USD 2.7365
EUR 3.1382
RUB 3.3761
Tbilisi
ზურაბ ბატიაშვილი - რატომ უფასურდება თურქული ლირა?
Date:  1734

ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

2023 წლის 23 ივნისს თურქულმა ლირამ მორიგი ანტირეკორდი დაამყარა - 1 აშშ დოლარის ფასი 25,95 ლირა გახდა.

რამ გამოიწვია თურქული ლირის კურსის დაცემა და რას შეიძლება ველოდოთ მომავალში?

თურქული ლირა ბოლო ერთ თვეში დაახლოებით 30%-ით გაუფასურდა და მისი არასტაბილური კურსი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა თურქეთისთვის.

თურქული ლირის კურსზე უარყოფითად იმოქმედა არაერთმა ფაქტორმა: კოვიდით გამოწვეულმა ეკონომიკის ჩაკეტვამ, რუსეთ-უკრაინის ომმა, თებერვლის დამანგრეველმა მიწისძვრამ, წინასაარჩევნო კამპანიამ, გაზრდილმა ხარჯებმა, წინასაარჩევნოდ კურსის ხელოვნურად დაჭერამ (რაზეც ათობით მილიარდი აშშ დოლარი დაიხარჯა სახელმწიფო ხაზინიდან) და ა.შ.

მართალია, ბევრი ეკონომისტი ვარაუდობდა, რომ არჩევნების შემდეგ ლირა გაუფასურდებოდა, თუმცა მისი ასეთი სწრაფი ტემპით ვარდნა ბევრისთვის მაინც შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ლირის დევალვაცია  22 ივნისს საპროცენტო განაკვეთის 15%-მდე აწევამაც (რომელიც მანამდე 8,5% იყო) დააჩქარა.

თურქული ლირის კურსი აშშ დოლართან

მიმართებაში ბოლო 1 წლის განმავლობაში

 

ბევრი ეკონომისტი მიიჩნევს, რომ საპროცენტო განაკვეთის 15%-მდე აწევა არასაკმარისია ლირის კურსის დასასტაბილურებლად და უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. მაგრამ ამ შემთხვევაში ხელისუფლება დილემის წინაშე დგას. საქმე ისაა, რომ 10 თვეში თურქეთში ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს, სადაც ხელისუფლებას დიდი ქალაქების (სტამბოლის და ანკარის) მოგება სურს. ამ მიზნის მიღწევა კი გაძნელდება იმ შემთხვევაში, თუ იგი ზედმეტად „მწარე რეცეპტს“ გამოწერს ეკონომიკაში დაგროვილი სირთულეების მოსაგვარებლად.

ზედმეტად მაღალი საპროცენტო განაკვეთი გააძნელებდა სესხის აღებას ბიზნესებისთვის. ეს კი საგრძნობლად შეამცირებდა წარმოებას, რაც მილიონობით ადამიანს დატოვებდა უმუშევრად. ასეთი სცენარის განვითარება კი არავის სურს მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების წინ.

მაგრამ, მეორე მხრივ, ხაზინა მუდმივად ვერ გაყიდის ათობით მილიარდ აშშ დოლარს თურქული ლირის კურსის შესანარჩუნებლად.

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებამ გაზარდა როგორც მთელ ქვეყანაში დასაქმებულთა მინიმალური ხელფასები (11 400 ლირა), ისე სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ჯამაგირი (მინ. 22 000 ლირა). აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ზუსტად არავინ იცის, სადამდე გაგრძელდება ეროვნული ვალუტის დევალვაცია და როგორი იქნება მოქალაქეთა მსყიდველობითი უნარი.

თურქული ლირის გაუფასურება მოკლევადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს თურქული ექსპორტის გაზრდას. თუმცა, გრძელვადიანად იგი უამრავ პრობლემას (ინფლაციის ზრდა, გაურკვევლობა და არასტაბილურობა, რაც აფრთხობს პოტენციურ ინვესტორს და ა.შ.) ქმნის ქვეყნის ეკონომიკისთვის.   

ლირის დევალვაცია საქართველოს იმ მოქალაქეებსაც ეხებათ, რომლებიც თურქეთში ცხოვრობენ და მუშაობენ, რადგან ისინი ხელფასებს ლირებში იღებენ და დოლარში გადაანგარიშებისას საგრძნობლად მცირდება მათი შემოსავალი.

წყარო:https://gfsis.org.ge/

World
დონალდ ტრამპი - თუ მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარებაზე უარს იტყვიან, ეს NATO-ს მომავლისთვის ძალიან ცუდი იქნება"
"თუ მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარებაზე უარს იტყვიან, ეს NATO-ს მომავლისთვის ძალიან ცუდი იქნება" | განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში.
 ტრამპი ამბობს, რომ ევროპა და ჩინეთი მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულები ნავთობზე, რომელიც სპარსეთის ყურეში მოიპოვება. მისი თქმით, აშშ თავისი ევროპელი მოკავშირეების მიმართ ძალიან კეთილგანწყობილი იყო.
„ჩვენ არ გვჭირდებოდა მათთვის დახმარების გაწევა უკრაინასთან დაკავშირებით. უკრაინა ჩვენგან ათასობით მილის დაშორებითაა, მაგრამ დავეხმარეთ მათ. ახლა ვნახოთ, დაგვეხმარებიან თუ არა ისინი. რადგან დიდი ხანია ვამბობ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით, მაგრამ ისინი ჩვენ გვერდით არ იქნებიან. არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ჩვენ გვერდით იქნებიან“ [IPN-ს თარგმანი] | ამბობს ტრამპი
 აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის ჩინეთისგან ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარებას ელის. მისი მტკიცებით, ქვეყანა ნავთობის 90%-ს სრუტის მეშვეობით იღებს.
 Air Force One-ის ბორტზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაახლოებით შვიდ ქვეყანასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს სრუტის „კონტროლის“ შესახებ.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way