„გუშინ დიდი სიხარული განვიცადე - როგორც ქართველმა. კალათბურთი. Finale de la coupe dEurope des champions DYNAMO TBILISI contre REAL MADRID („ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის გათამაშება თბილისის დინამოსა და მადრიდის რეალს შორის“- ფრ). „ტიფლისი“ ახლა ქართულად იწერება „თბილისი“. ამ მატჩს დავესწარი - რასაკვირველია. ძალიან ვღელავდი: სისხლი! არ მეშინოდა. ჩემმა თანამემამულეებმა ბრწყინვალედ გაიმარჯვეს. ესპანელები უფრო დიდი ანგარიშით დამარცხდებოდნენ, რომ არ ყოფილიყო გასაოცარი მოთამაშე: ზანგი ჰიგტოუერი (იგულისხმება ჰაიტაუერი). ესპანელების 83 ქულიდან - 32 მის ანგარიშზეა. ფანტასტიურია! გიგზავნი კორესპონდენციას. საქართველო ცოცხლობს. გაუმარჯოს საქართველოს!“
ეს წერილი, 1962 წლის 29 ივნისს მიწერა ემიგრაციაში მყოფმა, გრიგოლ რობაქიძემ გრაფინია გიტა შტრახვიტს.
ამ დღეს, 58 წლის წინ, შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში, 5,000 მაყურებლის თანდასწრებით თბილისის „დინამომ“ 90:83 მოუგო მადრიდის „რეალს“ და კალათბურთში ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის „ევროლიგის“ ჩემპიონი გახდა.
სწორედ ამ მატჩში თანამემამულეების თამაშითა და გამარჯვებით გამოწვეული სიხარული გახლდა გრიგოლ რობაქიძის ესოდენი აღფრთოვანების მიზეზი, ის უშუალოდ ესწრებოდა ამ მატჩს შალვა დადიანის პირველი მეუღლე ნინო ჩხეიძესა და სპირიდონ კედიას ქალიშვილ, დიკა კედიასთან ერთად.
დღეს, თბილისის „დინამოს“ დიდი ევროპული წარმატებიდან 58 წელი გავიდა. 1962 წლის 29 ივნისს, „დინამოელებმა“ ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ფურცელი ჩაწერეს.
მაშინდელი მატჩის მოკლე სტენოგრამა: "პირველი წუთი - ალთაბაევის ორი სროლა და "დინამოს" მიჰყავს ანგარიში - 4:0, მესამე წუთი - ხაზარაძის, ლუისის, ჰეიტაუერის და როდრიგესის სროლები - 6:6, მეხუთე წუთი - ესპანელები წინ გადიან - 12:8, მაგრამ ლეჟავას და მინაშვილის წყალობით ანგარიში თანაბრდება... ტაიმის შემდეგ 38:36 "დინამოს" სასარგებლოდ... შესვენების მერე: მესამე წუთი - 48:48. მეცამეტე წუთი - 70:66; მეცხრამეტე წუთი - თამაში, ფაქტობრივად, აქ დამთავრდა. მოსეშვილმა და ინწკირველმა წერტილი დაუსვეს საბჭოთა კალათბურთელების გამარჯვებას".
მადრიდის "რეალის" ღირსებას ნბა-ს ორი მოთამაშე - ჰეიტაუერი (205 სმ) და მორისონი (203 სმ) - იცავდა. ეს ის ჰეიტაუერია, რომელსაც ამერიკაში ჯერი ლუკასთან ერთად კალათბურთის ვარსკვლავს უწოდებდნენ. ამის მიუხედავად, "დინამომ" ყველა კომპონენტში დაჯაბნა მეტოქე.
„რეალს“ 17 ქულა ალტაბაევმა ჩაუგდო, უგრეხელიძის ანგარიშზე 14 ქულა იყო, ხოლო კილაძემ და პეტროვმა შესაბამისად - 14 და 12 ქულა მიითვალეს.
ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან დღემდე „ევროლიგა“ მხოლოდ 3 კლუბს აქვს მოგებული: მოსკოვის ცსკა-ს, ლატვიურ „რიგასა“ და თბილისის „დინამოს“.
გურამ მინაშვილი: "ვიცოდით, რომ ჟენევის მატჩს ჩვენი სასიქადულო მწერალი გრიგოლ რობაქიძე ესწრებოდა. ორთაბრძოლის შემდეგ სპორტის სასახლის ერთ-ერთ გასასვლელთან გველოდებოდა კიდეც, მაგრამ შეხვედრა ვერ მოვახერხეთ, რადგან კგბ-ს თანამშრომლებმა სხვა გასასვლელით გაგვიყვანეს. მაშინ სხვა დრო იყო".
„ოთარ ქორქია ლომი იყო მოედანზე და თავისი ლომობა მწვრთნელობაშიც დაამტკიცა! არ გინდა, ადგე და ამ პატარა პროვინციული მხარის (მაშინდელი პარამეტრებით) გუნდმა ამდენი გრანდი ჩამოიცილო გზიდან და ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვო! ჩვეულებრივ, ასეთი რამ სპორტში არ ხდება“.
ილარიონ ხაზარაძე:
„1962 წელს, ევროპის თასის მოპოვებას ვინ დაივიწყებს.
შვეიცარიაში ძალიან ბევრი ესპანელი მუშაობდა და ჟენევის უზარმაზარი ჰოკეის დარბაზი გადაჭედილი იყო ესპანელებით. ჩვენი გულშემატკივრები კი ყველამ იცის – გრიგოლ რობაქიძე, ნინო ჩხეიძე, შალვა დადიანის პირველი მეუღლე და დიკა კედია, რომელიც საფრანგეთიდან ჩამოვიდა. საინტერესო შეხვედრა გვქონდა ჟენევის სასტუმროში. მოვიდა გერმანელი ქალბატონი, რომელსაც ომამდე ბოლნისში უცხოვრია, სადაც მაშინ გერმანელების დასახლება იყო. ქართული ჯერ კიდევ ახსოვდა, ლექსიც გვითხრა არსენაზე და მატჩზე თავისი ორი ქალიშვილიც მოიყვანა.
რაც შეეხება ჩვენ თამაშს, მართალია, ბატონი გრიგოლ რობაქიძე სპორტული ჟურნალისტი არ ყოფილა, მაგრამ თავის წერილში ბრწყინვალედ აღწერა ეს შეხვედრა.
ვალერი ალთაბაევი:
„ის თასი რომ არ მოგვეგო, ის იქნებოდა გასაკვირი. ჩვენ ხომ წლების განმავლობაში ერთად მოვდიოდით, ერთი ჭირითა და ერთი სიხარულით. ამიტომაც იყო, ერთ მუშტად რომ ვიყავით შეკრული. ამ ფინალის გენერალური რეპეტიცია სამი წლით ადრე, მოსკოვში, სსრ კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე მოხდა, როცა ნახევარფინალში სამმა კაცმა ხუთი ლატვიელი, ევროპის ხუთი ჩემპიონი დავამარცხეთ“.
გურამ აბაშიძე:
„ფინალი არ მითამაშია, თორემ ყველა წინასწარ შეხვედრაში მონაწილეობა მიღებული მაქვს. ჟენევაში არც ჩავსულვარ, უკვე წამოსული ვიყავი გუნდიდან. მაგრამ რადიომიმღებთან ისე ვინერვიულე, ლამის თმები გამითეთრდა...“
ლევან ინწკირველი:
„– მეტოქეს, მადრიდის „რეალს“, არ ვიცნობდით, მათთან მანამდე არასოდეს გვეთამაშა. გვესმოდა, რომ მათი დამარცხება ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ მაინც, რა თქმა უნდა, გამარჯვებაზე ვფიქრობდით. ძალიან მონდომებულები ვიყავით, რომ მოგვეცა კიდევ ერთი შანსი, გვესახელებინა ქართული კალათბურთი.“
ვლადიმერ უგრეხელიძე:
"– თავიდანვე, რა თქმა უნდა, ვღელავდით, ვნერვიულობდით, მაგრამ მოვიკრიბეთ ძალა, ნერვიულობა დავძლიეთ და მშვენივრადაც ვითამაშეთ. ალბათ მეც გამომდიოდა ჩემი საფირმო „სიარული ცაში“. სათადარიგო სკამიდან მთელი მატჩის განმავლობაში გვამხნევებდნენ, რამაც არანაკლებ გადამწყვეტი როლი ითამაშა გამარჯვებაში.
თამაში სულ ქულა-ქულაში მიდიოდა, ყველამ კარგად ითამაშა. შურა კილაძეს საერთოდ სპორტული მანდრაჟი ჰქონდა, მაგალითად, ცსკა-სთან თამაში უჭირდა, მაგრამ რადგან „რეალი“ უცხო გუნდი იყო, მას არც არავის შეშინებია და ბრწყინვალედაც ითამაშა, მშვენიერ პასებს გვაძლევდა, ზუსტადაც ისროდა. ვინმეს გამოყოფა გამიჭირდება. ყველამ კარგად ვითამაშეთ, ძალიან შეკრული გუნდი ვიყავით და იმიტომაც მოვიგეთ."
ამირან სხიერელი:
„– მე მოედანზე არ გავსულვარ და როგორც ასეთ დროს მუდამ ხდება, მოთამაშე ბიჭებზე მეტად ვნერვიულობდი.
პირველივე წუთებიდან ძალიან დაძაბული თამაში გაჩაღდა, ორი-სამი ქულით დავწინაურდებოდით, მადრიდელები დაგვეწეოდნენ. გარდამავალი უპირატესობით მიდიოდა შეხვედრა. მეორე ტაიმის მეშვიდე წუთისთვის უკვე ხუთი ქულით გავიჭერით წინ და მატჩის ბოლოსთვის თამაშის სადავეები ჩვენ გვეპყრა ხელთ.“