ამ მოკლე გზავნილში არ იქნება საუბარი თავად ჰესზე, გარემოსთვის დამანგრეველ შედეგებზე, უკანონოდ გასხვისებულ მიწებზე, მინიმუმ გაუგებარ და დიდი ალბათობით კორუფციულ სალიცენზიო პოლიტიკაზე ან გნებავთ სტრატეგიულ ენერგეტიკაზე.
ამ მოკლე გზავნილში სხვა, ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხზე – უკიდურესად ღარიბი ქვეყნის, ძალიან დაგვიანებულ სოციალურ პროტესტზე და მის არარსებულ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე მინდა, დაგაფიქროთ.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ნამდვილად გამორჩეულია მიტინგების და პროტესტის რეკორდული სიხშირითაც და მასშტაბითაც. ვაპროტესტებდით ყველაფერს: პოლიციურ ძალადობას, გაყალბებულ არჩევნებს, ოკუპაციას, მკაცრ ნარკო-პოლიტიკას, გამქრალ მართლმსაჯულებას და სხვ. დემოკრატიის სახელით რუსთაველზე ერთმანეთს ვესროლეთ, ხოლო სამეგრელოში პოლიტიკური ტერორი მოვაწყეთ…
მაგრამ ის, რასაც ბოლო რამდენიმე თვეა ვუყურებთ, საქართველოსთვის უცხო და ერთგვარად მოულოდნელიც კი არის. შესაბამისად, მისი ავთენტურობა ბევრისთვის დაუჯერებლად გამოიყურება.
სრულიად ერთმნიშვნელოვანია, ნამახვანის პროტესტის მასშტაბი სიურპრიზი აღმოჩნდა ყველასთვის. თუმცა, ჩემთვის კიდევ უფრო დიდი სიურპრიზი ის არის, რომ ყველაფრის მნახველი და ამხელა „გამოცდილების ქართული პოლიტ-ელიტა”, ჯერ ისევ ამ სიურპრიზით გაოცების ქვეშ არის, და ვერაფერი აზრიანი, საინტერესო, თუნდაც თავად მათთვის სასარგებლო ვერ შემოგვთავაზა.
არადა, სინამდვილეში ამ პროტესტის მნიშვნელობა, დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი ჰესის მშენებლობის შეჩერება ან ამ საკითხზე სწორი, რომელიც არ უნდა იყოს ის, გადაწყვეტილებების მიღების შანსი.
ნამახვანის პროტესტს აქვს პოტენციალი, ადამიანებს ჩაუნერგოს იმედი, რომ სწორედ საზოგადოების ერთ, კონკრეტულ ჯგუფში გაჩენილი დისკუსია შესაძლებელია:
ნამახვანის ხანგრძლივმა, მოთმინებით სავსე პროტესტმა, სულ მცირე იმედი ჩამისახა, რომ იქნებ ქართველები მოქალაქეებად ყალიბდებიან, იქნებ მაგალითად იქცნენ სხვებისთვისაც კახეთში, სამეგრელოში, გურიაში, სიღარიბისა და უსასოების გამო მიტოვებულ ასეულობით სოფელსა და ქალაქში და იქნებ, ქვეყანას ასე დაგვიანებულმა, მაგრამ აბსოლუტურად აუცილებელმა სოციალური პროტესტის ტალღამ გადაუაროს.
ქვეყანა, სადაც ათიათასობით ადამიანი უბრალოდ მშიერია, სადაც სიღარიბის გამო ბავშვები სკოლებში ვეღარ დადიან და უმუშევრობა და უსახსრობა ყველა დროის აბსოლუტურად მაღალ მაჩვენებელზეა, სწორედ ამგვარი პროტესტი აჩენს იმედს, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში პირველად გაჩნდეს თემები, რომლებიც ყოველდღიურად არ აძინებს და მოსვენებას უკარგავს მოსახლეობას.
ნაცვლად ამისა, ალბათ როგორც მოსალოდნელიც იყო, ყველა მხრიდან ენით აღუწერელ ინფანტილიზმთან გვაქვს საქმე:
- ხელისუფლებას დემოკრატია ის ჰგონია, ქუჩაში გამოსულ ხალხს რომ არ ესვრის, თორემ მოსმენა, ანგარიშვალდებულება, თანამონაწილეობა არც კი სმენია;
- მეორენი, მხოლოდ კრემლის და რუსეთის ძახილით ცდილობენ პრობლემების გადაგორებას;
- მესამენი, უბრალოდ არ იმჩნევენ, და სხვა არცერთი, არცერთი მეტ-ნაკლებად ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალა არც კი ცდილობს არათუ ამ კონკრეტულ პროტესტზე კაპიტალიზაციას, არამედ თუნდაც მისი თანმდევი ეფექტის გამოყენებას.
ანალოგიურად, ენით აღუწერელია თავად პროტესტის ორგანიზატორების ინფანტილიზმიც, რომლებიც მუდმივად, ჯიუტად აცხადებენ, რომ მათი კარი დახურულია პოლიტიკური პარტიებისათვის. ამგვარი განცხადების უკიდურესი უგუნურობა უქმნის სწორედ ლეგიტიმაციას, მომეტებულ სპეკულაციებს შავი ფულის, კრემლთან კავშირის და სხვა მსგავსი კონსპირაციული შემადგენლის შესახებ, რომელიც სხვადასხვა ტელე-ეთერიდან გვესმის.
ყველა მოთხოვნა, რომელიც პროტესტის ორგანიზატორებს აქვთ, პოლიტიკურია, თანამდებობის პირების გადადგომიდან – ხელშეკრულების შეწყვეტამდე. თუკი ბრძოლა რეალური შედეგის მიღწევაზეა გათვლილი, მაშინ მხოლოდ ორი გზა არსებობს: თავად ქმნი პოლიტიკურ პარტიას, იწყებ ბრძოლას ხელისუფლებაში მოსასვლელად და პრობლემის გადასაწყვეტად; იწყებ მოკავშირეების ძიებას იმ რეალობაში რომელშიც იმყოფები. შესაბამისად, ეძებ გზებს პარტნიორობისთვის, ლეგიტიმურ პოლიტიკურ სუბიექტებთან (მაგალითად, საპარლამენტო პარტიებთან), რათა შენი პროტესტი ყველგან ისმოდეს, პარლამენტში, საკრებულოებში, მედიაში მესამე პირებისგან და სხვა.
ბუნებრივია არსებობს სხვა გზაც. რეალურად არც გიფიქრია შედეგის მიღწევაზე, უბრალოდ კონკრეტული დღის წესრიგისთვის „დედაქალაქის პარალიზება უნდა მოახერხო”. მაშინ ბუნებრივია, პოლიტიკური მოკავშირეები არ გჭირდება, პირიქით ხელს გიშლიან. პოლიტიკური პროცესის მართვა ტრიბუნიდან, მხოლოდ ლამაზად ნათქვამი მოსწრებული სიტყვა არ არის, არც მოთხოვნების სიმძაფრე. ათასობით ადამიანის ქუჩაში გამოყვანა ამ ადამიანებზე პასუხისმგებლობასაც ნიშნავს. შენს აქციაზე ყველა მიკროფონს მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალა აქვს, იმის მიუხედავად, ეს მიკროფონი ტრიბუნაზე დგას თუ ჟურნალისტებს უჭირავთ ხელში. ყველას სიტყვას ვერ გააკონტროლებ, მაგრამ ყველა ნათქვამ სიტყვაზე შენი პოზიციის სიმტკიცე უმნიშვნელოვანესია. ხოლო მაშინ, როდესაც ქვეყანაში ერთმნიშვნელოვნად რუსულ ან პრო-ფაშისტურად მიჩნეული პოლიტიკური ჯგუფები რეგულარულად შენ გვერდით დგანან, მკვეთრი პოზიციონირება უბრალოდ სავალდებულოა. ჯერჯერობით თქვენი ხმა არ ისმის…
წლების წინ, მემარჯვენე და ლიბერალური ძალების წარმომადგენელი პოლიტიკოსები კონფერენციებზე ამბობდნენ, ჩვენთან კომპარტიამ იმიტომ ვერ გაიხარა, რომ ლეიბორისტებმა საგულდაგულოდ ჩაკეტეს ეგ ფრთაო. შემდეგ ეს ხუმრობანარევი ნათქვამი ერთგვარ რეალობად იქცა და მარცხენა ფრთაზე 30 წლის განმავლობაშიც ვერ გაჩნდა ანგარიშგასაწევი დემოკრატიული პოლიტიკური პარტია. ის, რასაც დღეს ვუყურებთ, ამ პოლიტიკის უცვლელი გაგრძელებაა.
რა გვასწავლა ნამახვანის პროტესტმა:
ნამახვანის პროტესტმა დიდი გამოწვევა გაუგზავნა ქართულ პოლიტიკურ ელიტას. რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეს შევალ-არ შევალ, გაგებუტე-შეგირიგდი დისკურსიდან, მოუსმინოს საკუთარ ამომრჩეველს და სრულიად ახალი დღის წესრიგი შესთავაზოს საქართველოს, როგორც საკუთარი თავის, ისე ქვეყნის გადასარჩენად.
ავტორი: თინა ხიდაშელი
წყარო: publika.ge