USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
NDI - გამოკითხულთა 37% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება
თარიღი:  

„ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI)-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 37% ფიქრობს, რომ „საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება“, 33% მიიჩნევს, რომ „საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება“, ხოლო 25% -ის აზრით „საქართველო საერთოდ არ იცვლება“.

ორგანიზაციის ცნობით, მოსახლეობის აზრი გაყოფილია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით ვითარდება ქვეყანა, თუმცა დადებითი შეფასების მაჩვენებელი ოდნავ გაზრდილია. ამასთან, კვლევის თანახმად, ქვეყნის მიმართულებასთან დაკავშირებით ყველაზე კრიტიკულად თბილისის მცხოვრებლები, ოპოზიციის მხარდამჭერები და ქალები არიან განწყობილნი.

როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული, 2022 წელთან შედარებით, მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველო დემოკრატიაა. კითხვაზე: „თქვენი აზრით, საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია?“ 46% ფიქრობს, რომ „არის“. 44%-ის აზრით „არ არის“, ხოლო 9%-მა „არ იცის“.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 69% ფიქრობს, რომ საქართველოში თავს დაცულად გრძნობს, 30%-ს კი ჰგონია, რომ დაუცველია, თავს ყველაზე ნაკლებად დაცულად დიდი ქალაქების მცხოვრებლები, ქალები, 18 -34 წლის ადამიანები და ოპოზიციის მხარდამჭერები გრძნობენ.

ამასთან, კვლევის მიხედვით, მოქალაქეები თავს დაუცველად, ძირითადად, სიღარიბის გამო გრძნობენ, მეორე ადგილზეა უმუშევრობა, სამუშაო ადგილების ნაკლებობა, ხოლო მესამეზე ინფლაცია, მაღალი ფასები.

როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული, უმრავლესობა ფიქრობს, რომ საჯარო სივრცეებში მათი და მათი შვილების უსაფრთხოება დაცულია, თუმცა მოსახლეობის მეოთხედი ამბობს, რომ არ იცის, როგორ მოიქცეს საგანგებო სიტუაციების დროს და როგორ გასწიოს პირველადი დახმარება.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 45% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქვეყნის მომავლის მიმართ ოპტიმისტურად განწყობილია, 39% არც ეთანხმება და არც არ ეთანხმება, ხოლო 14% არ ეთანხმება.

ცნობისთვის, კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის