USD 2.6071
EUR 2.9911
RUB 3.0972
თბილისი
ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების საკითხი და მისი ასახვა თურქეთში
თარიღი:  753

საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ადვილი, თუმცა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ კონფრონტაცია ახალ ფაზაში შევიდა. ომის შემდეგ მალევე რუსეთმა აღიარა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობა“ და საქართველომაც საპასუხოდ წინ წამოსწია რუსეთისათვის მტკივნეული საკითხები.

2010 წლის 20-21 მარტს თბილისში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც ძირითადად ჩერქეზთა გენოციდის საკითხზე იმსჯელეს. ჩერქეზი (მათში საკუთრივ ჩერქეზების გარდა იგულისხმებიან ადიღეელები და ყაბარდოელებიც - ზ.ბ.) ხალხის წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს ჩერქეზთა გენოციდის აღიარების თხოვნით მიმართეს.

2011 წელს ამგვარმა თხოვნამ იმატა და საბოლოოდ, მომზადდა შესაბამისი დასკვნა, რის საფუძველზეც საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის 20 მაისს მიიღო რეზოლუცია No 4701-Iს „რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა გენოციდის განხორციელების აღიარების შესახებ“. მასში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტი ადგენს აღიარებულ იქნეს „რუსეთ-კავკასიის ომის პერიოდში ჩერქეზების (ადიღელების) მასობრივი განადგურება და ისტორიული სამშობლოდან განდევნა გენოციდის აქტად“. ამ რეზოლუციის მიღების შემდეგ მალევე, 2011 წლის 1 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა ერთხმად, 95 დეპუტატის მხარდაჭერით (არც ერთი წინააღმდეგი), მიიღო დადგენილება No 4989-რს „რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“, რის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობას ეთხოვა ჩერქეზული კულტურის ცენტრისა და ჩერქეზი ხალხის გენოციდის მსხვერპლთა მემორიალის შექმნა.

საქართველოს პარლამენტის ეს გადაწყვეტილება იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა ჩერქეზების გენოციდი. მაშინდელი მმართველი პარტიის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ეს ქმედება იყო „ისტორიული სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი“ და ყველა კავკასიელი ხალხის „ძალიან აშკარა პოლიტიკური“ მხარდაჭერა. საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი ასევე განიხილავდა ჩეჩნების გენოციდის შესაძლო აღიარების საკითხსაც. საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების წლისთავზე, 2012 წლის 21 მაისს, ანაკლიაში დაიდგა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ისე ჩერქეზი სტუმრები სირიიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

ანაკლიაში მემორიალის დადგმის ხარჯებისთვის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან 265 ათასი ლარი გამოიყო. სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა საქართველოში 2012 წლის შემოდგომაზე ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. პროცესი არა მხოლოდ შეჩერდა, არამედ აღიარების მართლზომიერების საკითხზეც კი დაიწყო მსჯელობა.

2013 წლის 26 სექტემბერს თბილისში პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიული მემკვიდრეობის“ ინიციატივით ჩატარდა კონფერენცია „ჩერქეზების გენოციდის აღიარება: მიზანი და შედეგები“, რომელმაც თავი მოუყარა საქართველოში მოქმედ არაერთ პრორუსულ ორგანიზაციასა და პირს. მათ იმსჯელეს საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების არამართებულობაზე, ამ ნაბიჯს უწოდეს „ამერიკულ პროექტი“, გააკრიტიკეს საქართველოს მაშინდელ ხელისუფლება, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს თავად გენოციდის მოწყობის ფაქტი, ღიად გაიმეორეს კრემლის ნარატივი დასავლეთის „მტრული ზრახვების“ თაობაზე, დააფიქსირეს ანტიდასავლური და ანტითურქული პოზიციები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოითხოვეს საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 20 მაისის დადგენილების დენონსაცია. საბოლოო ჯამში, დენონსაცია არ მომხდარა. თუმცა, დაწყებული პროცესი სრულად გაიყინა და გაურკვეველია, თუ რა იქნება მომავალში ამ მიმართულებით.

საერთაშორისო გამოძახილი გენოციდის აღიარებაზე

ოფიციალური თბილისის მიერ ჩერქეზების გენოციდის აღიარების შემდეგ საქართველოს იმიჯი დადებითისკენ შეიცვალა როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტული ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლების თვალში. საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქზეთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუციის მიღებას უცხოეთიდან საგანგებოდ ამ ღონისძიებისთვის ჩამოსული ჩერქეზებიც ესწრებოდნენ. მათი ემოცია იყო ერთდროულად ცრემლიანიც და სიამაყით სავსეც.

ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის ჩერქეზთა კონგრესის წარმომადგენელმა რუსლან კეშმა რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში განაცხადა: „147 წლის წინ ჩვენი ქვეყანა რუკიდან გაქრა. და ის დღემდე არ არის მსოფლიო რუკაზე. ჩვენი ხალხის 90 პროცენტზე მეტი საკუთარი მიწა-წყლიდან განდევნილია და ვერ ბრუნდება სამშობლოში. გენოციდის აღიარება ჩვენთვის დაბრუნების, ხელახლა დაბადების, იმედის საწყისია“.

საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარება იმ კუთხითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ეს გენოციდი არ უღიარებია აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს, რომელიც ცდილობს არ გააღიზიანოს ოფიციალური მოსკოვი. ჩერქეზები კი ყველანაირად ეხმარებოდნენ მას 1992-1993 წლებში მიმდინარე აფხაზეთის ომის დროს და გენოციდის აღიარებას მისგანაც ითხოვდნენ. ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ჩერქეზებს შორის გარკვეული უთანხმოება და ბზარიც კი გაჩნდა. მოგვიანებით ჩერქეზთა გენოციდის აღიარების თემას გაგრძელება მოჰყვა უკრაინაში, როდესაც 2014 წლის 16 ივნისს ამ ქვეყნის რადიკალური პარტიის ლიდერმა ოლეგ ლიაშკომ რადაში შეიტანა დადგენილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ჩერქეზთა გენოციდის აღიარებას. მართალია, მაშინ ამ ინიციატივას გაგრძელება არ მოჰყოლია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ დაძაბულობის ხარისხს რუსულ-უკრაინული ურთიერთობებში, არაა გამორიცხული, რომ უკრაინელი დეპუტატები ამ საკითხს მომავალშიც დაუბრუნდნენ.

გენოციდის აღიარების გამოძახილი თურქეთში

 რაოდენობრივად ყველაზე მეტი ჩერქეზი (მათ რიცხვში ხშირად აფხაზებსაც მოიაზრებენ) თურქეთში ცხოვრობს. ამიტომ საინტერესოა, როგორი გამოძახილი ჰქონდა საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარებას. თურქეთის ჩერქეზული დიასპორის აზრი ორად გაიყო. ერთნი, რომლებიც უფრო პროაფხაზურად იყვნენ განწყობილი, საქართველოს ამ ქმედებას არ მიესალმნენ და ეს იმ მდგომარეობით ახსნეს, რომ 2008 წლის შემდეგ თბილისს რუსეთისთვის პრობლემების შექმნა სურდა. უფრო პრაგმატული იყო მეორე ჯგუფი, რომელიც არა მხოლოდ მიესალმა თბილისის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს, არამედ თანამშრომლობაზეც წამოვიდა.

2011 წლის 11 ნოემბერს სტამბოლში გაიმართა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მირზა (პაპუნა) დავითაიას შეხვედრა ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე, რომელიც სტამბოლში სასტუმრო „შერატონში“ გაიმართა, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების, გენოციდის მემორიალის დადგმის და თბილისში ჩერქეზული კულტურის ცენტრის გახსნის შესახებ. ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მადლიერება გამოხატეს საქართველოს სახელმწიფოს მიმართ, რომ ასრულდა მათი დიდი ხნის სურვილი – მოხდა ჩერქეზთა გენოციდის აღიარება. ამავე დროს, მათ ქართველ და ჩერქეზ ხალხებს შორის მზარდ პოზიტიურ ურთიერთობებზეც ისაუბრეს.

ამგვარად, არაერთი სირთულის მიუხედავად, ყინული დაიძრა. ამის შემდეგ კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა გამყოფი ხაზები ორ ჯგუფს შორის. მოგვიანებით შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, „ჩერქეზული უფლებების ინიციატივის“ პრეს-სპიკერმა მურათ ოზდენმა გამოაქვეყნა სტატია „2-საათიანი შეხვედრა საქართველოს დიასპორის მინისტრთან“, სადაც მან ღიად და დეტალურად აღწერა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების საკითხი. კერძოდ, მისი შეფასებით: - საქართველო გახდა გაეროს წევრი პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა გენოციდი. ეს არის ჩერქეზებისთვის ოქროს ხონჩით მირთმეული მონაპოვარი და არ აქვს მნიშვნელობა, რა მიზეზით მიიღო საქართველომ ეს გადაწყვეტილება;

- საქართველო ამაზე არ შეჩერებულა და თბილისში გახსნა ჩერქეზული კულტურის ცენტრი. ჩერქეზთა ისტორიისა და გენოციდის თაობაზე ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტები საქართველოს არქივებში ინახება. საქართველომ ეს არქივები მკვლევრებისთვისაც გახსნა;

- ანაკლიაში დაიდგმება გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი და საქართველოს დიასპორის მინისტრმა შემოგვთავაზა მემორიალის შესარჩევ ჟიურიში მონაწილეობა;

- ჩერქეზებმა სახელმწიფო დონეზე პირველად მოვიპოვეთ მოკავშირეები;

- ახლა ჩერქეზული დიასპორის აქტიურობის დროა. საქართველოს მაგალითი უკვე არსებობს და მასზე დაყრდნობით ჯერ თურქეთის, შემდეგ კი სხვა ქვეყნების პარლამენტებს უნდა მოვთხოვოთ გენოციდის აღიარება!

მსგავსი პოზიცია დააფიქსირა თურქეთის ჩერქეზული საზოგადოებების ფედერაციის ხელმძღვანელმა ნუსრეთ ბაშმაც, რომელმაც მადლობა გადაუხადა საქართველოს ჩერქეზთა გენოციდის აღიარებისა და გენოციდის მსხვერპლთა მემორიალის დადგმის გამო. მან ამავე დროს მკვეთრად გააკრიტიკა რუსეთი გენოციდის ფაქტისადმი წაყრუების პოლიტიკის გამო.

საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების ფაქტის შემდეგ საგრძნობლად გააქტიურდა თურქეთის ჩერქეზული დიასპორა მეორე აღიარების მიღების კუთხით. მათ ამ მიზნით 2013 წელს მთელი თურქეთის მასშტაბით დიდი კამპანია და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ისინი მოუწოდებდნენ თურქეთის პარლამენტს აღედგინა ისტორიული სამართლიანობა და ეცნო ჩერქეზების გენოციდი.

დიასპორის მეორე ნაწილმა საქართველოს მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება შეინარჩუნა. ესენი იყვნენ ძირითადად რუსეთთან დაკავშირებული პირები და ორგანიზაციები, რომლებთანაც შესაბამისი მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჯერ კიდევ 2010 წლის 20-21 მარტს ჩერქეზების საკითხზე თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია რუსეთში ამერიკული სპეცსამსახურების პროექტად მიიჩნიეს. ამ ფაქტს და საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის შესაძლო აღიარებას, ასევე აღიარების შესაძლო შედეგებს ვრცელი ანტიქართული წერილი მიუძღვნა კრემლთან დაახლოებულმა პოლიტოლოგმა ანდრეი ეპიფანცევმა, რომელიც სასწრაფო წესით თარგმნეს და გამოსცეს თურქულად, რათა წინ აღდგომოდნენ, მათი გადასახედიდან, მოსალოდნელ გართულებებს თურქეთის ჩრდილოკავკასიურ დიასპორაში.

დიასპორაში სირთულეები მანამდეც რომ არსებობდა, ცნობილი ფაქტია. ეს სირთულეები კი რუსეთ-საქართველოს ომისა და მოსკოვის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების შემდეგ დაიწყო.

2009 წელს ფაქტობრივად გაიხლიჩა თურქეთის ჩრდილოკავკასიური დიასპორა. თუ მანამდე ყველა მათი ორგანიზაცია გაერთიანებული იყო საერთო „კავკასიური საზოგადოებების ფედერაციაში“, 2009 წელს, ანუ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, მათ გამოეყოთ აფხაზური საზოგადოებები, რომლებმაც დააარსეს ცალკე გაერთიანება „აფხაზური საზოგადოებების ფედერაციის“ სახით, რომელიც გარკვეულ დაპირისპირებაში მოვიდა „კავკასიური საზოგადოებების ფედერაციასთან“. ამ უკანასკნელის მიზანი ჩრდილოეთ კავკასიის დამოუკიდებლობაა, მაშინ, როცა აფხაზური საზოგადოებები მხოლოდ აფხაზეთის ე.წ. „დამოუკიდებლობას“ უჭერდნენ მხარს.

როგორც ჩანს, ამ უკანასკნელებს შესაბამისი სიგნალი მიუვიდათ მოსკოვიდან. ზოგადად, თურქეთის ჩერქეზულ და, განსაკუთრებით, აფხაზურ დიასპორაზე დიდია რუსეთის გავლენა. ისინი რეგულარულად ხვდებოდნენ რუსეთის ელჩს და საელჩოს თანამშრომლებს პოზიციების შეჯერების მიზნით. საინტერესო ფაქტია, რომ რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვიც, რომელიც 2016 წლის 19 დეკემბერს მოკლეს ანკარაში, ხშირად ხვდებოდა სწორედ თურქეთის აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებს. მან ერთ-ერთი ასეთი შეხვედრისას, რომელიც 2015 წლის 16 დეკემბერს ქ. ანკარაში გაიმართა, განაცხადა, რომ თურქეთის აფხაზებს არ შეეხებოდათ ის სავიზო შეზღუდვები, რის შემოღებასაც მოსკოვი იმ პერიოდში აპირებდა თურქეთის მიერ ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავის საპასუხოდ.

თურქეთის პრორუსულად განწყობილმა აფხაზურმა (ზოგჯერ ჩერქეზულმაც) ორგანიზაციებმა და პირებმა არაერთხელ დააფიქსირეს თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულება საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების ფაქტის მიმართ. საინტერესოა, რომ თურქეთის პრორუსული აფხაზური ძალები, საქართველოს პრორუსული ძალების მსგავსად, ოფიციალური თბილისის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს მოიხსენიებდნენ „ამერიკულ პროექტად“, რომელმაც, მათი შეფასებით, სერიოზული განხეთქილება შეიტანა თურქეთის საერთო-ჩერქეზულ მოძრაობაში. ისინი მკაცრად აკრიტიკებდნენ საქართველოს ხელისუფლებას და მათზე „აყოლილ“ ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლებს.

მოგვიანებით კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, რომ რუსეთისა და თურქეთის ჩერქეზების გზები საბოლოოდ გაიყო. მაგალითად, 2016 წლის 18 მაისს თურქეთის ჩერქეზებს, რომლებიც ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით ნალჩიკში მიემგზავრებოდნენ ჩერქეზთა გენოციდის დღის აღსანიშნავად, არ მისცეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლის უფლება, მაშინ, როდესაც მათ ყველა საჭირო დოკუმენტები (მათ შორის, ვიზებიც) წესრიგში ჰქონდათ და სიებიც წინასწარ იყო გადაცემული. მათ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უარი ეთქვათ რუსეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე და შემდგომში იძულებული გახდნენ უკან გაბრუნებულიყვნენ.

ამის გარდა, საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარებამ გამოიწვია თურქეთის ჩერქეზების გააქტიურება კიდევ ერთი მიმართულებით – ისინი ამგვარ აღიარებას უკვე აქტიურად ითხოვენ თურქეთის პარლამენტისგან. თუ ადრე ეს შედარებით დაბალ დონეზე კეთდებოდა, ახლა ეს თემა უფრო მაღალ დონეზე განიხილება. ბოლო ასეთი მიმართვა იყო 2020 წლის 25 თებერვალს, როდესაც ჩერქეზული საზოგადოებების ფედერაციის ხელმძღვანელები შეხვდნენ თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს მუსტაფა შენთოფს.შეხვედრაზე ჩერქეზული საზოგადოებების ფედერაციის პრეზიდენტმა ნუსრეთ ბაშმა ისაუბრა რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების ფაქტზე და თურქეთის პარლამენტსაც იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდა. ამასთან, ბაშმა შესაბამისი დოკუმენტაცია გადასცა თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს.

თურქეთის ჩერქეზთა ეს გააქტიურება არ ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში თურქეთის პარლამენტი აღიარებს მათ გენოციდს. თუმცა, არავინ იცის მომავალში რა მიმართულებით განვითარდება რუსეთ-თურქეთის ისედაც დაძაბული ურთიერთობები და მისი კიდევ უფრო ესკალაციის შემთხვევაში არაა გამორიცხული ჩერქეზთა მოთხოვნამ აქტუალობა შეიძინოს.

დასკვნები:

- საქართველო გახდა პირველი და ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც აღასრულა ჩერქეზი ხალხის დიდი ხნის წადილი და აღიარა რუსეთის იმპერიის მიერ ამ ხალხის მიმართ ჩადენილი გენოციდი;

- საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარება გახდა პრეცედენტი, რომელზე დაყრდნობითაც შემდგომში შესაძლებელია მსგავსი ნაბიჯები გადადგან სხვა ქვეყნებმაც, რითაც შეიძლება გარკვეული უხერხულობა შეექმნას რუსეთს საერთაშორისო არენაზე;

- აღნიშნული ქმედებით უკეთესობისკენ შეიცვალა საქართველოს იმიჯი ჩერქეზ და სხვა ჩრდილოკავკასიელ ინტელექტუალებში, ასევე ჩერქეზულ დიასპორებში;

- საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით;

- ჩერქეზებსა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაჩნდა მნიშვნელოვანი ბზარი; - საბოლოოდ გაიყო თურქეთის ჩერქეზული დიასპორისა და პრორუსული აფხაზური დიასპორის გზები;

- 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების ცვლილების გამო ჩერქეზების გენოციდის აღიარებას არ მოჰყოლია ლოგიკური გაგრძელება (თუნდაც ჩეჩნებისა და ინგუშების მიმართულებით);

- როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარებამ ბუნებრივი შეშფოთება გამოიწვია მოსკოვში;

- რუსეთთან დაკავშირებული კონკრეტული ორგანიზაციები და ცალკეული პირები საქართველოში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში ცდილობდნენ დისონანსი შეეტანათ ამ პროცესში. ამ კუთხით საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ეს ძალები და პირები საქართველოსა და თურქეთში, რომლებიც ერთმანეთს არც კი იცნობენ, მსგავს არგუმენტებს (და ზოგჯერ ლექსიკასაც კი) იშველიებდნენ პრორუსული პოზიციების დასაცავად. ცხადად გამოჩნდა, რომ ისინი ერთი ცენტრიდან (მოსკოვიდან) იმართებოდნენ;

- ამ მომენტისთვის საქართველოში ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან ურთიერთობების მიმართულებით (თუნდაც კულტურისა და განათლების მხრივ) არ არსებობს სტრატეგია, პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია და ბუნდოვანია მისი მომავალი.

წინამდებარე კვლევა შეიქმნა შვედეთის საერთაშორისო გავნითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს სააგენტოს თვალსაზრისს.

ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი

საავტორო უფლებები დაცულია და ეკუთვნის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს. წერილობითი ნებართვის გარეშე პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება გადაიბეჭდოს არანაირი, მათ შორის ელექტრონული ან მექანიკური, ფორმით. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორს/ებს და შეიძლება არ ასახავდეს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის თვალსაზრისს.

© საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი 2020 წელი

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის