USD 2.6699
EUR 2.8450
RUB 2.8530
Tbilisi
ზურაბ ბატიაშვილი: ყარსის ხელშეკრულება - მითები და რეალობა
Date:  2093

წინამდებარე კვლევა შეიქმნა შვედეთის საერთაშორისო გავნითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით.

გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს სააგენტოს თვალსაზრისს.

ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი

საავტორო უფლებები დაცულია და ეკუთვნის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს.

 

წყარო:https://www.gfsis.org/

ყარსის ხელშეკრულება, რითაც დადგინდა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი, საქართველოში არცთუ იშვიათად გამხდარა განხილვისა და დისკუსიების თემა. ძალიან ხშირად საქმე გვაქვს მიზანმიმართულ სპეკულაციებთან, რისი მიზანიცაა ანტითურქული და ანტიდასავლური განწყობების გაღვივება ქართულ საზოგადოებაში და რის უკანაც, როგორც წესი, რუსეთი და რუსეთთან დაკავშირებული ჯგუფები დგანან ხოლმე.

რა არის და რას მოიცავს ყარსის ხელშეკრულება?

1921 წლის მარტისთვის საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული, თუმცა ფორმალური თვალსაზრისით სამივე ქვეყანა დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს წარმოადგენდა.

1. ამიტომ საჭირო გახდა მათი მონაწილეობით მოლაპარაკებების გამართვა, რომელიც 1921 წლის 23 სექტემბერს დაიწყო თურქეთის ქ. ყარსში და 13 ოქტომბერს ხელშეკრულების ხელმოწერით დასრულდა, ერთი მხრივ, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებსა და მეორე მხრივ, თურქეთს შორის.

2 ხელშეკრულების ძირითადი მიზანი იყო ახალი საზღვრების დადგენა. ყარსის ხელშეკრულება გაფორმდა რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის მონაწილეობითა და პატრონაჟით და ძალაში შევიდა რატიფიციკაციის შემდეგ, 1922 წლის 11 სექტემბერს.

3 აღნიშნული ხელშეკრულება ძირითადად იმეორებდა 1921 წლის 16 მარტს მოსკოვში ხელმოწერილი ხელშეკრულების პირობებს, რომლითაც საბჭოთა რუსეთი და თურქეთი შეთანხმდნენ კავკასიაში ტერიტორიების განაწილების თაობაზე.

ყარსის ხელშეკრულება 20 მუხლისა და 3 დანართისგან შედგება. ამ შეთანხმებით დადგინდა საზღვრები თურქეთსა და სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებს შორის, რაც მკაფიოდ გაიწერა შეთანხმების შესაბამის მუხლებში.

ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს სსრ-ს ბათუმის ოლქიდან დარჩა ქ. ბათუმი და აჭარა, თურქეთმა კი მიიღო ართვინისა და არტაანის ოლქები. თურქეთმა სომხეთის სსრ-ს დაუბრუნა ქ. გიუმრი და დაიტოვა ქ. ყარსი და მისი შემოგარენი.

ყარსის ხელშეკრულების მიხედვით გავლებული სახელმწიფო საზღვრები

ყარსის ხელშეკრულების მეექვსე მუხლი უშუალოდ ეხება საქართველოს, სადაც წერია: „თურქეთი თანხმდება საქართველოს დაუთმოს სუზერენიტეტი ქალაქ ბათუმზე და ბათუმის ნავსადგურზე და იმ ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ამ ხელშეკრულების მეოთხე მუხლში მითითებული საზღვრის ჩრდილოეთით და შეადგენს ბათუმის ოლქის შემადგენელ ნაწილს, შემდეგი პირობით:

1. ამ ადგილის მოსახლეობა, რომელიც მითითებულია ამ მუხლში, ისარგებლებს ფართო ადგილობრივი ავტონომიით, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული თემის კულტურულ და რელიგიურ უფლებებს და მოსახლეობას უფლება ექნება შემოიღოს მიწის კანონი საკუთარი შეხედულების მიხედვით;

2. თურქეთს გარანტირებული ექნება ბათუმის ნავსადგურში თავისუფალი სატრანზიტო მოძრაობა სხვადასხვა ტვირთებზე, რომლებიც იგზავნება თურქეთში, ან პირიქით, ყოველგვარი შეფერხების, ბაჟისა და სხვადასხვა გადასახადების გადახდის გარეშე“.

მეშვიდე და მერვე მუხლებში, საუბარი ეხება სასაზღვრო ზონაში მცხოვრები მოქალაქეებისთვის გამარტივებულ სასაზღვრო მიმოსვლას და საძოვრებზე საქონლის შეუფერხებელ გატარებას ორივე მხარეს.

 ყარსის ხელშეკრულების სტატუსი თანამედროვე ეტაპზე

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1992 წელს აღიარა ყარსის ხელშეკრულება. 1992 წლის 30 ივლისს საქართველოს რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ხელმოწერილი მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ ხელმოწერილი ხელშეკრულების პრეამბულა გვამცნობს: „მხარეები აცხადებენ, რომ დაიცავენ მათ შორის დადებულ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს დაწყებული 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის შეთანხმებით. მხარეები ხელმძღვანელობენ იმით, რომ ამ შეთანხმებით საბოლოოდ დადგინდა საზღვარი ორ სახელმწიფოს შორის“. სამაგიეროდ, ყარსის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი პოზიციაა სომხეთში, რის გამოც, ბუნებრივია, გაზრდილია ერევნის მოსკოვზე დამოკიდებულების ხარისხი. ხოლო თურქულ-სომხური ურთიერთობები დღემდე პრობლემატურად რჩება.

ყარსის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით არსებული მითები და რეალობა

ყარსის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე მითი, რომლებიც დროდადრო წინა პლანზე წამოიწევს ხოლმე და რასაც ძირითადად რუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკური და მედიაჯგუფები აჟღერებენ. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობს „პატრიოტთა ალიანსი“, ასევე „ობიექტივი“, „ასავალდასავალი“ და „საქინფორმი“.

მითი No 1:

ყარსის ხელშეკრულებას 2021 წელს ვადა გასდის, რის შემდეგაც სათუო ხდება აჭარის საქართველოსთვის კუთვნილების საკითხი. ყველაზე გავრცელებულია მითი, რომ თითქოსდა ყარსის ხელშეკრულებას ხელმოწერიდან 100 წლის შემდეგ (ანუ 2021 წელს) ვადა ეწურება, რის შემდეგაც ვითომცდა სათუო ხდება აჭარის საქართველოსათვის კუთვნილების თემა. სინამდვილეში ზემოხსენებული ხელშეკრულება არავითარი ვადით არ არის შეზღუდული და, შესაბამისად, 2021 წელს მას ვადა ვერ გაუვა. ამრიგად, ვერც აჭარის კუთვნილების საკითხი ვერ დადგება. პირიქით, ყარსის ხელშეკრულებით, თურქეთმა საქართველოს სუვერენიტეტი აღიარა აჭარაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ცნო საქართველოს სრული იურისდიქცია ბათუმსა და მის ოლქზე.

მითი No 2:

ბათუმში ნატოს სამხედრო ბაზის განთავსების შემთხვევაში, 2021 წლიდან რუსეთი აღარ იქნება ყარსის ხელშეკრულების პირობების დაცვის გარანტორი და ბათუმი თურქეთის ხელში გადავა. ეს მითი რამდენიმე დეზინფორმაციას შეიცავს: როგორც ზემოთ აღინიშნა, ყარსის შეთანხმება არავითარი ვადით არ არის შეზღუდული და 2021 წელს მისი ვადის გასვლასა და რუსეთის გარანტორობაზე საუბარი წმინდა წყლის სპეკულაციაა.

რაც შეეხება განცხადებას ბათუმში ნატოს სამხედრო ბაზის განთავსების თაობაზე, მსგავსი საკითხი საქართველო-ნატოს სამხედრო თანამშრომლობის ფორმატში საერთოდ არც განხილულა.  შესაბამისად, საუბრები ბათუმის თითქოსდა თურქეთის ხელში გადასვლასთან დაკავშირებით ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.

მითი No 3:

ყარსის ხელშეკრულება აჭარაში რეფერენდუმის გამართვის უფლებას ითვალისწინებს. ამ მითის თანახმად, უნდა გაიმართოს რეფერენდუმი აჭარის მიკუთვნილობასთან დაკავშირებით. რეალურად კი, ყარსის ხელშეკრულებაში რეფერენდუმის საკითხი ნახსენებიც არაა. 13 შესაბამისად, იგი ვერ გაიმართება. ყარსის ხელშეკრულების თემით სპეკულაციები 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში რეალურად, ყარსის ხელშეკრულების თემაზე საუბრები უმეტესწილად წმინდა წყლის სპეკულაციაა, რითაც ძირითადად დაკავებული არიან რუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკური და მედიაჯგუფები საქართველოში. ისინი აღნიშნულ საკითხს პერიოდულად აყენებენ დღის წესრიგში. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, რისი მიზანიცაა საქართველოს მოსახლეობის დეზინფორმირება, არარსებული საფრთხეების წარმოჩინება და ამ ფონზე ამომრჩეველთა ხმების მობილიზება.

ყარსის ხელშეკრულების თემით სპეკულაციები ხშირად ისმოდა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდშიც. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობდა „პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც წინა წლების მსგავსად, კიდევ ერთხელ შეეცადა ანტითურქული განწყობების გაღვივებით ამომრჩეველთა ხმების მობილიზებას. მათ Facebook-ზე აქტიურად დაიწყეს რეკლამების გამოყენება ანტითურქული განწყობების გასაღვივებლად.

„პატრიოტთა ალიანსის“ მიერ 2020 წლის აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში გაშვებული რეკლამები

„პატრიოტთა ალიანსმა“ 2020 წლის 29 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე 9 პოლიტიკური რეკლამა გაუშვა, რომელთაგანაც 8 თურქეთის დისკრედიტაციას ემსახურებოდა. რეკლამები შეიცავდა მოკლე ვიდეოებს, რომლებშიც პარტიის ლიდერები თურქეთს ქართული ქალაქების ოკუპაციის მცდელობებში „ამხელდნენ“. ვიდეოების დიდ ნაწილში ყურადღება გამახვილებული იყო ისტორიულ მოვლენებზე, რომლებიც ძირითადად არა თანამედროვე თურქეთს, არამედ ოსმალეთის იმპერიას უკავშირდება.

ამავე კონტექსტში იხსენიებდნენ ყარსის ხელშეკრულებას, სადაც ფაქტები დამახინჯებულად იყო ნაჩვენები. თითოეულ რეკლამაზე 100-199 აშშ დოლარი იყო დახარჯული, ჯამურად კი, ამ პერიოდში სულ 1910 აშშ დოლარი დაიხარჯა. რეკლამები პოტენციურად 1 მილიონ ადამიანს მისწვდა, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობა 3.7 მილიონია.

თურქული მხარის რეაქცია ბუნებრივია, თურქულ მხარეს აწუხებს, რომ ყარსის ხელშეკრულების საკითხი ხშირად ხდება მანიპულაციის თემა საქართველოს შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში, რისი დასტურიცაა საქართველოში თურქეთის ელჩის ფატმა ჯერენ იაზგანის მიერ 2019 წლის ოქტომბერში გასაჯაროებული ოფიციალურ განცხადება, სადაც ვკითხულობთ: „დეზინფორმაციის ძალიან დიდი ტალღა გაჩნდა, განსაკუთრებით, აჭარის რეგიონისა და თურქულ-ქართულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ საზღვარი თურქეთსა და საქართველოს შორის დელიმიტირებული და დემარკირებულია“.

თურქეთის ელჩი კიდევ უფრო კონკრეტული იყო 2021 წელს მიცემულ ინტერვიუში, სადაც მან აღნიშნა: „მე მოვისმინე ერთი მოსაზრება, რომელიც ჩემთვის გასაკვირი და ცოტა სასაცილოც კი იყო. მე მკითხეს, იწურება თუ არა ყარსის შეთანხმების ვადა 2021 წელს. მე გამიკვირდა და ვიკითხე, საიდან მოიტანს ეს, თურქეთში ჩვენ არ განვიხილავთ ამ საკითხს. შემდეგ მე გავაცნობიერე, რომ ისინი იყენებენ ამ ხელშეკრულებას, რომელიც ჩვენი საზღვრების დემარკაციას ახდენს, საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის. სწორედ ამიტომ ვამბობ – არა, ყარსის შეთანხმება სრულფასოვნად არის ძალაში. ჩვენი საზღვრები საქართველოსთან დემარკირებულია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს იდეა, რომ ჩვენ პატივს ვცემთ და მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მოსვენებას არ აძლევს ზოგ ადამიანს საქართველოს ფარგლებს გარეთ, რადგან მათ სურთ საქართველოსა და თურქეთს შორის პრობლემების შექმნა. მე, როგორც დიპლომატი და ელჩი, ვერ გეტყვით, ვის ვგულისხმობ. თუმცა მე შემიძლია ჩემი ნათქვამის დასამტკიცებლად დოკუმენტები მოგაწოდოთ. შემიძლია მოგცეთ ვებგვერდების მისამართები და სახელები“.

დასკვნა -

ყარსის ხელშეკრულების თემით სპეკულაციას ჰყავს კონკრეტული ავტორი რუსეთისა და საქართველოში მოქმედი პრორუსული პოლიტიკური ძალების სახით; - აღნიშნული ძალების მიერ ყარსის ხელშეკრულების თემასთან დაკავშირებით გავრცელებული მითების მიზანი კი ქართულ საზოგადოებაში ანტითურქული და, შესაბამისად, პრორუსული სენტიმენტების გაღვივება და წინასაარჩევნოდ ხმების მობილიზებაა; - უნდა ითქვას, რომ რუსეთისა და პრორუსული ძალების ეს მცდელობები მათთვის მაინცდამაინც დიდ შედეგს ვერ იძლევა.

აღნიშნულმა ძალებმა კი შეძლეს ყარსის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით არსებული მითების მოსახლეობის დიდ ნაწილამდე მიტანა, მაგრამ ამას მათთვის საარჩევნო ხმების ზრდა არ მოუტანია. მაგალითად, ბოლო, 2020 წლის 31 ოქტომბერს გამართული, საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, „პატრიოტთა ალიანსმა“ ხმების 3,14% (60 480 ხმა) მიიღო, 18 რითაც პარლამენტში მხოლოდ 4 დეპუტატი შეიყვანა.

აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ საქართველოს საზოგადოების 72%-ზე მეტი თურქეთთან ურთიერთობას დადებითად აფასებს; ბუნებრივია, რომ ყარსის ხელშეკრულებით მანიპულაციის თემა თურქულ მხარესაც აწუხებს; - სამწუხაროდ, ყარსის ხელშეკრულების თემით მანიპულაციით დაწყებული ამ კამპანიის გასანეიტრალებლად საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ გადადგმულა მკაფიო და კონკრეტული ნაბიჯები; - სასურველი იქნებოდა, ისეთ საკითხებზე, რომლებიც შედის საინფორმაციო უსაფრთხოების სფეროში, ხელისუფლებამ მიიღოს შესაბამისი ზომები, სადაც მთავარი მიზანი უნდა იყოს საზოგადოების უფრო მეტი ინფორმირების გზით ე.წ. “fake news”-ების განეიტრალება.

 

culture
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way