USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
TRACECA.GE - ბანკები აბრეშუმის გზაზე
дата:  411

იტალიასთან, საფრანგეთთან და ინგლისთან შედარებით, საბანკო საქმე შვეიცარიაში შედარებით მოგვიანებით განვითარდა.

XIX საუკუნის დასაწყისამდე საბანკო ოპერაციები ხორციელდებოდა კერძო პირების მიერ, რომელთა საქმიანობა ტრადიციულად დაკავშირებული იყო ვაჭრობასთან, მეწარმეობასთან, ტრანსპორტთან და რომლებმაც მხოლოდ მოგვიანებით დაიწყეს საბანკო ოპერაციების დამხმარე სახის წარმოება. 

შვეიცარიის ნაციონალური ბანკი წარმოადგენს სააქციო საზოგადოებას, რომლის აქციები ბირჟაზე კოტირდება. მთავარ აქციონერებად ითვლებიან კანტონები, კანტონალური ბანკები და სხვა სახელმწიფო კორპორაციები. ამას გარდა აქციონერია კიდევ 4 ათასი კერძო პირი, რომელიც აუცილებლად შვეიცარიის მოქალაქე უნდა იყოს. შვეიცარიის ნაციონალური ბანკის აქციონერთა რიცხვში არ შედის შვეიცარიის კონფედერაცია. 

ფედერალურ მთავრობას – არა აქვს ცენტრალური ბანკის კაპიტალში მონაწილეობა, მაგრამ ფართო საკანონმდებლო შესაძლებლობებს ფლობს. ნაციონალურ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს 40 წევრიდან 25-ს ნიშნავს ფედერალური საბჭო, ხოლო დანარჩენ 15-ს აქციონერები ირჩევენ. ბანკს აქვს ერთი განუმეორებელი თავისებურება: აქვს ორი სათაო კანტორა, ერთი დედაქალაქში - ბერნში, ხოლო მეორე – ფინანსურ მეტროპოლიაში ციურიხში. ციურიხს ეკუთვნის მთავარი როლი, რადგან მასშია კონცენტრირებული ძირითადი განყოფლეები და ის ნიუ-იორკთან და ლონდონთან ერთად, ითვლება თანამედროვე მსოფლიოს ფინანსურ ცენტრად. მიმდინარე საუკუნის დასაწყისისათვის ადგილობრივ და უცხოურ ბანკებს შვეიცარიაში ჰქონდათ 6000-მდე ფილიალი, სააგენტო და ა. შ.

შვეიცარიის ყოველ 1200 მცხოვრებზე, ერთი საბანაკო საყრდენი წერტილი მოდის, შედეგად მსოფლიოში გამოირჩევა ყველაზე მაღალი საბანკო სიმჭიდროვით (საფინანსო ცენტრებისა და საგადასახადო ოაზისების გადა). ამ მხრივ ის შეიძლება ჩაითვალოს საერთაშორისო საფინანსო ცენტრად, რადგან შვეიცარიის ბანკების საბალანსო თანხა დაახლოებით სამჯერ მეტია ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტზე. შვეიცარიის ბანკების საბალანსო თანხების ნახევარზე მეტი საზღვარგარეთულ ოპერაციებზე მოდის. 

მაღალი საბანკო სიმჭიდროვე ჩამოყალიბდა იმის საფუძველზე, რომ სახვა ქვეყნებთან შედარებით აქ ყოველთვის იყო ყველაზე რბილი ადმინისტრაციული შეზღუდვები კომერციული ბანკების გახსნაზე ქვეყნის ფარგლებში. გათვალისწინებული უნდა იქნეს ის ფაქტორი, რომ შვეიცარიაში მხარს უჭერენ უნივერსალობის პრინციპს. ის საშუალებას იძლევა კლიენტებს წარუდგინოს შეუზღუდავი საბანკო მომსახურება, ხოლო ბანკებისათვის უზრუნველყოს შემოქმედების სივრცე, კრედიტების დიფერენციალური მიცემისა და საგადასახადო ბრუნვის ყოვლისმომცველი მომსახურებისთვის. შვეიცარიაში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება საბანკო საიდუმლოებას. შვეიცარიის საბანკო სისტემა განასხვავებს კომერციულ ბანკების ხუთ ძირითად ჯგუფს:

1. კანტონალური ბანკები - სამართლებრივი კუთხით სახელმწიფოდ ითვლება, მაგრამ იქმნება ფედერაციის ან კანტონების მიერ. ასეთი ბანკების საქმიანობა შეზღუდულია კანტონებით და მათ აკრძალული აქვთ საზღვარგარეთული ოპერაციები, საქმიანობის მთავარ სფეროდ ითვლება შემნახველი ოპერაციები, სოფლის მეურნეობის და მცირე ბიზნესის დაკრედიტება. 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მათ მონაწილეობა დაიწყეს ფასიანი ქაღალდების ვაჭრობაში და ამჟამად ეკუთვნიან უცხოური სესხების შვეიცარიული ბანკების ემისიურ კარტელს.

2. გროსბანკები (უმსხვილესი ბანკები). გროსბანკებისათვის ტიპიურია მაღალი აქტივობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთაც. სწორედ მათი საშუალებით გადაიქცა შვეიცარია საერთაშორისო საფინანსო ცენტრად.

3. რეგიონალური ბანკები, შემნახველი სალაროები - ამ ინსტიტუტების საქმიანობა შეზღუდულია განსაზღვრული ტერიტორიის ჩარჩოებით. ისინი აფინანსებენ, პირველ ყოვლისა, მცირე და საშუალო ინსტიტუტებს, იძლევიან იპოთეკურ კრედიტებს და საქმიანობენ შემნახველი ოპერაციებით.

4. სასესხო კავშირები და სასოფლო-სამეურნეო საკრედიტო ამხანაგობები - ეს ინსტიტუტები აგროვებენ ქვეყნის სოფლის მოსახლეობის დანაზოგებს და კრედიტებს აძლევენ სასოფლო სამეურნეო საწარმოებს, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს და კორპორაციებს. მათ სათაო განყოფილებად ითვლება სასოფლო სამეურნეო საკრედიტო ამხანაგობების შვეიცარიული კავშირის ცენტრალური ბანკი.

5. სხვა ბანკები - ეს არაერთგვაროვანი ჯგუფია, რომლის წილი შვეიცარიის ბანკების საერთო საბალანსო თანხაში ბოლო პერიოდში ზრდის ტენდენცით ხასიათდება.

შვეიცარიის ეკონომიკურმა სტუქტურამ განაპირობა ამ ქვეყნის საგანგებო მტკიცე მდგომარეობა საგარეო ვაჭრობის სფეროში. ამ მიზეზით ექსპორტის დაფინანსება უკვე მრავალი წელია გადამწყვეტ როლს ასრულებს მსხვილი და საშუალო ბანკებისათვის, ბოლო ათწლეულში საზღვარგარეთული ინვესტირების ფარგლებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა კრედიტის ვადა (10 და მეტი წლით), გაიზარდა აგრეთვე ამ კრედიტების წილი საგარეო ოპერაციებში (გაიზარდა ფინანსური რისკიც). ექსპორტის დაფინანსების განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ შვეიცარიის ბანკები, როგორც წესი, აკრედიტებენ არა ექსპორტიორებს, არამედ უცხოელ მყიდველებს. ასეთი კრედიტი გაცემული ავანსის ფორმით, მიზნობრივად ითვლება და შეიძლება გამოყენებული იქნეს უცხოელი კლიენტების მიერ მხოლოდ განსაზღვრული იმპორტის ასანაზღაურებლად.

აი აქ შევჩერდეთ და გავავლოთ პარალელი. რა მოხდება თუ საქართველოში ბანკები დაიწყებენ უცხოელი მყიდველების დაკრედიტებას, საქართველოდან პროდუქციის ექსპორტისთვის?

1. უცხოურ ბრენდ კომპანიებს აქვთ გამოცდილება საერთაშორისო ვაჭრობაში და ისინი საკუთარი ქსელებით მარტივად, მოხერხებულად, მიზნობრივად და სწრაფად მოახდენენ ქართული პროდუქციის ექსპორტს;

2. ქართველი მწარმოებლები ბაზრის ძიებაში გამოუცდელობის კვალდაკვალ, სამუშაო დროს და რესურსებს დაზოგავენ კვლავწარმოების სასარგებლოდ;

3. დამთავრდება ერთხელ და სამუდამოდ სლოგანი “რუსული ბაზარი“;

4. საერთაშორისო ბაზრებზე ოპერირება ითხოვს - საერთაშორისო სტანდარტების INCOTERMS-ის ცოდნას და დაცვას, გადაზიდვების მოხერხებულობას და ლოჯისტიკურ გამოცდილებას, საერთაშორისო საანგარიშსწორებო ურთიერთობებს, დასაწყობებას, განბაჟებას, სავაჭრო რეჟიმების ცოდნას და კიდევ ათას რამეს, რაც ჩვენი სტარტაპერებისთვის ადვილი ნამდვილად არაა;

5. საერთაშორისო სავაჭრო ოპერატორების ქართული პროდუქციის ექსპორტში ჩართვა და მათი აქტიურობა საქართველოში, ასევე თავისთავად გაზრდის ქვეყნის უსაფრთხოებას;

6. ქართული ბანკების მხრიდან გარდა უცხოური კომპანიების დაკრედიტებისა, შეიქმნება სადაზღვევო სერვისების საჭიროებაც, ქართული სადაზღვევო სექტორის კაპიტალიზაციაც გაიზრდება;

7. უცხოური მსხვილი სავაჭრო ქსელების დაფინანსებაც, შედარებით დაბალ რისკიანია;

8. ეროვნული ვალუტა თავისთავად სხვა ნიშნულზე გადავა.

9. ფართო აღებ-მიცემობის განვითარება, ფართო რეექსპორტს და ფართო ეკონომიკას ნიშნავს...

უცხოური კომპანიებისთვის მიმზიდველი საკრედიტო პროდუქტების შექმნა კვალიფიკაციის საქმეა. დანარჩენს აბრეშუმის გზა თავად დაალაგებს...

———

ზურაბ მაღრაძე

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი

https://traceca.ge/

аналитика
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „უკრაინა, ბალკანეთი და ევროკავშირის მომავალი გაფართოება: ვის რა პერსპექტივა აქვს“

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) სტატია სათაურით „უკრაინა, ბალკანეთი და ევროკავშირის მომავალი გაფართოება: ვის რა პერსპექტივა აქვს“ (ავტორი - ტონი ბარბერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ბრიუსელის ოფიციალური რიტორიკის თანახმად, ევროკავშირის გაფართოების პროცესი ევროპის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ზოგიერთი ცალკეული სირთულის მიუხედავად, დამაჯერებლად მიმდინარეობს. ამბობენ იმასაც, რომ ერთ-ერთი კანდიდატი-სახელმწიფო - ჩერნოგორია - 27 წევრიან ოჯახს 2020-იანი წლების ბოლოს დაემატება.

დაგროვილი დაძაბულობა

დღეს ევროკავშირის საერთო სურათზე სამ რეალურ ტენდენციას ვხედავთ: მსოფლიო მოვლენების გავლენას ევროკავშირზე, ბლოკის წევრი ცალკეული სახელმწიფოების ინტერესებს და სიტუაციას ბლოკის წევრობის კანდიდატ ქვეყნებში.

2013 წლიდან, როცა ხორვატეთი ევროკავშირში გაერთიანდა, ბლოკში თითქმის ათწლიანი „უძრაობა ჩამოწვა“. ახალი იმპულსი ევროკავშირმა მხოლოდ 2022 წელს მიიღო, როცა რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და ბრიუსელმა კოლექტიური პასუხის გაცემა დაიწყო კრემლის წინააღმდეგ. მოგვიანებით ევროკავშირში გაფართოების ტენდებცია გამოცოცხლდა: ექვს ბალკანურ ქვეყანას, რომლებიც თავიანთ საათს ელოდებიან (ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, კოსოვოს, ჩერნოგორიას, ჩრდილოეთ მაკედონიას და სერბეთს) ბრიუსელმა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა დაუმატა. ევროკავშირის წევრობის კიდევ ერთი მაძიებელია თურქეთი, თუმცა უფრო ქაღალდზე, ვიდრე რეალურად.

მაგრამ ევროკავშირის გაფართოების აღორძინებულ გეგმებში ყოველთვის თავს იჩენს ხოლმე მუდმივი გადაუჭრელი წინააღმდეგობა: ერთი მხრივ, ევროკავშირის ხელმძღვანელობა გაფართოებაში მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ სარგებელს ხედავს, მაგრამ მეორე მხრივ, ბრიუსელს არ სურს გაფართოება ნებისმიერ ფასად: წევრობის კანდიდატი ქვეყნები უნდა აკმაყოფილებდნენ მკაცრ კრიტერიუმებს, განსაკუთრებით ისეთებს, რომლებიც დემოკრატიას ეხება, კანონის უზენაესობას და ისტორიული დავების მოგვარებას ევროკავშირის წევრებთან.

აქედან გამომდინარეობს კითხვა; მზად არიან თუ არა ევროკავშირის წევრი [და არაწევრი] ქვეყნების მთავრობები (და აქვთ კი უნარი?) იმისათვის, რომ განახორციელონ საკვანძო ინსტიტუტების შორსმიმავალი რეფორმები და გააფორმონ ისეთი ფუძემდებლური ფინანსური შეთანხმებები, რომლებიც აუცილებელია გაფართოებისათვის?

რუსეთი და დონალდ ტრამპი

გარდა ამისა, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ ისეთი სიტუაციაა, რომელიც ნამდვილად არ უწყობს ხელს ბლოკის გაფართოებას. ორი მნიშვნელოვანი მომენტი: რუსეთ-უკრაინის ომი და დონალდ ტრამპის არჩევა აშშ-ის პრეზიდენტად.

ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტი პროგნოზირება იმისა, თუ რას გააკეთებს რეალურად დონალდ ტრამპი მოსკოვ-კიევის კონფლიქტთან მიმართებით, თუმცა მისი განცხადებების საფუძველზე, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის სურვილია სამშვიდობო მოლაპარაკების რაც შეიძლება სწრაფად დაწყება, უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთის ხელში უკრაინის ტერიტორიის მეხუთედი დარჩება. ასევე არაფერი არ მიანიშნებს იმას, რომ კრემლი უკრაინის დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანებას დაეთანხმება - არამარტო ნატოში, არამედ შედარებით არამილიტარისტულ ევროკავშირშიც, რომლის სწრაფვას თავდაცვისაკენ მოსკოვი დამცინავად უყურებს, მაგრამ მაინც მხედველობაში იღებს.

თეორიულად ევროკავშირს უკრაინასთან მოლაპარაკების გაგრძელება შეუძლია, მაგრამ ეს საკმაოდ სარისკო იქნება, თუ აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები დე-ფაქტო შემცირებულ უკრაინას უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს არ შესთავაზებენ.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ევროკავშირის წესდების მიხედვით, კანდიდატი ქვეყნის სურვილის განხორციელება - ევროკავშირის წევრად მიღება - 27 ნამდვილი წევრის თანხმობას ითხოვს. ამრიგად, იმ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინასთან რაღაც სადაო აქვთ, ყოველთვის შეუძლიათ კანდიდატ ქვეყანას „ცივი წყალი გადაასხან“ და მათი წინსვლა ევროკავშირისაკენ დაამუხრუჭონ. ასეთი ქვეყნებია უნგრეთი - თავისი რუსოფილური სიმპათიებით, რომელიც კიევს პრეტენზიებს უყენებს უნგრული ეთნიკური უმცირესობის უფლებების დარღვევის გამო. ასევე პოლონეთი, რომელიც უკრაინას მეორე მსოფლიო ომის დროს ნაციონალისტების მიერ ჩადენილი მხეცობის გამო ედავება, ხოლო ზოგიერთ აღმოსავლეთევროპულ ქვეყანას უკრაინის მიმართ პრეტენზიები აქვს სასოფლო-სამეურნეო ექსპორტთან დაკავშირებით.

აშშ, ევროკავშირი და ბალკანეთი

სირთულეები მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება - ბალკანეთშიც ბევრი პრობლემაა. დონალდ ტრამპის პირველმა ადმინისტრაციამ ბალკანეთში უცნაური და შეიძლება ითქვას, ძალზე სახიფათო როლი შეასრულა: საკითხი ეხება წარუმატებელ პოლიტიკურ თამაშებს ტერიტორიის გაცვლის თაობაზე - სერბეთსა და კოსოვოს შორის. ასეთი ინიციატივები ძალზე სარისკოა ბალკანეთის სხვა ქვეყნებისათვის და შეუძლიათ სიტუაციის არევ-დარევა ისედაც მყიფე მშვიდობის პირობებში, საზღვრებთან მიმართებით (ვთქვათ, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის). სერბეთის მიმართ, რომელიც რუსეთისადმი ლოიალურად არის განწყობილი, თავისი ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა ჯო ბაიდენსაც - იმდენაც ცუდი, რომ სერბეთის პრეზიდენტმა უკან დაიხია და უკრაინას იარაღი მიაწოდა.

რაც შეეხება უშუალოდ ევროკავშირს, ბრიუსელს სერბეთში ლითიუმის მდიდარი საბადო (ევროპაში უდიდესი) უფრო აინტერესებს, ვიდრე ბელგრადის დემოკრატიულობა და მის მიმართ ზეწოლა, რომ ბლოკში გაერთიანების კრიტერიუმები შეასრულოს.

საფრანგეთი და გერმანია

თუ ბლოკის წევრების როლს გადავხედავთ, მასში წამყვან ქვეყნებს საფრანგეთი და გერმანია წარმოადგენენ, რომლებშიც ულტრამემარჯვენე პარტიების გავლენა ძლიერდება.

საფრანგეთი, საერთოდ, ევროკავშირის გაფართოების საკითხს დიდი ხნის განმავლობაში ეჭვით და სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა 2022 წელს პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავისი დამოკიდებულება შეცვალა. მაგრამ დღეს პრობლემა იმაშია, რომ ემანუელ მაკრონის პოლიტიკური ძალა სუსტდება საარჩევნო ავანტიურების, საბიუჯეტო კრიზისის, საპარლამენტო განხეთქილებისა და 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე კანდიდატების სავარუდო წარმატების გამო.

პარიზში არც მემარჯვენეებს და არც მემარცხენეებს ევროკავშირის გაფართოება არ უხარიათ - ეს ფაქტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად,  საფრანგეთმა, როგორც ევროკავშირის წევრმა, ახალი ქვეყნის მიღებაზე თანხმობისათვის საჭიროა ან რეფერენდუმი ჩაატაროს, ან მიღება პარლამენტის ორივე პალატის წევრთა სამი მეხუთედმა მოიწონოს.

გერმანიაში პოლიტიკური კონსენსუსი გაფართოების მხარდასაჭერად უფრო ფართოა, ვიდრე საფრანგეთში, მაგრამ პრეტენზიები ბერლინსაც აქვს: ფედერალური ხელისუფლება თვლის, რომ კანდიდატებმა აუცილებლად უნდა გაატარონ ღრმა რეფორმები, თორემ მოუმზადებელი ქვეყნის მიღებამ შეიძლება ზიანი თვით ევროკავშირს მოუტანოს ზიანი.

გერმანიას ასევე მიაჩნია, რომ ევროკავშირმა თავისი „დნმ“ (გენეტიკური ელემენტი) უნდა შეინარჩუნოს, ანუ ისეთი ტრადიციული ისტორიული ღირებულებები, როგორიცაა დემოკრატია, თავისუფლება, სამართლიანობა... ბერლინი უპირველესად ითხოვს, რომ კანდიდატმა ქვეყანამ თავისი დამსახურება აჩვენოს კანონის უზენაესობის საკითხში.

ევროპელი ულტრამემარჯვენეები

ევროპული ულტრამემერჯვენე პარტიების პოზიციები ევროკავშირის გაფართოების საკითხში შორს არის ერთიანობისაგან. შესამჩნევია ორი ჯგუფი: პირველნი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან გაფართოებას, უბრალოდ, იმიტომ, რომ მათ თვით ევროკავშირი არ მოსწონთ. მეორენი კი გაფართოებაში უპირველესად ხედავენ ევროკავშირის გადაქცევას სუვერენული ეროვნული ქვეყნების ალიანსად და არა ისეთ თავისუფალ კონფედერაციულ ბლოკად, როგორიც დღეს არის.

სხვატა შორის, მეორე ბლოკში შედის უნგრული პარტია „ფიდესი“ პრემიერ ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით, რომელიც, უკრაინასთან მტრული დამოკიდებულების ფონზე, მიესალმება ევროკავშირში ისეთი ქვეყნების გაწევრიანებას, როგორსაც კრემლის მიმართ ლოიალურად განწყობილი სერბეთი წარმოადგენს.

კანდიდატი ქვეყნები: ჩერნოგორიული სცენარი

რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს: ყურადღება გავამახვილოთ ჩერნოგორიაზე, რომლის მოსახლეობა 600 ათასს აღწევს და რომელიც სერბეთს 2006 წელს გამოეყო. ჩერნოგორიას იშვიათად ეთმობა ყურადღება, მაგრამ ის საინტერესო ქვეყანას წარმოადგენს იმიტომ, რომ სხვებზე მეტად უფრო პრიორიტეტულია ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრით.

ევროკომისიის ბოლო მოხსენების თანახმად, ბრიუსელი მზად არის მხარი დაუჭიროს პოდგორიცას სურვილს და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება 2026 წლისათვის დაასრულოს. თუმცა ამის შემდეგ შეიძლება კიდევ რამდენიმე წელი გავიდეს, სანამ ჩერნოგორია სრულუფლებიანი წევრის სტატუსს მიიღებს: გააჩნია, რამდენად სწრაფად აუნთებენ მას ევროკავშირის წევრები მწვანე შუქს და დროულად მოახდენენ რატიფიცირებას.

საქმე იმაშია, რომ ჩერნოგორიაში საკმაოდ სესამჩნევია პროსერბული და პრორუსუსლი განწყობები - არიან პარტიები, რომლებსაც მტრული დამოკიდებულება აქვთ ევროკავშირის მიმართ. ისმის ხმები, თუ ვინ არიან ჩერნოგორიელები - სრულფასოვანი ერის წარმომადგენლები თუ იგივე სერბები, მხოლოდ სხვა სახელით? ზოგიერთი ევროპელი ექსპერტი აცხადებს, რომ ჩერნოგორიის მთავრობაში ისეთი მინისტრებიც არიან, რომლებიც ჩერნოგორიელთა ეროვნულ იდენტურობას უარყოფს.

არანაკლებ ნეგატიური ხასიათი აქვთ სხვა მომენტებსაც: მაგალითად, გასულ თვეში ზოგიერთმა ანტიევროპულმა პარტიამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი „უცხოელი აგენტების შესახებ“, რომელიც ძალიან ჰგავს ქართულ ანალოგიურ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა რუსეთის გავლენით მიიღო და რის შემდეგაც ბრიუსელმა საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება შეწყვიტა. გარდა ამისა, ივლისში ჩერნოგორიამ ხორვატეთი გააღიზიანა იმ განცხადებით, რომ მეორე მსოფლიო ომში ხორვატი ნაციონალისტები მხეცურად იქცეოდნენ.

ასე რომ, ისევე როგორც პოლონეთ-უკრაინის ისტორიული დავა, ბულგარეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის უთანხმოება ეროვნულ თვითშეგნებისა და ენის საკითხებში, ხორვატეთ-ჩერნოგორიის მწვავე ურთიერთდამოკიდებულება  ხელს უშლის ევროკავშირში ინტეგრირებას. და თუ მათ დავამატებთ რუსეთ-უკრაინის ომის გავლენას ევროკავშირზე, დონალდ ტრამპის ფაქტორს და უთანხმოებებს თვით ევროკავშირში, პერსპექტივა არასახარბიელოა - სანამ ასეთი საკითხები დარეგულირებული არ იქნება, ევროკავშირის გაფართოება არ მოხდება.

წყარო: https://www.ft.com/content/5f7f2df4-641a-4a93-9599-a223a191f6c7

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати