USD 2.6074
EUR 2.9941
RUB 3.1022
თბილისი
როგორ გახდა ზურაბ ლეჟავა საქართველოში კარატეს ფუძემდებელი და რატომ „აასწრო“ მან ფუძიამაზე ლეგენდარულ იაპონელ კარატისტს
თარიღი:  3765

ზურაბ ლეჟავა საქართველოში კარატეს  ფუძემდებელი და ცნობილი ოსტატია -  ცხოვრება კარატეს მაშინ დაუკავშირა, როდესაც საქართველოში საბრძოლო ხელოვნების ამ სახეობის შესახებ ბევრი არაფერი იყო ცნობილი. უფრო მეტიც, ის პერიოდიც გაიარა, როდესაც კარატე მთავრობის დადგენილებით აიკრძალა და  ყველას, ვინც კარატეში ავარჯიშებდა ადამიანებს, 5 წლიანი პატიმრობა ელოდათ.  ამის მიუხედავად, საყვარელ  საქმეზე უარი არასდროს უთქვამს. 

სენსეი, რომელმაც კარატე დოს   ცხოვრების 60 წელი მიუძღვნა, წელს თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს,  ჩვენი ინტერვიუც, მისი და თბილისის „რომანის“ გახსენებით დაიწყო.  

ზურაბ ლეჟავა: ჩემი ისტორია თბილისთან  85 წლის წინ დაიწყო. მთაწმინდაზე დავიბადე და გავიზარდე, ინგოროყვას ქუჩაზე გაიარა ჩემი ცხოვრების მრავალმა წელმა. მთაწმინდა გამორჩეული უბანი იყო. როდესაც შენი მშობლიური ქალაქის საპატიო მოქალაქე ხდები, ეს რა თქმა უნდა გამორჩეული  დაფასება და პატივია. თავის დროზე, მთაწმინდაზე, სიიაფის გამო რაიონებიდან ჩამოსული  სტუდენტები  ქირაობდნენ  ბინებს,  ალბათ, ამიტომაც მთაწმინდა აერთიანებდა სხვადასხვა კუთხეებისთვის დამახასიათებელ  კულტურას. ვერელები თავს იწონებდნენ  კიროვის ბაღის გამო, სადაც „საჭიდაო“ იყო, პლეხანოველები და ნაძალადეველები  სხვანაირად ამაყობდნენ თავიანთი უბნებით, მთაწმინდელებს  სხვა  დაუწერელი წესები  გვქონდა - ჩვენი ცნობილი ბირჟა ლაღიძის წყლებთან იყო, იქ თუ იდექი, ქცევის სხვა წესები გევალებოდა, უფროსების მიმართ პატივისცემა,  თანადგომა - არ შეიძლებოდა დაგეჩაგრა სხვა უბნიდან მოსული ადამიანი.  ჩემი თაობა გაიზარდა იმ ადამიანების ხელში, ვინც მეორე მსოფლიო ომიდან დაბრუნდა. ისინი მაშინ ჩამოვიდნენ, როდესაც ჩვენ 6 – 7 წლისები ვიყავით და იმ დროს იწყება ახალგაზრდის ჩამოყალიბება. ეს პერიოდი კარგად მახსოვს. ჩვენს  თბილისურ დიდ ეზოში, სადაც ძალიან ბევრი ოჯახი ვცხოვრობდით, 5 ადამიანი იყო, ვინც ომიდან  დაბრუნდა. ისინი  ბევრ რამეს გვასწავლიდნენ, პირველ რიგში, როგორ უნდა ვყოფილიყავით უშიშარი, როგორ დაგვეცვა  ფასეულობები,  ჩვენი  სამშობლო. თუ ჩემში რაიმე  კარგია ეს  იმ უბნის, იმ ადამიანების, ჩემი მეგობარი მხატვრების,  მუსიკოსების დამსახურებაა, ვისთან ერთადაც გავიზარდე.

მე ვაჟთა მეორე სკოლაში ვსწავლობდი. პიონერთა სასახლის გვერდით ვცხოვრობდი და თუ რამე წრე იყო, ყველაფერზე დავდიოდი. კარგად ვხატავდი და  სკოლა რომ დავამთავრე, სამხატვრო აკადემიაში შევიტანე საბუთები. ერთი ქულა დამაკლდა და ვერ ჩავაბარე. საკუთარ თავზე გაბრაზებული კომისარიატში წავედი და ჯარში წაყვანა მოვითხოვე. 4 წელი გავატარე სამხედრო ფლოტში, ქალაქ ფეოდოსიაში. ჰაერში გავაფრიალე 4 წელიწადი და ჩამოვედი. 

-   სამხედრო სამსახურიდან ჩამოსვლის შემდეგ  დაუბრუნდით მხატვრობას?

- ჯარში ყოფნის დროს არ მქონდა ხატვის საშუალება, თუ  ყოველდღე არ ხატავ, ფორმაში არ ხარ და  ტექნიკურად ჩამორჩები.  ჩემი მეგობრების უმრავლესობა მხატვრები იყვნენ, მათ წრეში ვტრიალებდი და ხატვას ვერ შეველიე. წლების შემდეგ დავინტერესდი ტიხრული მინანქრით,  ამ მიმართულებით   დავუბრუნდი ხატვას, ჩემს მეგობარ ელდარ ქიშმარაიასთან ერთად გავაკეთე ბევრი რამ, სხვათაშორის, მის უწმინდესს აქვს ჩვენი გაკეთებული ჯვარცმა ტიხრულ მინანქარში.   

ჯარიდან დაბრუნებულმა ჩავაბარე უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტეზე, თუმცა მალევე  გადავედი იურდიულ ფაკულტეტზე. ფეოდოსიაში ყოფნის დროს დავინტერესდი გიტარის დაკვრით. გიტარა ბავშვობიდან მიყვარდა. სახლში ბებიაჩემის გიტარა გვქონდა, 2-3 აკორდი ვიცოდი. როცა იშხნელების სტილი ძაგნიძის და ჩხიკვაძის დაკვრის სტილით შეიცვალა,  თბილისში გიტარის დაკვრის ბუმი დაიწყო.  ჩემს უბანში თითქმის ყველა ჩემი ნაცნობი უკრავდა. ჩვენთან არ იყო გიტარის  შემსწავლელი წრეები რადგან არ გვყავდა პედაგოგები, ამიტომ ყველა თავისით სწავლობდა. გიტარა ისეთი ინსტრუმენტია თუ დაგაინტერესა,თავს ვერ დაანებებ.  ფეოდოსიაში  ჯარში ყოფნისას   ვიყიდე ესპანურიდან რუსულად თარგნილი ბროშურა, რომლითაც შესაძლებელი იყო გიტარის დაკვრა დამოუკიდებლად გესწავლა. ფეოდოსიაში მხატვარ აივაზოვსკის  სახლ-მუზეუმში მუსიკალური სტუდია იყო, იქ დავიწყე სიარული, სადაც ნოტები ვისწავლე. ცალკე ჯარში ვაწყობდი მინი კონცერტებს. მოკლედ ჯარიდან კარგად კვალიფიცირებული გიტარისტი ჩამოვედი.

უნივერსიტეტში სწავლის დროს ვუკრავდი თვითშემოქმედებით საესტრადო ორკესტრში, ჩვენთან მღეროდა ეთერ კაკულია, ნიკო ჯადუგიშვილი, დები იოსებიძეები, თუმცა უნივერსიტეტამდე იყო „საქართველოს ახალგაზრდობა ესტრადაზე“, რომელიც შემდეგ გადაკეთდა „დიელოდ“. ამ ანსამბლში ბუბა კიკაბიძემ მიმიყვანა. მე და ბუბა ბავშვობის მეგობრები ვიყავით. ჩვენ ერთმანეთთან ახლოს ვცხოვრობდით, 50 მეტრში იყო ჩვენი ეზოები დაშორებული და მთელი ბავშვობა ერთად გვაქვს გატარებული. ბუბამ შემომთავაზა, ანსამბლს ვაკეთებ და ჩვენთან  წამოდიო. ერთი წელი გავატარე იქ. ბევრი გასტროლი გვქონდა, კონფერანსიე იყო ქართლოს კასრაძე, შესაბამისად, ხალისი და მხიარულება  არ აკლდა ჩვენს გასტროლებს.     

- ამბობენ,  გიტარისტებში ყველაზე კარგი კარტისტი ხართ და კარატისტებში  ყველაზე კარგი გიტარისტი. თქვენ ერთ-ერთი პირველი ხართ, ვინც საქართველოში კარატეს ჩაუყარა საფუძველი მაშინ, როდესაც  ბევრმა არც იცოდა რა იყო კარატე. როგორ გადაიკვეთა თქვენი ცხოვრება კარატესთან, რომელსაც მრავალი ათეული წელი მიუძღვენით?

- მე  თუ არა, იქნებოდა ვიღაც სხვა ვინც შემოიტანდა  საქართველოში კარატეს, ისე მოხდა, რომ მე აღმოვჩნდი პირველი.  25 წლის ვიყავი, როდესაც უნივერსიტეტიდან  თვითშემოქმედებით წავედით საარბრუკენში, რომელიც თბილისთან დამეგობრებული ქალაქი იყო. ერთ დღეს სპორტკომპლექსში წავედით, სადაც  ღია კარში დავინახე კიმანოებში დგანან ვიღაცეები და რაღაცეებს აკეთებენ. დავინტერესდი რა ხდებოდა, მითხრა ჩვენმა გამყოლმა, რომ ეს იყო კარატეს ჯგუფი. კარატეზე მცირე ინფორმაცია მქონდა, მაგრამ ცოცხლად, რა იყო კარატე, პირველად ვნახე.  იქიდან დაიწყო ყველაფერი. საარბრუკენიდან უკვე ქსეოროქსზე გადაღებული ჩანაწერები ჩამოვიტანე კარატეს ილეთების, პრინციპების,  წესების შესახებ.

- იმ დროს საქართველოში კარატე აკრძალული იყო, უფრო მეტიც ერთხანს სისხლის სამართლებრივი დევნაც იყო გათვალისწინებული კანონით იმ პირებზე, ვინც კარატეს ასწავლიდა და მის პოპულარიზაციას მოახდენდა.

 - საბჭოთა საქართველოში  კარატე აკრძალული იყო,  კარატეს, როგორც საბრძოლო ხელოვნების სახეობას, ტექნიკური მხარის გარდა აქვს მეორე მხარე - სულიერი სპექტები, რომელშიც შედის აღმოსავლური სიბრძნის ელემენტები, რომ ადამიანი  უნდა იყო თავისუფალი, გქონდეს საკუთარი აზრი ყველაფერზე და ა.შ.  რაც საბჭოთა საქართველოში მიუღებელი იყო. 1983 წელს  მინისტრთა საბჭოს დადგენილებით აკრძალეს კარატე, დადგენილებაში მიზეზები რა თქმა უნდა არ იყო მითითებული. სისხლის სამართალში შეიტანეს მუხლი, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებული იყო ციხე 5 წლამდე  კარატეში ვარჯიშისთვის. ამ აკრძალვის მიუხედავად საბჭოთა კავშირში 5 მილიონამდე ადამიანი ვარჯიშობდა კარატეში, რაც იყო იდეოლოგიით გამსჭვალული დიდი ძალა, ეს კი საბჭოთა სისტემას დიდად არ აწყობდა.  

როდესაც საარბრიუკენიდან დავბრუნდი დავიწყე კარატეს საფუძვლიანად  შესწავლა. ამ დროს  სხვა ბიჭებიც გამოჩნდნენ, ვინც გამოხატავდნენ ინტერესს კარატეს მიმართ, ზოგი მოსკოვში ყოფნის დროს გაეცნო კარატეს, იქ იაპონიის საელჩოში მუშაობდა ერთი იაპონელი, რომელიც ავარჯიშებდა ბიჭებს, მათ შორის ქართველებსაც.  1970 წელს საქართველოში იყო 2 ათეული კაცი, ვინც კარატეს რაღაც დონეზე ფლობდა. დავიწყეთ გამოსვლა ჩემპიონატებზე. 1980 წელს ჩატარდა ქალაქის ჩემპიონატი, მერე საბჭოთა კავშირის მასშტაბით, მესამედ ჩატარდა ჩემპიონატი ტალინში, სადაც უკვე კარგი გუნდით ვიყავით წარმოდგენილები, სადაც ჩემპიონი გახდა გიორგი ბაკურაძე. საბერძნეთში მსოფლიო ჩემპიონატზე  გუნდში ვიყავით ლეჟავა, არქანია, მელუა, კარანაია, ვადაჭკორია, რაც ძალიან გვამხიარულებდა (იცინის)   

მე უკვე სერიოზულად ვიყავი დაინტერესებული კარატეს შესწავლით, პოპულარიზაციით, ვავარჯიშებდი ახალგაზრდებს. „სუხიშვილების“ მოცეკვავეებს წიგნები ჩამოჰქონდათ ხოლმე ჩემთვის უცხოეთიდან, ლევან თედიაშვილმა ჩამომიტანა პირველი კიმონო და ვიდეო, ეს იყო უძვირფასესი  საჩუქარი  უახლოესი მეგობრისგან.  

 -  როგორ შეცვალა კარატემ თქვენი ცხოვრება?

- კარატემ ბევრი რამ შეცვალა, პირველ რიგში ჩემი მსოფლმხედველობა, ცხოვრების წესი.  მე ვცხოვრობდი მხოლოდ ამ საქმით, კარატე მკარნახობდა ცხოვრების განრიგს. შეჯიბრები, შეკრებები, სპორტსმენების მომზადება. მე შეიძლება ითქვას, რომ ვარ ერთ-ერთი ფუძემდებელი  5 – 6 ადამიანთან ერთად ვინც საქართველოში  კარატეს ჩაუყარა საფუძველი, ესენი იყვნენ  მიხეილ წვერავა, გოგა ბერიძე, ოთარ გრძელიშვილი, თემურ რამიშვილი. ჩვენ ერთად დავიწყეთ საქმიანობა. მათ თავისი სისტემები შექმნეს, რაც ამ მიმართულების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 

სპორტზე გადადის ეროვნული გენეტიკური თვისებები. ამისი  მშვენიერი მაგალითია ჭიდაობა. ჩვენი ძიუდოისტები მსოფლიოს უმაღლესი რანგის სპორტსმენები, განსაკუთრებული ფსიქოტიპები არიან. გენეტიკური კოდი, სპორტის  გარკვეულ სახეობებში მუშაობს, გარკვეულში -  არა. როგორც დრომ აჩვენა  ჰოკეი, ბადმინტონი არ არის ჩვენი საქმე. კარატე საბრძოლო ხელოვნებაზე დაფუძნებული სპორტის სახეობაა, ქართველები  მებრძოლი ხალხი ვართ,  ალბათ ამიტომ დევს  ჩვენი კოდი კარატეშიც, რადგან კარატეს უპირველესად მებრძოლი სული სჭირდება.  

გახდე სენ სეი, არ არის იოლი. მთელი ცხოვრება უნდა გქონდეს მიძღვნილი ამ ერთადერთი საქმისთვის, რომ  ოსტატი  გახდე. მე  ცხრა დანის მფლობელი ვარ,  მაქვს სამი წოდება. ერთი პირადად იაპონელი ოსტატის ჰიროკაზუ  კანაზავას მიერ არის გადმოცემული. როდესაც ჩვენ პირველად შევხვდით  და ერთმანეთი  გავიცანით,მან ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ის ხელმოწერის დროს  ხატავდა ფუძიამას კონტურს და ქვეშ წერდა  თავის გვარს,  რამაც ძალიან დამაინტერესა. მე ვკითხე: სენ სეი,  რას ნიშნავს ეს ხელმოწერა მეთქი?  ეს ნიშნავს, კაცს, რომლიც ცდილობს მწვერვალზე ავიდეს,  ეს ძნელი მისაღწევია, მაგრამ მაინც წინ მიდისო -მიპასუხა. ლეჟავა რას ნიშნავსო, დამიტრიალა კითხვა, ლეჟავა ნიშნავს კაცს, რომელიც მთაზე უკვე  ავიდა -მეთქი, ვუპასუხე, რაზეც ბევრი იცინა. ერთი წლის შემდეგ იტალიაში მსოფლიო ჩემპიონატზე  ჩემი თავი წარუდგინა კოლეგებს  და იხუმრა, ეს ის კაცია, ფუძიამაზე რომ ამასწროო (იცინის)    

კანაზავა იყო  უდიდესი  ოსტატი, მასწავლებელი, მან  თავისი ესთეტიკა შეიტანა კარატეში, თავისი სიტყვა თქვა. 1980 წელს იყო ჩამოსული თბილისში, სამწუხაროდ, მე ვერ შევძელი იაპონიაში ჩასვლა. ის ჩემთვის იმდენად დიდი ადამიანი იყო, მე დავიტოვე მისი მეშვიდე დანი, რაც ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდოა.    

 - თქვენი მეგობრებისგან მსმენია, რომ რთულ 90 -იან წლებში ძალიან ბევრი ახალგაზრდა გადაარჩინეთ კარატეს დახმარებით ცხოვრების გზიდან აცდენას.  

- შეიძლება ასეც ითქვას, თუმცა არ მიყვარს დიდად ამაზე ლაპარაკი. იყო რამდენიმე ასეთი ისტორია, რაც გახმაურდა ქალაქში.  მაშინ ბევრი აცდა გზას, კარატემ ბევრი დააბრუნდა ცხოვრების ნორმალურ წესს. მე პირადად ორი ადამიანი ავაცილე ქიმიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულებას ვარჯიშით. კარატე სულიერ სიმტკიცეს, მოთმინებას მოითხოვს და გამოუმუშავებს ადამიანს, უფროსისადმი პატივისცემას, დარბაზში რომ შედიხარ, თავი უნდა დახარო. ამას რომ ადამიანი მიეჩვევა, ის ამპარატავანი ვერც ცხოვრებაში  ვერ იქნება. ვინც ვარჯიშობს კარატეში, ის  არ იგინება, არ შეიძლება მოწევა, ლოთობა, აგრესიულობა.  ყველა სპორტს თავისი ესთეტიკა აქვს, კარატესაც  რა თქმა უნდა. ბალერინები ხომ სხვანაირად დადიან, მოჭიდავეები სხვანაირად, მეზღვაურები - „ქანაობით“, კარატისტი  გარეგნულად მოკრძალებით უნდა გამოირჩეოდეს  და არა სითამამით. კარატე ჯენტლმენურია, მთაწმინდური, ალბათ იმიტომაც მომერგო (იცინის)  როცა ახალგაზრდა ვიყავი,  დილიდან საღამომდე ვჩხუბობდი, უბანშიც, ჯარშიც. რაც კარატეს დავუკავშირე ცხოვრება  მე ქუჩაში არ მიჩხუბია. კარატეს ერთ-ერთი მთავარი წესი, „სწორი“ გონებაა. ეს ნიშნავს, რომ შენი გონება არაფერზეა მიჯაჭვული.

მაშინ  ბევრი ცნობილი ადამიანი მისდევდა კარატეს, მთელ „ივერიას“ ვავარჯიშებდი, თემურ წიკლაური ჩემი ახლო მეგობარი იყო, თემურს  ძალიან უყვარდა კარატე. ძალიან ცნობილი ექიმი ნიკოლოზ ანთელავა, 60 წლის ასაკში დადიოდა ჩემთან კარატეზე, მოწონდა კარატე. ჩვენთან კაგებეს თანამშრომლებიც კი ვარჯიშობდნენ. როდესაც ახალგაზრდები მოდიოდნენ, მაშინვე ვხვდებოდი, რა იყო მათი მიზანი. ზოგი ამბობდა, რომ ფიზიკური მომზადებისთვის მოდიოდა კარატეზე, ზოგი თავდაცვისთვის, ზოგი ჩხუბში ვიღაცის საცემად, მაგრამ მერე ისე მალე უქრებოდათ ეს მოტივაცია, აღარც კი ახსოვდათ.    

 - როგორ მიდის თქვენი ცხოვრება 85 წლის ასაკში?

 - 85 წლის ასაკში თავს მხნედ ვგრძნობ, მიყვარს პოეზია, ისევ ვუკრავ გიტარაზე. დროდადრო ვხატავ, ვმუშაობ მინანქარზეც. მიხარია, რომ წლები გავიდა და დღეს კარატე ჩვენთან  ისევ პოპულარულია, ყველა ქალაქში, რაიონულ ცენტრში  გვაქვს  კარატეს წრეები, სადაც უამრავი ახალგაზრდა ვარჯიშობს. კარგი თაობა მოდის. ახლახან გვქონდა თბილისის ღია პირველობა.  ჩვენ გვყავს  მსოფლიოს  ორგზის ჩემპიონი  გოგიტა არქანია, რომელიც  გამორჩეული და ტიტულოვანია   ყველა თაობის  კარატისტებს შორის. გოგიტამ დაასრულა გამოსვლა და უკვე ნაკრების მწვრთნელია. 

დროს თავისი მოაქვს. მე ღრმად მჯერა ამისი. დრო წაიღებს ძველს და ახალს შემოიტანს. 20 წლის შვილთაშვილი მყავს. ჩემთან რომ მოდის, სულ ტელეფონშია ჩართული, ხარაკირი რომ გავიკეთო, ვიცი, ის ტელეფონს ვერ მოიშორებს, ამიტომ მშვიდად ვეგუები. დროს წინ  ვერაფერში  აღუდგები. ჩემი მშობლები სულ იმას მეჩიჩინებოდნენ, მთელი დღე მაგნიტოფონს  რატომ  უკრავო, მაგრამ მაინც ვუკრავდი. ასე იყო მაშინაც.  არავის არაფრის შეცვლა არ შეუძლია, გარდა  თავად პიროვნებისა.

ბუნებით ფატალისტი ვარ, კარგი გაგებით. ის, რაც უნდა მოხდეს, ის აუცილებლად მოხდება. მჯერა, რომ უნდა დავბადებულიყავი მთაწმინდაზე, უნდა წავსულიყავი ფლოტში, ცხოვრება უნდა დამეკავშირებინა კარატესთვის. უკან, ჩემი ბაბუის ბაბუებამდე რომ ჩავიდე, სულ ერთი ავტობუსი ხალხი გამოვა,  მეტი კი არა. პირველი ბაბუის დამამტკიცებელი საბუთი ვარ მე. ის რომ დაიბადა, მაშინ  „გავჩნდი“ მეც, ყველაფერი კანონზომიერად ხდება. ხვალინდელი დღე არის დღევანდელი დღის გაგრძელება, დღევანდელი - გუშინდელი დღის  და ასე მოვდივართ გაუჩერებლად,  უკვე ხელოვნურ ინტელექტამდე ვართ მოსული, წარმოიდგინეთ რა იქნება 30 წლის შემდეგ. ამასაც ვერავინ აღვუდგებით წინ.  ადამიანი  ნამდვილ დროში ცხოვრობს, არც წარსულში და არც მომავალში. ყველა მნიშვნელოვანი ამბავი ნამდვილ დროში ხდება, ვერ დავბრუნდებით გუშინ, ვერ წავალთ ხვალ, მთელი ჩვენი ცხოვრება არის მოქმედება ნამდვილ დროში, ამიტომაც  ადამიანმა უნდა შეიცნოს და შეიგრძნოს თავისი არსებობა ნამდვილ დროში - აქ და ახლა.

თამუნა ნიჟარაძე  

 

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის