USD 2.7484
EUR 2.8998
RUB 2.7361
თბილისი
ზურაბ დათუაშვილი - ისტორიკოსის (უშანგი სიდამონიძე) გასამართლება
თარიღი:  1363

ისტორიკოსი და ჟურნალისტი ზურა დათუაშვილი თავის ფესიბუკის გვერდზე, 1972 წლის 14 აპრილს პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტში,ისტორიკოს უშანგი სიდამონიძის გაასამართლების შესახებ გვიყვება:

"1972 წლის 14 აპრილს პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტში უჩვეულო სხდომა გაიმართა, რომელზეც, არც მეტი, არც ნაკლები, გაასამართლეს ისტორიკოსი უშანგი სიდამონიძე და მისი ორი წლის წინ გამოცემული წიგნი - “საქართველოს ბურჟუაზიულ-დემოკრატიული მოძრაობისა და სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების ისტორიოგრაფია”. მიღებული იქნა სპეციალური დადგენილება, რომელიც 27 აპრილს გამოქვეყნდა გაზ. “კომუნისტში”. მის თაობაზე დეტალურად ქვემოთ აღვნიშნავ.
ვინ იყო უ. სიდამონიძე და რით დაიმსახურა უმაღლესი პარტიული ეშელონის ასეთი რისხვა?
უ. სიდამონიძე იყო ისტორიკოსი, ოღონდ თხემით ტერფამდე და არა მხოლოდ დიპლომით. იგი მუშაობდა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, ასევე - თსუ-ში და აქტიურად იკვლევდა მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორიის საკითხებს.
დარგის სპეციალისტებისთვის კარგადაა ცნობილი უ. სიდამონიძის ნაშრომები: საკანდიდატო დისერტაცია - “ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა და მისი როლი სახალხო მეურნეობის აღდგენის საქმეში (1921-1925)”, “თბილისის მშრომელთა ბრძოლა საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვებისთვის საქართველოში მენშევიკთა ბატონობის პერიოდში”, “ქალაქის თვითმმართველობის მოსამსახურეთა 1919 წლის მარტის გაფიცვა თბილისში”, “ამიერკავკასიის ხალხთა მეგობრობა სოციალიზმის დროს”, “ქართული ისტორიული მეცნიერების განვითარება საბჭოთა კავშირის კავშირის კომუნისტური პარტიის XX ყრილობის შემდეგ” (ეს ბოლო ორი გამოკვლევა დაიბეჭდა იმ დროისათვის უაღრესად პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალში История СССР), “ქართველთა მონაწილეობა დიდი სამამულო ომის პარტიზანულ ბრძოლებში” (არჩილ ჯინჭველაძესთან ერთად). ცალკე აღნიშვნის ღირსია 1961 წელს რუსულ ენაზე გამოქვეყნებული გამოკვლევა - Грузины, народние мстители, რომელშიც გაშუქებული იყო ქართველთა მონაწილეობის საკითხი ევროპის ქვეყნების ანტიფაშისტური წინააღმდეგობის მოძრაობაში.
თითქოსდა, არაფერი განსაკუთრებული. სათაურების მიხედვით, საქმე გვაქვს ტიპოლოგიურად საბჭოურ ნაშრომებთან, მაგრამ მათი გაცნობისას დაკვირვებული თვალი მაინც შეამჩნევს რაღაც არასაბჭოურს. მათში აქცენტი ძირითადად გადატანილია საკითხის ფაქტოლოგიურ მხარეზე და ნაკლებად იგრძნობა ტრაფარეტული იდეოლოგიური შეფასებები.
პირველი სერიოზული ნიშანი, რომ უ. სიდამონიძის სახით საქმე გვქონდა არა კლასიკურ, მარქსისტული იდეოლოგიით აღჭურვილ მკვლევართან, გამოჩნდა მის 1966 წელს დაბეჭდილ ნაშრომში - ეროვნული საკითხი (1917 წელი). თვით ასეთი სათაურის მიმართება თარიღთან შეიცავდა რაღაც უჩვეულოსა და კრამოლურს, რამაც შეაფიქრიანა ოფიციოზი. წიგნში იმდენად არასაბჭოურად იყო განხილული თემა, რომ ავტორი მაშინვე მოექცა სათანადო სამსახურების ყურადღების ქვეშ. ეს გასაოცარი არც იყო. მკვლევარმა, პირველმა ჩვენს საისტორიო მეცნიერებაში, მოახდინა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის რეაბილიტაცია, რაც წარმოუდგენელი თავხედობა იყო დოგმატური ისტორიოგრაფიის გადასახედიდან.
თუმცა, ეს მხოლოდ ჟურნალი იყო. მთავარი და დრამატული მოვლენები 1970-72 წლებში განვითარდა და როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ავტორის პარტიული გასამართლებით დაგვირგვინდა.
ამ სკანდალური ისტორიის მიზეზი იყო უ. სიდამონიძის 1970 წელს გამოქვეყნებული შესანიშნავი მონოგრაფია - საქართველოს ბურჟუაზიულ-დემოკრატიული მოძრაობისა და სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების ისტორიოგრაფია (1917-1921 წლები), რომელიც მან სადოქტორო დისერტაციად წარადგინა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო არა მხოლოდ არასაბჭოთა, არამედ, ეპოქის გათვალისწინებით - ანტისაბჭოთა გამოკვლევა, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო მარქსისტულ დოგმატიკასთან. საკმარისია ითქვას თუნდაც ის, რომ ამ ნაშრომში მკვლევარმა პოზიტიური შეფასება მისცა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტს.
პირდაპირ გასაოცარია, როგორ მიაღწია ამ წიგნმა სტამბამდე იმდროინდელი იდეოლოგიური წნეხის პირობებში, თუმცა, ფაქტია, რომ ასე მოხდა. ნაშრომს ჯერ კიდევ დაბეჭდვამდე მაღალი შეფასება მისცეს სპეციალისტებმა: შ.ხანთაძემ, არჩ. ბარამიძემ, ნ. როდონაიამ. დადებითი რეცენზიები დაწერეს ც. კალანდაძემ და გრ. მარგიანმა. იმის მიუხედავად, რომ “მთავლიტის” (იგივე საბჭოთა ცენზურის) თავმჯდომარეს, გ. ვარდოსანიძეს, უარყოფითი მოსაზრება ჰქონდა, წიგნი მაინც დაიბეჭდა გამომცემლობა “მეცნიერების” ეგიდით.
ისტორიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, უ. სიდამონიძის წიგნისთვის მსვლელობა მიეცათ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად.
სათქმელად იოლია, გადაწყდაო. რეალურად, საბჭოს სხდომაზე 1971 წლის 19 იანვარს რეტროგრადთა ჯგუფმა აკად. ანდრია აფაქიძის
მეთაურობით სცადა, ჩაეგდოთ საკითხი. მათ წამოაყენეს მთელი რიგი ბრალდებები ავტორის მიმართ, ხაზი გაუსვეს იმას, რომ წიგნი შეიცავდა უხეშ იდეოლოგიურ შეცდომებს, გადახრებს ოფიციალური პარტიული შეფასებებისგან და მისი ამ სახით დაშვება საკვალიფიკაციო ნაშრომად დაუშვებელიაო. ა. აფაქიძეს მხარი დაუჭირა ი. კაჭარავამ და, რამდენად გასაოცარიც არ უნდა იყოს, ზ. ანჩაბაძემ, ასევე, რამდენიმე პარტისტორიკოსმა. სამაგიეროდ, უ. სიდამონიძის სასარგებლო პოზიცია გამოხატა ისტორიის ინსტიტუტის დირექტორმა, გ. მელიქიშვილმა და პროფ. პრ. რატიანმა. ამ უკანასკნელმა ა. აფაქიძეს ირონიულად შენიშნა - არქეოლოგი კაცი ხარ და რას მივაწეროთ შენი ასეთი უეცარი “დაინტერესება” მეოცე საუკუნის ქართული ისტორიოგრაფიით? რაღაც ვერ ვიხსენებ შემთხვევებს, რომ აქამდე ვინმეს სადისერტაციო ნაშრომს ასე დეტალურად გასცნობოდიო.
ცხადია, პრ. რატიანმა მშვენივრად იცოდა, რომელი ინსტანციიდან მობერილ ქარზე იყო მომართული ა. აფაქიძის ფლუგერი.
რეტროგრადთა მცდელობის მიუხედავად, საბჭომ კენჭისყრით დადებითად გადაწყვიტა საკითხი და მსვლელობა მისცა უ. სიდამონიძის ნაშრომს. მას ოფიციალურ ოპონენტებად შეურჩიეს პროფესორები - ნ. მახარაძე, ნ. სტურუა და აკ. სურგულაძე. წიგნი სარეცენზიოდ გადაეგზავნა მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის თბილისის ფილიალს.
რეტროგრადები დანებებას არ აპირებდნენ. მომავალი დაცვა რომ სკანდალის გარეშე არ ჩაივლიდა, ამაზე ბევრი რამ მეტყველებდა, თუნდაც ის ფაქტი, რომ ნ. მახარაძე შეშინდა და მოულოდნელად ოპონენტობაზე უარი განაცხადა, თუმცა თავიდან დათანხმდა.
დისერტაციის დაცვა 1971 წლის 22 ივნისს გაიმართა და დრამატულად ჩაიარა. უ.სიდამონიძის მხარდამჭერებმა იგივე პოზიცია დააფიქსირეს. კრიტიკული შენიშვნების მიუხედავად, დადებითი იყო ოფიციალური ოპონენტების შეფასება. რამდენად გასაოცარი არ უნდა იყოს, ასევე დადებითი დასკვნა წარმოადგინა პროფ. გრ. ჟვანიამ მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტიდან (გავიხსენოთ, რომ ამ ინსტიტუტის დირექტორი იყო ყოფილი პარტიული ფუნქციონერი, პროფ. დევი სტურუა).
ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომ სადისერტაციო ნაშრომზე დადებითი გამოხმაურება წარმოადგინეს რუსის ისტორიკოსებმა, ვ. სალოვმა და ვ. ილერიცკიმ.
იმის მიუხედავად, რომ მოწინააღმდეგებმა პარტიულ-იდეოლოგიური პოზიციებიდან კრიტიკის ცეცხლი დაანთეს, ისინი მაინც უმცირესობაში აღმოჩნდნენ. სადისერტაციო საბჭომ 31 ხმით ათის წინააღმდეგ უ. სიდამონიძეს ისტ. მეცნ. დოქტორის ძიებული ხარისხი მიანიჭა.
სამეცნიერო პაექრობაში დამარცხებულმა რეტროგრადებმა საკითხი პარტიულ ინსტანციაში გაასაჩივრეს, რასაც მოჰყვა პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის ზემოთ ნახსენები სხდომა.
სხდომაზე კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს უ.სიდამონიძის ნაშრომი, როგორც მავნე და იდეოლოგიურად მცდარი. ავტორს და წიგნის რედაქტორს, პრ. რატიანს პარტიიდან გარიცხვა დაუპირეს, მაგრამ მერე “დიდსულოვნად” აპატიეს იმ მოტივით, რაკი მათ აღიარეს დაშვებული “შეცდომები” (სინამდვილეში მეცნიერს ერთი ნაბიჯი თან არ გადაუხვევია პრინციპული პოზიციიდან, მაგრამ კომუნისტებს თვითონვე არ აწყობდათ საკითხის ზედმეტად აყროლება). ისტორიის ინსტიტუტის დირექტორს, აკად. გ. მელიქიშვილს და პარტორგანიზაციას საყვედური გამოუცხადეს პოლიტიკური სიფხიზლის მოდუნებისთვის. მკაცრად შეაფასეს გამომცემლობა “მეცნიერების” მუშაობა იდეოლოგიურად მავნე ნაშრომის პუბლიკაციისთვის. მოსცხეს მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტსაც…
აღსანიშნავად ერთი კურიოზული ფაქტი საქალაქო კომიტეტის სხდომიდან. მასზე, სხვებთან ერთად, სიტყვით გამოვიდა 31-ე ქარხნის დირექტორი ხვედელიანი, რომელმაც ზედმეტი გულმოდგინება გამოიჩინა პარტიული ფუნქციონერებისთვის თავის მოსაქონად და სერიოზულად განაცხადა - ამ წიგნმა ჩვენი ქარხნის მუშების შრომის ნაყოფიერებაზე უარყოფითად იმოქმედა და იმ თვეში გეგმა ვერ შესრულდაო. ეს სიტყვები იმდენად კომიკურად ჟღერდა, რომ ვიღაცამ რეპლიკა ესროლა- ეს რა ნაკითხი მუშები გყოლიათო.
ერთი სიტყვით - ატყდა პარტიული ხრიგინი.
რაც მთავარია, საქალაქო კომიტეტმა რეკომენდაციით მიმართა ისტორიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს, რათა ამ უკანასკნელს თავიდან განეხილა უ. სიდამონიძისთვის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მინიჭების საკითხი.
ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, რას ნიშნავდა 70-იანების დასაწყისში ამგვარი “რეკომენდაცია”.
დანარჩენი, როგორც იტყვიან, ტექნიკის საქმე იყო.
საბჭო შეიკრიბა და, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, იძულებული გახდა, გაეუქმებინა წინა გადაწყვეტილება. უ. სიდამონიძეს ჩამოართვეს ერთხელ უკვე დამსახურებულად მიკუთვნებული სამეცნიერო ხარისხი.
მეცნიერს არც ამ სხდომაზე დაუხევია უკან და პრინციპულად იცავდა საკუთარ პოზიციას.
ამით შემეძლო დამესრულებინა, მაგრამ ერთ დეტალს ვერაფრით ავუვლი გვერდს.
ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრთაგან ცხრა ისტორიკოსმა, მაღალი პარტიული ინსტანციის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, კენჭისყრის დროს მაინც არ დაუჭირა მხარი უ. სიდამონიძისთვის დოქტორის ხარისხის ჩამორთმევას.
მე მათი ვინაობა არ ვიცი.
ჩემი უღრმესი პატივისცემა ამ ადამიანებს, რადგან მათი ქმედება, ეპოქის სულისკვეთებიდან გამომდინარე, ნამდვილად წარმოადგენდა სამოქალაქო გმირობის მაგალითს…"
მიყევით ბმულს - ზურა დათუაშვილი
ანალიტიკა
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.