USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
«BBC»: „აშშ-სა და ბრიტანეთის სადაზვერვო უწყებების ხელმძღვანელთა განცხადებით, მსოფლიო წესრიგი ისეთი უდიდესი საფრთხის წინაშე დგას, რომელიც ცივი ომის შემდეგ კაცობრიობას არ უნახავს“
дата:  308

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“ (BBC) აქვეყნებს სტატიას სათაურით „აშშ-სა და ბრიტანეთის სადაზვერვო უწყებების ხელმძღვანელთა განცხადებით, მსოფლიო წესრიგი ისეთი უდიდესი საფრთხის წინაშე დგას, რომელიც ცივი ომის შემდეგ კაცობრიობას არ უნახავს“ (ავტორი - გორდონ კორერა).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

მსოფლიო წესრიგი „ისეთი საფრთხის ქვეშაა, რომელიც კაცობრიობას ცივი ომის შემდგომ არ უნახავს“, - დარწმუნებულები არიან ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის MI-6-ის ხელმძღვანელი რიჩარდ მური და მისი ოკეანისიქითა კოლეგა, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი უილიამ ბერნსი. ორივე მთავარი მზვერავის თქმით, ლონდონი და ვაშინგტონი აქტიურად თანამშრომლობენ, რათა ერთიანი ფრონტით წინ აღუდგნენ რუსეთის აგრესიულ მცდელობასა და ვლადიმერ პუტინის მტაცებლურ ომს უკრაინაში“.

მათი ერთობლივი სტატია  გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ გამოქვეყნდა: მსგავსი ფაქტი, რომ გაზეთში მსოფლიოს ორი უდიდესი სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელის პუბლიკაცია  დაბეჭდილიყოს, დღემდე არასოდეს არ მომხდარა. ავტორები წერენ, რომ მათ წინასწარ გაითვალისწინეს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მოახლოება და მსოფლიოს თანამეგობრობა გააფრთხილეს, რომ კიევისათვის დახმარება გაეწიათ.

ატლანტის ოკეანის ორივე მხარის - აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო უწყებები - CIA და MI-6 ერთად უპირისპირდებიან რუსეთის გაუაზრებელ დივერსიულ კამპანიას ევროპაში და იმავდროულად ცდილობენ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის სიმწვავის შესუსტებას, ებრძვიან ტერორს, რათა არ დაუშვან „ისლამური სახელმწიფოს“ გამეორება, - ნატქვამია სტატიაში.

„არანაირი ეჭვი არ არსებობს იმაში, რომ თანამედროვე საერთაშორისო მსოფლწესრიგი დაბალანსებული სისტემას წარმოადგენს, რომელმაც ჩვენი პლანეტა მეტ-ნაკლები მშვიდობითა და სტაბილურობით უზრუნველყო, პარალელურად კი აამაღლა ცხოვრების დონე, ახალი შესაძლებლობები გააჩინა და აყვავებისათვის საფუძველი შექმნა... მაგრამ ამჟამად ეს ყველაფერი საფრთხის ქვეშაა - თანაც ისეთის, რომელიც კაცობრიობას ცივი ომის შემდგომ არ უნახავს’, - დარწმუნებულნი არიან სტატიის ავტორები.

უილიამ ბერნისა და რიჩარდ მურის მტკიცებით, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის განსაკუთრებულად მჭიდრო ურთიერთობები არსებობს და მათი აზრით, ასეთი დამოკიდებულების საფუძველს „საფრთხეების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა წარმოადგენს“.

ერთ-ერთი ასეთი საფრთხეა „მუქარების უპრეცედენტო კომბინაცია“, რომელიც ორივე ქვეყნის - აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის წინაშე დგას - რუსეთ-უკრაინის ომი.

შაბათს ორივე ქვეყნის პოლიტიკური დაზვერვის უწყებების ხელმზღვანელები ერთად გამოვიდნენ საზოგადოების წინაშე გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც გაზეთმა „ფაინეშელ თაიმსმა“ (FT Weekend) მოაწყო ლონდონის კენვუდ-ჰაუსში.

მონაწილეების ვინაობა ბოლო მომენტამდე უცნობი იყო და ის მხოლოდ უკანასკნელ წუთს გახდა ცნობილი, როცა ორივე - უილიამ ბერნსი და რიჩარდ მური სცენაზე გამოვიდნენ თავისუფლად, ჰალსტუხების გარეშე.

უილიამ ბერნსმა უკრაინის ჯარების ამასწინანდელ შეჭრას რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე „მნიშვნელოვანი ტაქტიკური წარმატება“ უწოდა, მაგრამ დაამატა, რომ ვერავითარ ნიშანს ვერ ხედავს, რომ კიევის ამ ოპერაციით ვლადიმერ პუტინის ხელისუფლება სესუსტდა

უკრაინაში გაისმის მოწოდებები დასავლეთის გასაგონად, რომ კიევს მეტი იარაღი მიაწოდონ და გააუქმონ შეზღუდვა მის გამოყენებაზე რუსეთის სიღრმეში. დასავლეთის ქვეყნები ამ შეზღუდვას იმით ამართლებს, რომ ვითუ კრემლმა მძაფრი რეაქცია გამოავლინოს და ბირთვული იარაღი გამოიყენოსო. მაგრამ ორივე სპეცსამსახურის ხელმძღვანელები დათანხმდა იმაზე, რომ უკრაინისადმი დახმარება ამის გამო არ უნდა შეჩერდეს.

„არავინ არ უნდა მიუდგეს მსუბუქად და უყურადღებოდ ესკალაციის რისკებს“, - განაცხადა უილიამ ბერნსმა. იგი შეხვედრის მონაწილეებს მოუყვა, რომ 2022 წლის დასასრულს იყო მომენტი, როცა რეალური რისკი არსებობდა - ბრძოლის ველზე რიგი წარუმატებლობის გამო - შეიძლებოდა რუსეთს ბირთვული იარაღი გამოეყენებინა. თავის მხრივ, CIA-ს დირექტორი ანკარაში თავის რუს კოლეგას შეხვდა და რუსეთის ოფიციალურ პირებს მისი გამოყენების შედეგები შეახსენა.

„მე არასოდეს არ ვთვლიდი - და ეს ჩემი უწყების საერთო აზრია - რომ ჩვენ ამის გამო უნდა შევშინდეთ. ვლადიმერ პუტინს მუქარები უყვარს და დროდადრო იარათს აჟღარუნებს ხოლმე“, - აღნიშნა აშშ-ის მთავარმა მზვერავმა.

თხოვნაზე - კომენტარი გაეკეთებინა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ევროპაში საიდუმლო დივერსიული ოპერაციების ჩატარებისათვის - რიჩარდ მურმა აღნიშნა, რომ „რუსული სპეცსამსახურები გაველურდნენ და მიზნის მისაღწევად ხშირად სისხლის სამართლის დამნაშეებს იყენებენ“.

თავიანთ სტატიაში უილიამ ბერნსი და რიჩარდ მური ხაზს უსვამენ, რომ უკრაინისადმი მხარდაჭერის საკითხში „ახლა ისე როგორც არასდროს, დასავლეთი არჩეული კურსის ერთგული უნდა იყოს“. ორივე დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პუტინი წარმატებას ვერ მიაღწევს. მათი აზრით, „უკრაინის ომმა აჩვენა, რომ თანამედროვე სამხედრო კონფლიქტები ძალიან არიან დამოკიდებული უახლეს ტექნოლოგიებზე, რაც იმას მიანიშნებს, რომ აუცილებელია ადაპტირება, ექსპერიმენტების ჩატარება და ინოვაციების დანერგვა“.

„უკრაინის გარდა, ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ იმ დივერსიული კამპანიის ასალაგმავად, რომელსაც რუსეთი აწარმოებს ევროპაში - დეზინფორმაციისა და სიცრუის გავრცელების სახით. კრემლი ცდილობს ჩვენ შორის უთანხმოება ჩამოაგდოს, მაგრამ ამას ვერ მიაღწევს“.

ორივე ქვეყნის დაზვერვის უწყებების ხელმძღვანელები თვლიან, რომ საუკუნის მთავარ გეოპოლიტიკურ გამოწვევას ჩინეთის გაძლიერება წარმოადგენს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ორივე სპეცსამსახურის რეორგანიზება ამ პრიორიტეტის გათვალისწინებით მოხდა.

უილიამ ბერნსმა და რიჩარდ მურმა საზოგადოებას ასევე აუწყეს, რომ მუდმივად არწმუნებენ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მხარეებს - ისრაელს და „ჰამასს“, რომ თავი შეიკავონ და კონფლიქტის დეესკალაცია განახორციელონ. CIA და MI-6-ც დაუღალავად ცდილობენ ცეცხლის შეწყვეტას და მძევლების დაბრუნებას.

უილიამ ბერნსმა, რომელიც ცენტრალურ როლს ასრულებს ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებაში, „ფაინენშელ თაიმსში“ გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ შეიძლება უახლოეს დრეებშიც დაიდოს. „საბოლოო ჯამში ეს პოლიტიკური ნების გამოვლენის საკითხს წარმოადგენს“, - ხაზი გაუსვა მან იმედი გამოხატა, რომ ორივე მხარის ლიდერები გარიგებაზე დათანხმდებიან.

გასული წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 1200 ადამიანი დაიღუპა, 251 კი მძევლად იქნა აყვანილი. მას შემდეგ 11 თვე გავიდა, ყველა მძევალი კი დღემდე გატავისუფლებული არ არის, ზოგიერთი კი უკვე გარდაცვლილია.

ღაზას სექტორის ჯანდაცვის უწყების (რომელსაც „ჰამასი“ აკონტროლებს) მონაცემებით, გასული წლის ოქტომბერში ირაელის მიერ დაწყებული ომის შედეგად უკვე 40 ათასი ადამიანი დაიღუპა.

წყარო: https://www.bbc.com/news/articles/cx2gz4re394o

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати