USD 2.7456
EUR 3.1012
RUB 3.3356
თბილისი
BMG - ინაუგურაციის შემდეგ, ტრამპის ბიზნესმენმა სტუმრებმა $209 მილიარდი დაკარგეს
თარიღი:  581

დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ინაუგურაციას არაერთი მილიარდერი დაესწრო, მათ შორის ილონ მასკი, ჯეფ ბეზოსი, სერგეი ბრინი, მარკ ზაკერბერგი და ბერნარ არნო. თავად ინაუგურაცია სიმდიდრით ყველაზე დიდი ყრილობა იყო, რომელთა დამსწრეების ჯამური ქონება $1.2 ტრილიონს აღწევდა, რაც დაახლოებით იმდენია, რამდენიც ნიდერლანდების ან თურქეთის მთლიანი შიდა პროდუქტი. თავად ამ შეფასებას კი, იმ დროს, მილიარდერები სწორედ დონალდ ტრამპს უმადლოდნენ, რადგან პრეზიდენტად რესპუბლიკელი კანდიდატის არჩევამ კაპიტალის ბაზრებზე დიდი ზრდა გამოიწვია.

თუმცა კი, ყველა დიდ ზრდას დიდი კლება ახლავს ხოლმე და საფონდო ბირჟის კოლექტიური ისტორია, სწორედ ამის დასტურია. დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ინაუგურაციიდან თითქმის ორი თვე გავიდა, რა დროსაც ბაზარზე არსებული აღელვება, ანუ ე.წ. “ჰაიპი” ფაქტობრივად სრულად განეიტრალდა. დონალდ ტრამპის პოზიტიური ეფექტი რამდენიმე პოლიტიკურ დაპირებას ეფუძნებოდა, რომლებიც, ჯერჯერობით, არ გამართლდა და, შესაძლოა, არც არასდროს გამართლდეს, რამაც ინვესტორებში შიში და პანიკა წარმოშვა, რაც კაპიტალის ბაზრიდან ასობით მილიარდი დოლარის გადინებით გამოიხატა.

საფონდო ბირჟებზე ფასების კლება ყველაზე მეტად პლანეტის უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა იგრძნო. გასული წლის დეკემბერში დაფიქსირებული ლოკალური პიკის შემდეგ, როცა TESLA-ს აქციები $480-ად ივაჭრებოდა, აქციის ფასმა 54%-ით იკლო. მხოლოდ გუშინ, TESLA-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 15%-ზე მეტით შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ ილონ მასკმა სრულად დაკარგა ის ამონაგები, რომელიც მილიარდერმა და მისმა კომპანიამ საარჩევნო ბუსტით მიიღეს. საპრეზიდენტო ინაუგურაციის შემდეგ, ილონ მასკის ქონებამ $148 მილიარდით იკლო.

ილონ მასკის შემდეგ, ქონების მკვეთრი შემცირებით განცდილი ტკივილი Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმაც იგრძნო, რომელმაც ამ პერიოდში $29 მილიარდი დაკარგა. დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, ამერიკელი მილიარდერი პრეზიდენტის მოწინააღმდეგე იყო, მაგრამ წელს, ვითარება მკვეთრად შეიცვალა, ხოლო ჯეფ ბეზოსმა პრეზიდენტის საინაუგურაციო ფონდში $1 მილიონიც კი ჩარიცხა. დროსთან ერთად ასევე შეიცვალა ბეზოსის საკუთრებაში არსებული გამოცემის, Washington Post-ის სარედაქციო პოლიტიკა.

საპრეზიდენტო ინაუგურაციის შემდეგ ქონების მსუყე ნაწილი Google-ის თანადამფუძნებელმა და ერთ-ერთმა უდიდესმა აქციონერმა, სერგეი ბრინმაც დაკარგა. ჯეფ ბეზოსის მსგავსად, დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადას ისიც აპროტესტებდა, მაგრამ ახლა, პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ექსკლუზიურ ვახშმებს ესწრება. პრეზიდენტთან ამგვარი სიახლოვის მიუხედავად, ტრამპის ეფექტი სერგეი ბრინმაც იგრძნო, რომლის ქონებამ ინაუგურაციის შემდეგ $22 მილიარდით იკლო.

ქონებადაკარგულ მილიარდერებს შორის ასევე მოხვდა მსოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელების მფლობელი ჰოლდინგის, META-ს დამფუძნებელი, მარკ ზაკერბერგი. წლის დასაწყისიდან დღემდე, დიდი შვიდეულის აქციებს შორის META-მ საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და, რეალურად, დიდი ხნის განმავლობაში, S&P 500-ის ზრდაზე უდიდეს გავლენას სწორედ META ახდენდა. იანვრის შუა რიცხვებიდან თებერვლის შუა რიცხვებამდე META-მ 19%-იანი ზრდა დააფიქსირა, მაგრამ მას შემდეგ, კომპანიამ აღნიშნული ნამატი დაკარგა, ხოლო თავად მარკ ზაკერბეგმა $5 მილიარდის ქონება დაკარგა.

აგრეთვე $5-მილიარდიანი კლება განიცადა ფრანგმა მილიარდერმა ბერნარ არნომ, რომელიც დონალდ ტრამპის პირადი მეგობარია. გასული წლის განმავლობაში, LVMH-ის აქციების ფასმა არც თუ ისე სახარბიელო შედეგი დააფიქსირა, რაც ჩინეთში გაყიდვების მკვეთრ შემცირებასთანაა დაკავშირებული, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებიდან იანვრის ბოლომდე LVMH-მა 20%-იანი ზრდა დააფიქსირა. მას შემდეგ კი, ამონაგები LVMH-მა ისევე დაკარგა, როგორც სხვა კომპანიებმა, რასაც თან ერთვის ევროკავშირისთვის ტარიფების შესაძლო დაწესების საკითხი, რომელმაც, შესაძლოა, მაღალი მოდის ფრანგული გიგანტის შემოსავალი კიდევ უფრო შეამციროს.

წყარო: https://bm.ge/

გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.