USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Tbilisi
არეული ფიქრები ნამახვანზე და უფრო მეტად კი სოციალურ პროტესტზე
Date:  859

ამ მოკლე გზავნილში არ იქნება საუბარი თავად ჰესზე, გარემოსთვის დამანგრეველ შედეგებზე, უკანონოდ გასხვისებულ მიწებზე, მინიმუმ გაუგებარ და დიდი ალბათობით კორუფციულ სალიცენზიო პოლიტიკაზე ან გნებავთ სტრატეგიულ ენერგეტიკაზე.

ამ მოკლე გზავნილში სხვა, ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხზე – უკიდურესად ღარიბი ქვეყნის, ძალიან დაგვიანებულ სოციალურ პროტესტზე და მის არარსებულ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე მინდა, დაგაფიქროთ.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ნამდვილად გამორჩეულია მიტინგების და პროტესტის რეკორდული სიხშირითაც და მასშტაბითაც. ვაპროტესტებდით ყველაფერს: პოლიციურ ძალადობას, გაყალბებულ არჩევნებს, ოკუპაციას, მკაცრ ნარკო-პოლიტიკას, გამქრალ მართლმსაჯულებას და სხვ. დემოკრატიის სახელით რუსთაველზე ერთმანეთს ვესროლეთ, ხოლო სამეგრელოში პოლიტიკური ტერორი მოვაწყეთ…

მაგრამ ის, რასაც ბოლო რამდენიმე თვეა ვუყურებთ, საქართველოსთვის უცხო და ერთგვარად მოულოდნელიც კი არის. შესაბამისად, მისი ავთენტურობა ბევრისთვის დაუჯერებლად გამოიყურება.

სრულიად ერთმნიშვნელოვანია, ნამახვანის პროტესტის მასშტაბი სიურპრიზი აღმოჩნდა ყველასთვის. თუმცა, ჩემთვის კიდევ უფრო დიდი სიურპრიზი ის არის, რომ ყველაფრის მნახველი და ამხელა „გამოცდილების ქართული პოლიტ-ელიტა”, ჯერ ისევ ამ სიურპრიზით გაოცების ქვეშ არის, და ვერაფერი აზრიანი, საინტერესო, თუნდაც თავად მათთვის სასარგებლო ვერ შემოგვთავაზა.

არადა, სინამდვილეში ამ პროტესტის მნიშვნელობა, დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი ჰესის მშენებლობის შეჩერება ან ამ საკითხზე სწორი, რომელიც არ უნდა იყოს ის, გადაწყვეტილებების მიღების შანსი.

ნამახვანის პროტესტს აქვს პოტენციალი, ადამიანებს ჩაუნერგოს იმედი, რომ სწორედ საზოგადოების ერთ, კონკრეტულ ჯგუფში გაჩენილი დისკუსია შესაძლებელია:

  • საერთო ეროვნული დისკუსიის საგანი გახდეს, რაც ასე გვაკლია აქ ამ ქვეყანაში, ერთი თემის ან ქალაქის საწუხარი ეროვნული პოლიტიკური პროცესის ნაწილად აქციოს;
  • სამაგალითო გახდეს სხვებისთვის, წაახალისოს და პოლიტიკური დისკუსია სხვადასხვა თემის, სოფლის, ქალაქის ნამდვილ პრობლემებზე დისკუსიით დაიხუნძლოს;
  • კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პოლიტიკოსები იძულებული გახადოს საუბარი დაიწყონ სწორედ მსგავსი პრობლემების მოგვარებაზე, ნაცვლად იმისა, ვინ რომელი კარიდან რომელში შევა ან არ შევა.

ნამახვანის ხანგრძლივმა, მოთმინებით სავსე პროტესტმა, სულ მცირე იმედი ჩამისახა, რომ იქნებ ქართველები მოქალაქეებად ყალიბდებიან,  იქნებ მაგალითად იქცნენ სხვებისთვისაც კახეთში, სამეგრელოში, გურიაში, სიღარიბისა და უსასოების გამო მიტოვებულ ასეულობით სოფელსა და ქალაქში და იქნებ, ქვეყანას ასე დაგვიანებულმა, მაგრამ აბსოლუტურად აუცილებელმა სოციალური პროტესტის ტალღამ გადაუაროს.

ქვეყანა, სადაც ათიათასობით ადამიანი უბრალოდ მშიერია, სადაც სიღარიბის გამო ბავშვები სკოლებში ვეღარ დადიან და უმუშევრობა და უსახსრობა ყველა დროის აბსოლუტურად მაღალ მაჩვენებელზეა, სწორედ ამგვარი პროტესტი აჩენს იმედს, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში პირველად გაჩნდეს თემები, რომლებიც ყოველდღიურად არ აძინებს და მოსვენებას უკარგავს მოსახლეობას.

ნაცვლად ამისა, ალბათ როგორც მოსალოდნელიც იყო, ყველა მხრიდან ენით აღუწერელ ინფანტილიზმთან გვაქვს საქმე:

  • ხელისუფლებას დემოკრატია ის ჰგონია, ქუჩაში გამოსულ ხალხს რომ არ ესვრის, თორემ მოსმენა, ანგარიშვალდებულება, თანამონაწილეობა არც კი სმენია;
  • მეორენი, მხოლოდ კრემლის და რუსეთის ძახილით ცდილობენ პრობლემების გადაგორებას;
  • მესამენი, უბრალოდ არ იმჩნევენ, და სხვა არცერთი, არცერთი მეტ-ნაკლებად ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალა არც კი ცდილობს არათუ ამ კონკრეტულ პროტესტზე კაპიტალიზაციას, არამედ თუნდაც მისი თანმდევი ეფექტის გამოყენებას.

ანალოგიურად, ენით აღუწერელია თავად პროტესტის ორგანიზატორების ინფანტილიზმიც, რომლებიც მუდმივად, ჯიუტად აცხადებენ, რომ მათი კარი დახურულია პოლიტიკური პარტიებისათვის. ამგვარი განცხადების უკიდურესი უგუნურობა უქმნის სწორედ ლეგიტიმაციას, მომეტებულ სპეკულაციებს შავი ფულის, კრემლთან კავშირის და სხვა მსგავსი კონსპირაციული შემადგენლის შესახებ, რომელიც სხვადასხვა ტელე-ეთერიდან გვესმის.

ყველა მოთხოვნა, რომელიც პროტესტის ორგანიზატორებს აქვთ, პოლიტიკურია, თანამდებობის პირების გადადგომიდან – ხელშეკრულების შეწყვეტამდე. თუკი ბრძოლა რეალური შედეგის მიღწევაზეა გათვლილი, მაშინ მხოლოდ ორი გზა არსებობს: თავად ქმნი პოლიტიკურ პარტიას, იწყებ ბრძოლას ხელისუფლებაში მოსასვლელად და პრობლემის გადასაწყვეტად; იწყებ მოკავშირეების ძიებას იმ რეალობაში რომელშიც იმყოფები.  შესაბამისად, ეძებ გზებს პარტნიორობისთვის, ლეგიტიმურ პოლიტიკურ სუბიექტებთან (მაგალითად, საპარლამენტო პარტიებთან), რათა შენი პროტესტი ყველგან ისმოდეს, პარლამენტში, საკრებულოებში, მედიაში მესამე პირებისგან და სხვა.

ბუნებრივია არსებობს სხვა გზაც. რეალურად არც გიფიქრია შედეგის მიღწევაზე, უბრალოდ კონკრეტული დღის წესრიგისთვის „დედაქალაქის პარალიზება უნდა მოახერხო”. მაშინ ბუნებრივია, პოლიტიკური მოკავშირეები არ გჭირდება, პირიქით ხელს გიშლიან. პოლიტიკური პროცესის მართვა ტრიბუნიდან, მხოლოდ ლამაზად ნათქვამი მოსწრებული სიტყვა არ არის, არც მოთხოვნების სიმძაფრე. ათასობით ადამიანის ქუჩაში გამოყვანა ამ ადამიანებზე პასუხისმგებლობასაც ნიშნავს. შენს აქციაზე ყველა მიკროფონს მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალა აქვს, იმის მიუხედავად, ეს მიკროფონი ტრიბუნაზე დგას თუ ჟურნალისტებს უჭირავთ ხელში. ყველას სიტყვას ვერ გააკონტროლებ, მაგრამ ყველა ნათქვამ სიტყვაზე შენი პოზიციის სიმტკიცე უმნიშვნელოვანესია. ხოლო მაშინ, როდესაც ქვეყანაში ერთმნიშვნელოვნად რუსულ ან პრო-ფაშისტურად მიჩნეული პოლიტიკური ჯგუფები რეგულარულად შენ გვერდით დგანან, მკვეთრი პოზიციონირება უბრალოდ სავალდებულოა. ჯერჯერობით თქვენი ხმა არ ისმის…

წლების წინ, მემარჯვენე და ლიბერალური ძალების წარმომადგენელი პოლიტიკოსები კონფერენციებზე ამბობდნენ, ჩვენთან კომპარტიამ იმიტომ ვერ გაიხარა, რომ ლეიბორისტებმა საგულდაგულოდ ჩაკეტეს ეგ ფრთაო. შემდეგ ეს ხუმრობანარევი ნათქვამი ერთგვარ რეალობად იქცა და მარცხენა ფრთაზე 30 წლის განმავლობაშიც ვერ გაჩნდა ანგარიშგასაწევი დემოკრატიული პოლიტიკური პარტია. ის, რასაც დღეს ვუყურებთ, ამ პოლიტიკის უცვლელი გაგრძელებაა.

რა გვასწავლა ნამახვანის პროტესტმა:

  • ქვეყანაში ნამდვილი პრობლემების შესახებ პოლიტიკური დისკუსიის შიმშილია;
  • სოციალური პროტესტის ტალღა გარდაუვალია;
  • სიღარიბის, სიდუხჭირის, უსასოობის წინააღმდეგ ბრძოლის ველი პოლიტიკურია და ის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რუსულ, პრო-ფაშისტურ ძალებს დავუთმოთ.

ნამახვანის პროტესტმა დიდი გამოწვევა გაუგზავნა ქართულ პოლიტიკურ ელიტას. რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეს შევალ-არ შევალ, გაგებუტე-შეგირიგდი დისკურსიდან, მოუსმინოს საკუთარ ამომრჩეველს და სრულიად ახალი დღის წესრიგი შესთავაზოს საქართველოს, როგორც საკუთარი თავის, ისე ქვეყნის გადასარჩენად.

 

ავტორი: თინა ხიდაშელი

წყარო: publika.ge

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way