USD 2.6971
EUR 3.1405
RUB 3.4134
Тбилиси
BMG: 6 თვეში რეექსპორტზე 49 ათასზე მეტი მანქანა გავიდა - სად იყიდება საქართველოდან გაყვანილი ავტომობილები?
дата:  392

საქართველოდან მანქანების რეექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა და კვლავ ინარჩუნებს მთავარი საექსპორტო პროდუქტის სტატუსს. ავტომობილებს ჯამური ექსპორტის თითქმის 38% უკავიათ, მაშინ როცა ტრადიციული საექსპორტო პროდუქტები — ლითონის მადნები, ღვინო და ფეროშენადნობები — საერთო ჯამში 15%-საც ვერ აღწევს.

2025 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოდან გავიდა 49 121 ავტომობილი, რომლის საერთო ღირებულებამ 1.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

აღსანიშნავია, რომ ავტომობილების რეექსპორტის ბუმი საქართველოში მნიშვნელოვნად დაიწყო რუსეთისა და უკრაინის ომის პარალელურად, მას შემდეგ, რაც დასავლეთმა კრემლის მიმართ სანქციები დააწესა.

ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2021 წელს საქართველოდან ექსპორტზე 457 მლნ დოლარის მანქანები გავიდა, 2024-ში იგივე მონაცემი 2.4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი:

  • 2024 წელი - 2.4 მლრდ დოლარი;
  • 2023 წელი - 2.1 მლრდ დოლარი;
  • 2022 წელი -905.7 მლნ დოლარი;
  • 2021 წელი - 456.6 მლნ დოლარი;

საქართველოდან ავტომობილები ძირითადად ცენტრალური აზიის ქვეყნებში გადის. საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი ყირგიზეთია — ჩვენზე ბევრად ღარიბი ქვეყანა.

საქსტატის მონაცემებით, წელს 628 მლნ დოლარის ღირებულების მანქანები გაიყიდა ყირგიზეთში, 353 მლნ დოლარის ყაზახეთში, 129 მლნ დოლარის აზერბაიჯანში; 26 მლნ დოლარის კი სომხეთში.

ავტომობილების რეექსპორტი საქართველოდან იანვარ-ივნისი:

  • ყირგიზეთი - 628 მლნ დოლარი;
  • ყაზახეთი - 353 მლნ დოლარი;
  • აზერბაიჯანი - 129 მლნ დოლარი;
  • ტაჯიკეთი - 33 მლნ დოლარი;
  • სომხეთი - 26 მლნ დოლარი;

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ალექსი ნონიაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ რეექსპორტის რეკორდული ზრდა ფასს უკავშირდება. ანუ, გაყიდული მანქანების რაოდენობა კი არ გაიზარდა, არამედ მათი ფასია დაკორექტირებული.

“შეიძლება ითქვას, რომ წელს ბოლო ათი წლის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებლები გვაქვს. პირველი 6 თვის მონაცემებით. მხოლოდ საქსტატის მაჩვენებლებით, ასე ჩანს გაყიდული ავტომობილების რაოდენობა და ვაჭრობის მოცულობა, მაგრამ ერთია ეს მაჩვენებლები და მეორეა რეალური მონაცემები. რეალური ვითარება არის ის, რომ დღეს ავტოდილერს მანქანების გაყიდვა უჭირს და საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევენ უცხოელი არარეზიდენტი პირები, იგივე ყაზახი და ყირგიზი დილერები. ფაქტობრივად, თვითონ ჩამოჰყავთ, თვითონ არემონტებენ და თავად გაჰყავთ. ეს მაჩვენებელში აისახება, ხოლო ქართველი დილერისთვის და ქართული ეკონომიკისთვის თუ არ ჩავთვლით ტრანზიტის გადასახადს, ეს თემა ჩვენთვის მოგებიანი არ არის როგორც დილერებისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის", - თქვა მან.

საქართველოდან ექსპორტზე უფრო ძვირად ღირებული ავტომობილების გასვლა სტატისტიკურადაც დასტურდება. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის მიხედვით, 2025 წელს ექსპორტზე გასული ავტომობილების საშუალო ღირებულებამ 24 ათას დოლარს გადააჭარბა.

“მანქანის ფასი გაიზარდა, იაფ ფასიან მანქანაზე ადგილობრივ დილერებს მარჟა ნაკლები აქვთ. როცა ყიდულობ და გიჯდება 5-6 ათასი დოლარი იქ მოგების მარჟა ნაკლებია. ამიტომ ის ფასიანი მანქანები, რაც ადრე მოდიოდა შემცირდა და გადაწყობა უფრო ხდება წლოვანებით ახალზე და შესაბამისად ამ მანქანების ფასიც მეტია. ფასების ზრდის კიდევ ერთი მიზეზი არის ის რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ვისაც გაჰყავდა ეს მანქანები იქ რაღაცები შეიცვალა და შესაბამისად ჩვენი ბაზარიც ცდილობს გადაეწყოს. ერთ-ერთი მიზეზი იმის, რომ 24 ათასი დოლარი საშუალო ფასი გახდა", - აღნიშნა „Auto Market Logistic“-ის დამფუძნებელმა, დავით ბარამიძემ.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ რეექსპორტის მთავარი დანიშნულების ქვეყანაში ყირგიზეთში ყველაზე ძვირად ღირებული მანქანები გადის. 6 თვეში საქართველოდან ყირგიზეთში 19 ათასზე მეტი ავტომობილი გავიდა, მათი საშუალო ღირებულება დაახლოებით 32 ათას დოლარი იყო. ანუ ყირგიზეთში, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე საქართველოზე ბევრად დაბალი 2400 დოლარია, ჩვენგან ძვირად ღირებული მანქანები შედის.

IDFI- ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, გოგა თუშურაშვილი ამბობს, რომ ავტომობილების ფასები საგრძნობლად გაიზარდა, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ერთ-ერთია მაღალი მოთხოვნა, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში კომპანიების მხრიდან ფასების ხელოვნურ ზრდასაც იწვევს.

“ფასები მნიშვნელოვნად გაზრდილია. მოთხოვნა იმდენად დიდია შეიძლება ხელოვნურად გაზრდილიყო კომპანიების მხრიდან ფასი. მეორე მხრივ უფრო და უფრო იზრდება რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ძვირად ღირებულ ავტომობილებზე მოთხოვნა და ამას მოწმობს ის, რომ ყირგიზეთში გატანილი ავტომობილების ღირებულება 30 ათას ამერიკულ დოლარს აღემატება",

IDIFI მომზადებულ კვლევაში აღნიშნავს, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებში ავტომობილების რეექსპორტის რეკორდულად მზარდი მაჩვენებლები, ეჭვებს აჩენს რუსეთში სანქცირებული ტვირთის მოსახვედრად საქართველოს დერეფნის გამოყენების შესახებ :“2025 წლის 6 თვეში გვაქვს რეკორდული მაჩვენებელი. დაახლოებით 80% შუა აზიის ქვეყნებია. ყირგიზეთში ორჯერ მეტი ღირებულების ავტომობილი გავიდა, რაც მთლიანად ევროკავშირში გაგვაქვს ექსპორტზე. ერთ-ერთი ყველაზე ყურადსაღები კომპონენტი არის ის, რომ ყირგიზეთში ძირითადად ძვირად ღირებული ავტომობილები გადის. ესეც ამყარებს ეჭვს, რომ ამ ძვირად ღირებული მანქანების საბოლოო დანიშნულება ეს ღარიბი ქვეყანა ვერ იქნება და საბოლოო დანიშნულება სავარაუდოდ, სწორედ რუსეთია”.

წყარო:https://bm.ge/

экономика
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

более
голосование
Кстати