USD 2.7484
EUR 2.8998
RUB 2.7361
Tbilisi
ზურაბ ბატიაშვილი: კორონავირუსი ახლო აღმოსავლეთში - პრობლემები და გამოწვევები
Date:  2130

კორონავირუსთან შეჭიდებული მსოფლიოს ყურადღება ძირითადად ევროპის და ამერიკისაკენ არის მიმართული და წამყვანი საინფორმაციო სააგენტოების ცხელი ხაზებიც ძირითადად ამ ტერიტორიებიდან მიღებული „საომარი“ ინფორმაციებით არის გადავსებული.

თუმცა პანდემიის დაწყებამდე ეს „საპატიო“ ადგილი წარმატებით ეჭირა „ცხელ“ ამბებს ახლო აღმოსავლეთიდან.

რა ხდება ახლო აღმოსავლეთში? ბოლოს და ბოლოს, თეირანი თბილისიდაან 1,200 კილომეტრითაც კი არაა დაშორებული, დამასკომდე კი დაახლოებით 1,700 კილომეტრია. 

თურქეთში ადგილობრივი წყაროები, ისევე როგორც გარე დამკვირვებლები, მთავრობას დაგვიანებული პასუხისთვის და არასერიოზული მიდგომისთვის აკრიტიკებენ. გარდა ამისა, ექიმები ამბობენ, რომ დამცავი აღჭურვილობა აკლიათ და კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა გაცილებით ბევრია, ვიდრე ოფიციალურად ცნობილია. თუ ზამთარში ირანის მთავრობა კორონავირუსის ამბავს მალავდა და შემდეგ მოუწია აღიარება და ყველას გვახსოვს ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერის ცნობილი განცხადება: “ირანში ყოველ 10 წუთში ვიღაც კვდება კორონავირუსით და ყოველ საათში 50 ადამიანი ავადდება.”

რა ხდება ახლო აღმოსავლეთში დღეს? ამ მხრივ საინტერესო იქნება  რონდელის ფონდის მკვლევარის ზურაბ ბატიაშვილის პუბლიკაციის გაცნობა, რომელიც დაიბეჭდა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო  ურთიერთობათა კვლევის ფონდის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს  მხარდაჭერით.

New Posts: სირიის მომხრეები: რატომ ...

ზურაბ ბატიაშვილი: ახალი კორონავირუსის გავრცელება ახლო აღმოსავლეთში - პრობლემები და გამოწვევები

 ახალმა კორონავირუსმა (Covid-19) და მისით გამოწვეულმა გვერდითმა ეფექტებმა სრულიად შეცვალა თანამედროვე მსოფლიო. რადგან პანდემიის პროცესი მხოლოდ ახლა იწყება, ზუსტად  არავინ იცის, თუ როგორი იქნება ვირუსის შემდგომი მსოფლიო. თუმცა, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქნება სერიოზული ცვლილებები, რის შემდეგაც ჩვენი პლანეტა აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ვირუსის გავრცელებამდე იყო.

ბუნებრივია, ეს ცვლილებები ახლო აღმოსავლეთსაც ეხება. როგორც სხვა ქვეყნების უმრავლესობა, ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებიც ძირითადად მოუმზადებლები შეხვდნენ პანდემიას. ამ მთავრობების უმეტესობამ ჩინეთში ვირუსის გავრცელების ეტაპზე სერიოზულად არ ან ვერ აღიქვა მოსალოდნელი საფრთხეები. ამიტომ პირველ ეტაპზე ბევრმა მათგანმა უბრალოდ დამალა ან წაუყრუა საკუთარ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების ფაქტს. 

ოდნავ მოგვიანებით ხელისუფლებებს მოუწიათ პრობლემის აღიარება, მაგრამ ვირუსის შექმნა/გავრცელებაში ძირითადად პოლიტიკური მოწინააღმდეგეები დაადანაშაულეს. ასეთ დამოკიდებულებას კი ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ ახლო აღმოსავლეთის საზოგადოებებსა და მთავრობებში პოპულარულია შეთქმულების თეორიები. 

პრობლემის დამალვა/წაყრუებამ შემდგომში ბუმერანგის ეფექტი გამოიწვია ამ ქვეყნებისა და მათი მოქალაქეებისთვის. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ხელისუფლებების უმეტესობა რადიკალურ ზომებზეც (დახურეს სამლოცველოები, სადაც ხდებოდა მასობრივი თავშეყრები) წავიდნენ. თუმცა, ბევრ შემთხვევაში, ეს ნაბიჯები უკვე დაგვიანებული იყო – კორონავირუსი გავრცელდა მთელ ახლო აღმოსავლეთში. 

 ამასთან, ახლო აღმოსავლეთში ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობს ჯანდაცვის სისტემების გაუმართაობა, ექიმთა ნაკლებობა, განათლების დაბალი დონე, დაუსრულებელი სამოქალაქო ომები, კონფლიქტები და ლტოლვილთა დიდი რაოდენობა, ასევე ხელისუფლებების სურვილი, მაქსიმალურად დამალონ რეალური მონაცემები (მაგალითად, სირიის ოფიციალური მონაცემებით, ამ ქვეყანაში 25 მარტამდე დაფიქსირებული იყო ახალი კორონავირუსით დაინფიცირების მხოლოდ 1 შემთხვევა, მაშინ, როცა ამ ავადმყოფობასთან საბრძოლველად ასადის რეჟიმმა დედაქალაქ დამასკოში კომენდანტის საათი შემოიღო. დამოუკიდებელი წყაროების ინფორმაციით, ახალი კორონავირუსი მთელ სირიაშია მოდებული და არის მსხვერპლიც).

ამასთან, ახლო აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანას არც  საკმარისი რაოდენობის ტექნიკური აღჭურვილობა გააჩნია, რათა ანალიზი ჩაუტარონ და სრულყოფილად აღრიცხონ ვირუსით დაავადებული ადამიანები.    

 კორონავირუსის შემთხვევები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში

 მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეკონომიკის ბევრი სექტორის გაჩერებამ, ასევე რუსეთ-საუდის არაბეთის დაპირისპირებამ ბუნებრივ რესურსებზე (უმეტესად – ნავთობზე) ფასების დაცემა გამოიწვია. ნავთობი კი ბევრი ახლოაღმოსავლური ქვეყნისთვის შემოსავლის ძირითადი წყაროა.  

 ირანი

ირანი იყო პირველი ახლო აღმოსავლეთის ქვეყანა, სადაც ვირუსი ჯერ კიდევ იანვარშივე გავრცელდა, თებერვალში კი ეს ქვეყანა ეპიდემიის ძლიერ კერად იქცა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ თეირანმა ეკონომიკური და პოლიტიკური მოსაზრებების (ისედაც ძლიერი ამერიკული სანქციები) გამო არ შეწყვიტა ფრენები ჩინეთის მიმართულებით.

ასეთი მიდგომის გამო სავალალო შედეგმაც არ დააყოვნა - ვირუსმა მთელ ქვეყანაში იფეთქა. ირანი ახლო აღმოსავლეთში დღემდე რჩება იმ ქვეყნად, სადაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული ეს ავადმყოფობა. 25 მარტის მდგომარეობით, ირანის ოფიციალური მონაცემებით, ამ ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა 2 206, ხოლო დაინფიცირებულია 27 000-ზე მეტი ადამიანი. ამასთან, ჯერჯერობით, როგორც ჩანს, მათ ჯერ კიდევ არ გადაულახავთ პიკი. 

აინტერესოა, რომ პანდემიის ეპიცენტრი გახდა ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე რელიგიური ქალაქი ყუმი, სადაც ბევრი შიიტური სიწმინდეა და სადაც ტრადიციულად ბევრი მომლოცველი იყრის თავს. ქვეყენაში ვირუსის გავრცელების პარალელურად, ირანი თავად იქცა მეზობელი ქვეყნების დაინფიცირების წყაროდ. 

 ირანში ვირუსის გავრცელების შემდეგ მეზობელმა ქვეყნებმა მასთან როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო მიმოსვლა შეაჩერეს, რაც მძიმე ტვირთად დააწვა ისედაც

 სერიოზული პრობლემების მქონე ირანის ეკონომიკას(ამერიკული სანქციების გამო 9,5%-ით შემცირდა მისი ეკონომიკა 2019 წელს). კიდევ უფრო გაიზარდა უმუშევრობა.

თეირანისთვის კიდევ ერთი უარყოფითი შედეგი ნავთობზე ფასების შემცირებაა. მისი ბიუჯეტი გათვლილი იყო ბარელზე 50 აშშ დოლარის შესაბამისად. 25 მარტის მდგომარეობით, მსოფლიო ბაზარზე 1 ბარელი ნავთობის ფასი 23,4 აშშ დოლარი იყო. ასეთი ფასების ფონზე მოსალოდნელია, რომ ირანის ბიუჯეტს 22%-იანი სეკვესტრი მოუწევს. ეს კი მზარდ უმუშევრობას, ინფლაციის მატებას, მილიონობით მოქალაქისთვის გადაუხდელ ხელფასებსა და შემცირებულ სოციალურ დახმარებებს ნიშნავს.

მძიმე მდგომარეობაში მყოფმა ირანმა აშშ-სგან სანქციების გაუქმება და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 5 მლრდ აშშ დოლარის სესხის მიღებაც მოითხოვა. თუმცა, უშედეგოდ - ვაშინგტონი არ აპირებს მცირედ დათმობასაც კი. პირიქით, ვაშინგტონმა მარტში ახალი სანქციებიც კი შემოიღო თეირანის წინააღმდეგ. მისი მიზანია ირანის ისეთ მდგომარეობაში ჩაყენება, რომ ამ უკანასკნელმა უარი თქვას ბირთვულ და ბალისტიკურ პროგრამებზე. ტრამპის ადმინისტრაციის უფრო რადიკალური ჯგუფი კი იმედოვნებს, რომ ამ ყველაფერს ირანში არეულობები და რეჟიმის სრული კოლაფსი მოჰყვება. 

ამიტომ მოსალოდნელია, რომ ირანში კიდევ უფრო გაუარესდება ისედაც მძიმე ეპიდემიური, სოციალ-ეკონომიკური და სავარაუდოდ, პოლიტიკური სიტუაციაც.   

 თურქეთი

 

მართალია, თურქეთმა სწრაფად შეწყვიტა მიმოსვლა ჩინეთთან და ირანთან, მოგვიანებით კი იტალიასთან და ევროპის სხვა ქვეყნებთანაც, მაგრამ მარტში გეომეტრიულად დაიწყო ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობის ზრდა. 25 მარტის მონაცემებით, თურქეთში ამ ავადმყოფობით გარდაიცვალა 59, ხოლო დაავადებული იყო 2433 ადამიანი.

ვირუსის გავრცელება უარყოფითად აისახა თურქეთის ეკონომიკაზე: დაახლოებით 10%-ით გაუფასურდა თურქული ლირა, შეწყდა უცხოელ ტურისტთა ნაკადი (ტურიზმის სექტორი შეადგენს თურქეთის ეკონომიკის 12%-ს და მასში დასაქმებულია 1,2 მილიონ ადამიანზე მეტი), ფაქტიურად გაჩერდა ტრანსპორტის სექტორი (ეს განსაკუთრებით დაეტყო სტამბოლს, რომელიც დიდი საერთაშორისო სატრანსპორტო და სავაჭრო ჰაბია), მუშაობა შეაჩერა ბევრმა ქარხანამ და ფაბრიკამ, მსოფლიო ბაზარზე არასასურსათო პროდუქციაზე მოთხოვნილების შემცირების პარალელურად კი იკლო თურქული პროდუქციის ექსპორტმა. შესაბამისად,

 გაიზარდა უმუშევრობა, რაც ახალი კორონავირუსის გავრცელებამდეც მაღალი (13,7%) იყო. მოსალოდნელია, ინფლაციის ზრდა და ლირის შემდგომი დევალვაციაც. 

თურქეთის ხელისუფლებამ ეკონომიკის დახმარების (100 მლრდ თურქული ლირა, რაც დაახლოებით 15,5 მლრდ აშშ დოლარია) პაკეტი გამოაცხადა. თუმცა, ჩანს, რომ მხოლოდ ერთი პაკეტი ვერ იქნება საკმარისი მომავალი დანაკარგების შესავსებად. მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს (WTTC) განცხადებით, ტურიზმს პანდემიამდელი დონის აღსადგენად 19 თვე დასჭირდება. 

 თურქეთმა სახმელეთო საზღვრები ჩაკეტა მეზობლებთან (მათ შორის საქართველოსთანაც). მართალია, სატვირთო მანქანები მოძრაობას განაგრძობენ, მაგრამ რიგითი მოქალაქეები თავისუფლად ვეღარ გადაადგილდებიან, რამაც დამატებითი ეკონომიკური პრობლემები შექმნა.

 თურქეთისთვის ერთადერთი პოზიტივი, რაც კორონავირუსით გამოწვეულმა გვერდითმა ეფექტებმა მოიტანა, მსოფლიო ბაზარზე საწვავზე ფასების შემცირებაა. ამან ბუნებრივია, შეამცირა ბენზინის ფასი თურქეთის რიგითი მოქალაქეებისთვის.

 საუდის არაბეთი და სპარსეთის ყურის ქვეყნები

კორონავირუსმა და მისმა გვერდითმა ეფექტებმა შეამცირა მოთხოვნა ნავთობზე მთელ მსოფლიოში, რასაც დაემატა საუდის არაბეთისა და რუსეთს შორის დაპირისპირება. შედეგად, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა სწრაფი კლება დაიწყო (ასეთი დაბალი ფასები ნავთობზე 2003 წლის შემდეგ აღარ ყოფილა). 

ამის მიუხედავად, საუდის არაბეთი აპირებს ბოლომდე იბრძოლოს რუსეთთან ნავთობის გამო, რადგან ეს მას გრძელვადიან პრობლემებს ვერ შეუქმნის - საუდელებს 1 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების სავალუტო რეზერვები აქვთ და ამის გამო თავს მშვიდად გრძნობენ.   

 თუმცა, მოკლევადიანი პრობლემები საუდის არაბეთსა და სპარსეთის ყურის სხვა არაბულ ქვეყნებს მაინც შეექმნათ  – საზღვრების ჩაკეტვის გამო თავისუფლად ვეღარ მოძრაობს მათი ეკონომიკებისთვის საჭირო იაფი უცხოური მუშახელი, ასევე მიმოსვლის შეჩერებისა და საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობების გაუქმების გამო ფაქტობრივად უფუნქციოდ დარჩა ისეთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და სავაჭრო ჰაბები, როგორებიცაა დუბაი, აბუ-დაბი და დოჰა. 

 ახალი კორონავირუსის გამო საუდის არაბეთს მოუწია მუსლიმთა წმინდა ადგილების (მექა და მედინა) დახურვაც, რაც მილიარდობით აშშ დოლარის შემოსავლის გარდა, საუდელებისთვის ე.წ. „რბილი ძალის“ მნიშვნელოვანი ნაწილიცაა. აქ კი ის ფაქტორიც გასათვალისწინებელია, რომ ეს ადგილები არ დაუხურავს წინა მმართველ ჰაშიმიტების დინასტიას 1918-1919 წლებშიც კი, როდესაც ე.წ. „ესპანური გრიპი“ მძვინვარებდა. ამიტომ საუდელებისთვისაც მნიშვნელოვანია პანდემიის დროზე დასრულება.

ახალი კორონავირუსის გავრცელებას განსაკუთრებით უფრთხის ეგვიპტის ხელისუფლება. 102-მილიონიანი ეგვიპტე, არა მხოლოდ მოსახლეობის  თვალსაზრისითაა ყველაზე დიდი ქვეყანა ახლო აღმოსავლეთში, არამედ იგი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაცაა. ეს კი დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორია ვირუსის გასავრცელებლად.   

 კონფლიქტური ქვეყნები და ტერიტორიები

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტურ ქვეყნებსა და ტერიტორიებზე შექმნილია იდეალურ პირობები ვირუსის გავრცელებისთვის. 

აქ პანდემიის ბუნებრივი მოკავშირეა ლტოლვილთა ბანაკები, სამხედრო ნაწილები, განათლების დაბალი დონე, საავადმყოფოებისა და ჰიგიენური პირობების არარსებობა, ექიმთა ნაკლებობა და ა.შ. 

სამწუხაროდ, ვირუსის გავრცელების გამო არ შეჩერებულა კონფლიქტები სირიასა და ერაყში.

სამაგიეროდ, გარკვეული იმედი ჩაისახა იემენთან დაკავშირებით, რადგან საუდის არაბეთი და გაერთიანებული არაბული საემიროები 26 მარტს დათანხმდნენ გაეროს მოწოდებას, კორონავირუსის გავრცელების გამო შეეწყვიტათ საბრძოლო მოქმედებები იემენის ტერიტორიაზე.

კიდევ ერთი ადგილი, სადაც მხარეებმა ახალ კორონავირუსთან ერთობლივი ბრძოლა გადაწყვიტეს, ისრაელი-პალესტინაა, რომლებმაც ამ მიზნით რამდენიმე  ორმხრივი შეხვედრა გამართეს და ერთობლივი ზომების გატარებაზეც შეთანხმდნენ. 

 დასკვნები:

  • ახალი კორონავირუსის გავრცელება უარყოფითად აისახა მთელ მსოფლიოზე და, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთზეც;
  • როგორც მთელ მსოფლიოში, ახლო აღმოსავლეთშიც მოსალოდნელია ცვლილებები. თუმცა, პანდემია ჯერ მხოლოდ ახლა იკრებს ძალებს. არავინ იცის, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება და რა შედეგებით დასრულდება იგი. შესაბამისად, ჯერ არ გამოკვეთილა მკაფიო კონტურები, თუ რა სახის ცვლილებებს უნდა ველოდოთ ახლო აღმოსავლეთში;
  • ახლო აღმოსავლეთში პანდემიით გამოწვეულმა შიშმა შეანელა ზოგიერთი კონფლიქტი. თუმცა, არსებული კონფლიქტების ნაწილი კვლავ გრძელდება;
  • პანდემიით გამოწვეული ადამიანური დანაკარგების გარდა, სერიოზულად დაზარალდა და მომავალშიც დაზარალდება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების  ეკონომიკები, რასაც, დიდი ალბათობით, შემდგომში პოლიტიკური შედეგებიც მოჰყვება;
  • პანდემიის გამო მსოფლიო ბაზარზე შემცირდა მოთხოვნა ნავთობზე, რასაც დაემატა რუსეთ-საუდის არაბეთის დაპირისპირება. ამ ფაქტორებმა კი, თავის მხრივ, ნავთობზე ფასის შემცირება განაპირობეს. შედეგად, ახალი პრობლემები და გამოწვევები შეექმნათ პატარა და სუსტ/ღარიბ ქვეყნებს. ამ ეტაპზე მდიდარი ქვეყნები, დაგროვილი ფულადი რესურსების გამო, ნაკლებად უფრთხიან იაფ ნავთობს;
  • საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ როგორი სურათი იქნება  თურქეთის ეკონომიკაში, რადგან ეს ქვეყანა ჩვენთვის ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორია. ამასთან, ათეულ ათასობით ჩვენი მოქალაქე მუშაობს იქ. თურქეთში ვირუსის გავრცელების შემთხვევაში შესაძლოა მივიღოთ არა მხოლოდ ახალი კორონა ვირუსით დაავადებული ჩვენი მოქალაქეები, არამედ სერიოზული პრობლემები შეექმნება თურქეთის ეკონომიკასაც, რაც საფრთხეს შეუქმნის როგორც ჩვენი მოქალაქეების სამუშაო ადგილებს, ისე უარყოფითად აისახება ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებზე და ქართული ლარის კურსზეც.

 წყარო:https://www.gfsis.org/

analytics
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way