USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
ზურაბ ქარუმიძე – ცოტა რამ ღვინის თაობაზე
Date:  305

როცა ღვინოზე ბლოგის დაწერა შემომთავაზეს, გავიფიქრე – მეზარება, არ ვარ ახლა ამის დამწერი, წერის უნარი დამებლოკა. მაგრამ მერე ვიფიქრე, ჩემისთანა ბოღლიწო[1] კაცი ღვინის შესახებ ორიოდ სიტყვის თქმას რომ დაიზარებს, მართლა გამრუდებულა ეს ქვეყანა.

აგერ უკვე ოცდაათ წელზე მეტია, უღვინოოდ საკუთარი თავი არ წარმომიდგენია. განა მარტო საკუთარი თავი? ჩემი პერსონაჟების უმეტესობა მაგარი მსმელია, თუ მეტი არა. პეტრე ჟღენტი („ღვინომუქი ზღვა“), ცრუ-დერვიში („დაგნი“), შაქრო კარმელი („მელია-ტულეფია“ და „ჯაზის ყვავილობა), ზეროტუსტრა („Untergang: მოგზაურობა ევროპაში“) ესენი ყველანი ღლევენ!

შეიძლება ითქვას, ღვინოს ჩემში ექზისტენციალური დატვირთვა აქვს და შემეცნებითიც: cogito ergo sum; ვიმეცნებ, ე.ი. ვსუმ (ვსვამ); რამეთუ ჭეშმარიტება ღვინოშია, in vino veritas!

ჭეშმარიტება და ღვინო: რა კავშირია აქ? იდუმალი კავშირია, ხოლო ეს იდუმალება კარგად ჰქონდათ გაგებული ძველ ბერძნებს, რომლებმაც ღვინის ღმერთის – დიონისეს კულტიდან აღმოაცენეს მუსიკა, ხოლო შემდეგ, მუსიკის სულიდან, აღმოაცენეს ტრაგედია და სატირული დრამა.

ჭეშმარიტებისა და ღვინის იდუმალ კავშირს ეფუძნება ქრისტიანობაც, იმედია მორწმუნენი არ ჩამითვლიან ამას მათი გრძნობების შეურაცხყოფად: ქრისტიანობის როგორც სარწმუნოების საიდუმლო ზიარების რიტუალშია, სადაც ღვინო იქცევა მაცხოვრის სისხლად. საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა და ამ რელიგიის ასეთი მდგრადობა სხვა ყველაფერში ესოდენ არამდგრად ქართველთა შორის, სწორედ ღვინის მისტერიულ-რიტუალური ფუნქციით უნდა აიხსნას. ქართული კულტურა წარმოუდგენელია ღვინის გარეშე, ღვინო და ღვინოზე თქმული სიტყვა (სადღეგრძელო) ჩვენი სულიერების ანი და ჰოეა. დიახ, ჩვენ თიხის თავები გვაქვს და მათში ღვინო დუღს, დუღს და ჯერაც არ დადუღებულა.

რაღა გასაკვირია, რომ ესოდენ მცირე ტერიტორიაზე, ათასობით წლის განმავლობაში ასობით ვაზის ჯიშმა იხარა, ხოლო ოცი სახეობა დღესაც მოიხმარება ღვინის წარმოებაში, სხვა სად არის ეგრე, აბა?

მე წინააღმდეგობრივი პიროვნება ვარ, მეტად გაორებული, ურთიერთგამომრიცხავთა შემბმელი და ღვინის სახეობის მიმართაც ეგრე ვარ. ერთი მხრივ კახური ტანინიანი ქარვისფერი ღვინოები მიყვარს, ქვევრში დაყენებული, დავარგებული, ხოლო მეორე მხრივ – ქართლის ღვინოები, უფრო თხელი სხეული რომ აქვთ და ნაზი ბუნებრივი შუშხუნი რომ ახლავთ: გორული მწვანე, ჩინური, თავკვერი… ევროპულ და ამერიკულ ღვინოებსაც სიამოვნებით ვეტანები: პინო გრიჟიო, სოვინიონ ბლან, გრაუ ბურგუნდერ, შარდონე, პრიმიტივო (იგივე ცინფანდელი) და სხა და სხვა. ერთხელ ნურნბერგის სუპერმარკეტში მარცემინოს გადავეყარე, აი დონ ჯიოვანი რომ სვამს კომანდორის მოსვლამდე; ისიც მომეწონა, მაგრამ მოცარტის ოპერა უფრო მომწონს.

ახლა ერთი ცოდვა უნდა გავამხილო, რომელიც საქართველოში ყოველგვარ გაკიცხვას ექვემდებარება: სუფრასთან ღვინის სმა და ქეიფი ნაკლებად მიყვარს, უფრო მარტო ჯდომა მიყვარს და ღვინის წრუპვა, განსაკუთრებით მუსიკის მოსმენისას, მათი საერთო მისტიკური საწყისით ტკბობა.  ამას საღამოს ექვსი საათის მიდამოებში ვიწყებ, თუ, რა თქმა უნდა, ნასმურევზე გამოსვლა არაა საჭირო შუადღისას… თუ იმ დღეს წერის საქმეც კარგად წამივიდა, კიდევ უფრო დიდი სილაღითა და მონდომებით ვეწაფები – არ ვიცი როგორ დავახასიათო ის ბიოქიმიური პროცესები, რომლებიც წერას ახლავს თან, აშკარად რაღაცა ისეთი ხდება ორგანიზმში, რომ ღვინის დალევა კიდევ უფრო გინდება. მუსიკის თანხლებით ღვინის სმა იმდენად მიყვარს, რომ ერთხანს რადიო „სინდიკატში“ გადაცემაც  მიმყავდა – ჯაზი და ღვინო.

ლიტერატურაც ღვინის გარეშე წარმოუდგენელია, დიდი ლიტერატურა კი მითუმეტეს – ომარ ხაიამი გინდა (თუმცა იგი ღვთაებრივ ღვინოს ეტანებოდა), თუ ფრანსუა რაბლეს „გარგანტუა და პანტაგრუელი“.  მაგრამ მე არასოდეს დამილევია წერისას – სიმთვრალეში პროზის წერა არ ვარგა; შეიძლება პოეზიას ეს არ ეხება, მარა პროზის შემთხვევაში წყალი არ გაუვა. არც ერთი ჩემი რომანი თუ მოთხრობა თუ „ოპუსი“ სიმთვრალეში არ დამიწერია, მიუხედავად იმისა, რომ იქ ბევრს სვამენ და თვრებიან და დელირიუმებიც ემართებათ.  ნასვამზე კარგია მეორე დღისთვის რაღაცების ჩამოყრა, ჩანიშვნა – სახე-მეტაფორები იქნება ეს, თემის განვითარება, თუ რეპლიკები, სიტყვით თამაში და ა.შ.

ცხადია, ქეიფიც ბევრი მახსოვს და თავაწყვეტილი სმაც; რიღათი არ დამილევია: ლამპის შუშა გინდა, სანამ მის დანიშნულებას გავითავისებდით ბნელ 90-ანებში, ბროლის ლარნაკი, კრამიტი, თუ ვეება შპრიცი – რას იზამ, ეგეთი იყო მაშინდელი ზარხოში და უდარდელი, ინფანტილური საბჭოთა ყოფა.

თამადობაც მიწევდა ხოლმე, თუმცა ეგეც გულზე მაინცადამაინც არ მეხატება, მაგრამ, რას იზამ – ძნელია ქართველობა! სხვათა შორის უცხო მოდგმის ხალხთან უფრო გამომდის სუფრის გაძღოლა. ამიტომაც იყო, რომ ორჯერ საგანგებოდ – სათამადოდ – მიმავლინეს საზღვარგარეთ, ერთხელ ბორდოში, ღვინის დედაქალაქში, და ერთხელაც ტოკიოში, სადაც ღვინისა ბევრი არ გაეგებათ.

ბორდოში ასი ფრანგი მეჯდა სუფრასთან, თითოეულს 40 ევრო ჰქონდა გადახდილი. აბა როგორ გინდა ცხვირაპრეხილი ფრანგი ან ღვინით გააკვირვო, ან კერძებით? მაგრამ, მოხდა ისე, რომ სადღეგრძელომ, კაზმულმა სიტყვამ, ხუმრობამ, ლიტერატურულმა ციტატამ, კულტურულმა პარალელებმა, რასაც ასევე ქართული პოლიფონია დაემატა და ქართული ღვინის უჩვეულო მრავალფეროვნება, ერთობ გაახალისა ფრანგები, ბოლოსკენ თავადვე ითხოვდნენ სადღეგრძელოებს ხოლო წასვლისას სულ „მეღსი ბოკუ“-ს ძახილში იყვნენ.

აი ტოკიოში კი საქმე მთლად კარგად ვერ წამივიდა.  იქ ასოცი კაცი მეჯდა სუფრასთან, უმეტესობა იაპონელები, თუმცა ორიოდ ევროპიდან ჩამოსულიც ერია. იაპონელები, მოგეხსენებათ, არ არიან ძლიერ სასმელებს შეჩვეულნი, საკე ერთობ რბილი რამ არის. ნახევარ საათში სუფრა შემითვრა ისე, რომ გაკონტროლება გამიჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი ქართველი მთარგმნელი მეხმარებოდა – ინგლისურიდან იაპონურად. ცოტა ხანში კი სუფრა სულ მთლად აირია, რამეთუ იქაურობას ორი გოლიათი სუმოს მოჭიდავე ეწვია – ტოჩინოშინი და გაგამარუ. სუმოს მოჭიდავე იაპონიაში ისეთივე აღტაცების საგანია, როგორც როკ მუსიკოსი ამერიკაში; და ჩვენთანაც ატყდა ერთი ამბავი, ყველა იმათ მიესია, დაიწყო „სელფები“, გვერდში დგომა და ჩახუტება. მოკლედ, სუფრა ისე ამერ-დამერია, რომ იაპონურ ყაიდაზე ჰარაკირი უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ტოჩინოშინმა და გაგამარუმ როპონგის ერთ-ერთ ღამის კლუბში წამიყვანეს და იქ განვიქარვე განცდილი მარცხის სიმწარე.

ეჰ, ვიღასთან არ დამილევია და სადღა არ დამილევია!  ზეპური და აკადემიური ხალხი გინდა თუ უბრალო მშრომელი მუშა და გლეხი; ჩიკაგოს ვაგზლის ბომჟებთანაც კი დამილევია და ყველასთან საერთო ენას ვპოულობდი ღვინის ძალით . (ერთხელ იმ სახლის სახურავზეც დავლიე, სადაც რასკოლნიკოვი ცხოვრობდა და აბოდებდა, თუმცა – იქ ვისკი დავლიე, ჰო…) ბევრ შესანიშნავ ადამიანთან ერთად ვყოფილვარ სუფრასთან, მაგრამ აი ვახუშტი კოტეტიშვილს ვერავინ შეედრება.

ერთხელაც უნდა ავიღო და ისე დავლიო, როგორც დიდი ჩინელი პოეტი ლი პო სვამდა – მთვარესთან და საკუთარ ჩრდილთან ერთად. ლი პოც ნასვამი დაიღუპა, იგი მთვარეს გადაეხვია ყვითელ მდინარეში…

 

[1] ბოღლიწო – ძველი სიტყვაა, ღვინოში დამბალ პურს ნიშნავს, ხოლო ყარაჩოხელების სლენგით – ლოთს.

წყარო: თბილღვინო

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way