USD 2.6071
EUR 2.9911
RUB 3.0972
Тбилиси
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): „210-კილომეტრიანი მოგზაურობა „დედამიწის ყველაზე ლამაზ ადგილზე“ (საქართველოს სამხედრო გზის შესახებ)
дата:  1334

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სი“-ს (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია (ნარკვევი) სათაურით „210-კილომეტრიანი მოგზაურობა „დედამიწის ყველაზე ლამაზ ადგილზე“ (ავტორი - სუმია გაიატრი, წარმოშობით ინდოელი ჟურნალისტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოს სამხედრო გზა, რომლითაც ვაჭრები და დამპყრობლები უძველესი დროიდან სარგებლობდნენ, ტრადიციულად ადამიანებისათვის იდეების გამტარებელიც იყო.

ჩვენი ავტომანქანა ახლა სამხედრო გზაზე მიჰქრის, 210-კილომეტრიან მარშრუტზე, კავკასიის მთების მიხვეულ-მოხვეულ მაგისტრალზე. ჩვენ გვხვდება დიდებული ხეობები ხმაურიანი მდინარეებით, ლამაზი სოფლები, რომლებიც კლდეების პირას არიან გაშენებულნი. აქა-იქ ჰორიზონტზე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიების მიმზიდველი ცილინდრული გუმბათები მოჩანს, ხოლო ავტობუსის გაჩერებებზე ჯერ კიდევ შემორჩენილია საბჭოური დროის ფერადი მოზაიკა. ერთ-ერთ გაჩერებაზე არსებულ კაფეში მომღიმარე მზარეული ქართული ხინკლით სავსე თეფშს მაწვდის, ქვემოთ კი ცისფრად მოელვარე არაგვი მოჩანს.

„საკვირველია, მაგრამ ფაქტია - საქართველოს ამ ნაწილს ტურისტების მცირე ნაწილი თუ სტუმრობს... არადა, ეს არის დედამიწის ყველაზე ლამაზი და ჩემთვის საყვარელი ადგილი“, -  ამბობს ტაქსის მძღოლი მირიან თაკვარელია, რომელიც ადგილობრივ სამოგზაურო კომპანიას GoTrip Georgia-ს ჰყავს დაქირავებული საქართველოში უცხოელი ტურისტების მრავალდღიანი მოგზაურობისთვის, - „კავკასია რომ შეგიყვარდეს, საკმარისია აქ მხოლოდ ერთხელ ჩამოხვიდე და დაათვალიერო“.

როცა მირიანს ვეკითხები - დიდი ხანია ტურისტები საქართველოს სამხედრო გზის დასათვალიერებლად დაგყავს-მეთთქი, იგი იღიმება: „ძალიან დიდი ხანია, თითქმის 15 თუ 16 წელი“.

geo_2

შესაძლოა სხვა ქვეყნებში „15 თუ 16 წელი“ არაფერს ნიშნავს, მაგრამ საქართველოში, სამხრეთ კავკასიაში მდებარე ქვეყანაში, ეს პერიოდი რუსეთთან 2008 წლის ხუთდღიანი ომის დასრულებიდან იწყება, რომლმაც თავისი კვალი დაამჩნია სამხედრო გზასაც - საქართველო 1921-1991 წლებში საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი იყო და გზა, რომელიც ქართულ თბილისს რუსულ ვლადიკავკაზთან აკავშირებდა, ერთადერთ სახმელეთო მარშრუტად ითვლებოდა საქართველოსა და რუსეთს შორის.

კავკასიურ საქართველოს კონფლიქტებისა და ომების დიდი ისტორია აქვს. ეს უძველესი ქვეყანა არაერთხელ ყოფილა რომაელების, ოსმანების, სპარსელებისა და რუსების თავდასხმების მსხვერპლი - თავისი სტრატეგიული მდებარეობის გამო, ევროპასა და აზიას შორის. საქართველოს ტერიტორიაზე, კავკასიონის სამხრეთ ვაკეზე გადიოდა აგრეთვე უძველესი საქარავნო გზა, რომელიც ორ კონტინენტს აერთიანებდა - მას ჯერ კიდევ ბერძენი სტრაბონი უწოდებდა „კავკასიის კარიბჭეს“ (Porta Caucasica) და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა იმპერიებს შორის ჯარების გადასროლაში შემტევითი ოპერაციებისათვის.

მე-18 საუკუნიდან მოყოლებული, როცა რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის გეორგიევსკში ხელშეკრულება დაიდო, რუსებმა „კავკასიის კარიბჭე“ იმ დროისათვის საკმაოდ კეთილმოწყობილ სამხედრო მაგისტრალად გადააქციეს, რომელსაც შესაბამისად მოგვიანებით „საქართველოს სამხედრო გზა“ ეწოდა. ამ გზის მეშვეობით რუსეთის არმიები მე-19 საუკუნეში (კავკასიის ომების პერიოდის ჩათვლით) ებრძოდნენ დაუმორჩილებელ კავკასიის ხალხებს და ადგილობრივ მიურიდებს.

სამხედრო ისტორიის გარდა, კავკასიის კარიბჭეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუქნცია ჰქონდა - ის იყო „აბრეშუმის დიდი გზის“ - ჩინეთისა და ევროპული ხმელთაშუაზღვისპირეთის დამაკავშირებელი ერთ-ერთი განშტოება. აქ გადიოდნენ ქარავნები, რომლებიც დატვირთულნი იყვნენ ჩინური აბრეშუმით, აღმოსავლური სანელებლებით და ძვირფასეულობით, ხოლო ძველი გეოგრაფები სტრაბონი და პლინიუს-უფროსი აღფრთოვანებულნი იყვნენ ამ გზის ბუნებრივი სილამაზით. დრესაც გზა ძალზე აქტიურად მუშაობს, რომლითაც გადაიტანება ყველაფერი - იაფფასიანი [თურქული] პროდუქციიდან დაწყებული, [ქართული ღვინით] და სომხური ყვავილებით დამთავრებული, კავკასიის რეგიონის ფარგლებში.

(პუბლიკაციაში ფართოდა არის გადმოცემული მცხეთის ღირსშესანიშნაობების შესახებ, ხაზგასმულია ქალაქის, როგორც რელიგიური ცენტრის მნიშვნელობა, რომლის ტაძრები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ავტორი ვრცლად საუბრობს სვეტიცხოველის ტაძარზე, ჯვრისა და სამთავროს მონასტრებზე, მირიან მეფეზე და დედოფალ ნანაზე...).

მცხეთის დათვალიერების შემდეგ კავკასიის ქედის სიღრმეში შევდივართ. გზის პირზე რამდენიმე მოზაიკურ პანოს ვხედავ და მძღოლს მანქანას ვაჩერებინებ, რათა ოდესღაც ლამაზი, ახლა კი ფილებაცვენილი კერამიკული ფერადი პანო ვნახო - ლომებით, მითიური ფრინველებით და ზღაპრული არსებებით - წითელი, ლურჯი და ყვითელი ფერებით.

„იცი, საქართველოს სამხედრო გზაზე უამრავი მოზაიკური პანოა, განსაკუთრებით ავტობუსების გაჩერებაზე, თუმცა ქართველები მათ არ სწყალობენ და არ ათვალიერებენ“, - მეუბნბა მირიანი.

geo_3

სამხედრო გზაზე მდებარე მოზაიკური ძეგლები მეოცე საუკუნის მეორე ნახევარშია შექმნილი. იმ დროს ეს ხელოვნება პოლიტიკური და კულტურული იდეების პროპაგანდისათვის გამოიყენებოდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში, მაგრამ დიდი საბჭოეთის დაშლის შემდეგ, ეს ხელოვნებაც ჩაკვდა. დღეს ქართული მოზაიკური ძეგლების უმეტესობა ან საერთოდ გამქრალია, ან ნანგრევებიღაა დარჩენილი.

იგრძნო რა ჩემი ინტერესი საქართველოს საბჭოური პერიოდის მოზაიკური ხელოვნების მიმართ, მირიან თაკვარელიამ შემომთავაზა მოგვენახულებინა მცხეთასთან ახლოს, კურორტ ცხვარიჭამიაში მდებარე ყოფილი პიონერთა ბანაკი „ცისკარი“, სადაც ჯერ კიდევ ბევრი მსგავსი მოზაიკური ხელოვნების ძეგლია შემორჩენილი. რაც უფრო ვიახლოვდებოდით ყოფილ ბანაკს, გზის პირზე სულ უფრო ბევრი ლამაზი მოზაიკური პანო გვხვდებოდა, რომლებიც ქართულ დღესასწაულებს და ხალხის ცხოვრებას ასახავდა, პიონერის ფორმაში გამოწყობილ ბავშვებს, რომლებიც ყვავილებს აგროვებენ... სამწუხაროდ, თვითონ ბანაკი ცარიელი და მიტოვებულია.

„ემოციები შემოინახეთ - თქვენ ჯერ კიდევ არ გინახავთ საქართველოს მთავარი მოზაიკა“, - მეუბნება მირიანი, რომელსაც მხედველობაში აქვს საქართველო-რუსეთის მეგობრობის ამსახველი მოზაიკური ძეგლი. ჩვენ მივემართებით გუდაურისაკენ, მაგრამ ჯერ ფასანაურში ვჩერდებით, სადაც უგემრიელეს ხინკალს მივირთმევთ. ამბობენ, რომ ფასანაური ხინკლის სამშობლოა - თურმე სწორედ ამ ლამაზ სოფელში მოამზადეს პირველად ხორცისა და ფქვილის ცომის შესანიშნავი საჭმელი.

 „ფასანაურის ხინკალი - ეს არის ცომის, ხორცისა და წვნიანის იდეალური ბალანსი, რომელიც პირში პირდაპირ ფეთქდება და საოცარ გემოს გრძნობ“, - ამბობს მირიანი და ხინკლის ჭამას მასწავლის, - თუ თავს არ დაღუნავ და ხინკალს ისე შეჭამ, წვენი დაიღვრება, რაც დაუშვებელია“.

დღის მეორე ნახევარში სწორედ იმ ცნობილ მოზაიკას ვათვალიერებ - „საქართველო-რუსეთის მეგობრობის ძეგლს“ - ბეტონის კოლოსალურ ნაგებობას, რომელიც თავდაპირველად, ერთი შეხედვით, თვალში ნეგატიურად  ეჩხირება მნახველს, კავკასიის მტების მომხიბლავი პეიზაჟის ფონზე, მაგრამ როგორც კი მიუახლოვდები, ბევრ საინტერესოს აღმოაჩენ რუსეთ-საქართველოს „მეგობრობის“ ისტორიიდან, საბჭოური ეპოქის შესაბამისად. (...)

მოგზაურობის ბოლო დღეს მირიან თაკვარელიამ ყველგანმავალი იქირავა და შორეულ თრუსოს ხეობაში წამიყვანა, რომელიც საქართველოს სამხედრო გზიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით არის და რომელსაც ჩრდილოეთიდან რუსეთი ესაზღვრება, დასავლეთიდან კი - საქართველოს სეპარატისტული რეგიონი „სამხრეთ ოსეთი“. თრუსოს ხეობა სტეფანწმინდიდან 22 კილომეტრზე მდებარეობს, მაგრამ მთის რთული გზით იქამდე მისაღწევად ორი საათი დაგვჭირდა.

თრუსო შთამბეჭდავი სანახავია, საოცრად ლამაზი. ხეობაში ბევრია მიტოვებული სოფლები და შუა საუკუნეების სადარაჯო კოშკები. მოწითალო მთები და მწვანე მდელოები მდინარე თერგის ნაპირებზე, აბანოს მინერალური წყალი და ლამაზი ტბა, სოფელ ზაკაგორის ციხე-სიმაგრის იდუმალება ადამიანში საკუთარ შინაგან ინდიანა ჯონსს ბადებს.

„ეს ყველაზე საუკეთესო ადგილი ბოლოსთვის მოვიტოვე. აი, ახლა თქვენ საქართველოს სამხედრო გზა არასოდეს არ დაგავიწყდებათ“, - იცინის მირიან თაკვარელია. მართლაცდა, არ შემიძლია, რომ არ დავეთანხმო.

წყარო: https://www.bbc.com/travel/article/20241106-a-210km-drive-through-the-most-beautiful-place-on-earth

geo_4

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати