USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Тбилиси
ჟურნალი "Focus" (გერმანია) - რუსეთ-უკრაინის ომში ამერიკა იმარჯვებს
дата:  459

გერმანულმა ჟურნალმა „ფოკუსმა“ (Focus) გამოაქვეყნა სტატია „რუსეთ-უკრაინის ომში ამერიკა იმარჯვებს“ (ავტორი - გაბორ შტეინგარტი), რომელშიც გაანალიზებულია აშშ-ის როლი რუსეთ-უკრაინის ომში, გერმანიის მდგომარეობა და სიტუაციის ევროპული პერსპექტივა.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას მხარს ისე მტკიცედ უჭერს, რომ მას მსოფლიოს ვერცერთი სახელმწიფო ვერ შეედრება. რასაკვირველია, ეს დახმარება უანგარო არ არის. ჯო ბაიდენი მუქთად არავის არაფერს აძლევს. აშშ-ის პრეზიდენტი, როცა იგი უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს, ფსონს დებს პრინციპით „იარაღის მიწოდება კრედიტში“.

ამერიკისაგან განსხვავებით, გერმანია მსოფლიოს ბედს არ წყვეტს, გერმანელებს მხოლოდ შეუძლიათ იმის იმედი ჰქონდეთ, რომ მათი სახლის ზღურბლთან ახლოს მიმდინარე ომი მალე დასრულდება.

ყოველი წარუმატებლობა - ეს საორგანიზაციო წარუმატებლობასაც მოიცავს. გერმანიის თავდაცვის ახალი მინისტრმა ბორის პისტორიუსმა სასწრაფოდ უნდა გამოასწოროს თავისი წინამორბედის მიერ დაშვებული შეცდომა და აღადგინოს ტრადიციულად არსებული სტრუქტურა - დაგეგმვის შტაბი, რომელიც თავდაცვის უწყების ანალიტიკურ ცენტრს, მის ტვინს წარმოადგენდა. 2012 წელს, როცა ეს სტრუქტურა გაურკვეველი მიზეზების გამო გაუქმდა, მისი გაუქმება ტვინის ამპუტაციის ტოლფასი იყო.

დაგეგმვის შტაბი, როცა ის აღდგება, დაუყონებლივ უნდა შეუდგეს ნატოს წევრი სახელმწიფოების მიერ უკრაინის კონფლიქტში შეტანილი წვლილის ანალიზს, რათა დასკვნები სამომავლოდ გერმანიამ გაითვალისწინოს. პირველ რიგში, ეს ეხება ამერიკის შეერთებულ შტატების მოქმედების ანალიზს. იმიტომ, რომ ის, რასაც ამერიკა აკეთებს უკრაინის მიმართ, გერმანიაზე მტკივნეულად ისახება.

ბენეფიციარი № 1: აშშ-ის სამხედრო მრეწველობა

ომის დაწყებიდან ამერიკამ უკრაინას დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია, ანუ იმაზე მეტი, ვიდრე სხვა ქვეყნებმა, ერთად აღებულმა. მაგრამ იმავწუთს გვახსენდება აშშ-ის ერთ-ერთი ყოფილი პრეზიდენტის კელვინ კულიჯის გამონათქვამი, რომელსაც თავისი აქტუალობა დღესაც არ დაუკარგავს: ბოლოს და ბოლოს, ამერიკელი ხალხის მთავარ საქმიანობას ბიზნესი წარმოადგენს“.

2022 წლის მაისში აშშ-ის სენატმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ამერიკის მთავრობას შესაძლებლობა აქვს უკრაინას იარაღი სწრაფად და ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე, „განვადებით“ მიაწოდოს, უფასოდ კი არა, არამედ მისი ღირებულების გადახდით. ესე იგი, ეს ნიშნავს, რომ უკრაინამ, კანონის მიღების შემდეგ მიწოდებული იარაღში ფასი უნდა გადაიხადოს, დაახლოებით 23 მილიარდი დოლარი. აშშ-ის სამხედრო მრეწველობა ბიუჯეტიდან ფულს სწრაფად მიიღებს, ამერიკა კი ამ ფულს უკრაინიდან ამოიღებს.

რატომ? იმიტომ, რომ კანონში წერია - უკრაინისათვის აშშ-ის მიერ ყოველი სახის მიწოდებული იარაღი ან ისევ ამერიკას უნდა დაუბრუნდეს, ანდა ფასი უნდა გადახდილი და მისი ღირებულება ანაზღაურებული.

მოკლედ რომ ვთქვათ, უკრაინას ამერიკა კრედიტში აიარაღებს - ისე როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს ხდებოდა, „ლენდ-ლიზის“ კანონით.

დიახ, პრინციპი „შეიარაღება კრედიტში“ მეორე მსოფლიო ომის დროს იქნა გამოგონებული, როცა უინსტონ ჩერჩილი მიხვდა, რომ დიდი ბრიტანეთი აშშ-ის დახმარების გარეშე გერმანიისაგან თავს ვერ დაიცავდა. ჰოდა, ვაშინგტონმა ახლა მაშინდელი იარაღით ვაჭრობა გაიხსენა, ვექსელებით რომ წარმოებდა.

შემთხვევითია თუ არა, არავინ იცის, მაგრამ ფაქტია: აშშ მატერიალურად არის დაინტერესებული, რომ უკრაინის მთავრობა გადახდისუნარიანი იყოს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, კიევს მიწოდებული იარაღის ფასის გადასახდელად ფული უნდა ჰქონდეს. როგორც 2022 წლის სექტემბრის ბოლოს გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) წერდა, ამერიკა ევროკავშირის ქვეყნებისაგან დაბეჯითებით ითხოვდა, რომ უკრაინისთვის დაპირებული ფული მიეცათ. ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, ფიქრობდა თუ არა საკუთარ მოგებაზე ამერიკა, როცა სხვებს უკრაინისათვის ფულის მიცემას აძალებდა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ იარაღით ვაჭრობაში  ვალების ჩამოწერას ამერიკა არცერთი ქვეყნის მიმართ არ ახდენს. გავიხსენოთ, რომ დიდი ბრიტანეთი „ლენდ-ლიზით“ მიწოდებული იარაღისთვის ფულს 2006 წლამდე იხდიდა - მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 61 წლის განმავლობაში, ანუ ნელ-ნელა, „განვადებით“, მაგრამ უცილობლად.

ცხადია, მსგავსი პროგრამები და კანონები, უპირველეს ყოვლისა, მომგებიანია ამერიკული იარაღის კონცერნებისთვის - მით უმეტეს, რომ უკრაინისათვის მიწოდებული ტექნიკის სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფა ისევ ამერიკულ კომპანიებს აქვთ დავალებული.

ამერიკელებისთვისაა სასარგებლო ნატოსა და ევროკავშირის წევრი-ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტების ზრდაც. მაგალიტად, როცა ოლაფ შოლცმა თავდაცვისათვის 100 მილიარდი ევრო გამოყო, ეს ნიშნავს, რომ გერმანიამ ამ ფულით ამერიკული იარაღიც უნდა შეიძინოს. ჟურნალ  "ფორინ პოლისის“ (Foreign Policy) ანალიზის მიხედვით ირკვევა, რომ ამერიკული შეიარაღების მიწოდების ტემპები ნატოელი მოკავშირეებისათვის 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს თითქმის გაორმაგდა - 15,5 მილიარდი დოლარიდან 28 მილიარდამდე. ასე გადაიქცევა ხოლმე ომი ბიზნესად.

ბენეფიციარი № 2: აშშ-ის ენერგეტიკული კონცერნები

რუსეთი დღეს ეკონომიკური სანქციებით - სავაჭრო შეზღუდვებით, სავალუტო აქტივების გაყინვით, „სვიფტიდან“ და ბარათებით გადახდის საერთაშორისო სისტემიდან ამორთვით, ნავთობის ემბარგოთი - იზოლირებულია. უკრაინის ომის გამო რუსეთ-გერმანიის ვაჭრობა თითქმის მთლიანად შეწყდა. სამაგიეროდ, ჩვენს დასახმარებლად ამერიკული ენერგეტკული კონეცერნები მოიჩქარიან, რომლებიც განუსაზღვრელი სიხარულის საფუძველი აქვთ და აი, რატომაც:

გერმანიაში ამერიკული თქხევადი გაზის იმპორტი 2022 წელს, 2021 წელტან სედარებით, 260%-ით გაიზარდა. ამერიკულმა „ტანკერულმა თხევადმა გაზმა“ რუსული მილსადენური გაზი („ჩრდილოეთის ნაკადები“) ჩაანაცვლა. შარშან ევროპასა და ამერიკას შორის 500 გაზით დატვირთული ტანკერი მოძრაობდა, რაც რეკორდული რაოდენობაა.

ბენეფიციარი № 3: აშშ-ის მთავრობა

რა თქმა უნდა, ეკონომიკის გარდა, ასეთ სიტუაციებში დიდ როლს ასრულებს პოლიტიკაც. აშშ-ის ადმინიტრაცია დაინტერესებულია იმითაც, რომ დიდი ხნის განმავლობაში დაასუსტოს თავისი სისტემური მეტოქე რუსეთი და, შესაბამისად, მოსკოვი ძლიერი სახელმწიფოების თამაშებიდან გააძევოს. დღეს ამერიკელებს ჰგონიათ, რომ ამის გაკეთება იოლად შეუძლიათ - ისე, რომ საკუთარ ქვეყანას და ჯარისკაცებს საფრთხეში არ ჩააგდებენ. ამიტომაც ვაშინგტონი არ არის დაინტერესებული იმით, რომ უკრაინამ სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს. სხვათა შორის, მშვიდობის დამყარებაზე ამერიკული ხედვა 18 იანვარს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსულმა ჰენრი კისინჯერმა გამოხატა.

ჯო ბაიდენს მოსკოვში რეჟიმის შეცვლა სურს. მან ამის შესახებ მკაფიოდ განაცხადა, როცა ვარშავაში იყო. მისმა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კი ნათლად მიანიშნა, რაც უნდა ვაშინგტონს - რუსეთის რომ ბრძოლის უნარი არ ჰქონდეს.

ევროპა დაძაბულობისა და ომის კერად არის გადაქცეული და საშუალოვადიან პერსპექტივაში, ეს ამერიკისათვის ძალზე ხელსაყრელ სიტუაციას წარმოადგენს. სწორედ ევროპიდან მიედინება ფული ამერიკაში, სადაც ევროპელი ინვესტორები საიმედო ნავსაყუდელს ჰპოვებენ.

გერმანიის ინტერესები

ევროპის ქვეყნები და მათ შორის გერმანია, ღიად თუ ფარულად, სტრატეგიული თვალსაზრისით, დაინტერესებულნი არიან კონფლიქტის სწრაფ დასრულებაში (თუნდაც გაყინვაში). მათ არ სურთ, რომ ფრონტის ხაზი დასავლეთევროპულ დედაქალაქებს მიუახლოვდეს. რაც უფრო მეტად გაფართოვდება ომი ევროპაში, მით უფრო უიმედო ხდება ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა...

დასკვნა:

ევროკავშირისათვის სავაჭრო პარტნიორმა რუსეთმა ადგილი ამერიკას დაუთმო. გარდა ამისა, შექმნილი სიტუაციის წყალობით, ამერიკელები საკუთარ მდგომარეობას იუმჯობესებენ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ სამომავლო მოლაპარაკებებშიც, მაგალითად, ჩინეთთან მიმართებით.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროში რომ დაგეგმვის შტაბი ყოფილიყო, ის თავის მორიგ მოხსენებაში „აქტუალური სიტუაციის შესახებ“ აუცილებლად მიუთითებდა პარადოქსულ ფაქტზე: რუსეთი უკრაინას ეომება, ომს კი ამერიკა იგებს.

წყარო:https://www.focus.de/finanzen/news/gastbeitrag-von-gabor-steingart-bewaffnung-auf-kredit-warum-die-usa-den-ukraine-krieg-gewinnen-werden_id_183364187.html

მოამზადა სიმონ კილაძემ

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати