USD 2.6711
EUR 2.8453
RUB 2.8623
Tbilisi
ზურაბ მაღრაძე - როგორ მუშაობს ეკონომიკა?
Date:  278

უფრო სწორედ, როგორ უნდა მუშაობდეს საქართველოს ეკონომიკა, ისე რომ დემოგრაფიულ ზრდასთან ერთად ბანკებში იზრდებოდეს ხალხის დანაზოგებიც.

მაშ ასე, პირველ რიგში უნდა გავიაზროთ, რომ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა, მისი აღმატებულება ქართველი ხალხის მონაპოვარია და შესაბამისად, ამ ქვეყნის რესურსები - მიწები, ტყეები, ტბები, წიაღისეულები, ბუნებრივი წყლები და სხვა, ეკუთვნის ამ ქვეყნის მოქალაქეებს. შესაბამისად ის უნდა განაწილდეს საქართველოს მოქალაქეებზე თანაბრად, სამართლიანობის დაცვის პრინციპით.

დავარქვათ ამას ციფრული პრივატიზაცია (და არა ვაუჩერიზაცია). ეს გულისხმობს უფასო აუქციონს და მოკლედ ავხსნი მის შინაარსს:

ყველა მოქალაქეს მიენიჭება თანაბარი რაოდენობის ქულა ციფრულად. ვთქვათ 1000 ქულა. აუქციონზე სახელმწიფო გამოიტანს მაგალითად 20 ჰა სათიბ სავარგულს. აუქციონზე მოქალაქეები, მდიდრებიც და ღარიბებიც, თანაბარი ქულებით ივაჭრებენ თანასწორად. ასევე გამოიყენებენ ოჯახის წევრების ქულებსაც. შვიდ სულიან ოჯახს ექნება 7000 ქულა, ხოლო ხუთსულიან ოჯახს 5000. შესაბამისად 5001 ქულით აჯობებს ერთი მონაწილე მეორეს, პირველს დარჩება კიდევ 1999 ქულა, რომელსაც სხვა აუქცინზე კიდევ გამოიყენებს. ის მიიღებს იმ 20 ჰა სავარგულს საკუთრებაში, თან 5001 ქულა უკვე გახარჯული ექნება. ხოლო 5000 ქულის მფლობელი მიიღებს მონაწილეობას აუქციონზე სხვა ქონების უფასოდ პრივატიზაციისთვის. ბოლოს ქულები დაიხარჯება და საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაში გადავა სახელმწიფოს ხელში არსებული აქტივები, გარდა თავდაცვითი და სხვა სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებისა.
კითხვას, რომ ეყოფა თუ არა საქართველოს რესურსები მის მოქალაქეებიდან ყველას?

პასუხი არის დიახ!

როგორ?

პასუხი:

რკინიგზები, პორტები, ჰესები, შენობები, წიაღისეულები და ა. შ. ეს აქტივებიც ყველასთვის თანაბარი ქულების გამოყენებით უფასო აუქციონზე გადავა მოქალაქეების საკუთრებაში.
ანუ კონკრეტულ ქონებას ღირებულება კი არ ენიჭება, არამედ ადამიანები თავად წყვეტენ აუქციონზე რამდენი ქულა დახარჯონ, ანუ რამდენი ქულა გაცვალონ კონკრეტული ქონების საკუთრებაში მისაღებად. არ დაგვავიწყდეს, რომ ყველა მოქალაქეს თანაბარი რაოდენობის საპრივატიზაციო ფული ანუ ქულა ექნება.

მაგალითისთვის გეტყვით, რომ საფრანგეთის ტყეების 70% ფრანგი მოქალაქეების საკუთრებაშია. კანონით თითოეულ მოქალაქეს შუძლია ჰქონდეს ტყე მაქსიმუმ 10 ჰა ფართობით. ჯამში 3,5 მლნ ფრანგი ფლობს ტყეს საკუთრებაში და ისინი უვლიან საკუთარ ტყეს. რატომ? იმიტომ რომ ტყიდან ყოველწლიურად გამოაქვთ ტყის ნიადაგური საფარი (ნეშომპალა) და აბარებენ სასუქების მწარმოებელ ქარხნებს. ის ქარხნები მსოფლიო ბაზრებს ამარაგებენ მერე. რაც უფრო ხარისხიანია ტყე, მით უფრო ძვირია მისგან მიღებული ნედლეულიც. ამიტომ ყველა უვლის იქ ტყეს. დანარჩენი ფრანგული ტყეების 18% მუნიციპალიტეტების და 12% სახელმწიფო საკუთრებაშია.

არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ტერიტორიის 39% ტყეებს უკავია და არის გაქვავებული კაპიტალი.
როტერდამის პორტს ათასობით ნავმისადგომი აქვს და ყველა კერძოა. პორტთან დაკავშირებული კომუნიკაციები, ელექტრო და ბოჭკოვანი სადენები, არხები და სხვა დანარჩენი წარმოადგენს ქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებას და მუნიციპალური შემოსავლებით უვლის ამ კომუნიკაციებს თავად ქალაქის მუნიციპალიტეტი.
ევროპაში ნავმისადგომებიდან, ტყეებიდან, წყლებიდან, რკინიგზებიდან მიღებული მაღალი შემოსავლებით ადამიანები იხდიან მაღალ გადასახადებსაც და ქვეყანა ამითაა სწორედ ძლიერი.
ახლა ყველაზე მთავარი. ამ ყველაფერს ანუ მიღებულ ქონებებს ჭირდება ინვესტიციები. ისე თავისით ხომ ვერ განვითარდება ბიზნესი? საქმე ისაა, რომ ინვესტორი ვიღაც უცხოელი “ბუა” კი არ არის, რომელიც ქართველობას წაგვართმევს. არამედ ინვესტორები ვართ ჩვენ, სწორედ საქართველოს მოქალაქეები.

არსებობს ინვესტიციის ოთხი სახე:
1. საბანკო კრედიტი;
2. სავაჭრო კრედიტი;
3. აქციები;
4. ობლიგაციები.

დავუშვათ ქართულ საწარმოს ჭირდება 100,000 დოლარის ინვესტიციის მოძიება. არსად არ მიდის იგი. ის მხოლოდ გამოუშვებს 1000 ცალ აქციას 100 დოლარიანი ნომინალით და განათავსებს მას საფონდო ბირჟაზე. ასე განათავსებენ მათ სხვა საწარმოებიც. ბირჟაზე ფინანსურად მიმზიდველი აქციები ვისაც ექნება, პირველ რიგში მათ შეიძენენ სწორედ საქართველოს მოქალაქეები. და ეს მოქალაქეები ხდებიან ამ საწარმოს პარტნიორებიც, რომლებიც საწარმოს მოგებიდან ყოველწლიურად მიიღებენ დივიდენდებს (მოგების წილს), იმ რაოდენობით, რა ღირებულების აქციაც ექნებათ შეძენილი. ვიღაცას 100 დოლარის აქცია ექნება შეძენილი, სხვა ვიღაცას 1000 დოლარის და ა. შ.

ვთქვათ არ უნდა მეწარმეს, რომ თავის კაპიტალში პარტნიორები ჰყავდეს. მას შეუძლია გამოუშვას ობლიგაციები, ვთქვათ 100 დოლარიანი 1000 ცალი. ობლიგაციაზე გამოაცხადებს დისკონტს (სარგებლის განაკვეთს). ანუ ობლიგაცია არის იგივე სესხი, რომელსაც მეწარმე იღებს საფონდო ბაზარზე და არა ბანკში. მაგალითად, ინვესტორს (მოქალაქეს) შეუძლია გადაწყვიტოს - თავისი 200 დოლარით 7%-იანი დისკონტის ობლიგაცია შეიძინოს თუ 4%-იან ანაბარზე დადოს ეს 200 დოლარი. თუ ობლიგაციას შეიძენს, ერთი წლის შემდეგ საწარმო მას დაუბრუნებს 214 დოლარს ((200+(200*7%)).

ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული ფულით მოახდენს მეწარმე საკუთარი ბიზნესის ინვესტირებას. აქციების და ობლიგაციების ყიდვა-გაყიდვა და მისი აღრიცხვა ხდება საფონდო ბირჟაზე, რომელიც უნდა იყოს დამოუკიდებელი. მის სტანდარტებს, პროცედურებს უნდა აკონტროლებდეს ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომისია. ეს უკვე სახელმწიფო ორგანოა, მაგრამ დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში. ეს კონსტიტუციით განისაზღვრება. ზოგადად ეკონომიკა იზომება საბირჟო ინდექსებით, რომელიც სამწუხაროდ დღემდე არ გაგვაჩნია.
ცალკე საკითხია სპეციალური სასაქონლო ბირჟების ორგანიზება, რომლის მეშვეობითაც ექსპორტზე უნდა გავიდეს ეროვნული პროდუქცია, თანაც ბევრად გამართულად და მარტივად. თუ ჩვენ გვინდა რომ ბაზრებზე დაფასდეს ქართველი მეღვინეების შრომა, ქვეყანაში უნდა გაგვაჩნდეს ღვინის საერთაშორისო ბირჟა.
საბოლოო ჯამში ვღებულობთ თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას, რაც ნიშნავს განვითარებულ საფონდო ბაზრებს და მაღალი სტანდარტის კერძო საკუთრებას.

90-იან წლებში მსოფლიო ბანკმა საქართველოს რესპუბლიკის მთლიანი ჯამური ქონება შეაფასა 3,000,000,000,000 აშშ დოლარად. შეაფარდეთ ეს ციფრი საქართველოს მოსახლეობის რაოდენობასთან და მიხვდებით, საშუალოდ ერთი მოქალაქე რა ღირებულების აქტივის მფლობელი იქნება.
856 ტბა, 49 სახეობის ნიადაგი, 2400 მინერალური სამკურნალო წყარო, 2.718.000 ჰა ტყე, ინერტული რესურსების და მოსაპირკეთებელი ქვების 594 საბადო, ტორფი 300 ჰექტარზე, 130 მლნ ტონა ბენტონიტი, 33 ბარიტის საბადო, 80 მილიარდი ტონა მარგანეცი. ეს მცირე ჩამონათვალია და ალბათ ხვდებით, რომ სწორედ საბაზრო ეკონომიკამ უნდა დაატრიალოს ქართველი ხალხი ფუტკრებივით.
ახლა ჩვენ არ გვაქვს საბაზრო ეკონომიკა. ჩვენი ეკონომიკა ეს არის დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური და გვარით ქართული.

უნდა ვიცოდეთ, რომ სახელმწიფო რაც უფრო ნაკლებად ერევა ეკონომიკაში, მით უფრო ძლიერია ასეთი ქვეყნის ეკონომიკაც და თავად სახელმწიფოც. თანამედროვე სახელმწიფოს ორი მთავარი ფუნქცია აკისრია - უსაფრთხოება და ინფრასტრუქტურა.

იაპონიის ეკონომიკაში სახელმწიფოს მონაწილეობის წილი სულ 5%-ია. კი იცით რა ქვეყანაც არის იგი.
ეკონომიკა ტენდერებით, გრანტებით და გზავნილებით არ იმართება. ეკონომიკა ვითარდება ინვესტიციებით. ინვესტიციებს მოყვება ტექნოლოგიები. საინვესტიციო გადაწყვეტილებები მიიღება ბაზრებზე და არა კაბინეტებში.
ბალტიის ქვეყნებს სხვა კი არაფერი გაუკეთებიათ. იმიტომ არიან ევროკავშირშიც და ნატოშიც, რადგან იქ პარტნიორი ქვეყანა ჭირდებათ და არა საპატრონო ქვეყანა. ცალკე თემაა, როგორ უნდა დაიცვას თავი ქვეყანამ და ხალხმა უცხოური ეკონომიკური ექსპანსიისგან. შესაბამისი მექანიზმებიც არსებობს.

ჰესის მშენებლობის ინვესტორებიც თავად საქართველოს მოქალაქეები უნდა იყვნენ და ჰესის მოგებიდან დივიდენდებსაც სწორედ საქართველოს მოქალაქეები უნდა იღებდნენ.
ამ საკითხის მოკლე ახსნა სხვანაირად შეუძლებელია.
დანარჩენი ნების საკითხია.
ასევე განათლებისაც.

ზურაბ მაღრაძე
აბრეშუმის გზის ასოციაციის
მმართველი პარტნიორი

culture
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way