USD 2.8478
EUR 2.9967
RUB 2.6780
Тбилиси
გიორგი ჭკუასელი: დღეს მთავარია არქიტექტორმა დააპროექტოს მეტი კვადრატული მეტრი და მეტი კვადრატული მეტრი ააშენოს დეველოპერმა, რომ მეტი ფული აიღოს, ამიტომაც დაკარგა თბილისმა თავისი სილამაზე
дата:  1644

არქიტექტორი გიორგი ჭკუასელი იმ ადამიანთა შორისაა, ვისაც საყვარელ საქმეში   პროფესიონალიზმთან ერთად პროფესიული  იღბალიც  ერგო - მის სახელთან საქართველოში ბევრი ცნობილი არქიტექტურული პროექტია დაკავშირებული, რომელთა შორის გამორჩეული  მცხეთის რეაბილიტაცია, სათაფლია, გორის და ყაზბეგის ისტორიული უბნების  რეაბილიტაციაა.  

წარმატებული არქიტექტორი პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა. ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლექტორია ახალგაზრდა არქიტექტორებში. როგორც თავად ამბობს, ახალი თაობის  არქიტექტორების გაზრდა მისთვის მნიშვნელოვანი მისიაა, რასაც ის  დიდი პასუხისმგებლობით და სიყვარულით ასრულებს.  

ცხოვრება არქიტექტურაში და პროფესიის მიღმა - გიორგი ჭკუასელი  საკუთარი  პროფესიული გზის საინტერესო ისტორიებს გვიზიარებს.

- ბატონო გიორგი, მრავალი წელია არქიტექტორი ხართ, თქვენს სახელთან არის დაკავშირებული არაერთი წარმატებული პროექტი. როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა არქიტექტურაში?

 - არქიტექტურის მიმართ ინტერესი ადრეული წლებიდან გამიჩნდა, რაც პირველ რიგში ჩემი ოჯახის გავლენა იყო.  მშობლები  დამეხმარნენ წავსულიყავი ამ გზით. ჩემი ოჯახის წევრების უმეტესობა ჩართული იყო ამ სფეროში - მშენებელი იყო მამა ოთარ ჭკუასელი და  ბიძა ნიკოლოზ ჭკუასელი. დედაც ამ მიმართულებით მუშაობდა. გავიზარდე პროფესიონალების წრეში. მამა წარმატებული მშენებელი იყო, მისი ერთ-ერთი ნამუშევარია სპორტის სასახლე, რომელზედაც ლადო მესხიშვილთან ერთად  მოუწია მუშაობა. ამ პროცესში, როგორც კონსტრუქტორი,  ჩართული იყო ბიძაჩემიც. მის სახელთან არის დაკავშირებული სპორტის სასახლის თაღის გადაწყვეტა, რომელიც სპეციალური შეკვეთით დამზადდა რუსეთში. ეს იმ პერიოდისთვის უცხო არქიტექტურული ელემენტი იყო, განსახორციელებლად საკმაოდ რთული. ბიძაჩემის შესრულებულია მეტროსადგურ  „ისანის“ გადახურვა, ასევე წერეთლის გამზირზე, საგამოფენო ცენტრის ექსპოჯორჯიას თაღი. მე არ დავარღვიე ოჯახური ტრადიცია, კარგად მეხერხებოდა ხაზვა, წარმატებით გამოვდიოდი სასკოლო ოლიმპიადებზე.  სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე  გეპეიში,  დღევანდელ პოლიტექნიკურ ინსიტუტში, არქიტექტორის ფაკულტეტზე, რომელიც  იყო არქიტექტორების  კარგი სამჭედლო.

16991670_1440984795951844_2353983747064967740_o

პროფესია არც იმ დროს  მიგიტოვებიათ, როდესაც ჩვენთან რთული პერიოდი დადგა?  რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტორის პროფესიაში, იმისთვის, რომ წარმატებული გახდეს? 

- 90 იან წლებში გვქონდა ჩავარდნის პერიოდი, იმ პერიოდში  მეც მომიწია წასვლა ქვეყნიდან, თუმცა მალე დავბრუნდი და ჩემს თაობაში  ერთ-ერთმა პირველმა გავხსენი არქიტექტურული  სახელოსნო, სადაც შემომიერთდნენ ძველი მეგობრები. მას შემდეგ არქიტექტურისთვის თავი არ დამინებებია. არქიტექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დავალების ორგანულად გააზრება, რას და სად  აპროექტებ. რაც თავიდანვე  მაინტერესებდა და რასაც შემდგომ დაემატა ცოდნა, გამოცდილება. ყველგან  ვამბობ,  მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის  ერთ-ერთი საუკეთესო შენობად თბილისში მიმაჩნია არქიტექტორ ვაჟა ორბელაძის აშენებული „მაკდონალდსის“ შენობა რუსთაველის მეტროს გვერდით. ამ ადგილზე ადრე იყო აეროფლოტის სალაროები, რომელიც თავისთავადაც საინტერესო არქიტექტურული შენობა იყო. იქვე -  მელიქ აზარიანცი სახლია, გადმოსწვრივ ე.წ. შახტიორების სახლი, ახლანდელი „კინოს სახლი“. მაკდონალდსის პროექტი ორგანულად  შეერწყა ამ გარემოს და არ არის ამოვარდნილი სივრციდან, ჩემი აზრით, სწორედ  ეს არის მოცულობის დანახვის ერთ - ერთი საუკეთესო მაგალითი არქიტექტურაში.       

-  რა იყო თქვენი პირველი  პროექტი  და ყველაზე  ემოციურად  რომელ პროექტზე  მუშაობის პროცესი გახსენდებათ?

- თავიდან, როგორც ყველა დამწყები არქიტექტორი ვმუშაობდი სახელოსნოში. მქონდა ბედნიერება მემუშავა არაჩვეულებრივი პედაგოგისა  და კოლეგის ალეკო ქურდიანის ხელმძღვანელობით, რომელიც ქურდიანების ცნობილი  დინასტიის წარმომადგენელი იყო. დღეისთვის ძალიან წარმატებული არქიტექტორია ალეკოს შვილი შაქრო ქურდიანი. 1988 წელს დავაპროექტეთ არაჩვეულებრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი საწყალოსნო კომპლექსი თავისი სკოლით, სასტუმროთი, აუზებით, რომელიც უნდა აშენებულიყო თემქაზე, მეხუთე სამშობიაროსთან. მოსკოვმა დაამტკიცა  ეს პროექტი, მაგრამ მოულოდნელად დაიწყო ინფლაცია და პროექტიც  შეჩერდა.   

1988 წელს ასევე მომიწია მუშაობა  ედუარდ შევარდნაძის მძახლების  სახლზე, წყნეთში კაკლების დასახლებაში. როდესაც შოთა ყავლაშვილმა ამ პროექტის მაკეტი ნახა, ისე მოეწონა ავსტრიაში წაიღო, საიდანაც ჯილდო ჩამომიტანა. აშენდა ის შენობა, მაგრამ მერე გადაკეთ-გადმოკეთდა. 1997 წელს, როდესაც ჩამოვაყალიბე არქიტექტურული სახელოსნო, ჩემი მთავარი მიზანი იყო  ორი-სამი გამოცდილი არქიტექტორის ირგვლივ შემომეკრიბა ახალგაზრდები. იმ დროს შეკვეთები ნაკლებად იყო, თუმცა ჩვენ სამუშაო მაინც გვქონდა. ვაპროექტებდით კერძო სახლებს.  დაახლოებით ასამდე სახლი მაქვს აშენებული.  90 იანი წლების ბოლოს  თბილისში იწყებოდა ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, თუმცა მე ამ  მიმართულებაში არ ჩავერთე. ერთადერთი კორპუსი მაქვს აშენებული ხოშტარიას ქუჩაზე. ისეთი ცუდი დრო იყო, ისეთ სიბინძურეებთან მომიწია შეხება, დავიფიცე, რომ კორპუსს აღარ გავეკარებოდი და პირობა შევასრულე. მას შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის პროექტი არ გამიკეთებია. 2000 იანი წლების დასაწყისიდან გადავერთე სახელმწიფო შეკვეთებზე, ძირითადად ვმუშაობდი სახელმწიფო ობიექტებზე, ეს იყო სათაფლიას პროექტი,ასევე მცხეთის რეაბილიტაცია, გორის ისტორიული უბნის რეაბილიტაცია, ყაზბეგის ისტორიული უბნის რეაბილიტაცია და ა. შ.  

278f8bae-4bf7-4ba2-a5d6-1454f21fcd18

სათაფლიის პროექტი

1984 წელს გია შაიშმელაშვილთან და მერაბ გუნავასთან, ასევე დათო ჟღენტთან და  მალხაზ ლეკვეიშვილთან ერთად დავიწყეთ მუშაობა მცხეთის რეაბილიტაციაზე. მაშინ მოხდა ჩემი პიეველი შეხება მცხეთასთან, შემდგომ კი 2008 წლიდან განვახორციელეთ  75 სახლის რეაბილიტაცია. ყველაზე ემოციურად მახსოვს ალექსანდრე მრევლიშვილის სახლის აღდგენის პროცესი, რომელიც  ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო  პროექტად მიმაჩნია. სახლი საშინელ მდგომარეობაში იყო. სრულად განადგურებული. ვიმუშავეთ არქივებში, მოვიძიეთ მასალები,  ძველი  30 იანი წლების ფოტოები. სახლი აღვადგინეთ იმ სახით, რაც იყო შემორჩენილი ფოტოებში. სამწუხაროდ, მოგვიანებით დაამახინჯეს ეს შენობა, მიაშენეს სახინკლეები. ზოგადად, მიშენებ - მოშენება და გადაკეთება ძალიან დიდი პრობლემაა. არქიტექტორისთვის საშინელი განცდაა, როდესაც მის  ნამუშევარს ამახინჯებენ. რამდენი თვის, ღამის ნაფიქრი და ნააზრები აქვს ჩადებული არქიტექტორს ნებისმიერ პროექტში,  მერე  ვიღაც მოვა,  იქირავებს ან იყიდის ამ ადგილს და  მიაშენებს, მოაშენებს, დაანგრევს, გადააკეთებს. თბილისში გვქონდა კარგი არქიტეტურული ნამუშევრები, მაგალითად ჩაის სახლი, რომელიც უნიკალური შენობა იყო, მაგრამ წლების განმავლობაში დაამახინჯეს, არაჩვეულებრივი შენობა იყო რამაზ კიკნაძის მიერ გაკეთებული  რესტორანი „მარაბდა“, რუსთავის გზაზე, ასევე სამხედრო მუზეუმი ვაჟა  ფშაველაზე, რომელიც რამაზ კიკნაძის და ვოვა ქურთიშვილის  ნამუშევარია. თბილისში გვქონდა არაჩვეულებრივი ლუდის ბარი, ვახუშტის ხიდთან, უნიკალური არქიტექტურული  შენობა იყო, მაგრამ დაანგრიეს. შესანიშნავი  შენობა  ჰქონდა რესტორან „არაგვს“, რომელიც ასევე აღარ არსებობს, წლებია ერთი დიდი ორმოა დარჩენილი მის ადგილზე. როგორც ვიცი, იქ აპირებენ მრავალსართულიანი შენობების აშენებას. ეს კიდევ ცალკე დიდი პრობლემაა. ამ მხრივ ჩვენთან სრული კატასტროფა ხდება.

 ded06817-2ed1-4a30-a08d-b03ba672f300 

საჩხერის აუზი

არქიტექტურა არის  იმ დროისათვის საზოგადოების სოციალური განვითარების გამოვლინება, კარგად აჩვენებს რა ხდებოდა იმ დროს, როდესაც ესა თუ ის შენობა ააშენეს. მელიქ აზარიანცის  სახლი აჩვენებს, თუ რა დონეზე იყო  იმ დროს ადამიანების სოციალური განვითარება. ჩვენ ვხედავთ რა შენდება დღეს. მთავარია არქიტექტორმა დააპროექტოს მეტი კვადრატული მეტრი და მეტი კვადრატული მეტრი ააშენოს დეველოპერმა, რომ მეტი ფული აიღოს, ამიტომაც დაკარგა თბილისმა თავისი სილამაზე. ფუნიკულიორიდან რომ გადმოიხედავ ღამით ლამაზია თბილისი, დღისით კი საშინელება ხდება. არანაირი გემოვნება, ესთეტიკა. კიდევ კარგი, ახლა, კარგი მასალებით  მაინც ხდება შენობების უმეტესობის მოპირკეთება, შესახედად მაინც ნორმალურია, მაგრამ  შეიძლება თბილისში ამხელა სახლები?! გინახავთ ევროპის ქალაქებში ის, რაც ჩვენთან ხდება?!  

f1050dc1-fc87-46be-844a-68fb341c64d0

 

1543c678-87c3-4f2c-b29b-5b299e7f08e3

მცხეთის რეაბილიტაცია

გამოსავალს ხედავთ?  თქვენ, ალბათ როგორც ძველი თბილისელების თაობას, გენატრებათ  ის რაც ამ ქალაქს უნიკალურს ხდიდა - მისი უბნები, ურთიერთობები. 

- გამოსავალი ალბათ იმაშია, რომ  მეტად  გვიყვარდეს ერთმანეთი, ჩვენი ქვეყანა და არ დავამახინჯოთ ის. მხოლოდ ფულზე არ უნდა ვიფიქროთ. გამდიდრება ცუდი სულაც არაა, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ქვეყნის და მიწის მითხრა-მოთხრის ხარჯზე.  არქიტექტურა ისეთი პროფესიაა, მუდმივად გაქვს მასთან  შეხება. მხატვარი დახატავს ნახატს, თუ არ მოეწონა, გადადებს გვერდით, არ გამოფენს. იგივე ეხება წიგნს, მუსიკას. თუ ავტორს წიგნი არ გამოუვა, არ დაბეჭდავს. არქიტექტურაში ასე არაა. გინდ სახლში, გინდ - ქუჩაში. პურის საყიდლად რომ გახვალ, არქიტექტურა გაქვს ირგვლივ, სულ მასში ტრიალებ. ამიტომაც არის ჩემთვის მტკივნეული ყველაფერი, რაც ამ სფეროს ეხება.

რაც შეეხება თბილისს და ურთიერთობებს, მე ხშირად მითქვამს შვილებისთვის, რომ ადრე თბილისი სხვანაირი იყო, იგივეს მეუბნებოდა მამაჩემი. როგორც ჩანს, წინა თაობა მაინც ძველი გადმოსახედიდან უყურებს ამას, რეალურად ვითარდება ყველაფერი, არაჩვეულებრივი თაობები მოდის, ლაღები, თავისუფლები. ჩვენ ყველამ ვნახეთ მათი გამოსვლები  გაზაფხულზე,   სწორედ ეს თაობაა ჩვენი ქვეყნის მომავალი და იმედი. მე ვერაზე დავიბადე და გავიზარდე. 53 -ე სკოლაში ვსწავლობდი. ჩვენ ტატულია მარგველაშვილის შეკრებილი კლასი ვიყავით. მესამე კლასში ინგლისურის გამოცდის მიხედვით გაგვაერთიანა და მას  მერე მოვყვებით ერთმანეთს. დიდი სამეგობრო გვაქვს.  იმ წლებიდან ჩემი უახლესი მეგობრები არიან ექიმი გიორგი გვახარია, რეჟისორი დიტო ცინცაძე და მხატვარი ლუკა ლასარეიშვილი. ამდენი ხნის მანძილზე არაჩვეულებრივი მეგობრობა გვაქვს, ვიკრიბებით, ერთად ვმოგზაურობთ და მხარში ვუდგევართ ერთმანეთს.

17038752_1440982115952112_7335303773659063976_o

- დიტო ცინცაძემ კინოში არ გადაგიღოთ?

-1979 წელს, მის სტუდენტურ ფილმში ვითამაშე, მას მერე აღარ გადავუღივარ, თუმცა ვარ მისი მემატიანე -ფილმოგრაფი. თუ ვინმეს მის შემოქმედებასთან დაკავშირებით რამე სჭირდება, მე მიკავშირდებიან და მეკითხებიან (იცინის)

- წლებია აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწევით და მჭიდრო კავშირი გაქვთ ახალი თაობის არქიტექტორებთან. 

- მე ვასწავლი საქართველოს უნივერსიტეტში, რომელიც არაჩვეულებრივი უნივერსიტეტია. მოთხოვნა ძალიან დიდია. პედაგოგიური საქმიანობა  ძალიან  მნიშვნელოვანი საქმეა  დღეს  ჩემთვის, ამას გრძნობენ სტუდენტები, ალბათ ამიტომაც, დიდი ამბავია ატეხილი, რომ ჩემს ჯგუფში მოხვდნენ (იცინის) მიხარია, რომ ახალ თაობაში ბევრი კარგი არქიტექტორი გვყავს, მაგალითად, გიორგი ხმალაძე, რომელიც თავისი ასაკის მიუხედავად,  უკვე პროფესიონალი და დიდი არქიტექტორია. გამორჩეულად ნიჭიერები არიან  ნიკოლოზ ლეკვეიშვილი, ირაკლი აბაშიძე  და სხვები. ხანდახან ისეც ხდება, რომ ახალგაზრდები  ეჭიდებიან ისეთ საქმეს, რაც არ იციან. არქიტექტორი ყალიბდება 35 - 40 წლის ასაკიდან, როდესაც  ნიჭი და ცოდნა, გამოცდილებით მყარდება, ამიტომ სულ ვეუბნები ჩემს სტუდენტებს, დიდხანს იმუშავეთ კარგ სტუდიებში, რომ მიიღოთ კარგი გამოცდილება და მერე შეეჭიდეთ დიდ პროექტებს მეთქი. 

საბედნიეროდ, დღეს გაცილებით მეტია ინფორმაციის წყარო, ვიდრე იყო წლების წინ, როდესაც მე არქიტექტორობა დავიწყე.  ერთი ფრანგული ჟურნალი მქონდა, სადაც დაბეჭდილი იყო უნიკალური ფრანგი არქიტექტორის რიკარდო ბოფილის არქიტექტურული ნამუშევრები,  რომელბიც გამორჩეულია ფერებითა და ფორმებით. ჩემი ჟურნალი ხელიდან ხელში გადადიოდა, ტაციაობა გვქონდა. ახლა სადაც გინდა იქ წახვალ და რასაც გინდა იმას ნახავ.  ხშირად  წასვლაც არ გჭირდება. ზაჰა ჰადიდის კლუბში გავწევრიანდი, მომდის და მომდის ინფორმაციები, რას აკეთებენ და როგორ. ისინი ჩვენზე ბევრად წინ არიან, თუმცა ჩვენც გვაქვს რესურსი. ერთ ისტორიას გავიხსნებ. წლების წინ  წამოვიწყეთ კარგი ქართული პროექტი. გამოვუშვით  საერთაშორისო არქიტექტურული ჟურნალი მე და ჩემმა მეგობარმა  ნანა ჭურაძემ.  მოვიწვიეთ  არაჩვეულებრივი  არქიტექტორი  თამაზ გიორგაძე, რომელსაც კარგად ეხერხება წერა. პირველი ნომრისთვის ავიღეთ ინტერვიუები ძალიან ცნობილი არქიტექტორებისგან.  თამაზმა შეძლო და ინტერვიუებში აკამათა ორი სხვადასხვა მიმართულების არქიტეტორი : დონალდ ბეიდსი და ლუიზა ჰატონი, ძალიან საინტერესო კონცეფცია გამოვიდა. ბეიდსმა, რომელიც ძალიან პოპულარული არქიტექტორია, გვთხოვა, თუ შეიძლება თქვენთან გამოქვეყნებულ ინტერვიუს ჩემს გვერდზე  დავდებ თავფურცლადო. ზაჰა ჰადიდის აგენტს  ვესაუბრეთ და ვთხოვეთ, ასეთ პროექტს ვაკეთებთ,  იქნებ ან ინტერვიუ  მოგვცეთ, ან თქვენი ნამუშევარი გამოგვიგზავნოთო, თუმცა აგენტი არ დაგვეხმარა. როცა ჟურნალი  გამოვიდა, გავუგზავნეთ ჰადიდს. ორ თვეში მოგვივდა 30 დისკიანი მასალა, სადაც იყო ჰადიდის ყველა ნამუშევარი და მისი წერილი, ოღონდ ეს საქმიანობა არ შეწყვიტოთ და ყოველთვის გვერდით დაგიდგებითო. წარმოიდგინეთ, ლეგენდარული ჰადიდი რომ ამას მოგწერს.  ასევე დაგვიკავშირდა იაპონელი არქიტექტორი, რომელმაც ოკეანეში გააკეთა რკინიგზის სადგური,  თუ მომცემთ უფლებას,  პირველ გვერდზე დაბეჭდოთ ფოტოს გამოქვეყნების ექსკლუზიურ უფლებას მოგცემთო. ჟურნალი ძალიან პოპულარული გახდა, პირველი ნომერი ავსტრიაში დავბეჭდეთ, მთელი წლის გეგმა შედგენილი გვქონდა, ჟურნალი თვეში ერთხელ უნდა გამოსულიყო. დაგვიკავშირდა საქართველოს   მშენებელთა ასოციაცია, სახსრების მოძიება აღარ დაგჭირდებათ ჩვენ დაგაფინანსებთო. ძალიან შთამბეჭდავი წინადადება იყო, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ჟურნალში მოითხოვეს რვა გვერდი, მათი სახელით გამოსვლა, ერთ-ერთი ქართული  სამშენებლო კომპანიის რეკლამა და ვერ შევთანხმდით, ჩაიშალა ჩვენი მოლაპარაკება, რომელიც შეიძლებოდა ძალიან კარგ და საჭირო  პროექტად ქცეულიყო ქართული არქიტექტურისთვის.   

 - ამ გადასახედიდან როდესაც უკან იხედებით ყველაზე მეტად  რა გენატრებათ წარსულიდან?

 - უკან რომ ვიყურები მენატრება ახალგაზრდობა. წლები, როცა ყველაფერი იწყება.  რომ შეიძლებოდეს და  ამ გზაზე  თავიდან  დამაყენა, არაფერს შევცვლიდი. ორი ბიჭი მყავს პირველი ქორწინებიდან, მეუღლე გარდამეცვალა. შემდეგ მეორედ დავქორწინდი. მესამე შვილიც ბიჭი მყავს. არაჩვეულებრივი ბიჭია. ძალიან კარგად  ხატავს, არჩვეულებრივად  უკრავს გიტარაზე, მღერის ქართულ ხალხურ სიმღერას. ახლა პარიზში იყო გასტროლებზე. დედამისი როგორც ვატყობ, ამ მიმართულებით ფიქრობს მის კარიერაზე, თუმცა არჩევანი მაინც მისი გასაკეთებელი იქნება.  

31124328_2014232525277868_2859880235480907776_n

- უფროსმა შვილებმა, როგორც ვიცი  თქვენი გზა გააგრძელეს,  გაქვთ პროფესიაში  მამათა და შვილთა „ბრძოლა“?

- არა, ჩვენ შორის არაა მამათა და შვილთა ბრძოლა (იცინის)  ჩემი უფროსი ბიჭი ჩემთან მუშაობდა მცხეთის პროექტებზე,  ერთად  დავაპროექტეთ „საქპატენტის“ შენობაც, მერე გავუშვი სხვაგან, რომ უფრო მრავალმხრივი გამოცდილება მიეღო. სხვათაშორის ბევრი საინტერესო შენობა ააშენა თბილისში, მაგრამ მერე დაანება თავი არქიტექტურას, მწერლობას მიჰყო ხელი. ამ სფეროშიც წარმატებულია. მეორე შვილიც არქიტექტორია, თუმცა ჯერ ვერ გააცნობიერა არქიტექტორის პროფესიის ხიბლი. გიჟდება ფეხბურთზე, ამ ეტაპზე  გიორგი  მამარდაშვილის აგენტთან მუშაობს.   

- ფეხბურთი, ისევე როგორც მოგზაურობა, თქვენი დიდი გატაცებაც არის.  სპორტში პროფესიული მიღწევები გაქვთ თუ მხოლოდ მოყვარულის დონეზე რჩებით? 

- მიყვარს ფეხბურთი, ჩოგბურთი, ცურვა. მეტი წარმატებები მაქვს  კიდევ ერთ სპორტში - 23 წლის ბიჭი ვიყავი, როდესაც თხილამურებზე დავდექი და მას შემდეგ, თუ არ ჩავთვლით 90- იან წლებს, როდესაც მომიწია საქართველოდან წასვლა, წელი არ ჩამიგდია. არქიტექტორებს გვაქვს ჩვენი კლუბი, საერთაშორისო კლუბია-SKIA, 1978 წლიდან არსებობს. ტრადიციულად ყოველ წელს ვატარებთ შეჯიბრებებს. წელს ბაკურიანში  ჩავატარეთ ტურნირი, საიდან აღარ იყვნენ ჩამოსული მოთხილამურე არქიტექტორები. ტურნირის პარალელურად არქიტეტურული კონკურსიც იმართება  ხოლმე ახალგაზრდებისთვის, თან შეჯიბრი სრიალში, თან „შეჯიბრი“ არქიტექტურაში (იცინის)  

რაც შეეხება მოგზაურობას, ბევრს ვმოგზაურობ. ახლახან ჩამოვედი ნორვეგიიდან, სადაც საოცარი ადგილები მოვინახულეთ. პირველად უცხოეთში წავედი 1988 წელს, მანამდე არსად არ ვიყავი ნამყოფი. ვიბორგიდან მატარებლით გადავედი ფინეთში. ეს იყო ნამდვილი კულტურული შოკი. ვიბორგი სასაზღვრო ქალაქია, მატარებელი გადავიდა საზღვარზე და ჭუჭყიანი სამყაროდან მოვხვდი ლაღ, ულამაზეს, გაწიკწიკებულ ფინურ სოფელში. პატარა ჯაჭვებიანი პარკები, ხასხასა ბალახი, სისუფთავე, არაფერს ვამბობ საოცარ ალვარ აალტოს არქიტექტურაზე, რომლითაც ფინეთი მთელ მსოფლიოშია ცნობილი. პირველივე შეხება ევროპულ ქვეყანასთან იყო საოცრად შთამბეჭდავი. ამის შემდეგ წავედი ბულგარეთში, ოქროს ქვიშებზე, შემდეგ მეუღლესთან ერთად წავედი ესპანეთში, ლორე  დე მარიში გავჩერდით ყოველდღე ჩავდიოდით ბარსელონაში, რომელმაც ძალიან მომხიბლა. 2006 წელს უფროს ბიჭებთან ერთად წავედი ეგვიპტეში, მოვიარეთ მთელი ეგვიპტე. კაირო, ალექსანდრია - ყველაფერი ვნახეთ. მეორე შოკი უკვე იქ მივიღე, როცა  სრულიად სხვა სამყარო ვიხილე. მგონია, რომ ამაზე არ შევჩერდები და მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად კიდევ  ბევრი საინტერესო მოგზაურობა მელის. 

თამუნა ნიჟარაძე

271149764_4613611005340561_8482733181434624660_n

 

бизнес
"BM.GE": დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - რა უნდა იცოდეს ბიზნესმა ახალ რეგულაციაზე

დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - საქმე ის არის, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ფინანსთა სამინისტროს ახალი რეგულაცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდისგან თავის არიდების მიზნით შექმნილი სუბიექტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას. ეს ცვლილება განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს როგორც მეწარმე ფიზიკურ პირებზე (ინდივიდუალური მეწარმე, მიკრობიზნესი, მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირი), ასევე ნებისმიერ წვრილ, ქსელურ, კომპანიებზე.

რა უნდა იცოდეს ბიზნესმა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით - ახალ რეგულაციასთან დაკავშირებულ დეტალებს BMG-ისთან DGN Consulting-ის საგადასახადო მენეჯერი ანა ლობჟანიძე განმარტავს.

- კონკრეტულად რას გულისხმობს ფინანსთა მინისტრის გამოცემული ახალი რეგულაცია?

- 2024 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა ცვლილებები ფინანსთა სამინისტროს N996 ბრძანებაში, რომლებიც დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების სქემების აღკვეთისკენ არის მიმართული. გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, რამდენიმე დამოუკიდებელი სუბიექტი განიხილოს ერთ გადამხდელ პირად და ყველა სუბიექტის შემოსავალი ერთობლივად დაბეგროს. აღნიშნული ცვლილება ეხება იმ ბიზნესებს, რომლებიც ახორციელებენ ბიზნესის დანაწევრებას, რათა არ დაუფიქსირდეთ წლიური ბრუნვა 100 000 ლარზე მეტი და ამ მიზნით არეგისტრირებენ სხვა ბიზნესსუბიექტებს, იურიდიული სუბიექტის ან ინდივიდუალური მეწარმის სახით. აღნიშნული სქემით ბიზნეს სუბიექტები თავს არიდებენ დღგ-ის გადახდას.

- რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ საგადასახადო ორგანოები?

- თუ რამდენიმე ბიზნესი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს, მათ საგადასახადო ორგანო ერთ გადამხდელ პირად განიხილავს. კრიტერიუმები შემდეგია:
1. საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი იღებს;
2. საქმიანობის ადგილი და შინაარსი იდენტურია;
3. რომელიმე სუბიექტი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.
ამასთანავე, განმარტებულია, თუ რა პირობებში მიიჩნევა გადაწყვეტილებები ერთი და იგივე პირის მიერ მიღებულად. მაგალითად, თუ გადაწყვეტილებები მიიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კონტრაქტორების შერჩევა, ფასების განსაზღვრა, დასაქმების პირობები ან ინვესტიციების განხორციელება.

- როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები ბიზნესზე?

- ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები. რაც შეიძლება ითვალისწინებდეს დღგ-ს გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრაციას და შესაბამისად, საქონლის/მომსახურების ფასში დღგ-ის ასახვას.

- რას ურჩევდით ბიზნესს ამ ცვლილებების გათვალისწინებით?

- ბიზნესი ყურადღებით უნდა დააკვირდეს საკუთარ საქმიანობას და დარწმუნდეს, რომ საქმიანობის პროცესში ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილ ახალ კრიტერიუმებს და მიდგომებს. ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები.

წყარო:https://bm.ge/

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати