USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
თბილისი
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): „სიტუაცია რთულია, მაგრამ სული ჯერ არ ამოგვსლია...“
თარიღი:  436

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ინტერვიუ მისცა დიდი ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიას „ბი-ბი-სი“-ს (BBC) რუსულ სამსახურს, რომელიც გამოქვეყნებულია სათაურით „სიტუაცია რთულია, მაგრამ სული ჯერ არ ამოგვსლია...“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა ინტერვიუში, რუსეთთან ომში დამარცხება მესამე მსოფლიო ომის დაწყებას ნიშნავს. მან მოუწოდა აშშ-ის კონგრესს რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს კანონპროექტი უკრაინის დახმარების თაობაზე, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოდან დაბლოკილი რჩება.

დენის შმიგალმა აღნიშნა, რომ იგი „ფრთხილი ოპტიმიზმით“ უყურებს საკანონმდებლო პაკეტის მხარდაჭერას, რომელიც უკრაინისათვის 61 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

„დაგვეხმარეთ! თუ დავმარცხდებით, მესამე მსოფლიო ომი დაიწყება“

ამას წინათ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინის შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა შაბათს, 20 აპრილს გაიმართება. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკვე განაცხადა, რომ იგი კანონპროედქტს მხარს მტკიცედ უჭერს. თეთრი სახლის მეთაურმა განაცხადა, რომ იგი დაუყონებლივ ხელს მოაწერს წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ კანონპროექტს, რომ დოკუმენტი რაც შეიძლება სწრაფად შევიდეს ძალაში: „ამით ჩვენ მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მხარს ვუჭერთ!“.

როგორც დენის შმიგალი ამბობს ინტერვიუში, „ჩვენ ამ საკითხზე კონგრესმენებს ვესაუბრეთ და ყველა ოპტიმისტურად თვლის, რომ კანონპროექტი მიღებული იქნება. რასაკვირველია, ჩვენც ვიზიარებთ ასეთ განწყობას. ეს ფული დიდი ხანია გვჭირდება, რადგან ფრონტზე რთული მდგომარეობაა შექმნილი. გვჯერა, რომ ჩვენი მთავარი მოკავშირის სამხედრო დახმარებით სიატუაცია გამოსწორდება“.

„თუ უკრაინა დაეცემა, უსაფრთხოების მსოფლიო სისტემაც დაინგრევა და კაცობრიობას უსაფრთხოების ახალი სისტემის შექმნა-ძიება მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიოში უამრავი კონფლიქტი გაჩნდება და საბოლოო ჯამში მესამე მსოფლიო ომის წინაშე აღმოვჩნდებით“, - თვლის უკრაინის პრემიერ-მინისტრი, - „ჩვენი საერთო ამოცანაა დავიცვათ დემოკრატიული ფასეულობები, დავიცვათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ცამოყალიბებული უსაფრთხოების გლობალური სისტემა, რომ ევროპაში გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობა შენარჩუნდეს“.

უკრაინას ადრეც ბევრჯერ გაუკეთებია გამაფრთხილებელი განცხადება, რომ თუ რუსეთი ომს მოიგებს, შემდეგ კრემლი პოლონეთში შეიჭრება, რაც მესამე მსოფლიო ომის დაწყების მანიშნებელი იქნება. მსგავს ვარაუდებს გამოთქვამენ აშშ-ისა და ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებიც.

კრემლი ასეთ განცხადებებს „სასაცილოდ“ თვლის. მარტის თვეში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კიეველი და დასავლელი პოლიტიკოსების ვარაუდს, რომ „ერთ მშვენიერ დღეს რუსეთის არმია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შეიჭრებაო“, „სრული აბდაუბდა“ უწოდა.

უკრაინის სამი პრიორიტეტი

უკრაინა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იარაღის მიწოდებაზე აშშ-დან და დასავლეთის სხვა ქვეყნებიდან, რომლის გარეშე კიევისათვის ძალიან რთული იქნება ბრძოლის გაგრძელება რუსეთთან - მოწინააღმდეგესთან, რომელსაც უპირატესობა აქვს როგორც ცოცხალ ძალაში (მოსახლეობის ბევრად მეტი რაოდენობის გამო), ასევე საბრძოლო მასალებში და სამხედრო ტექნიკაში.

სამშაბათს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკული მაუწყებლისათვის - PBS-სისათვის მიცემულ ინტერვიუში ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას აშშ-ის დახმარების გარეშე მტერზე გამარჯვების შანსი არ აქვს. „მე სრულიად გულახდილად ვამბობ, რომ ამერიკული დახმარების გარეშე ვერ გავიმარჯვებთ. ომში აუცილებელია მტერზე ძლიერი ვიყოთ. დღეს რუსეთი ჩვენ რომ 10 საარტილერიო ჭურვს გვესვრის, ჩვენ მხოლოდ ერთის გასროლა შეგვიძლია. განა ასეთ სიტუაციაში თავდაცვას შევძლებთ? ვერ შევძლებთ. ჩვენ გვინდა, რომ შეფარდება იარაღში ათი ათზე იყოს“.

ეს პოზიცია გამოხატა პრემიერმა დენის შმიგალმა BBC-სთან ინტერვიუშიც. მან დაასახელა სამი მთავარი პრიორიტეტი უკრაინისათვის, დასავლელი მოკავშირეების დახმარების თვალსაზრისით.

„პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინული ქალაქებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დასაცავად. ცვენ არ უნდა მივცეთ რუსებს ჩვენი ეკონომიკის დანგრევის გაგრძელების შესაძლებლობა. მეორე პრიორიტეტი - საარტილერიო ჭურვები. ჩვენი მებრძოლები მოუთმენლად ელოდებიან მიწოდებას და გვეუბნებიან, რომ თუ ჭურვები მოგვცემთ და ამ მხრივ რუსეთთან პარიტეტი აღდგება, აუცილებლად გავიმარჯვებთო.

და მესამე მნიშვნელოვანი მომენტი: ავიაგამანადგურებელი „ფალკონი“ - F-16. ჩვენ გვჭირდება უკრაინის ცის დაცვა. დღეს რუსეთი ავიაციაში უპირატესობას ფლობს. ისინი 300 თვითმფრინავს იყენებენ, ჩვენ კი არცერთი აღარ გვაქვს. ამიტომ F-16-ები ჰაერივით გვჭირდება“.

რთული სიტუაცია ფრონტზე

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ფრონტზე ვითარება უკრაინის არმიისათვის მძიმე რჩება.

თებერვლის თვეში უკრაინულმა სამხედრო ქვედანაყოფებმა ქალაქი ავდეევკა დატოვეს, რომელსაც ისინი 2014 წლიდან იცავდნენ. გენერალმა ალექსანდრე ტარნავსკიმ, რომელიც უკრაინის არმიის უკანდახევას ხელმძღვანელობდა, აღნიშნა, რომ საარტილერიო საბრძოლო მასალებში თანაფარდობა, რუსებთან შედარებით, ერთი ათზეა. მისი აზრით, რამდენიმეთვიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ განხორციელებული „ორგანიზებული უკანდახევა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო შექმნილ სიტუაციაში“.

ქალაქ ავდეევკის დაკარგვა უკრაინისათვის ყველაზე მძიმე დანაკარგი იყო ბახმუტის შემდეგ, საიდანაც კიევმა ჯარი 2023 წლის მაისში გაიყვანა.

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, გენერალმა  სერ რიჩარდ ბარონსმა ამას წინათ განაცხადა, რომ თუ უკრაინა იარაღითა და საბრძოლო მასალებით არ იქნება უზრუნველყოფილი, ამ ზაფხულს კიევი დამარცხდება: „ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ფრონტზე უპირატესობა აქვს თითქმის ყველანაირ იარაღში - არტილერიაში, ავიაციაში, საბრძოლო მასალებში და ცოცხალ ძალაშიც. უკრაინელებს განწყობა უფუჭდებათ და ჰგონიათ, რომ ვერ გაიმარჯვებენ. და როცა ეს მოხდება, ვიღას მოუნდება ბრძოლა და დაღუპვა?“.

„ომს არ წავაგებთ“

თუმცა დენის შმიგალი მაინც დარწმუნებულია, რომ უკრაინა გაუძლებს და გადარჩება: „ფრონტზე მძიმე მდგომარეობაა შექმნილი, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩვენ ჯერ ცოცხლები ვართ და სული ჯერ არ ამოგვსვლია. დიახ, დავიღალეთ და ეს გასაგებია - ომი უკვე მესამე წელია მიმდინარეობს, მაგრამ ველოდებით იარაღს, საბრძოლო მასალებს, რომ ბრძოლა გავაგრძელოთ“.

„ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სიცოცხლისათვის, ჩვენი მიწისათვის და ოჯახების გადასარჩენად. მე ვერ წარმომიდგენია, რომ ჩვენ ამ ომს წავაგებთ““, - ასკვნის დენის შმიგალი ინტერვიუში.

წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/c0w0zrkg3y1o

 

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.