USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
"Независимая газета" - თურქეთი ერდოღანის შემდეგ: როგორ შეიცვლება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა ახალი პრეზიდენტის მმართველობის დროს
Date:  230

თურქეთში მიმდინარე წლის 14 მაისს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. უკვე დასახელებულია პრეზიდენტობის კანდიდატებიც: ქვეყნის ამჟამინდელი მეთაური რეჯეფ თაიპ ერდოღანი, რომელსაც მმართველობის ვადის გაგრძელება სურს და ქემალ ქილიჩდაროღლუ - გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი. როგორია ხელისუფლებისა და ოპოზიციის პერსპექტივა? შეიცვლება თუ არა თურქეთის საგარეო პოლიტიკა? ამ კითხვებზე ცდილობს პასუხი გასცეს რუსული გამოცემა „ნეზავისიმაია გაზეტა“ (Независимая газета) სტატიაში სათაურით „თურქეთი ერდოღანის შემდეგ: როგორ შეიცვლება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა ახალი პრეზიდენტის მმართველობის დროს“ (ავტორი - ენგინ ოზერი, თურქი პოლიტოლოგი).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

მიუხედავად იმისა, რომ რეჯეფ თაიპ ერდოღანი ჯერ კიდევ ახდენს შთაბეჭდილებას რუსეთზე, ქვეყნის შიგნით იგი უკვე თავის პოპულარობას კარგავს. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ჩატარებული გამოკითხვების შედეგები მოწმობს, თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტია ამომრჩევლების მხოლოდ 40-45%-ის მხარდაჭერით სარგებლობს და მნიშვნელოვნად ჩამორჩება ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას - „სახალხო ალიანსს“. სოციოლოგიური კვლევის ორგანიზაციის Piar Research-ის მონაცემებით, ამჟამად ოპოზიციური კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, სახალხო-რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეს ქემალ ქილიჩდაროღლუს ელექტორატის 57,1%-ის მხარდაჭერა აქვს, რეჯეფ ერდოღანს კი მხოლოდ 42,9%-ის.

როგორც ჩანს, საპრეზიდენტო არჩევნები ორ ტურად ჩატარდება და მეორე ტურში ოპოზიციური კოალიციის ერთობლივი კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ გაიმარჯვებს. და თუ მართლაც ასე მოხდება, როგორ ცვლილებებს შეიძლება ველოდოთ რუსულ-თურქულ ურთიერთობებში ახალი პრეზიდენტის, ახალი მთავრობისა და ახალი პარლამენტის (დიდი ეროვნული კრების) არჩევის შემდეგ?

სავარაუდოდ, ახალი პრეზიდენტის არჩევის შემთხვევაში თურქეთის პოლიტიკურ არენაზე აქტიურად გამოვა 71 წლის ახმეტ უნალ ჩევიკოზი, გადამდგარი ელჩი, რომელიც ამჟამად პარლამენტის (დიდი ეროვნული კრების) დეპუტატია და იმავდროულად, სახალხო-რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის მრჩეველი საგარეოპოლიტიკურ საკითხებში. ანუ უნდა ველოდოთ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უნალ ჩევიკოზი წამყვან როლს შეასრულებს თურქეთის საგარეო პოლიტიკაში. როგორც ცნობილია, მან თავისი დიპლომატიური კარიერა დაიწყო სტამბოლის (ბოსფორის) სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, 1978 წელს, როცა საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობას შეუდგა. მოგვიანებით, 1981 წელს იგი დაინიშნა მოსკოვში თურქეთის ელჩად,  შემდეგ, 1989 წელს დაბრუნდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, 2000-იანი წლების დასაწყისში კი კვლავ ელჩად აზერბაიჯანში, ერაყში, დიდ ბრიტანეთში... 2007-2010 წლებში - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ (კურირებდა კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებს)... იყო თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ციურიხის (შვეიცარია) მოლაპარაკებაზე 2009 წელს, როცა ხელი მოეწერა თურქეთ-სომხეთის მემორანდუმებს პოლიტიკურ-დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ (რაც არ განხორციელებულა, რიგი მიზეზების გამო).... იცის ინგლისური, ფრანგული, იტალიური, ფრანგული, გერმანული და, რასაკვირველია, რუსული ენა.

2022 წლის დეკემბერში უნალ ჩივიკოზი მოსკოვში, ევგენი პრიმაკოვის სახელობის ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმში («Примако́вские чтения») მონაწილეობდა და განაცხადა, რომ თურქეთი, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, უფრო გააქტიურდება ევროპის მიმართულებით, ევროკავშირთან ინტეგრაციის მიზნით, მაგრამ ანკარა ასევე გააგრძელებს ევრაზიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებისადმი ყურადღებას. ამ თვალსაზრისით, მოსალოდნელია, რომ ქემალ  ქილიჩდაროღლუს პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ანკარა შეასუსტებს დიდ ბრიტანეთთან ამჟამად არსებულ პოლიტიკურ და სამხედრო თანამშრომლობის დონეს და ევროკავშირის ქვეყნების სასარგებლოდ.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ანკარისა და მოსკოვის სამომავლო ორმხრივ ურთიერთობას განსაზღვრავს, არის თურქეთის გაზგამანაწილებელ ცენტრად (ჰაბად) გადაქცევის პროექტი. იდეა, რომელიც ვლადიმერ პუტინმა [2022 წლის ოქტომბერში] წამოაყენა, რეჯეფ ერდოღანის მთავრობამ მოიწონა. მისი რეალიზება, წესით, 2023 წელს უნდა დაიწყოს. ამასთან, უნალ ჩევიკოზმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ თურქეთის სავარაუდო ახალი მთავრობა ამ პროექტს მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუ ევროპაში რუსულ გაზზე მოთხოვნა იქნება. რაც შეეხება თვითონ თურქეთს: 20123 წელს თურქეთისათვის აზერბაიჯანული გაზი რუსულზე უფრო ძვირი გახდა. სავარაუდოდ, მიწისძვრის გამო მიყენებულ ზარალთან დაკავშირებით, ანკარა თავის მოკავშირე ბაქოს გონივრულ შეღავათიან ფასს მოსთხოვს - ალბათ, იმდენს, რომ რუსულ იაფ გაზს გაუტოლდეს. თუ ბაქო უარს იტყვის, მაშინ კეთილგანწყობის სასწორი მოსკოვისაკენ გადაიხრება.

კიდევ ერთი ცვლილება შეიძლება იყოს რუსეთთან საუწყებო თანამშრომლობის აღდგენა, რომელიც თავის დროზე რეჯეფ ერდოღანმა გააუქმა - ადრე ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ თურქი და რუსი მინისტრები, სხვადასხვა უწყებების პასუხისმგებელი პირები, პროფესიონალები, პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა კი ყველაფერი თავის თავზე აიღო და პრეზიდენტის ფუნქციებში მოაქცია. გარდა ამისა, ახალი ხელისუფლების დროს ანკარა, ალბათ, უარს იტყვის ყოველკვირეულ საგარეოპოლიტიკურ ცვლილებებზე და ავანტიურულ პროექტებზე, რომლებიც მრავლად არის ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში. ახალი მთავრობა შეეცდება რუსეთთან გრძელვადიანი, სტაბილური, სტრატეგიული ურთიერთობა განავითაროს.

რაც შეეხება თურქეთის სავარაუდო პოლიტიკას ახლო აღმოსავლეთისა და კავკასის სახელმწიფოებთან: ანკარის მიდგომა სირიის მიმართ ომამდელ პოზიციებს დაუბრუნდება, ანუ თურქეთი გადადგამს ნაბიჯებს სირიის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა-დაცვის მიზნით. ეგვიპტესთან დაკავშირებით ანკარა, ალბათ, შეწყვეტს ამ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას და ამიტომ ურთიერთობის ნორმალიზება იოლი იქნება. თურქეთი მხარს აღარ დაუჭერს ქაიროში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლებს.

კავკასიაში მდგრადი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გამოყენებული იქნება მექანიზმები რუსეთის მონაწილეობით. ამ პროცესში მოსალოდნელი არ უნდა იყოს რაიმე ცვლილება თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში: ანკარა სამომავლოდაც ბაქოს მხარს ყველაფერში დაუჭერს.

საქართველოსთან მიმართებით შეიძლება ველოდოთ იმას, რომ თუ ადრე ანკარა უპირობოდ ეთანხმებოდა თბილისის სტრატეგიას, თურქეთში ხელისუფლების შეცლის შემთხვევაში, ანკარის მხარდაჭერა გონივრულ დონემდე შემცირდება.

სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პროცესი, რა თქმა უნდა, რეგიონის სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია. ალბათ, ანკარა ერევანთან დამყარებულ დიპლომატიურ ურთიერთობებს პრაქტიკულად განახორციელებს [გაიხსნება საელჩოები].

ირანთან თურქეთის მთავრობას კონფლიქტი უკვე 400 წელია არ ჰქონია და ასე იქნება ახალი ხელისუფლების დროსაც.

წყარო: https://www.ng.ru/kartblansh/2023-03-15/3_8680_kb.html

მოამზადა სიმონ კილაძემ

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way