USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
თბილისი
ჟურნალისტის ჩანაწერები - „რა ვნახე და რა ვისწავლე უკრაინაში 650-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე ყოფნის დროს“
თარიღი:  461

 „უკრაინის არმიის კონტრშეტევას შთამბეჭდავს ვერ ვუწოდებ“, - წერს ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) ჟურნალისტი კოლინ ფრიმენი, რომელმაც სამი კვირა გაატარა რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის წინა ხაზზე. სტატიაში სათაურით „რა ვნახე და რა ვისწავლე უკრაინაში 650-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე ყოფნის დროს“, იგი აღწერს თავის შთაბეჭდილებებს და ხაზს უსვამს:უკრაინელი ჯარისკაცები ჯერ კიდევ „სულით ძლიერნი“ არიან, მაგრამ თუ რიგი მიზეზების გამო მათი სულის ძლიერება შესუსტდება, ეს მოულოდნელი არ უნდა იყოს“.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

უკრაინის არმიის 80-ე სადესანტო ბრიგადის ლეიტენანატი ნიკოლაი სტრიგუნოვი გასული ზაფხულის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა - ნატოს სართვნელ ბაზაში, კემპ-ნუკში, დასავლური სტანდარტებით მომზადების მიზნით. მას დრო არ ჰქონდა რაიმე დაეთვალიერებინა, რადგან უკრაინის არმიის კონტრშეტევას სასწრაფოდ ჭირდებოდა ნატოს ყაიდაზე მომზადებული ოფიცრები. უკრაინაში დაბრუნების შემდეგ იგი მძიმე ბრძოლებში მონაწილეობდა - სოფელ კლეშჩევკასთან. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკმ ნიკოლაი სტრიგუნოვს და სხვა მებრძოლებს სოფლის დაკავებისათვის მადლობა გადაუხადა. მაგრამ მომდევნო წარმატება, ალბათ, მალე აღარ იქნება - დონბასში წვიმიანი შემოდგომა მოვიდა, ტყეებში ხეებს ფოთლები დასცვივდა, ანუ უკრაინელი მებრძოლები და სამხედრო ტექნიკა რუსების შეუმჩნევლად ვეღარ დაიმალებიან, უგზოობის დროს კი ტანკებიც კი ღრმა ტალახში ჩაეფლობიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკრაინის არმიის კონტრშეტევა ძალას დაკარგავს -  არავითარი გარღვევა ამ წლის დარჩენილ დროში აღარ მოხდება.

არადა, რა დიდი იმედი და რა მტკიცე რწმენა იყო ივნისში, რომ დასავლური იარაღით მომარაგებული უკრაინის კარგად გაწრთვნილი არმია, მაღალი საბრძოლო სულისა დთ და ნატოს იარაღით, რუსეთის ტთვდაცვის ზღუდეებს გაარღვევდა, მტერს სწრაფად შემუსრავდა და აზოვის ზღვისაკენ გაიჭრებოდა. მართალია, გამოცდილი გენერლები კიეველ პოლიტიკოსებს აფრთხილებდნენ, რომ ბრძოლები გაჭიანურდებოდა, შეიძლება თვეებით და წლობითაც, მაგრამ მათ ცოტა ვინმე თუ უსმენდა.

მაგრამ საკითხავია, დაელოდებიან თუ არა ამდენ ხანს კონტრშეტევის შედეგებს უკრაინის დასავლელი მოკავშირეები? ამერიკაში და ევროპაში პოლიტიკური სიტუაცია იცვლება: აშშ-ში ახლოვდება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც შეიძლება დონალდ ტრამპმა გაიმარჯვოს, ის კი უკრაინისადმი დახმარების წინააღმდეგია. ევროპულ მხარდაჭერაშიც ბზარები გაჩნდა: უნგრეთზე რომ არაფერი ვთქვათ, სლოვაკეთის ხელისუფლებაში პრორუსულად განწყობილი პოპულისტები მოვიდნენ რობერტ ფიცოს მეთაურობით. ახლო აღმოსავლეთში გაჩენილმა ომის დიდმა ხანძარმა კი უკრაინის მოვლენები საერთაშორისო ყურადღების ფოკუსიდან განზე გასწია... მსოფლიოში კი კიდევ ბევრი ფეთქებადსაშიში კონფლიქტი ღვივის...

მაინც როგორია უკრაინის წარმატებები? ჩვენმა კორესპონდენტმა სამკვირიანი მივლინების დროს ფეხით გაიარა 650 კილომეტრი ფრონტის ხაზზე - არტემოვსკიდან ზაპოროჟიემდე და ხერსონამდე. შორეულ და გრძელ გზაზე იგი ბევრ მებრძოლს ხვდებოდა -ტანკისტებს, არტილერისტებს, მერაკეტეებს... ფაქტების ერთ მთლიანობად დაკავშირება ძნელი საქმეა. ყოველი ჯარისკაცი ბრძოლის დროს მხოლოდ იმ მიწას ხედავს, რომელიც მის წინ არის, ოფიცრები კი, რომლებმაც სიტუაცია უფრო მეტად იციან, დუმილს ამჯობინებენ.

და მაინც სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ უკრაინის არმიის ყველაზე ოპტიმისტურად განწყობილი ოფიცერიც კი ვერ უწოდებს კონტრშეტევას წარმატებულს. გეგმის მიხედვით, ივნისის დასაწყისში მთავარი დარტყმა რუსების პოზიციებზე ზაპოროჟიეს ოლქიდან, ორეხოვოდან უნდა განხორციელებულიყო, უკრაინელები წინ 80 კილომეტრით სწრაფად წაიწევდნენ, დაიკავებდნენ ქალაქ მელიტოპოლს და ბერდიანსკის ნავსადგურთან აზოვის ზღვის ნაპირზე გავიდოდნენ. ამით „გადაიჭრებოდა“ ის სახმელეთო დერეფანი, რომელიც ყირიმს და დონბასს ერთმანეთთან აკავშირებდა.

მაგრამ ოპერაციამ „ბუქსაობა“ პირველივე კვირიდან დაიწყო:  რუსების მიერ აგებულ და ნაღმებით სავსე თავდაცვის ზღუდეზე - „სუროვიკინის ხაზზე“ - ბევრი გერმანული „ლეოპარდი“ და ამერიკული „ბრედლი“ განადგურდა. ხუთთვიანი ბრძოლების შემდეგ ზოგიერთ ადგილზე უკრაინის არმიამ  წინ წაიწია, მაგრამ მხოლოდ 16 კილომეტრით და შეჩერდა: დანაკარგები ძალიან დიდი აღმოჩნდა.

ჯარისკაცები გმირულად იბრძვიან, მაგრამ მტერიც არ თვლემს. ფრონტის ხაზზე მდებარე სოფლების უმეტესობა ნანგრევებადაა ქცეული. ანუ სოფლის დაკავება პრაქტიკულად მხოლოდ ნანგრევების დაკავებას ნიშნავს, სადაც სახლიც კი აღარ არის დარჩენილი, დროშა რომ აღმართო. ზოგჯერ კი დროშის აღმართვაც საშიშია - რუსული დრონები არემარეს განუწყვეტლივ ზვერავენ.

ბრიტანელი სამხედრო ექსპერტის ჯასტინ კრამპის თქმით, „უკრაინის წარმატებები ესოდენ ძლიერად გამაგრებულ თავდაცვის ხაზზე საკმაოდ არსებითია“, მაგრამ იგი აღიარებს: „რუკაზე ასეთი წინსვლა შთამბეჭდავად არ ჩანს.  დასავლეთი ამას ვერ ხედავს“.

ამასთან, კიევის ხელმძღვანელობა თვლის, რომ „ნახევარი ძალით იბრძვის, რადგან ერთი ხელი ზურგსუკან გაკრული აქვს“. საქმე მხოლოდ იმაში არაა, აქვს თუ არა უკრაინას თანამედროვე „მოდური“ დასავლური ჯავშანტექნიკა. როგორც ერთ-ერთი უკრაინელი ტანკისტი, საბჭოური ძველი Т-64-ის ეკიპაჟის წევრი ალექსანდრე ამბობს, „ტანკით ბრძოლის დროს მთავარია მოხერხებულობა და უნარიანობა გამოიჩინო. ტანკი ახალიც რომ იყოს, თუ მისი მართვა არ იცი, თუ ჯავშანს და ძრავას არ გრძნობ, მაინც ვერაფერს გააკეთებ“. კიევი კონტრშეტევის დაყოვნებას ავიაციის უქონლობასაც აბრალებს: თუ ჰაერიდან დაცული არ ხარ, ხმელეთზე შეტევის განხორციელება რთულდება.

უკრაინა უფრთხილდება თავისი ყოველი ჯარისკაცის სიცოცხლეს, რუსებისათვის კი სამხედრო პირის სიცოცხლეს ჩალის ფასი აქვს. კრემლს შეუძლია შტურმის დროს ბატალიონის ნახევარი დაკარგოს და დაღუპულები სხვებით ჩაანაცვლოს. მათთვის ჯარისკაცი საზარბაზნე ხორცს წარმოადგენს“.

უკრაინელი სამხედროები ჩივიან - „დასავლეთს რომ იარაღი ჩვენთვის დროზე მოეწოდებინა, რუსები „სუროვიკინის ხაზის“ აგებას ვერ შეძლებდნენო. გარდა ამისა, კიევის შტაბში უკმაყოფილონი არიან დასავლეთის საყვედურებით - „რატონ არის შენელებული კონტრშეტევის ტემპიო“. ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები აზრზეც კი არ არიან, თუ რაოდენ რთულია თანამედროვე ბრძოლა. „დასავლეთს ამგვარი ინტენსიური საომარი მოქმედებების გამოცდილება არ აქვს. აქ ისეთივე მძიმე ბრძოლებია, როგორც პირველ და მეორე მსოფლიო ომების დროს. თუ ვინმეს ჩვენზე მეტად სურს წარმატების მიღწევა, კეთილი ინებოს, ფრონტის ხაზზე მოვიდეს და თვითონ სცადოს ბრძოლა. რუსები იარაღით ჩვენზე ძლიერები არიან, მაგრამ მათ დაბალი სულისკვეთება აქვთ. ეს კი ომის დროს ყველაზე მთავარია“, - ამბობს ერთ-ერთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.

დიახ, უკრაინელები ამტანები არიან, მაგრამ ყველზე გამძლე ჯარისკაცსაც გაუჭირდება ბრძოლა ზამთარში. საქმე მხოლოდ იმაშია არაა, რომ მძიმე ტექნიკას გადაადგილების დროს თოვლი და ტალახი ხელს უშლის. ბრიტანელი ინსტრუქტორის დენიელ რიდლის თქმით (იგი წინა ზამთარს უკრაინის ფროტზე იბრძოდა), 20-25 გრადუსიან ყინვაში ნორმალურად არაფერი აღარ მუშაობს - არც ტექნიკა და არც ჯარისკაცები. „ასეთი ყინვის პირობებში ტრანშეიდან ამოსვლას არავინ არ მოისურვებს, შტურმის განხორციელებაზე რომ არაფერი ვთქვათ. ძლიერი სიცივის დროს თანამედროვე ელექტრონული აპარატურა პარალიზებულია. მინუს 20 გრადუსი ყინვის დროს დრონების აკუმულატორები წუთიერად განიმუხტებიან, თბოვიზორები კი არ მუშაობენ. თვით ტრანშეებიც კი ყინულით იფარება. თუ ცივი ზამთარი იქნება, რაიმე შეტევა არც უკრაინელებისაგან და არც რუსებისაგან მოსალოდნელი არ არის“, - ამბობს დენიელ რიდლი.

მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ გარღვევის ვადებმა გადაიწია - ალბათ, მომავალი წლის გაზაფხულისათვის. ამ მომენტისათვის კონფლიქტს უკვე ორი წელი შეუსრულდება. როცა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გასული წლის თებერვლაში, ომის პირველ წლისთავზე კითხვა დაუსვეს, როგორ განწყობაზე იქნებით, თუ ომი კიდევ ერთი წელი გაგრძელდებაო, მან უპასუხა, რომ ასეთ დრამაზე ფიქრიც კი არ სურს.

დღეს ასეთი დრამა რეალურია. ამიტომაც ალბათ, არავისთვის მოულოდნელი სიურპრიზის არ იქნება, რომ შეიძლება უკრაინელი ჯარისკაცების მორალური სულისკვეთების დონე დაეცეს. არაოფიციალური შეფასებით, უკვე დაიღუპა 70 ატასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე - დაახლოებით ათჯერ მეტი, ვიდრე ტერორიზმთან დასავლეთის 20-წლიანი ომის განმავლობაში. ასევე არაოფიციალურად, რუსებმა 120 ათასი ჯარისკაცი დაკარგა, მაგრამ კრემლს რესურსები აქვს და ამიტომ ვლადიმერ პუტინი უკან დახევას არ აპირებს.

„რა თქმა უნდა, ჯარისკაცები ომით დაიღალნენ, - ამბობს მაქსიმ არტემჩუკი, რომელმაც მომზადება „სამკბილას“ („ტრეზუბეცის“) პროგრამით გაიარა, - მაგრამ თუ ჩვენ მოლაპარაკებაზე დავთანხმდებით, მტერი იფიქრებს, რომ უკრაინის არმია სუსტდებაო. ცხადია, რომ ომის დროს მსხვერპლი გარაუვალია, მაგრამ ადამიანისთვის მთავარი თავისუფლებაა, რომლის გარეშეც ცხოვრებას აზრი არ აქვს“.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/world-news/2023/10/31/ukraine-front-line-counter-offensive-donbas-fighting-russia/

 

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.