USD 2.7089
EUR 3.1193
RUB 3.3402
Тбилиси
ზურაბ ბათიაშვილი - რას წარმოადგენენ „ჰამასი“ და "ჰეზბოლა"?
дата:  1763

ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

 

„ჰამასი“ (სრული დასახელება „ჰარაკატ ალ-მუქავამაჰ ალ-ისლამიიაჰ“, რაც „ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობას“ ნიშნავს)

პალესტინური სუნიტური სამხედრო და პოლიტიკური ორგანიზაციაა, 

რომელსაც ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს ისრაელი, აშშ, კანადა და ევროპის ქვეყნები.

„ჰამასის“ ორგანიზაცია ღაზას სექტორს მართავს. იგი ასევე წარმოდგენილია მდ. იორდანეს მარჯვენა სანაპიროზეც, თუმცა პალესტინის ამ ტერიტორიას შედარებით ზომიერი „ფათჰის“ ორგანიზაცია მართავს.

„ჰამასი“ ებრძვის ისრაელს და უარყოფს ამ ტერიტორიაზე ორი სახელმწიფოს შექმნის პრინციპს. მისი მიზანი ისრაელის სრული განადგურებაა. „ჰამასს“ სურს შარიათზე დაფუძნებული ისლამური სახელმწიფოს აგება, რომელმაც, მისი გეგმით, დღევანდელი ისრაელისა და პალესტინის ტერიტორია უნდა მოიცვას.

„ჰამასის“ ორგანიზაცია შეიქმნა 1987 წელს, როდესაც ფორმალურად გამოეყო პანარაბულ „მუსლიმთა საძმოს“ (თუმცა დღემდე ინარჩუნებს ახლო ურთიერთობას ამ ორგანიზაციასთან).

საინტერესო ფაქტია, რომ „ჰამასმა“ 2006 წელს პალესტინაში ჩატარებულ არჩევნებში გაიმარჯვა და იგი დღემდე პოპულარულია პალესტინელთა შორის. 2007 წელს მან ღაზის სექტორში ჩაიგდო ძალაუფლება. „ჰამასის“ მთავარმა კონკურენტმა „ფათჰმა“ კი მდ. იორდანეს დასავლეთ სანაპიროს მართვა განაგრძო (ამ ორ ორგანიზაციას შორის არაერთხელ ყოფილა შეიარაღებული ბრძოლებიც).

 

პალესტინური ტერიტორიებიდან ღაზის სექტორს „ჰამასი“, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს კი „ფათჰი“ აკონტროლებს

 „ჰამასს“ ჰყავს საკუთარი სამხედრო ფრთა, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა და რომელსაც „იზ ად-დინ ალ-ყასამის“ ბრიგადები ეწოდება. მასში დაახლოებით 40 000 კაცია გაერთიანებული და არაერთი ტერაქტი აქვს მოწყობილი, ძირითადად, ისრაელის ტერიტორიაზე.

ისრაელის სპეცსამსახურებს ნადირობა აქვთ გამოცხადებული „ჰამასის“ (და განსაკუთრებით კი, მისი სამხედრო ფრთის) ლიდერებზე. მათ  „ჰამასის“ არაერთი ლიდერის ლიკვიდაცია მოახდინეს ბოლო 30 წლის განმავლობაში (თუმცა, აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამას არ შეუმცირებია ორგანიზაციის ბრძოლისუნარიანობა). ამის გამო „ჰამასის“ მთავარი ლიდერები წლებია კატარს (რომელიც „მუსლიმთა საძმოს“ ერთ-ერთი მთავარი მფარველია) აფარებენ თავს.

აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ „ჰამასს“ ახლო ურთიერთობები აქვს რუსეთის ფედერაციასთან. ამ ახლო ურთიერთობის გამოძახილია ისიც, რომ 2008 წლის 26 აგვისტოს „ჰამასი“ მიესალმა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარებს.

2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ისრაელმა მიზნად დაისახა „ჰამასის“ ორგანიზაციის სრული ფიზიკური განადგურება.

„ჰესბოლა“ (არაბულად „ჰიზბუ’ლ-ლაჰ“, რაც „ალაჰის პარტიას“ ნიშნავს) ლიბანური შიიტური სამხედრო და პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელსაც ჰასან ნასრალა ხელმძღვანელობს.

„ჰესბოლა“ ლიბანის სამოქალაქო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა. მასზე თავიდანვე დიდი იყო ირანის გავლენა (სახელი „ჰესბოლაც“ ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ხომეინის შერჩეულია).

„ჰესბოლას“ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს ისრაელი, აშშ და კანადა. მისი შეიარაღებული ფრთა ტერორისტულ დაჯგუფებად მიჩნეულია დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიასა და ეგვიპტეში.

საინტერესოა, რომ „ჰესბოლას“ტერორისტულ ორგანიზაციად არ მიიჩნევს რუსეთი და მას „ლეგიტიმურ სოციალურ-პოლიტიკურ ძალას“ უწოდებს.

ორგანიზაცია სხვადასხვა წლებში ებრძოდა ისრაელსა და სამხრეთ ლიბანის არმიას. ასევე მონაწილეობას იღებდა ბოსნიის ომში.

 ორგანიზაციის ძირითადი დასაყრდენი ლიბანში მცხოვრები შიიტები არიან. მონაწილეობას იღებს ლიბანის არჩევნებში. 2008 წელს სხვა პარტიებთან ერთად ჩამოაყალიბა ლიბანის მთავრობა, სადაც 11 მინისტრი (30-დან) „ჰესბოლას“ წევრი იყო.

„ჰესბოლა“ ლიბანის შიგნით აკონტროლებს ძირითადად შიიტებით დასახლებულ ტერიტორიებს. მათ შორის ორგანიზაციის კონტროლქვეშაა ისრაელის საზღვართან მდებარე სამხრეთი ლიბანი, რაც „ჰამასს“ უნიკალურ პოზიციაში ამყოფებს.

ტერიტორიები ლიბანში, რომლებსაც „ჰესბოლა“ აკონტროლებს

 

ორგანიზაცია 2012 წლიდან ჩაერთო სირიის სამოქალაქო ომში და დიდი როლი შეასრულა ასადის რეჟიმის გადარჩენის საქმეში. პარალელურად იბრძოდა ერაყშიც. იგი დღემდე აქტიურად ებრძვის სუნიტურ ჯიჰადისტურ ორგანიზაციებს სირიაში. შესაბამისად, მას დიდი (11-წლიანი) საბრძოლო გამოცდილება აქვს.

საინტერესოა, რომ „ჰესბოლა“ ლიბანის არმიაზე უფრო ძლიერია. ორგანიზაციის ლიდერის, ნასრალას, მიერ 2021 წელს გაკეთებული განცხადების მიხედვით, მის რიგებში 100 000 მებრძოლი ირიცხება (მაშინ როცა, ლიბანის შეიარაღებული ძალები 95 000 სამხედროსგან შედგება). ამიტომ მას ხშირად უწოდებენ „სახელმწიფოს სახელმწიფოში“, რომელიც წარმოდგენილია ხელისუფლებაშიც, აქვს საკუთარი ტელე-რადიო მაუწყებლობა, სოციალური სამსახურები და ა.შ.

ორგანიზაციის განცხადებებით, „ჰესბოლა“ არ არის ანტისემიტური იდეოლოგიის მატარებელი. თუმცა, მისი ლიდერების გამოსვლებში ისრაელი მოიხსენიება, როგორც „სიონისტთა დანაშაულებრივი წარმონაქმნი“, ხოლო „ჰესბოლას“ 1985 წლის მანიფესტის არაბულ ვერსიაში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია ბრძოლას გააგრძელებს მანამ, სანამ ისრაელი არ განადგურდება.

2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ (რომელიც სამხედრო თვალსაზრისით „ჰესბოლაზე“ გაცილებით სუსტია) მიერ ისრაელზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შემდეგ მთელი ყურადღება მიმართულია „ჰესბოლასკენ“. სწორედ ამ ორგანიზაციის შემდგომი ქმედებები გადაწყვეტს,  ეს კონფლიქტი დიდი ომში გადაიზრდება თუ ლოკალური (ისრაელი-პალესტინის) მასშტაბით შემოიფარგლება.

წყარო:https://gfsis.org/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%90%e1%83%93%e1%83%92%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a1-%e1%83%b0%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1/?fbclid=IwAR2VNyxC2BgbDUw22QLfsJlXWM4OjA1jciQcXuSIlF998dlyeJN_YAugc_U 

https://gfsis.org/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%90%e1%83%93%e1%83%92%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a1-%e1%83%b0%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%90/?fbclid=IwAR1Y0r12XIT3CPTe6cIGsGiltIztjE5Eot4rDpN4A_Qy9W0L2jv2o4E21Pc

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати