ სხვა არჩევანზე არ მიფიქრიაო.
ჩემი ოლიმპიადაზე გამარჯვება ღმერთის ნება იყო. სეულში კოჭმოტეხილი წავედი, თბილისში „შახტიორთან“ თამაშის დროს მომტეხეს ერთხელ უკვე მოტეხილი კოჭი. თვენახევარი იყო დარჩენილი ოლიმპიადამდე. თბილისიდან ფეხმოტეხილი გადამაფრინეს მოსკოვის საავადმყოფოში, სადაც დაგვხვდა ძალიან ცნობილი ექიმი მირონოვი. გასინჯვის შემდეგ მან ჩვენი გუნდის ექიმს ზურაბ ორჯონიკიძეს უთხრა: ორი ვარიანტი არსებობს, სასწრაფო ოპერაცია, რაც გელას ოლიმპიადაში მონაწილეობას გამორიცხავს და მეორე ვარიანტია, ახლავე დავიწყებ ნემსების გაკეთებას, თუმცა ამ შემთხვევაში ფეხზე გავლის ალბათობა 70 - 30 ზე იქნებაო. არც მიფიქრია, მაშინვე დავთანხმდი, რომ ნემსი გაეკეთებინა. დაიწყო მკურნალობის ინტენსიური კურსი. მოსკოვიდან იაპონიაში, სადაც 18 დღე აკლიმატიზაცია უნდა გაგვევლო წამიყვანეს „კასტილებით“, რომელიც იქ იაპონიაში დავტოვე (იცინის)
ოლიმპიადაში მონაწილეობა და მით უმეტეს გამარჯვება სხვა განცდაა და ყველა სპორტმენისთვის განსაკუთრებულია, ალბათ, ოლიმპიადის ტრადიციების, ისტორიის გამო. მასშტაბით, ემოციებით ვერც ერთი დიდი ტურნირი ვერ შეედრება. არ არსებობს ექს ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონისგან განსხვავებით, ექს პრეზიდენტი არსებობს და ექს ოლიმპიური ჩემპიონი არა (იცინის) ერთხელ სლავა მეტრეველმა მითხრა, ხომ დიდი ფეხბურთი ვითამაშე, მაგრამ ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მაინც სხვა არისო. ქართველ ფეხბურთელებს გამორჩეული მიდგომა გვქონდა თამაშის მიმართ, მოედანზე ბოლომდე თავდადება, ჟინი, ალბათ, ამიტომაც იყო, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრებში ბევრ ქართველ ფეხბურთელს იწვევდნენ. ოლიმპიურ ნაკრებშიც ყოველთვის ბევრი ქართველი ვიყავით. მახსოვს როდესაც თბილისში დავბრუნდით აეროპორტში ზღვა ხალხი დაგვხვდა. 16 ქართველი ვიყავით საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ გუნდში, 12 მედალი ჩამოვიტანეთ, აქედან 5 ოქრო - მე, ნინო სალუქვაძემ, დათო გობეჯიშვილმა, ცხონებულმა ვლადიმერ აფციაურმა და ლადო გოგოლაძემ.
ოლიმპიადის ნახევარფინალი და ფინალი ძირითადი დრო, თავისი დამატებითი ტაიმებით ხუთმა ფეხბურთელმა ვითამაშეთ შეუცვლელად. ნახევარფინალში იტალიას შევხვდით, იმ დღეს 23 სექტემბერს შემისრულდა 23 წელი. მოედანზე გამოაცხადეს, საბჭოთა კავშირის 2 ნომერი იუბილარიაო. ტაში დამიკრა მთელმა მოედანმა. ჩემი ტრავმის გამო ტკივილები მქონდა, მაგრამ ვითმენდი. ფინალში მოვუგეთ ბრაზილიას. ბიშოვეცის დავალება იყო, მე პერსონალურად „დამეჭირა“ რომარიო, ის უდიდესი ფეხბურთელი, საუკეთესო ფორვარდი იყო. სტანდარტულ მდგომარეობებზე მე გადავდიოდი და ტანმაღალ კარიკასს „ვიყვანდი“, რადგან თავით სხვებთან შედარებით კარგად ვთამაშობდი, მაღლა ვხტებოდი. პირველ ტაიმში რომარიომ გოლი იმ დროს გაგვიტანა, როდესაც მე არ ვიყავი მის გვერდით. ბიშოვეცს მსოფლიო პრესაში ჰქონდა გაცხადებული, რომარიოს პერსონალურად კეტაშვილი ეთამაშებაო. პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელში მაისური გავიძრე და ბიშოვეცს ვუთხარი, ან გამომცვალე, ან ბოლომდე მათამაშე, აქეთ -იქით ნუ მარბენინებ, რიმარიოს გოლი ჩემი მინუსი გამოდის -მეთქი. დამეთანხმა და მეორე ტაიმი და დამატებითი დრო მთლიანად ავიყვანე რიმარიო, რომელმაც მეტი გოლის გატანა ვეღარ შეძლო.
- ეს თქვენი სპორტული კარიერის გამორჩეული მატჩია, თუ იყო თამაშები, რომელიც მეტად გახსოვთ?
- ეს გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი, თუმცა იყო თამაშები, რომელიც არასდროს დამვიწყებია. მაგალითად, მახსოვს თბილისის „დინამოს“ თამაში სოფიის „ლოკომოტივთან“ 1987 წელს უეფას თასზე. ლავიწის მოტეხილობის გამო მარჯვენა მხარე თაბაშირში მქონდა. თამაშამდე სამი დღით ადრე შემოვიგლიჯე თაბაშირი და შევვარდი გერმან ზონინთან, გუნდში უნდა დამაყენო -მეთქი. გადაირია, ამ ტრავმით როგორ უნდა ითამაშოო, არ დავანებე თავი და უძლებული გახდა დავეყენებინე, 26 - ე წამზე პენალტი დავდე, 3-0 ანგარიშით მოვიგეთ ის თამაში. შემდეგი თამაში გვქონდა ბრემენის „ვერდერთან“, რომელიც ფრედ დავასრულეთ. თამაშამდე 15 წუთით ადრე, როდესაც მოედანზე გამოვედით მოთელვაზე, გულშემატკივრებმა ისეთი ოვაციები გამოხატეს გერმანელები, რომელთაც არ უკვირდათ ქომაგობა, დაიბნენ, გაოცდნენ, რა ხდება აქ სად მოვხვდითო - ამბობდნენ. თამაშის შემდეგ მთელი სტადიონი ჩამოვიდა გასახდელთან მადლიერების ნიშნად. ეს ემოცია გამახსენდა ცოტა ხნის წინ ჩვენი ფეხბურთელების ევროპის ჩემპიონატზე თამაშისას, როდესაც ქართველმა გულშემატკივრმა საოცარი ქომაგობა აჩვენა.
ყველა ფეხბურთელს აქვს კარიერაში წარუმატებელი თამაშები, რაც ისევე ახსოვს, როგორც გამარჯვებები. არ მავიწყდება 1990 წლის თამაში ფოთის „კოლხეთთან“. ეს იყო პირველი ეროვნული ჩემპიონატი, გახსნა, მაშინ თბილისის „იბერიაში“ ვთამაშობდი, ბურთი მომეჭრა და ჩემს კარში შევაგდე. კიდევ ერთი თამაში მახსოვს, დნეპროპეტროვსკში, „დნეპრს“ ვხვდებოდით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე. კოკისპირული წვიმა იყო. ანგარიში 0-0. ერთი მარჯვენა ნახევარმცევლი ჰყავდათ, ფიზიკურად ძალიან ძლიერი. ჩემზე ორჯერ დიდი იყო. ჩამოწოდებული ბურთი მე უნდა მიმეღო და მასთან თამაშში, ბურთი კარისკენ გამეშვა. ოთარ გაბელიამ კუთხურზე გადააგდო, დაცემის მერე წამოდგა და, მაგათ თავი დაანებეთ, კეტაშვილი აიყვანეთ, ეგ ურტყამს ჩვენს კარშიო, გასძახა ბიჭებს (იცინის)
- როგორ დაუკავშირეთ ცხოვრება ფეხბურთს?
- როგორც ყველამ - ყველაფერი უბანში თამაშით დაიწყო. ნახალოვკაში დავიბადე, მაგრამ თემქაზე ვცხოვრობდით. ძალიან მიყვარდა ფეხბურთი. მამაჩემს ტვინი გავუბურღე, გინდა თუ არა ფეხბურთზე მიმიყვანე მეთქი. როგორც კი გამოცხადდა კონკურსი მამამ მიმიყვანა „ნორჩ დინამოელში“, სადაც გავიზარდე როგორც ფეხბურთელი. ჩემი პირველი მწვრთნელი იყო უბრწყინვალესი პიროვნება სერგო აპრესიანი. ნათელში იყოს მისი სული. მეცხრეკლასელი ვიყავი, როდესაც ქუთაისში ვიყავით ჩასულები „სიჭაბუკის თასზე“, მაშინ 35 ე სკოლის საფეხბურთო კლუბ „სიხარულში“ ვთამაშობდი. ჩვენს თამაშს დაესწრო მაშინდელი „ტორპედოს“ ხელმძღვანელი მურად წივწივაძე. ძალიან მოვეწონე და დამტოვა ქუთაისში, საშუალო სკოლა საღორიაში დავამთავრე, ბაზასთან ახლოს. ორი წელი ვითამაშე ქუთაისის „ტორპედოში“, 1983 წლის ბოლოს გადმომიყვანეს თბილისის „დინამოში.“ საბედნიეროდ მომიწია თამაში იმ თაობის თითქმის ყველა კარგ ფეხბურთელთან, გარდა დავით ყიფიანის, რომელიც „დინამოს“ მთავარ მწვრთნელად დანიშნეს და ცხონებული ვიტალი დარასელიასი, რომელიც ახალი გარდაცვლილი იყო, თუმცა მასთან ახლო ურთიერობა მქონდა იმ პერიოდიდან, როდესაც ქუთაისის „ტორპედოში“ ვთამაშობდი. თბილისის „დინამოში“ გადმოსვლის დროს გუნდში იყვნენ ოთარ გაბელია, საშა ჩივაძე, ვოვა გუცაევი, თენგიზ სულაქველიძე, ზაურ სვანაძე, ნოდარ ხიზანიშვილი, რამაზ შენგელია, რომელიც ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო. მსგავსი ფეხბურთელი იმ პერიოდში საბჭოთა კავშირის ნაკრებს არ ჰყოლია. იმ დროს „დინამოში“ უკვე დაწყებული იყო თაობათა ცვლა, რაც არ მიდიოდა მარტივად, თუმცა თბილისის „დინამოს“ მაინც შენარჩუნებული ჰქონდა ძველი დიდება. ასაკოვანი ფეხბურთელები უფრო გამოცდილების ხარჯზე თამაშობდნენ, მათ დავემატეთ ახალგაზრდები: მე, გია გურული, გია ჯიშკარიანი, ცხონებული მალხაზ არზიანი. ახალ თაობაშიც კარგი ბიჭები გვყავდა. ძალიან მიხარია, რომ ჩვენმა ნაკრებმა, როგორც იქნა, დიდი პაუზის შემდეგ გაიმეორა ქართული ფეხბურთის დიდი წარმატება, რაც გვქონდა 1981 წლის 13 მაისს და ახლა ასეთი კარგი თამაში აჩვენა უდიდეს ევროპულ ტურნირეზე.
- როგორც პროფესიონალი, როგორ აფასებთ ჩვენი გუნდის წარმატებას ევროპის ჩემპიონატზე?
- ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლის და ჩვენი გუნდის თამაშის შემდეგ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ ფეხბურთში დიდი წინსვლაა და ღირსეულად გრძელდება ჩვენი ფეხბურთის დიდი ტრადიცია. ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ფეხბურთის ფედერაციას, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მისი აღმატებულება ქართველი გულშემატკივრი, რომელიც დაუბრუნდა მოედანს და რა თქმა უნდა მთავარი - ჩვენი ბიჭების მონდომება და თავდადება. საოცარი ბიჭები გვყავს, უკვე ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები არიან კვარაცხელია და მამარდაშვილი, რომლებსაც ძალიან დიდი მომავალი აქვთ. სხვა ბიჭებიც ძალიან კარგები არიან, შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობენ ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ჭაკვეტაძე, გიორგი მიქაუტაძე, დარწმუნებული ვარ, მათ ბევრი წარმატება ელით სპორტულ კარიერაში.
- როგორ გადაიტანეთ პერიოდი, როდესაც თავი დაანებეთ ფეხბურთს? როგორ გააგრძელეთ ცხოვრება ფეხბურთის გარეშე?
- სიტყვებით რთულია იმის გადმოცემა, რაც მე გადავიტანე, როდესაც ფეხბურთს თავი დავანებე. ეს იყო ჩემი პირადი ტრაგედია. მე ძალიან შემიშალა ხელი პოლიტიკურმა სიტუაციამ, დაემთხვა 90 -იანი წლები, რომელიც ძალიან რთული იყო მთელი ქვეყნისთვის, ყველა სფეროსთვის, მათ შორის ფეხბურთისთვის. მქონდა შემოთავაზეზები, მეთამაშა ევროპულ გრანდებში, მაგრამ ის მოლაპარაკებები სხვადასხვა მიზეზების გამო ჩაიშალა. ჩავიქნიე ხელი, 1991 წელს, ძალიან ადრე ასაკში, 24 წლის ბიჭი წამოვედი თბილისის „დინამოდან“ და გადავედი ლანჩხუთის „გურიაში“. მერე ცოტა ხანი ვიყავი ისრაელში, სადაც, თამაშის დროს შტანგას დავეჯახე და მძიმე ტრავმა მივიღე. დავბრუნდი საქართველოში, ცოტა ხანს თავდაცვის სამინისტროს გუნდში „თეთრ არწივში“ ვითამაშეთ მე და გრიგოლ ცაავამ, მერე მოვყევი ავტოკატასტროფაში და სამუდამოდ დავემშვიდობე ფეხბურთს. ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. მთელი ჩემი ცხოვრება მომყვება დარდი, რომ დიდი ფეხბურთი 24 წლის ასაკში დავამთავრე, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ასეთი დიდი ტიტულის მქონე ფეხბურთელმა. ამაში არ დამყვა იღბალი, ცუდ დროს მომიწია ფეხბურთის თამაში. ქვეყანაში ყველაფერი იცვლებოდა. ოლიმპიადა რომ დამთავრდა, ვალერი ლობანოვსკიმ გადამიყვანა საბჭოთა კავშირის პირველ ნაკრებში, სადაც 9 თამაში მოვასწარი. ძირითად შემადგენლობაში ვემზადებოდი მსოფლიო ჩემპიონატისთვის. ლობანოვსკი მეუბნებოდა, გადმოდი 6 თვე კიევის „დინამოში“, მსოფლიო ჩემპიონატზე ძირითად შემადგებლობაში დაგაყენებ და იტალიიდან აღარც წამოგიყვან უკან, იქიდანვე გაგიშვებ რომელიმე დიდ ევროპულ გუნდშიო. 1990 წელი იყო და აქ დამბლოკეს. თუ კეტაშვილი კიევში წავა, ერის მოღალატედ გამოვაცხადებთო -თქვეს. მაგ პერიოდში ერთდროულად გარდამეცვალა მამა და პაპა, ერთ დღეს დავკრძალე ორივე. ისეთი რაღაცეები შემომითვალეს, ვერ დავტოვებდი აქაურობას, მათ საფლავებს. ასე დავრჩი აქ და დავამთავრე ოცნება დიდ ფეხბურთზე.
- როგორც ვიცი, სწორედ იმ პერიოდში დაიკარგა თქვენი ოლიმპიური მედალი, რა ვითარებაში მოხდა ეს ისტორია?
- ოლიმპიური მედალი მე თვითონ მივიტანე და ჩავაბარე ხელისუფლების ფონდს, სადაც გროვდებოდა შემოწირულობები აფხაზეთის ომისთვის. ქვეყანაში გაჭირვება იყო და გამოგადგებათ მეთქი - ვუთხარი. წლები იყო გასული და ჩემი მედალი სარფის საბაჟოზე ჩემმა მეგობარმა ვახტანგ ქორიძემ აღმოაჩინა, რომელიც ცვლის უფროსი იყო. ვიღაც ქალს გაჰქონდა საზღვარზე. ვახომ იცნო მედალი, ეს კეტაშვილის მედალიაო და ჩამოართვეს იმ ქალს, რომელიც ისე გაიპარა იქიდან, ვერავინ გაიგო საიდან მოხვდა მასთან ჩემი მედალი. 22 წლის შემდეგ 2013 წელს დამიბრუნდა მედალი, რომელიც მუზეუმში, სადღაც სარდაფში იყო შენახული, დიდი ხანი ვეძებდით და ძლივს მივაგენით.
- რა დაგიტოვათ ფეხბურთმა, ის რასაც ამდენი წლების შემდეგაც ვერ შეელიეთ?
- ეს პირველ რიგში იყო ხალხის სიყვარული, რასაც დღემდე ვგრძნობ ყველა ფეხის ნაბიჯზე. მადლობელი ვარ ამ სიყვარულისთვის, რაც შეუფასებელია ფეხბურთელისთვის. აქამდე მენატრება მოედანი, თამაში. მე გულით, სულით დავრჩი მინდორზე. ეს საოცარი განცდაა. დღემდე, როდესაც თამაშს ვუყურებ, გონებით ვთამაშობ ყველა თამაშს. მე არ გავაგრძელე სამწვრთნელო კარიერა, მწვრთნელის შრომა ყველაზე დაუფასებელია. რაც არ უნდა ტიტულოვანი მწვრთნელი იყო, ერთ თამაშს წააგებს შენი გუნდი და ხალხი აუცილებლად გაგინებს. საყვარელ ფეხბურთელს შეცდომას პატიობენ, მწვრთნელს - არა. ბედნიერი ვარ, რომ შეცდომების მიუხედავად, ისე დავამთავრე საფეხბურთო კარიერა, ჩემი მისამართით გინება რა გამიგია. მინდა, ასე შეუგინებელი დავრჩე ქართველი გულშემატკივრისთვის სიცოცხლის ბოლომდე.
მე მქონდა გამორჩეული უნარი - „წამეკითხა“ თამაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა ფეხბურთელისთვის, მით უმეტეს მცველისთვის, რაც ბევრს არ გამოსდიოდა. მე მაგალითად, მქონდა წინასწარი შეგრძნებები, ვიცოდი, სად მოვიდოდა ბურთი, შემეძლო სვლების გათვლა, აქვე გეტყვით, რომ ბოლომდე ვდებდი თავს მოედანზე. მე არ მივეკუთვნებოდი იმ ფეხბურთელთა კატეგორიას, ვინც მინდორზე თავს არიდებდა ორთაბრძოლას და შეჯახებებს, პირიქით, მე ბოლომდე დაუნდობლად მივდიოდი და ხშირ შემთხვევებში ვისჯებოდი კიდეც. ჩემი წარმატება იდგა ჩემს შრომისმოყვარეობაზე, ასევე სისწრაფეზე, ინტუიციაზე, მაგრამ გადამწყვეტი მაინც იყო ღმერთის მადლი. თუ ღმერთმა არ დაგაბეტყა ნიჭი, შესაძლებლობა, ძნელია. ფეხბურთელის ცხოვრებაში ღმერთის ხელი მაინც უპირველესია. მე ეს იღბალი მერგო, იმის მიუხედავად, რომ ადრე დავამთავრე თამაში, თუმცა დღეს ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემს გზას ფეხბურთში აგრძელებს ჩემი შვილიშვილი ლევან კეტაშვილი. ის სულაქველიძის აკადემიაში თამაშობს, მოედანზე 2 ნომრით გამოდის. ჩემთვის ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, ლევანი ითამაშებს დიდ ფეხბურთს იმაზე დიდხანს და იმაზე წარმატებით, რაც მე არ გამომივიდა რთულ 90 -იან წლებში. თამუნა ნიჟარაძე