ზურაბ ლეჟავა საქართველოში კარატეს ფუძემდებელი და ცნობილი ოსტატია - ცხოვრება კარატეს მაშინ დაუკავშირა, როდესაც საქართველოში საბრძოლო ხელოვნების ამ სახეობის შესახებ ბევრი არაფერი იყო ცნობილი. უფრო მეტიც, ის პერიოდიც გაიარა, როდესაც კარატე მთავრობის დადგენილებით აიკრძალა და ყველას, ვინც კარატეში ავარჯიშებდა ადამიანებს, 5 წლიანი პატიმრობა ელოდათ. ამის მიუხედავად, საყვარელ საქმეზე უარი არასდროს უთქვამს.
სენსეი, რომელმაც კარატე დოს ცხოვრების 60 წელი მიუძღვნა, წელს თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს, ჩვენი ინტერვიუც, მისი და თბილისის „რომანის“ გახსენებით დაიწყო.
ზურაბ ლეჟავა: ჩემი ისტორია თბილისთან 85 წლის წინ დაიწყო. მთაწმინდაზე დავიბადე და გავიზარდე, ინგოროყვას ქუჩაზე გაიარა ჩემი ცხოვრების მრავალმა წელმა. მთაწმინდა გამორჩეული უბანი იყო. როდესაც შენი მშობლიური ქალაქის საპატიო მოქალაქე ხდები, ეს რა თქმა უნდა გამორჩეული დაფასება და პატივია. თავის დროზე, მთაწმინდაზე, სიიაფის გამო რაიონებიდან ჩამოსული სტუდენტები ქირაობდნენ ბინებს, ალბათ, ამიტომაც მთაწმინდა აერთიანებდა სხვადასხვა კუთხეებისთვის დამახასიათებელ კულტურას. ვერელები თავს იწონებდნენ კიროვის ბაღის გამო, სადაც „საჭიდაო“ იყო, პლეხანოველები და ნაძალადეველები სხვანაირად ამაყობდნენ თავიანთი უბნებით, მთაწმინდელებს სხვა დაუწერელი წესები გვქონდა - ჩვენი ცნობილი ბირჟა ლაღიძის წყლებთან იყო, იქ თუ იდექი, ქცევის სხვა წესები გევალებოდა, უფროსების მიმართ პატივისცემა, თანადგომა - არ შეიძლებოდა დაგეჩაგრა სხვა უბნიდან მოსული ადამიანი. ჩემი თაობა გაიზარდა იმ ადამიანების ხელში, ვინც მეორე მსოფლიო ომიდან დაბრუნდა. ისინი მაშინ ჩამოვიდნენ, როდესაც ჩვენ 6 – 7 წლისები ვიყავით და იმ დროს იწყება ახალგაზრდის ჩამოყალიბება. ეს პერიოდი კარგად მახსოვს. ჩვენს თბილისურ დიდ ეზოში, სადაც ძალიან ბევრი ოჯახი ვცხოვრობდით, 5 ადამიანი იყო, ვინც ომიდან დაბრუნდა. ისინი ბევრ რამეს გვასწავლიდნენ, პირველ რიგში, როგორ უნდა ვყოფილიყავით უშიშარი, როგორ დაგვეცვა ფასეულობები, ჩვენი სამშობლო. თუ ჩემში რაიმე კარგია ეს იმ უბნის, იმ ადამიანების, ჩემი მეგობარი მხატვრების, მუსიკოსების დამსახურებაა, ვისთან ერთადაც გავიზარდე.
მე ვაჟთა მეორე სკოლაში ვსწავლობდი. პიონერთა სასახლის გვერდით ვცხოვრობდი და თუ რამე წრე იყო, ყველაფერზე დავდიოდი. კარგად ვხატავდი და სკოლა რომ დავამთავრე, სამხატვრო აკადემიაში შევიტანე საბუთები. ერთი ქულა დამაკლდა და ვერ ჩავაბარე. საკუთარ თავზე გაბრაზებული კომისარიატში წავედი და ჯარში წაყვანა მოვითხოვე. 4 წელი გავატარე სამხედრო ფლოტში, ქალაქ ფეოდოსიაში. ჰაერში გავაფრიალე 4 წელიწადი და ჩამოვედი.
- სამხედრო სამსახურიდან ჩამოსვლის შემდეგ დაუბრუნდით მხატვრობას?
- ჯარში ყოფნის დროს არ მქონდა ხატვის საშუალება, თუ ყოველდღე არ ხატავ, ფორმაში არ ხარ და ტექნიკურად ჩამორჩები. ჩემი მეგობრების უმრავლესობა მხატვრები იყვნენ, მათ წრეში ვტრიალებდი და ხატვას ვერ შეველიე. წლების შემდეგ დავინტერესდი ტიხრული მინანქრით, ამ მიმართულებით დავუბრუნდი ხატვას, ჩემს მეგობარ ელდარ ქიშმარაიასთან ერთად გავაკეთე ბევრი რამ, სხვათაშორის, მის უწმინდესს აქვს ჩვენი გაკეთებული ჯვარცმა ტიხრულ მინანქარში.
ჯარიდან დაბრუნებულმა ჩავაბარე უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტეზე, თუმცა მალევე გადავედი იურდიულ ფაკულტეტზე. ფეოდოსიაში ყოფნის დროს დავინტერესდი გიტარის დაკვრით. გიტარა ბავშვობიდან მიყვარდა. სახლში ბებიაჩემის გიტარა გვქონდა, 2-3 აკორდი ვიცოდი. როცა იშხნელების სტილი ძაგნიძის და ჩხიკვაძის დაკვრის სტილით შეიცვალა, თბილისში გიტარის დაკვრის ბუმი დაიწყო. ჩემს უბანში თითქმის ყველა ჩემი ნაცნობი უკრავდა. ჩვენთან არ იყო გიტარის შემსწავლელი წრეები რადგან არ გვყავდა პედაგოგები, ამიტომ ყველა თავისით სწავლობდა. გიტარა ისეთი ინსტრუმენტია თუ დაგაინტერესა,თავს ვერ დაანებებ. ფეოდოსიაში ჯარში ყოფნისას ვიყიდე ესპანურიდან რუსულად თარგნილი ბროშურა, რომლითაც შესაძლებელი იყო გიტარის დაკვრა დამოუკიდებლად გესწავლა. ფეოდოსიაში მხატვარ აივაზოვსკის სახლ-მუზეუმში მუსიკალური სტუდია იყო, იქ დავიწყე სიარული, სადაც ნოტები ვისწავლე. ცალკე ჯარში ვაწყობდი მინი კონცერტებს. მოკლედ ჯარიდან კარგად კვალიფიცირებული გიტარისტი ჩამოვედი.
უნივერსიტეტში სწავლის დროს ვუკრავდი თვითშემოქმედებით საესტრადო ორკესტრში, ჩვენთან მღეროდა ეთერ კაკულია, ნიკო ჯადუგიშვილი, დები იოსებიძეები, თუმცა უნივერსიტეტამდე იყო „საქართველოს ახალგაზრდობა ესტრადაზე“, რომელიც შემდეგ გადაკეთდა „დიელოდ“. ამ ანსამბლში ბუბა კიკაბიძემ მიმიყვანა. მე და ბუბა ბავშვობის მეგობრები ვიყავით. ჩვენ ერთმანეთთან ახლოს ვცხოვრობდით, 50 მეტრში იყო ჩვენი ეზოები დაშორებული და მთელი ბავშვობა ერთად გვაქვს გატარებული. ბუბამ შემომთავაზა, ანსამბლს ვაკეთებ და ჩვენთან წამოდიო. ერთი წელი გავატარე იქ. ბევრი გასტროლი გვქონდა, კონფერანსიე იყო ქართლოს კასრაძე, შესაბამისად, ხალისი და მხიარულება არ აკლდა ჩვენს გასტროლებს.
- ამბობენ, გიტარისტებში ყველაზე კარგი კარტისტი ხართ და კარატისტებში ყველაზე კარგი გიტარისტი. თქვენ ერთ-ერთი პირველი ხართ, ვინც საქართველოში კარატეს ჩაუყარა საფუძველი მაშინ, როდესაც ბევრმა არც იცოდა რა იყო კარატე. როგორ გადაიკვეთა თქვენი ცხოვრება კარატესთან, რომელსაც მრავალი ათეული წელი მიუძღვენით?
- მე თუ არა, იქნებოდა ვიღაც სხვა ვინც შემოიტანდა საქართველოში კარატეს, ისე მოხდა, რომ მე აღმოვჩნდი პირველი. 25 წლის ვიყავი, როდესაც უნივერსიტეტიდან თვითშემოქმედებით წავედით საარბრუკენში, რომელიც თბილისთან დამეგობრებული ქალაქი იყო. ერთ დღეს სპორტკომპლექსში წავედით, სადაც ღია კარში დავინახე კიმანოებში დგანან ვიღაცეები და რაღაცეებს აკეთებენ. დავინტერესდი რა ხდებოდა, მითხრა ჩვენმა გამყოლმა, რომ ეს იყო კარატეს ჯგუფი. კარატეზე მცირე ინფორმაცია მქონდა, მაგრამ ცოცხლად, რა იყო კარატე, პირველად ვნახე. იქიდან დაიწყო ყველაფერი. საარბრუკენიდან უკვე ქსეოროქსზე გადაღებული ჩანაწერები ჩამოვიტანე კარატეს ილეთების, პრინციპების, წესების შესახებ.
- იმ დროს საქართველოში კარატე აკრძალული იყო, უფრო მეტიც ერთხანს სისხლის სამართლებრივი დევნაც იყო გათვალისწინებული კანონით იმ პირებზე, ვინც კარატეს ასწავლიდა და მის პოპულარიზაციას მოახდენდა.
- საბჭოთა საქართველოში კარატე აკრძალული იყო, კარატეს, როგორც საბრძოლო ხელოვნების სახეობას, ტექნიკური მხარის გარდა აქვს მეორე მხარე - სულიერი სპექტები, რომელშიც შედის აღმოსავლური სიბრძნის ელემენტები, რომ ადამიანი უნდა იყო თავისუფალი, გქონდეს საკუთარი აზრი ყველაფერზე და ა.შ. რაც საბჭოთა საქართველოში მიუღებელი იყო. 1983 წელს მინისტრთა საბჭოს დადგენილებით აკრძალეს კარატე, დადგენილებაში მიზეზები რა თქმა უნდა არ იყო მითითებული. სისხლის სამართალში შეიტანეს მუხლი, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებული იყო ციხე 5 წლამდე კარატეში ვარჯიშისთვის. ამ აკრძალვის მიუხედავად საბჭოთა კავშირში 5 მილიონამდე ადამიანი ვარჯიშობდა კარატეში, რაც იყო იდეოლოგიით გამსჭვალული დიდი ძალა, ეს კი საბჭოთა სისტემას დიდად არ აწყობდა.
როდესაც საარბრიუკენიდან დავბრუნდი დავიწყე კარატეს საფუძვლიანად შესწავლა. ამ დროს სხვა ბიჭებიც გამოჩნდნენ, ვინც გამოხატავდნენ ინტერესს კარატეს მიმართ, ზოგი მოსკოვში ყოფნის დროს გაეცნო კარატეს, იქ იაპონიის საელჩოში მუშაობდა ერთი იაპონელი, რომელიც ავარჯიშებდა ბიჭებს, მათ შორის ქართველებსაც. 1970 წელს საქართველოში იყო 2 ათეული კაცი, ვინც კარატეს რაღაც დონეზე ფლობდა. დავიწყეთ გამოსვლა ჩემპიონატებზე. 1980 წელს ჩატარდა ქალაქის ჩემპიონატი, მერე საბჭოთა კავშირის მასშტაბით, მესამედ ჩატარდა ჩემპიონატი ტალინში, სადაც უკვე კარგი გუნდით ვიყავით წარმოდგენილები, სადაც ჩემპიონი გახდა გიორგი ბაკურაძე. საბერძნეთში მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდში ვიყავით ლეჟავა, არქანია, მელუა, კარანაია, ვადაჭკორია, რაც ძალიან გვამხიარულებდა (იცინის)
მე უკვე სერიოზულად ვიყავი დაინტერესებული კარატეს შესწავლით, პოპულარიზაციით, ვავარჯიშებდი ახალგაზრდებს. „სუხიშვილების“ მოცეკვავეებს წიგნები ჩამოჰქონდათ ხოლმე ჩემთვის უცხოეთიდან, ლევან თედიაშვილმა ჩამომიტანა პირველი კიმონო და ვიდეო, ეს იყო უძვირფასესი საჩუქარი უახლოესი მეგობრისგან.
- როგორ შეცვალა კარატემ თქვენი ცხოვრება?
- კარატემ ბევრი რამ შეცვალა, პირველ რიგში ჩემი მსოფლმხედველობა, ცხოვრების წესი. მე ვცხოვრობდი მხოლოდ ამ საქმით, კარატე მკარნახობდა ცხოვრების განრიგს. შეჯიბრები, შეკრებები, სპორტსმენების მომზადება. მე შეიძლება ითქვას, რომ ვარ ერთ-ერთი ფუძემდებელი 5 – 6 ადამიანთან ერთად ვინც საქართველოში კარატეს ჩაუყარა საფუძველი, ესენი იყვნენ მიხეილ წვერავა, გოგა ბერიძე, ოთარ გრძელიშვილი, თემურ რამიშვილი. ჩვენ ერთად დავიწყეთ საქმიანობა. მათ თავისი სისტემები შექმნეს, რაც ამ მიმართულების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
სპორტზე გადადის ეროვნული გენეტიკური თვისებები. ამისი მშვენიერი მაგალითია ჭიდაობა. ჩვენი ძიუდოისტები მსოფლიოს უმაღლესი რანგის სპორტსმენები, განსაკუთრებული ფსიქოტიპები არიან. გენეტიკური კოდი, სპორტის გარკვეულ სახეობებში მუშაობს, გარკვეულში - არა. როგორც დრომ აჩვენა ჰოკეი, ბადმინტონი არ არის ჩვენი საქმე. კარატე საბრძოლო ხელოვნებაზე დაფუძნებული სპორტის სახეობაა, ქართველები მებრძოლი ხალხი ვართ, ალბათ ამიტომ დევს ჩვენი კოდი კარატეშიც, რადგან კარატეს უპირველესად მებრძოლი სული სჭირდება.
გახდე სენ სეი, არ არის იოლი. მთელი ცხოვრება უნდა გქონდეს მიძღვნილი ამ ერთადერთი საქმისთვის, რომ ოსტატი გახდე. მე ცხრა დანის მფლობელი ვარ, მაქვს სამი წოდება. ერთი პირადად იაპონელი ოსტატის ჰიროკაზუ კანაზავას მიერ არის გადმოცემული. როდესაც ჩვენ პირველად შევხვდით და ერთმანეთი გავიცანით,მან ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ის ხელმოწერის დროს ხატავდა ფუძიამას კონტურს და ქვეშ წერდა თავის გვარს, რამაც ძალიან დამაინტერესა. მე ვკითხე: სენ სეი, რას ნიშნავს ეს ხელმოწერა მეთქი? ეს ნიშნავს, კაცს, რომლიც ცდილობს მწვერვალზე ავიდეს, ეს ძნელი მისაღწევია, მაგრამ მაინც წინ მიდისო -მიპასუხა. ლეჟავა რას ნიშნავსო, დამიტრიალა კითხვა, ლეჟავა ნიშნავს კაცს, რომელიც მთაზე უკვე ავიდა -მეთქი, ვუპასუხე, რაზეც ბევრი იცინა. ერთი წლის შემდეგ იტალიაში მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემი თავი წარუდგინა კოლეგებს და იხუმრა, ეს ის კაცია, ფუძიამაზე რომ ამასწროო (იცინის)
კანაზავა იყო უდიდესი ოსტატი, მასწავლებელი, მან თავისი ესთეტიკა შეიტანა კარატეში, თავისი სიტყვა თქვა. 1980 წელს იყო ჩამოსული თბილისში, სამწუხაროდ, მე ვერ შევძელი იაპონიაში ჩასვლა. ის ჩემთვის იმდენად დიდი ადამიანი იყო, მე დავიტოვე მისი მეშვიდე დანი, რაც ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდოა.
- თქვენი მეგობრებისგან მსმენია, რომ რთულ 90 -იან წლებში ძალიან ბევრი ახალგაზრდა გადაარჩინეთ კარატეს დახმარებით ცხოვრების გზიდან აცდენას.
- შეიძლება ასეც ითქვას, თუმცა არ მიყვარს დიდად ამაზე ლაპარაკი. იყო რამდენიმე ასეთი ისტორია, რაც გახმაურდა ქალაქში. მაშინ ბევრი აცდა გზას, კარატემ ბევრი დააბრუნდა ცხოვრების ნორმალურ წესს. მე პირადად ორი ადამიანი ავაცილე ქიმიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულებას ვარჯიშით. კარატე სულიერ სიმტკიცეს, მოთმინებას მოითხოვს და გამოუმუშავებს ადამიანს, უფროსისადმი პატივისცემას, დარბაზში რომ შედიხარ, თავი უნდა დახარო. ამას რომ ადამიანი მიეჩვევა, ის ამპარატავანი ვერც ცხოვრებაში ვერ იქნება. ვინც ვარჯიშობს კარატეში, ის არ იგინება, არ შეიძლება მოწევა, ლოთობა, აგრესიულობა. ყველა სპორტს თავისი ესთეტიკა აქვს, კარატესაც რა თქმა უნდა. ბალერინები ხომ სხვანაირად დადიან, მოჭიდავეები სხვანაირად, მეზღვაურები - „ქანაობით“, კარატისტი გარეგნულად მოკრძალებით უნდა გამოირჩეოდეს და არა სითამამით. კარატე ჯენტლმენურია, მთაწმინდური, ალბათ იმიტომაც მომერგო (იცინის) როცა ახალგაზრდა ვიყავი, დილიდან საღამომდე ვჩხუბობდი, უბანშიც, ჯარშიც. რაც კარატეს დავუკავშირე ცხოვრება მე ქუჩაში არ მიჩხუბია. კარატეს ერთ-ერთი მთავარი წესი, „სწორი“ გონებაა. ეს ნიშნავს, რომ შენი გონება არაფერზეა მიჯაჭვული.
მაშინ ბევრი ცნობილი ადამიანი მისდევდა კარატეს, მთელ „ივერიას“ ვავარჯიშებდი, თემურ წიკლაური ჩემი ახლო მეგობარი იყო, თემურს ძალიან უყვარდა კარატე. ძალიან ცნობილი ექიმი ნიკოლოზ ანთელავა, 60 წლის ასაკში დადიოდა ჩემთან კარატეზე, მოწონდა კარატე. ჩვენთან კაგებეს თანამშრომლებიც კი ვარჯიშობდნენ. როდესაც ახალგაზრდები მოდიოდნენ, მაშინვე ვხვდებოდი, რა იყო მათი მიზანი. ზოგი ამბობდა, რომ ფიზიკური მომზადებისთვის მოდიოდა კარატეზე, ზოგი თავდაცვისთვის, ზოგი ჩხუბში ვიღაცის საცემად, მაგრამ მერე ისე მალე უქრებოდათ ეს მოტივაცია, აღარც კი ახსოვდათ.
- როგორ მიდის თქვენი ცხოვრება 85 წლის ასაკში?
- 85 წლის ასაკში თავს მხნედ ვგრძნობ, მიყვარს პოეზია, ისევ ვუკრავ გიტარაზე. დროდადრო ვხატავ, ვმუშაობ მინანქარზეც. მიხარია, რომ წლები გავიდა და დღეს კარატე ჩვენთან ისევ პოპულარულია, ყველა ქალაქში, რაიონულ ცენტრში გვაქვს კარატეს წრეები, სადაც უამრავი ახალგაზრდა ვარჯიშობს. კარგი თაობა მოდის. ახლახან გვქონდა თბილისის ღია პირველობა. ჩვენ გვყავს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გოგიტა არქანია, რომელიც გამორჩეული და ტიტულოვანია ყველა თაობის კარატისტებს შორის. გოგიტამ დაასრულა გამოსვლა და უკვე ნაკრების მწვრთნელია.
დროს თავისი მოაქვს. მე ღრმად მჯერა ამისი. დრო წაიღებს ძველს და ახალს შემოიტანს. 20 წლის შვილთაშვილი მყავს. ჩემთან რომ მოდის, სულ ტელეფონშია ჩართული, ხარაკირი რომ გავიკეთო, ვიცი, ის ტელეფონს ვერ მოიშორებს, ამიტომ მშვიდად ვეგუები. დროს წინ ვერაფერში აღუდგები. ჩემი მშობლები სულ იმას მეჩიჩინებოდნენ, მთელი დღე მაგნიტოფონს რატომ უკრავო, მაგრამ მაინც ვუკრავდი. ასე იყო მაშინაც. არავის არაფრის შეცვლა არ შეუძლია, გარდა თავად პიროვნებისა.
ბუნებით ფატალისტი ვარ, კარგი გაგებით. ის, რაც უნდა მოხდეს, ის აუცილებლად მოხდება. მჯერა, რომ უნდა დავბადებულიყავი მთაწმინდაზე, უნდა წავსულიყავი ფლოტში, ცხოვრება უნდა დამეკავშირებინა კარატესთვის. უკან, ჩემი ბაბუის ბაბუებამდე რომ ჩავიდე, სულ ერთი ავტობუსი ხალხი გამოვა, მეტი კი არა. პირველი ბაბუის დამამტკიცებელი საბუთი ვარ მე. ის რომ დაიბადა, მაშინ „გავჩნდი“ მეც, ყველაფერი კანონზომიერად ხდება. ხვალინდელი დღე არის დღევანდელი დღის გაგრძელება, დღევანდელი - გუშინდელი დღის და ასე მოვდივართ გაუჩერებლად, უკვე ხელოვნურ ინტელექტამდე ვართ მოსული, წარმოიდგინეთ რა იქნება 30 წლის შემდეგ. ამასაც ვერავინ აღვუდგებით წინ. ადამიანი ნამდვილ დროში ცხოვრობს, არც წარსულში და არც მომავალში. ყველა მნიშვნელოვანი ამბავი ნამდვილ დროში ხდება, ვერ დავბრუნდებით გუშინ, ვერ წავალთ ხვალ, მთელი ჩვენი ცხოვრება არის მოქმედება ნამდვილ დროში, ამიტომაც ადამიანმა უნდა შეიცნოს და შეიგრძნოს თავისი არსებობა ნამდვილ დროში - აქ და ახლა.
თამუნა ნიჟარაძე